საქართველოში „ცე“ ჰეპატიტი დაავადების სიიდან აღმოიფხვრება!

3333

მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოში უპრეცედენტო სამედიცინო პროექტი დაიწყება, რომელიც „ცე“ ჰეპატიტის, როგორც დაავადების, სიიდან აღმოფხვრას გულისხმობს. ეს ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გააჟღერა, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა საერთაშორისო კომპანია „გილეადთან“ „ცე“ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ საქართველოში შემოტანის თაობაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:

_ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის დასაწყისიდან, საქართველოში დაიწყება ანალოგის არმქონე პროექტი. მისი მიზანია საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის, როგორც დაავადების, სრული ელინიმაცია, _ დაავადებების სიიდან აღმოფხვრა. პროექტი განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალი წლის პირველი თვეებიდანვე. ეს არ არის მხოლოდ მედიკამენტების მიწვდომად ფასად შემოტანის პროექტი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტია, რომელიც მოიცავს მოსახლეობისთვის არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდებას, არამედ სწორ მკურნალობას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვას, პრევენციას. პროექტის ამოცანაა, რომ ეს დაავადება საქართველოში სრულად აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, „ცე“ ჰეპატიტი არ არის ისეთი ინფექციური დაავადება, რომელიც პირველივე ეტაპზე აღმოიფხვრება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც, მაგალითად, „ყვავილი“ იყო და რომელიც, უბრალოდ, აღარ არსებობს, თუმცა, ეს იქნება პირველი, მართლაც უპრეცედენტო, პროექტი, რომელიც დაიწყება საქართველოში და რომლის ამოცანაც იქნება, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც კი ეს დაავადება აქვს, უზრუნველყოფილი იყოს სწორი დიაგნოსტიკით და მკურნალობით. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არ იქნება მხოლოდ მედიკამენტის დაბალ ფასად შემოტანა, არამედ ეს იქნება სრულყოფილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი და არა მხოლოდ ფარმაკოლოგიური პროდუქციის მიწოდება მოსახლეობისთვის.

მომავალი წლის პირველივე თვეებში შემოვა მედიკამენტების პირველი ნაკადი, რომელიც განაწილდება „ინტერფერონის“ ჩართულობის კრიტერიუმებით. წინასწარი გათვლებით, უნდა დასჭირდეს ორ წელიწადზე ცოტა მეტი დრო, რომ საქართველოში მთლიანად მოხდეს „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაცია. ეს შეთანხმება საბოლოოა და აღარ შეიცვლება, დარჩენილია ტექნიკური სამუშაო, რომელიც მასშტაბურია და მოიცავს, პრაქტიკულად, ყველაფერს, მაგალითად, მედიკამენტის არალეგალური გადაყიდვისა და სხვა ქვეყნებში გატანის აღკვეთას. იგი ძალიან მკაცრად ავტორიზებული სისტემა იქნება, რომლის მიხედვითაც დაიწერება ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ხარისხის კონტროლი; ასევე სისტემა უზრუნველგვყოფს დაგვარწმუნოს, რომ სწორედ კონკრეტულმა პაციენტმა მიიღო ეს წამალი. დანიშნულება მარტივია, ტაბლეტირებული ფორმაა და არანაირ რთულ მიდევნებას არ საჭიროებს.

_ რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება ამ დროს და მაინცდამაინც საქართველოში?

_ პირველი ფაქტორია ჯანდაცვის პროექტებისადმი გამოკვეთილი სახელმწიფო ინტერესი. ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ჯანდაცვა გახდა ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი, რაც საქმით დადასტურდა. ეს არაჩვეულებრივად იციან ჩვენმა კოლეგებმა და ძალიან კარგად მოეხსენება მწარმოებელ კომპანიასაც, რომელმაც ყურადღებით შეისწავლა პროექტები. ეს იყო საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა და ძალიან წარმატებული პროექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კერძოდ, პატიმრების უფასო მკურნალობა. დამერწმუნეთ, ეს ძალიან დაფასდა და ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად აიღეს. მეორე ფაქტორი _ თუ რა კლინიკური მართვის გამოცდილება ჰქონდა ქვეყანას: სამედიცინო პერსონალი, დიაგნოსტიკა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, შიდსის ელიმინაციის პროექტი, უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მიმდინარეობს. აღნიშნული გამოცდილებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ეს მედიკამენტები, რომელიც საქართველოში შემოვა, ახალი თაობისაა და წარმოუდგენლად ეფექტურია. ეს არ არის რაიმე ცდის ჩატარება, არამედ ეს არის FDI-ს მიერ დადასტურებული და რეგისტრირებული მედიკამენტი, რომლითაც მთელ მსოფლიოში მკურნალობენ. ამოცანაა არა მარტო კლინიკური მოქმედების დადასტურება, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტის განხორციელება, რომ ამ მედიკამენტით შესაძლებელია ქვეყანაში საერთოდ აღმოიფხვრას დაავადება, თუკი ამ ქვეყნის მთავრობას ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იყო საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების პროექტში, რომელიც, მოგეხსენებათ, წელს თებერვალში დაიწყო. სწორედ წელს, თებერვალში მომეცა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი წამყვანი სახელმწიფო ჯანდაცვითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს აშშ-ში და სწორედ მათი ხედვა და მათი დახმარება იყო მესამე ძლიერი ფაქტორი _ ფაქტობრივად, მოხდა ამ საკითხის ლობირება, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო სწორედ საქართველოში და არა, სადმე სხვაგან.

