ადა მარშანია: „დევნილები არ ვართ ღირსნი, რომ დავბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ აფხაზეთში!“

რტ

აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც 50 საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მშვიდობიანი დაბრუნების კონცეფცია შეიმუშავა, რომელსაც ხელისუფლებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. კოალიციაში გეგმავენ, რომ საკითხის განხილვას სპეციალური კონფერენცია მიუძღვნან, მანამდე კი კინოს სახლში შეკრებილი დევნილები „ნაციონალების“ წინააღმდეგ გამოდიან, წარსულს იხსენებენ და მომავლის გეგმებს აწყობენ.

„ქრონიკა+“ მათ გამოსვლებს გაგაცნობთ:

თემურ ჩილაჩავა _ პროფესორი:

_ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს ის 9-წლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ვისაც ეს არ ახსოვს, ან არ უნდათ გაიხსენონ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათთვის მხოლოდ რამდენიმე საკითხს შევეხები: 2004 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს მოსახლეობის იდეოლოგიური რბევა. პირველ რიგში იერიში მიიტანეს განათლებისა და მეცნიერების სფეროზე და ყველა ქართველის „ალმა მატერის“ _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რბევა დაიწყო. შესაბამისად, ამ უნივერსიტეტში მიავლინეს განათლების კომისრები, რომ „თეთრი ტაძარი“ დაყვანილიყო იმ იდეოლოგიის მონად, რასაც ემსახურებოდნენ. დაიწყო ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის კულტურული რბევა. გაათავისუფლეს სოხუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი _ პიროვნება, რომელმაც 1993-დან 2005 წლამდე ეს სასწავლებელი საქართველოს უნივერსიტეტებში ნულიდან მესამე ადგილზე გაიყვანა. სამაგიეროდ,  მაუზერიანი რექტორი მოავლინეს _ მაშინ განათლების მინისტრი იყო „რუსთავი 2“-ის „დემოკრატი“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც უხეშად ერეოდა სოხუმის უნივერსიტეტის ამბებში. მათ მაქსიმალურად უნდა გაენადგურებინათ ყველაფერი და სწორედ მიცემული დავალების შედეგია ის, რომ სოხუმის უნივერსიტეტს დარჩა მხოლოდ აბრა, სადაც სწავლობს დევნილი სტუდენტების 9%. ხუმრობენ, _ ხომ არ გადავარქვათ უნივერსიტეტს სახელი და დავარქვათ არადევნილების უნივერსიტეტიო? 50%-ია მხოლოდ დევნილი პედაგოგი, აკადემიურ საბჭოში 50%-ია დევნილი, უნივერსიტეტის პარლამენტში, სენატში, მხოლოდ _ 33%.

ბოლო 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური“ ელიტის წარმომადგენლებს გაუმართეს ტაშ-ფანდური ყოფილი პირველი ლედის ჩათვლით. სამარცხვინო კლიპი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა, სადაც დევნილები ილია ვეკუას, სიმონ ჯანაშიას, გამოჩენილი აფხაზების _ გიორგი ძიძარიასა და ზურაბ ანჩაბაძის, მსოფლიოს პირველი კარდიოლოგის, ლეო ბოკერიას სამშობლოს ხალხი გამოყვანილი იყო როგორც საავტობუსო მასალა, ხოლო ზოგიერთი საეჭვო მუსიკალური ნიჭის ადამიანი მიდიოდა გემით და თვითმფრინავით აფხაზეთში. გააუქმეს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ცხინვალის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი დაბრუნების დიდი იმედი იყო. ვინც აფხაზეთის ომიდან გამოიქცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან მოკალათდა თბილ-თბილ ადგილებზე და ვეტერანებს, რომლებიც ტყვიას გულს უშვერდნენ, აქციები დაურბიეს. დღეს ამ საკითხით შემოვიფარგლებით, მალე გავმართავთ კონფერენციას, სადაც დასაბუთებულად წარმოვადგენთ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გზით დაბრუნებულ დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ რეალურ გზას ვუჩვენებთ ხელისუფლებას. დღეს ვამბობთ, _ არა რუსეთის მცოცავ აგრესიას! არა „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშს საქართველოში და, _ კი აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიან მოლაპარაკებას! დარწმუნებულნი ვართ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აუცილებლად მოვძებნით იმ გზას, რომელიც აფხაზეთში მიდის.

