გადამდგარ-გადმომდგარ-დამდგარი

11111

გადადგა, უმალ გადმოდგა და დადგა. დღეს ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია, მაგრამ ასეთი წარმატებით მხოლოდ ხაშლამა თუ ახერხებს პოზიციების ცვლას ქელეხის სუფრაზე.

იგი წარმოადგენს ფრესკას და ხატებას ჩვენი ხელისუფლების პრინციპულობისა და თანმიმდევრულობისა. მოხდა ისე, რომ სწორედ მასში განსხეულდა ქოცხელისუფლების „ეგზისტენცია“. აკი გვითხრა კიდეც ქალბატონმა მინისტრმა, რომ ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი ყოფილა ევროპული კურსი. თავი დავანებოთ იმას, რომ კამიუ საფლავში ბორგავს ბერუჩაშვილის გადამკიდე და ჰაიდეგერი სადაცაა, კუბოს ამოლეწავს, ჩვენ ჩვენი ევროპული არჩევანი ვიდარდოთ, რომელზეც ერთმა და იმავე ქალბატონმა ერთ დღეს გვითხრა, რომ საფრთხეშია და მეორე დღეს მოგვახსენა, რომ საფრთხეში არაა. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იგი პრემიერ-მინისტრს შეხვედრია. შეხვდა და გადამდგარი უკან გადმოდგა. უკან მადმოდგომა დაუფასდა. იმდენად დაუფასდა, რომ მინისტრადაც კი დანიშნეს ეს მდგრადი ქალბატონი. ისე, რას ვერჩით, რაც საგარეო კურსი გვაქვს დღეს მდგრადი, ისეთივე მდგრადი გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აი, განცხადებები კი დანიშვნის მერე უკეთესი გაისროლა: „რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა“, _ ბრძანა მან მუნ. და რა გაირკვა? ჩვენ გვეგონა, რომ მას ეს ეჭვები სერიოზულად ჰქონდა და შემდეგ პრემიერმა გაუფანტა. ეს ჩვენ გვეგონა, არადა, საქმე ბევრად უფრო თავქარიანად ყოფილა, მას ეს ეჭვები სულ რამდენიმე საათი ჰქონია. აღეძრა ეჭვი, გამოქანდა და ატეხა ტაშტების ბრახუნი: „ევროპული არჩევანი საფრთხეშია!!!“ ანუ რა გამოდის, ვის რა ეჭვიც გაუჩნდება _ მოდურად „გონივრული“, თუ არაგონივრული, უნდა გამოქანდეს და ჩვენ გვზაფროს? ნამდვილად გაგვიმართლა, რომ კაცად არ დაიბადა, თორემ ოტელოს ეჭვიანობა მიმიქარავს, მეხუთე მოქმედებამდე ვერ მოითმენდა და დეზდემონას პირველ თუ არა, მეორე მოქმედებაშივე წაახრჩობდა.

ეჭვებს კიდევ რა უჭირს, თავის აცქა-ცუცქას გასამართლებლად ახალი ტერმინი შემოიღო: „ემოციური სოლიდარული გაუგებრობა“. რა იყო, შატალოზე მიდიოდა მაია ფანჯიკიძე და სოლიდარობის პონტში გაჰყვა? გაჰყვა, მაგრამ რა ქნა? მუდო ხუთოსნები (ნამდვილები არა, აი, ისინი _ „ზუბრიაჩკა ხუთოსნები“) რასაც შვრებიან _ ჯერ შატალოზე რომ მიდიან და მერე შატალოდან უკან იპარებიან…

ახლა მე კი ვზივარ და მის პორტრეტს ვხატავ, მაგრამ მე კი არა, თვით ველასკესიც ვერ დახატავდა მის პორტრეტს იმაზე უკეთ, რაც ამ მინისტრმა ქალბატონმა მოახერხა _ როგორც დაუხატა საზოგადოებას თავისი პორტრეტი პოლაროიდის სისწრაფით. მისი პორტრეტი სამ სიტყვაშია _ გადამდგარ-გადმომდგარ-დამდგარი.

ამ გადასახედიდან, აბა, რაღა გასაკვირია, თუ როგორ ახერხებდა იგი კარიერის შენარჩუნებას აგერ უკვე 16 წელიწადია?.. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში იგი 1998 წლის ივნისში გამოჩნდა _ ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილის რანგში. მაშინ 37 წლის იყო, ახალი მოპოვებული ჰქონდა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში, უფრო ადრე ტრენინგები ჰქონდა გავლილი ირლანდიაში _ ევროპადმცოდნეობასა და ინგლისურ ენაში. მინისტრის მოადგილეობამდე ვაშინგტონში ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისშიც მუშაობდა ანალიტიკოსად და, ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ ტიპური პროდასავლელი მოხელე იყო დასავლური განათლებით, მაგრამ ფერწერაში ლესირების მსგავსად, მის პორტრეტს „შიგნიდან ანათებს“ ის შუქი, რომელიც მას ამ დასავლურ განათლებამდე აქვს მიღებული და ვინც კარგად იცნობს საბჭოა ეპოქას, მისთვის თითქმის ყველაფრის მთქმელი იქნება ის, რომ ქალბატონ მინისტრს დამთავრებული აქვს ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი მოსკოვში. თან ორი ფაკულტეტი _ ფიზიკა-მათემათიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა). დაამთავრა და მიენიჭა კვალიფიკაცია _ ქიმიკოსი _ მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი…