ახალი კვლევის, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფინანსებს, დიზაინი დასრულებულია, მომავალი წლის თებერვლის ბოლოს დაიწყება და ორ თვეს მოიცავს. საკმაოდ რთული, კასკადური სისტემაა და მოსალოდნელია, რომ საქართველოში 150 000 ადამიანი იყოს „ცე“ ჰეპატიტით დაავადებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ესაჭიროება მკურნალობა, რიგ შემთხვევებში დაავადება პასიურ ფაზაშია გადასული და არაფერი სჭირდება. სტატისტიკა დაახლოებით ასეთია მოსალოდნელი. ყველაზე გვიან, მაისში დავაზუსტებთ განახლებულ ინფორმაციას გენოტიპების მიხედვით. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ პროექტს, შარშან დაიწყო და ათასამდე პატიმარ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა. დღეის მდგომარეობით 400-მდე პაციენტია, აქედან, 200-მდე პაციენტი სრულად განიკურნა. სკრინინგი ჩაუტარდა 5000-ზე მეტ პატიმარს, რომელიც პროექტის ფარგლებში წინასწარ იყო განსაზღვრული.

ყველაზე აქტიურად მოხმარებადი მედიკამენტია „სოფოსბუვირი“, ანუ „სოვალდი“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი ღირს. მაგალითად, ამერიკაში ერთი კურსის ღირებულებაა 84 000$. დღეისთვის ეგვიპტეა, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ასჯერ დაკლებული ფასით მიიღო ეს მედიკამენტი _ 900$-ის ანალოგით, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად ავადობა იქ ფიქსირდება, დაახლოებით, 40%-მდე. ჩვენთან 7%-მდეა მოსალოდნელი ავადობა. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ „სოფოსბუვირზე“, რადგან ამ მედიკამენტს, გარკვეულ შემთხვევებში, „ინტერფერონის“ დამატება სჭირდება. უკვე გამოსულია ახალი პრეპარატი „ჰევრონი“, რომელიც იგივე ჯგუფისაა და აღარ სჭირდება „ინტერფეროლი“. მისი ღირებულება ბევრად მაღალია, 110 000$-ზე მეტი ღირს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოიხატება საქართველოში ხელმისაწვდომობა, რადგან კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მოწერილა, ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ეს იქნება იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ფინანსური ბარიერი არავის შეექმნება ამ მედიკამენტის შეძენაზე, ან მიღებაზე. მეტიც, პროექტში აუცილებლად ვითვალისწინებთ დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბევრად ნაკლები რომ დაჯდეს დიაგნოსტიკა, ვიდრე დღეს ჯდება.

_ როგორია საქართველოსა და ამერიკის ფინანსური თანამონაწილეობა?

_ მედიკამენტზე არ დაგვჭირდება არანაირი თანხის დამატება. ჩვენი თანამონაწილეობა იქნება ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რამდემინე ფაქტორი: პირველი _ მედიკამენტის შემოტანა-განაწილებისა და, ზოგადად, მომარაგების ჯაჭვის გამართულობა, ანუ, ფაქტობრივად, ქარხნიდან გამოსვლის მომენტიდან პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის მომენტამდე, რომ უზრუნველვყოთ მისი ლეგალური რეგისტრაცია, მიზნობრივი მიწოდება _ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ახლა გამიჭირდება საუბარი, რა თანხით იქნება გამოხატული, მაგრამ ასეთი სისტემები უკვე არსებობს მაღალი კონტროლის წამლებზე, ახლის გამოგონება არ დაგვჭირდება, უბრალოდ, ცოტა გაფართოებაა საჭირო. მეორე თანავალდებულება, _ დიაგნოსტიკურ ნაწილში თანამონაწილეობა. პირველი ეტაპისას ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს დიაგნოსტიკაზე და ჩვენ გარკვეულ თანაგადახდას გავაკეთებთ. თანაგადახდის პროცენტი განსხვავებული იქნება სოციალური ფაქტორით (სოციალურად დაუცველი და არასოციალურად დაუცველი). მედიკამენტზე არ იქნება საჭირო ჩვენი თანამონაწილეობა, რამდენადაც, პროექტი მოიაზრებს იმას, რომ ის უკვე იმდენად მიწვდომადი იქნება, იმის იქით მიწვდომადობაზე ჩარევა უკვე აზრს კარგავს.

 

                                                                                                   თამარ ბატიაშვილი