ოთარ გუჯეჯიანი _ ყოფილი პოლიტპატიმარი კოდორის ხეობიდან:

_ იმ ფაქტების შესახებ, რაზეც მოგიყვებით, დღემდე საჯაროდ არ გახმოვანებულა. შეგნებულად არ ვსაუბრობდი, მაგრამ ორიოდე კვირის წინათ მომივიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ყველა სამართლებრივ-ადმინისტრაციული აქტი, ჩემ მიმართ შეთითხნილი და შეთხზული სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ბათილად არის ცნობილი. ახლა უკვე მორალური უფლება მაქვს, ამაზე ვისაუბრო. მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს და მის აპარატს; სასჯელაღსრულების სამინისტროს; უფლებადამცველ ორგანოებს; პროკურატურასა და შსს-ს, რომ ყველა ის ფაქტი, რასაც გავამხელ, გადაამოწმონ და თუ მათში რამე სიყალბე აღმოჩნდება, პასუხს ვაგებ ღმერთისა და ერის წინაშე.

როგორც კოდორის ხეობის მკვიდრი, ვაქტიურობდი, არ ვეგუებოდი სააკაშვილის რეჟიმს. ამ აქტიურობაში, 2006 წლიდან, როდესაც ისინი შემოიჭრნენ კოდორის ხეობაში და იქ ავბედობა დაგვაყარეს, რა თქმა უნდა, მათი მოწინააღმდეგეები გავხდით და ამ ჩვენს ოპოზიციონერობაზე გვიპასუხეს იმით, რომ კოდორის ხეობიდან 85 ღირსეული ადამიანი (მამაკაცებიც და ქალებიც) დაგვაპატიმრეს. კოდორის ხეობაში არც ერთი ოპოზიციური პარტია არც ერთ არჩევნებზე არ შემოუშვეს, ჩვენ მაინც გავხსენით ოპოზიციის საარჩევნო შტაბი და მე, როგორც ამ შტაბის ხელმძღვანელს, 24 თანამებრძოლთან ერთად, 3-ჯერ გამიკეთეს დეპორტი. 24 საათი მოგვცა სააკაშვილის პოლიციამ და უშიშროებამ, რომ კოდორის ხეობა დაგვეტოვებინა. დღეს ღაღადებენ, აფხაზეთისკენ გზა ჩვენ ვიცითო! რომელი აფხაზეთის?! წაგიკითხავთ აფხაზი ძმების მოწერილ წერილს, ოჩამჩირელები გვწერენ: თქვენ ამ დღეში ჩაგაგდოთ სააკაშვილის რეჟიმმა და ამის შემდეგ როგორ უნდა გაგვიჩნდეს სურვილი ასეთ საქართველოში ცხოვრებისო?! მართლაც ასეა, ვის მოუნდებოდა აქ ცხოვრება, როცა ქართველებს შეაძულეს საკუთარ ქვეყანაში ყოფნა?!

ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, შემდეგ კი ჯოჯოხეთი გავიარეთ სააკაშვილის „ევროპულ“ ციხეებში. ჰიტლერის კონცლაგერებსა და ბოლშევიკების გულაგებში არ ხდებოდა ის, რასაც  ქართველებს გვიშვრებოდნენ. ზაზა გერლიანი, მეომარი ვაჟკაცი, N19 ქსნის დაწესებულებაში ორ ადგილას ხერხემალში გადატეხილი, დაინვალიდებული კაცი, ციხის ეზოში წაიქცა და ზონის უფროსი ვარლამ როდონაია ფეხს აბიჯებდა, _ მოკვდი, შე ხისთავიანო სვანო, აბა, რა გეგონა, მოკვდიო! დღესაც ვადანაშაულებ საკუთარ თავს, არ მეყო სითამამე და ვაჟკაცობა, რომ იმ ჯალათს მივვარდნოდი და გული მაინც მომეფხანა. ეს იყო 2010 წლის 27 თებერვალს.