მოკლედ, 1998 წლის ივნისში დაინიშნა მინისტრის მოადგილედ და იმავე ზაფხულს დამკვრელური ვახტით დაწინაურდა _ მინისტრი გახდა. მაინც, რა სასწაული ჩაიდინა ისეთი? ისტორია დუმს… მოკლედ, იგი 2 წელი ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი იყო, 2000 წელს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა _ მინისტრის მოადგილედ. სწორედ ამ პოსტზე უწია მას „ვარდების რევოლუციამ“, მაგრამ „ვარდების რევოლუცია“ მისთვის სულაც არ აღმოჩნდა ეკლიანი, _ თუ შევარდნაძის სხვა მინისტრებს თავს დაატყდათ გიორგობა დღეს მომხდარი უსისხლო რევოლუციისა და გველისფერი წმიდა გიორგის რისხვა, თამარ ბერუჩაშვილი იოლად გავიდა ფონს, მეტიც, ახალ მთავრობაშიც გამოინახა მისთვის ადგილი _ სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, აქაც ორიოდე თვე დაჰყო მოადგილედ და შემდეგ თავად გახდა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2004 წლის ბოლოს ისევ მოადგილედ მოგვევლინა, ამჯერად სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ხანგრძლივად დაჰყო ამ თანამდებობაზე _ 2010 წლის ბოლომდე. მხოლოდ შემდეგ ჩამოლაბორანტდა _ მრჩევლად, მაგრამ ეს უკანდახევაც ხანმოკლე აღმოჩნდა, მოვიდა ნაოცნებარი ხელისუფლება და მან ისევ დაიბრუნა მინისტრის მოადგილის პოსტი, 2013 წლის 1-ლი აპრილიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა.

მოკლედ, შევარდნაძის დროსაც კარგად იყო, სააკაშვილის დროსაც არ შეუწუხებია ცივ ნიავს და არც ივანიშვილ-ღარიბაშვილის დროებამ დააყარა თავზე ნოემბრის სევდა. რომ იტყვიან, საბანიც მას ჰქონია და ნაბადიც, ცივი ნიავი არ ეკარება მის კარიერას, აი, ალასანიას თავზე დატრიალებულმა ქარიშხალმა ხომ საერთოდ ზურგის ქარად დაუბერა და წინ წაწია სახელისუფლებო ვერტიკალზე.

ამჯერად სულაც არ ვაპირებ იმის ჩაანალიზებას, მისი რომელი განცხადება იყო ჭეშმარიტება, ან ჭეშმარიტების „ყვავი-ჩხიკვის მამიდა“, ან მტკნარი სიცრუე, უბრალოდ, ერთ დღეს თქვა ერთი, მეორე დილით მეორე, ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. ეს „მანასე“ პრინციპულობა გვინდა საგარეო ფრონტზე? ვაი, და ამ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერთან ერთად, ქვეყანა იმ ჯანდაბაში გააქანოს, რასაც ევრაზიული კავშირი ჰქვია, მერე გვიშველის მაგის თითზე კბენანი, _ ეს იყო ემოციური სოლიდარული გაუგებრობაო? რა, გამორიცხულია? სადაც ფანჯიკიძეს გაჰყვა სოლიდარულად და გაუგებრად, გამორიცხავთ, რომ ახლა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებს არ გაუტეხოს ხათრი და მათთან ერთად სოლიდარულად თავი ჩვენც გაგვაყოფინოს გაუგებრობაში? რომელი პრეზიდენტი და იმის ერთგულება დაავაფიცოთ, მკვდარი, ცოცხალი თუ ცოცხალ-მკვდარი? თუ მისი იმ გამოცდილებით დავიმშვიდოთ თავი, რიგი ექსპერტები რომ უწონებენ და ჩვენც გვაწონებენ?