კიდევ ერთ ამაზრზენ ფაქტს გეტყვით: 2010 წლის 8 ივლისს ქსნის N7 დაწესებულებაში დირექტორი რობერტ არაქელოვი სამ ენაზე _ რუსულად, სომხურად და ქართულად _ ექირქილებოდა თავის ნაცნობს, _ 2500 ქართველს სექსუალურად ვხმარობ და სააკაშვილმა ამის გამო გუშინ 5000-ლარიანი პრემია გამომიწერა, ბურთი და მოედანი ჩემიაო. მე, ზაზა წიკლაურმა, ბესო ჭანკოტაძემ და კიდევ სხვებმა, ვინც საკანში ვიყავით, გისოსებიდან გადავძახეთ, _ არაქელოვო, ამას არ შეგარჩენთო! ჩაგვიყვანეს 57 პატიმარი, _ როგორ გაბედეთ შეპასუხებაო?! და დედის რძე გვარწყევინეს. პეტრე-პავლობის მარხვის დღეები იყო, სამარხვო კერძები დაგვაფარეს თავზე! მე-3, მე-4 სართულამდე თანამშრომლები გაგვაყოლეს, _ არ გაბედონ ჩამოღებაო. მოიყვანეს „სპეცნაზი“, გაგა მკურნალიძემ, რობერტ არაქელოვმა, გიორგი კუხიანიძემ სიკვდილის დერეფანში გაგვატარეს, ჯვრები ჩამოგვახიეს, ნეკნები ჩაგვიმტვრიეს, ხერხემლებში გადაგვტეხეს და რუსთავის N6, ყველაზე საშინელ სარდაფში 54 „სუტკა“ ჩაგვყარეს გაგანია ზაფხულში. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახე. ექიმმა, თინა მახარაძემ გვითხრა, _ ახლა მკურნალობა რომ დაგინიშნოთ, ან ერთი ტაბლეტი რომ მოგცეთ, ხვალ ციხეში გამიშვებენო. ამას გვეუბნებიან სააკაშვილის „დემოკრატიული“ რეჟიმის ციხეში. ფაშისტური გერმანიის კონცლაგერებში შეუძლოდ მყოფ ტყვეებს მედიკამენტებს აძლევდნენ და საერთაშორისო კონვენციას არ არღვევდნენ. იმაზე საშინელი იყო სააკაშვილის რეჟიმი!

2013 წელს, როდესაც ამნისტია გამოცხადდა, 48 არასრულწლოვანი ბავშვი, ძველით ახალი წლის დღეს, ციხის საავადმყოფოდან, ხერხემალში გადატეხილები, ინვალიდების ეტლით, თვითონ რომ ვერ მიდიოდნენ, კარებამდე ჩვენ მივაცილეთ და ასე მივგვარეთ დედებს. ეს მოკლე ჩამონათვალია, დღეს ისინი გამოდიან, რომ თურმე აფხაზეთის დაბრუნება უნდათ! ცინიკოსები: სააკაშვილი, გაბაშვილი, წიკლაური, ბარამიძე (რომელმაც სვანთა მოდგმას შეურაცხყოფა მოგვაყენა და აფრასიძეების ოჯახში წინაპართა ძვლები ამოძირკვა) ახლა კიდევ გამოდიან და ანგელოზებად მოაქვთ თავი. შურისძიება რასაც ჰქვია, იქ უნდა ვიძიოთ და მართლა უნდა ვიყაროთ ჯავრი! უნდა გადავუაროთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!

ზაურ კვარაცხელია _ პროფესორი:

_ 22 წელიწადია, ამ ტრაგედიის გზაზე მოვდივართ, აქ რომ 1000 კაცი გამოვიდეს, ყველას ექნება სათქმელი იმ დანაშაულზე და სისხლისღვრაზე, რომელიც დაატრიალეს „ნაცმოძრაობამ“ და მათ წინამორბედებმა შევარდნაძის ხელმძღვანელობით. მეც მოვხვდი ციხეში, პლუს ამას, ნახევარი წელიწადი ტყეში ვიყავი გასული პარტიზანად, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. დღეს, როდესაც ვუყურებ ტელევიზიებს, მინდა ვთხოვო, ნუ გვიჩვენებენ ამ თაღლითებს, მკვლელებს! მათი ყურება შეუძლებელია! იცით, რაზე ვფიქრობ? მე ხომ არ მომიკლავს გირგვლიანი, უკვე მეეჭვება, ვაზაგაშვილი ჩემი მოკლული ხომ არ არის, კაცო? ესღა აკლიათ „ნაციონალებს“, რომ ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ, რაც მათ ჩაიდინეს! ახალ ხელისუფლებას მივმართავ: გეყოთ გამბედაობა, დადეთ მათი დანაშაულის აღმნიშვნელი ფაქტობრივი მასალა!

ახლახან ერთ-ერთ გაზეთში გერონტი ქიქოძის წერილი გამოქვეყნდა, შარდენმა რომ იმოგზაურა საქართველოში. ქართველებზე წერს: მსოფლიოში ასეთი თაღლითი ერის შემხედვარე არ ვარო! თაღლითები რომ არ ვიყოთ, ეს მკვლელთა ბანდა ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო? ეს არის ჩვენი თანამედროვე შაჰ-აბასი, სააკაშვილს კიდევ ეთქმის და ელაპარაკება რამე? ნაცარს გვაყრიან თვალებში, პენსიებს რატომ არ უმატებენ ხალხსო… სად იყვნენ აქამდე? თუ ჩვენ გვინდა მართლა დავბრუნდეთ აფხაზეთში და თანაც ღირსეულად, ის ხელშეკრულება, რომელსაც დებს მოსკოვი აფხაზეთთან, დე ფაქტოდ წოდებულთან, მიმაჩნია, რომ დღეს უფრო მეტი შანსი გაჩნდა _ ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგეს ის ნდობა, რომელიც ჩვენ ჩვენივე ხელით გავანადგურეთ! ჩვენ უნდა მოვნახოთ ოქროს შუალედი და ყველა ღონისძიებით უნდა აღვადგინოთ ნდობა, დავბრუნდეთ და დავიბრუნოთ აფხაზეთიც და აფხაზობაც!

ჯოკო ბართია _ დევნილი სოხუმის რაიონის სოფელ შრომიდან:

_ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ აქ ვერ შევიკრიბებოდით, ვერ გამოვიდოდით, შიში სასწაულია, მადლობა ღმერთს, რომ მოგვვილინა ეს ადამიანი. მისი მშობელის ჭირიმე და რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მიეყვანოს! ბოლომდე მაშინ იქნება ეს მიყვანილი, ჩვენ რომ ჩვენს სახლებში დავბრუნდებით! მეტი მე არაფერი გამაკვირვებს! შარშან შევიკრიბეთ და ჩვენი მინისტრი რომ იყო, დარახველიძე, გვითხრა, _ პროკურატურაში შეტანილი გვაქვს ყოფილი მინისტრის, კობა სუბელიანის საქმეზე საჩივარიო, ოთხმილიონნახევარი რომ შეგვიჭამა, მალე პასუხს გაცნობებთო, მაგრამ არაფერი გამოჩენილა! მოგიწოდებთ, პროკურატურა არ დავაძინოთ, ვიდრე არ გაირკვევა ეს საქმე. მოროშკინამ სააკაშვილს დაუდო წინ წერილი, _ დევნილების ფული რომ შეჭამე, რა უყავიო? მეოთხე დღეს უპასუხა, _ გზები და გვირაბები გავაკეთეო. დავდგეთ იქ და ვიყოთ, _ ჩვენი ყოფილა ის „ტუნელი“.

მე სახლში დაბრუნება მინდა! ეს კრება რას უშველის ამ მამაძაღლებს! ჯიბგირები, ქვეყნის მოღალატეები! კრება არ უშველის ამათ, ჩვენ ვუშველით, ჩვენ! მოწანწალე ყოფილ პრეზიდენტს არ გახსენებია 2008 წელი, ერთი გასროლაც არ მომხდარა, ისე დაკარგა კოდორი და 150-ზე მეტი სოფელი ჩააბარა!

ადა მარშანია _ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი:

_ მოდი, ალალად ვუთხრათ ერთმანეთს, შეიძლება ბევრს ეწყინოს და თქვას, არასწორად ვამბობ, მაგრამ ასეა _ დევნილები არ ვართ ღირსნი იმისა, რომ დავბრუნდეთ ჩვენს სანუკვარ, ლამაზ და მშობლიურ აფხაზეთში! 20 წლის განმავლობაში ერთი მრავალრიცხოვანი, მებრძოლი, აქტიური, ხმაურიანი ორგანიზაცია ვერ შევქმენით! ეტყობა, ერთ პარტიაში დევნილების გაერთიანება შეუძლებელია, ხასიათი გვაქვს ასეთი, ყველას უნდა ლიდერობა! ის, რომ ჩვენ მებრძოლი, ძლიერი დევნილთა პარტია უნდა შევქმნათ, აუცილებელია! უკვე დანაშაული ჰქვია ამას, შეცდომა ეს უკვე არ არის, იმიტომ, რომ ჩვენც გვეშველებოდა და აფხაზეთის საკითხსაც წავწევდით წინ! ისეთი ორგანიზაცია უნდა ვიყოთ, ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ჩვენი! ანგარიში უნდა გაგვიწიოს! ყველაზე ემოციური მებრძოლები უნდა ვიყოთ ჩვენ და არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩვენი ემოცია, შეიძლება გადაჭარბებულიც, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კონფლიქტის პირდაპირი მსხვერპლნი! სახლები ჩვენ დაგვიწვეს, ნათესავები ჩვენ დაგვიხვრიტეს და რა არ დაგვემართა! რა ხდება ახლა?! ვინ არიან დევნილები?! რა ანგარიშის გასაწევი ხალხი ეს არის?! ხომ ხედავდით, რასაც უნდოდათ, იმას გვიკეთებენ, განსაკუთრებით, მიშას დროს! მოდი, ვაღიაროთ, პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია! ეს ჩემი 30-წლიანი გამოცდილებაა, არც ერთი ხელისუფლება თქვენ არ დაგიძახებთ და არ გეტყვით, _ შენი ჭირიმე, რა ლამაზი და ჭკვიანი ხარ, დევნილი ხარ, მსხვერპლი ხარ… მოდი, გვერდით დამიდექი, აფხაზეთისთვის ერთად გავიბრძოლოთო. ეს არ იქნება! ასე ცუდად და ტრაგიკულად არის ჩვენი საქმე! ეს არ მოხდება!