კარგი, ბატონო, სოლიდარობის ხათრით, თქვენი ხათრით, მეც შევალ გაუგებრობაში და მავანსა და მავანს დავუჯერებ, რომ იგი კარგი მოხელეა, პროფესიონალია, მაგრამ მინისტრი რომ მოხელე არაა და მინისტრის პოსტი რომ პოლიტიკური თანამდებობაა? რანაირად იქცევა პოლიტიკურ ფიგურად ადამიანი, რომელიც ბუკვალურად ერთ საღამოს ერთს ამბობს და მეორე დილით _ მეორეს? და თქვენ გჯერათ, რომ იგი თავს გაართმევს და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დადგება? ხან ეჭვები აიტანს და ხმალს იშიშვლებს მათე-ბიჭივით, მერე ეს ეჭვები უმალ გადაუვლის, როგორც კი ვინმე (თუნდაც ღარიბაშვილი) „დაელაპარაკება დეტალურად“ და ამოღებულ ხმალს ქარქაშში ჩააბრუნებს. ერთი-ორჯერ ასე ჩაყოფ-ამოყოფს ხმალს და მართლა რომ საფრთხე იყოს და მართლა რომ ხმალი იშიშვლოს, ან ქვეყანაში ვის რა რეაქცია ექნება, ან ქვეყნის გარეთ? მათე-ბიჭობის რა მოგახსენოთ და იგი იმ ბიჭობის რეალური კანდიდატია, _ მგელი, მეგლიო! _ სოფელს რომ ზაფრავდა და როცა მგელი მართლა გამოჩნდა, მისი რომ აღარავის სჯეროდა. ახლა, ისე არ გამიგოთ, რომ ვინც აქამდე ხელმძღვანელობდა საგარეო უწყებას, რომ ის მემადლენოლბრაიტება, მაგრამ მე იმას ვჩივი, რაც ფოლკლორშია კარგად ნათქვამი, _ არ იყო ძმარი და გაურიეს წყალიო.

აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ან რით დაგამშვიდოთ?!. სწორედ ეს ქალბატონი იყო, შარშან რომ ომახიანად გვიმტკიცებდა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მინიმალური შეკითხვები ჰქონდესო. იმასაც ამტკიცებდა, მთავრობა შეძლებს და დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს პროცესები არ სცილდება კანონიერების ფარგლებსო. ამტკიცებდა, შეძლებსო, მაგრამ შეძლეს? ან კეზერაშვილი გადმოსცა ვინმემ, ან დათა ახალაია? ან იმ პირთა მიმართ არ აქვს დღემდე კითხვები საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც აქ ციხეში ჰყავთ გამოკეტილი? სულ სპეკულანტებს ეძახდა მათ, ვინც მიიჩნევდა, რომ ეს დაჭერები შეაფერხებდა საქართველოს ევროინტეგრაციას. „ნამდვილად მოვერიდებოდი ამ სპეკულაციებს, რომ კონკრეტული პირის დაკავება იქნება განსაკუთრებული მომენტი და შეაფერხებს პოლიტიკურ პროცესებს“, _ ბრძანებდა იგი და „კონკრეტულ პირებში“ გულისხმობდა იმათ, ვის გვერდითაც არხეინად იჯდა 9 წელი ხელისუფლებაში. ვანო მერაბიშვილის დაჭერა შემაფერხებელი არ ყოფილა, არც უგულავასი, მაგრამ, აი, ალასანიას ბიჭების დაჭერამ რანაირადღა ჩააგდო ჩვენი ევროპული არჩევანი საფრთხეში, თუ ისინი კონკრეტული პირები არ იყვნენ? არა, მართალია, ამ ეჭვებმა სულ რამდენიმე საათი გასტანა, მაგრამ 15 წუთით მაინც რომ დაეჭვებულიყო ვანოზე, გიგიზე, ბაჩოზე _ თითოსთვის რომ ეჭვის 5 წუთი ეჩუქებინა, არა, ხომ? ეჭვის 5 წუთი, თორემ პოეზიის 5 წუთს არავინ ითხოვს მისგან, თორემ თუ მოითხოვე, უეჭველი წაგიკითხავს ზინა კვერენჩხილაძის პათოსით: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. ეს „იგი“ და „სხვა“, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ლიდერები იქნებიან, იგი კი დარჩება იმ „ტურფა საბაღნაროში“, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია. მას ასევე შეუძლია თამამად წაგვიკითხოს თათია ხაინდრავასეული ჰაეროვნებით: „მე იგივე ვარ მარად და მარად“, მაგრამ მისი „მარადიული იგივეობის“ საიდუმლო ის კი არაა, რომ იგი არ სდევს ჟამთა სვლას, არამედ ის, რომ კარგად სდევს ჟამთა სვლას. იყო ყველა მთავრობაში, მაგრამ ყოველთვის ერიდებოდა მკვეთრ განცხადებებს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ეძახდნენ მას არაფრის მინისტრს. იგი ამასაც იტანდა, დატუქსვასაც, პოლიტიკური ელიტა კი მის უგერგილო, არაფრისმომცემ გამოსვლებს პარლამენტში. ხან გენდერულ პონტში ინარჩუნებდა პოსტს, ხან ასე და ხან ისე. მოგვილოცავს ქალბატონი მანასე საგარეო საქმეთა მინისტრად, ბატონო პრემიერო! მერწმუნეთ, იგი შემდეგ მთავრობაშიც იქნება _ მას მერე, რაც თქვენც გაუდგებით პოლიტიკური კუდიგორის გზას…

 

                                                                                                  რეზო შატაკიშვილი