ხედავთ, რომ სასპეკულაციოდ და სიტყვის მასალადაც აღარ უნდათ აფხაზეთის ხსენება ჩვენს „გენიოს“ პოლიტიკოსებს. ადრე აფხაზეთის ხსენება მოდაში იყო, აქტუალური თემა იყო და საქართველოში პოლიტიკოსი აფხაზეთის ხსენების გარეშე ვერ იქნებოდა. ჩვენი ყველასთვის საყვარელი ალასანია, ვიცი, ბევრს გიყვართ, მე მას ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენდი ყრილობაზე, არც ერთი სიტყვა იქ არავის უხსენებია აფხაზეთზე. ეს არის ტრაგედია, არა მარტო ალასანიას პარტიისა და მისი ყრილობის, ეს არის, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების ტრაგედია. პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა შევქმნათ, ამაში ჩვენი სერიოზული ხსნა და ძვრაა აფხაზეთისკენ! მილიონჯერ ვთქვი ყველგან, რომ აფხაზეთს ტელევიზია სჭირდება, ვითომ დაიძრა ეს საკითხი, ეს ვუთხარი ბესელიას, ვოლსკის, ყველას ვუთხარი, მაგრამ…

რა ვქნათ ხვალ? ვცემოთ ბარამიძე? რომელიც საცემია! მე მგონი, ესენი ზუსტად ამას ელოდებიან, რომ ვინმემ რამე დავუშავოთ, ამიტომ ვერ მივართმევთ ამას! მე მაქვს იდეა, არ ვიცი, მოეწონება ხალხს თუ არა, მაგრამ აეროპორტის გზაზე რომ ოფისი აქვთ, რაღაცა უნდა დავუშავოთ! არ ვიცი, ეს ხულიგნური საქციელია თუ რა არის, მაგრამ ამ კრიმინალური ბანდის ოფისთან მივალ წითელი მელნით და შენობას ვესვრი. დამიჭირონ, დამაკისრონ ჯარიმა, მაგრამ ეს სიმბოლურად გასაკეთებელია! ამით ჩვენ ვეუბნებით, რომ სისხლიანი ტერორისტული ორგანიზაცია ხართ თქვენ! თურმე აფხაზეთსა და მის ანექსიაზე ნერვიულობენ, თვითონ რომ ჩააბარეს ნაწილ-ნაწილ და მთლიანად! დავიმახსოვროთ კარგად და ბავშვებსაც ვუთხრათ, 152 სოფელი დავკარგეთ ჩვენ აგვისტოში, საქართველოში ეს ციფრი ბევრმა არც იცის, არადა, ზეპირად უნდა იცოდეს! ჩვენ ვერ გავიაზრეთ ეს 20 წელი, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენი ბრძოლის იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენ როგორც მოვიქცევით აფხაზეთის საკითხის მიმართ, ისე მოიქცევა მერე ჩვენი ხელისუფლება! გაუმარჯოს იმ ხელისუფლებას, სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომელიც მანამ, სანამ აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნებული არ არის, პირველი მისი ფიქრი გაღვიძებისას იქნება _ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში? რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ აფხაზეთსა და ცხინვალს? აი, ეს დრო და მდგომარეობა უნდა დავაყენოთ ჩვენ, იმ ხალხმა, ვინც იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ და ჩვენს კისერზე ყველაფერი გადავიტანეთ! ასე ნებისმიერი ხელისუფლება ჩვენი თვალში ცქერით გაიღვიძებს, დაიძინებს და მართლა წინ წავა ჩვენი საქმე!

 

                                                                                                  თამარ ბატიაშვილი