„პროდოლარულ ქვეყანაში ერთი ქართველი დეპუტატის ხმა ლონდონის ბირჟაზე ოქროს ფასს გაუსწრებს!“

eesss

„დემოკრატია საფრთხეშია!“ _ ასეთი საგანგაშო მესიჯებით დატოვეს წამყვანი სამინისტროები ირაკლი ალასანიამ, მისმა ცოლისდა მაია ფანჯიკიძემ და მათი გუნდის სხვა წევრებმა. პირველ რიგში ეს დემარში კოალიციის საყრდენი კედლის ჩამოშლა იყო, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ მისი შექმნის დროს ვარაუდობდა _ ისეთი ჭრელი საზოგადოება შეიყვანა ივანიშვილმა „კიდობანში“, მათ ერთობას დიდი დრო არ უწერიაო. კოალიციის ლიდერები უარყოფენ კოალიციაში ბზარს.

ქრონიკა+“-ესაუბრება ლეიბორისტული პარტიისლიდერი, შალვა ნათელაშვილი:

_ არავითარი შედარება და მხატვრული დახასიათება ამ მდგომარეობას არ სჭირდება. ეს არის სრული კრახი მმართველი ძალისა, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც შესაძლებელია გამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ, ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. სხვა მკურნალობა მსოფლიო პოლიტიკას ამ პროცესისთვის არ მოუფიქრებია და ჩვენც ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. აგონიური მდგომარეობის გაწელვა, ცხადია, შეიძლება, მაგრამ პაციენტს ამით არაფერი ეშველება. უბრალოდ, გაურთულდება მდგომარეობა და გაურთულებს ყოფას გარშემო მყოფებსაც. სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა უკვე არის მძიმე დაავადებით შეპყრობილი პაციენტი, რომელსაც არაფერი უშველის, ამიტომ ლამაზი პანაშვიდი და გაცილება უნდა მოვუწყოთ. ეს კი ნიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. თუ ამას არ მოინდომებენ, პანაშვიდი იქნება უფრო მძიმე.

_ სახელისუფლებო ძალა თავად რომ არ აღიარებს სახელისუფლებო კრიზისს, ბატონო შალვა?

_ არ გაგიგონიათ, ბრმას ცოლი მოუკვდა და ერთნი ამბობდნენ, _ არ უთხრათო… _ როგორ არ ვუთხრათ, ლოგინში რომ ვეღარ ჩაუწვება, ხომ გაიგებსო?! შეუძლიათ, არ აღიარონ, რომ რეალურად არის პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ლოგინში რომ კრიზისი ექნებათ, მერე მაინც ხომ გაიგებენ? სხვა პოლიტიკურ ნიუანსებს თავიც რომ დავანებოთ, როცა პოლიტიკური ძალა, ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებაში უუნაროა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ხომ დაადო ვეტო? ამ კანონისთვის 65 ხმაზე მეტი ვერ შეკრიბა მმართველმა გუნდმა და ვერ გაბედეს ვეტოს შემდეგ მისი გადალახვის მცდელობა. ეს არის ფაქტი და ცდომილება. მეორე ეპოზოდში უზარმაზარი, კოალიციის 10-კაციანი სეგმენტი თავისი მინისტრებიანად გავიდა სტრუქტურის შემადგენლობიდან. მათ არა მხოლოდ უმრავლესობა დაკარგეს, არამედ დაშლა დაიწყეს ძალიან გიგანტური ტემპებით და კრიზისი სხვა რამე კი არ არის?!

_ სანამ ალასანიას პარტია კოალიციიდან გასვლის ნაბიჯს გადადგამდა, რესპუბლიკელები გზავნიდნენ მსგავს მესიჯებს მმართველი გუნდის მიმართ. ისინი ალაპარაკდნენ უფრო დემოკრატიულობის სურვილზე და ა. შ. მგონი, კოალიციის რღვევის პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო და საინტერესოა, ივანიშვილის გუნდმა ამას ხელი რატომ არ შეუშალა?

_ რესპუბლიკელებს ასეთ მოთხოვნეზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა გაყიდეს მილიარდერ ივანიშვილზე საკუთარი სხეული, სული და განაცხადეს თანხმობა, რომ იქნებოდნენ მისი მონები. ამ გარიგებაში მათ აიღეს ფული და ახლა გაახსენდათ ამაყი გაუპატიურებულივით, რომ თურმე საჭიროა ევროპული კოალიცია. კოალიცია ევროპული დასაწყისშივე უნდა იყოს და არა მერე, როცა ურემი გადაბრუნებულია. სწორედ აქ მოდიან წინააღმდეგობაში ევროპასთან. არც ერთი თავმოყვარე პარტია ევროპაში ფულის გამო არ გაერთიანდება რომელიმე მილიარდერთან. `ზარას~ ქსელის მფლობელი ესპანეთში 40 მილიარდის პატრონია. ანდაც მილიარდერმა ჟერარ დეპარდიემ რომ მოინდომოს პარტიის შექმნა და ფულის სანაცვლოდ ფრანგ სოციალისტებს და გოლისტებს გაერთიანება შესთავაზოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველასთვის საყვარელი მსახიობია, ცოცხალი ვერ გამოასწრებთ. ანდაც „კარფურის“ ქსელში ივანიშვილის მოწილე არნომ რომ მონდომოს, დაუძახოს ბელგიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, სახალხო პარტიას და უთხრას, 38 მილიარდი მაქვს, მოდით ახლა გავაკეთოთ ბლოკი, მაგრამ უჩემოდ ზედმეტი არ უნდა ილაპარაკოთო, არაფერი აღარ დარჩება არნოს ბიზნესიდან, გააკოტრებენ, დასვამენ ნულზე და დაიჭერენ. ამიტომაც ბატონ თუ ქალბატონ რესპუბლიკელებს ეს უნდა გახსენებოდათ დასაწყისშივე, როცა მათ ვაფრთხილებდი _ მონებად გყიდულობენ-მეთქი. ასევე უნდა ეფიქრა ალსანიას და ყველას, ვინც ამ კოალიციაში შევიდა. ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ხირხალა რომ ეუბნება ქეთოს, სიჩუმეზე გიცანიო, აქაც ასეა. სიჩუმის გამო არიან იქ და ამ ნიშნით ყველა ერთმანეთს ჰგავს. სიჩუმე იყო გარიგების საფუძველი. ბიბლია გვეუბნება, არა იწამო ჩემ გარდა სხვა ღმერთიო, მაგრამ ამათ სხვა ღმერთი, _ დოლარების მეპატრონე გამოიგონეს და იწამეს. ის კაცი მართალია, ამათ შეკოწიწებაში დოლარები გაიღო და პირობაც მისცეს, ახლა კი ამ პირობას ურღვევენ და გაგიჟებული ამიტომ არის. თქვა კიდევაც მარგველაშვილზე, _ 60 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ მინახავს, ასე არავის მოვუტყუებივარო. ამიტომ ის გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და უსიტყვო მორჩილებას ითხოვს ფულის სანაცვლოდ. იდეა და სულიერება მას არ გააჩნია და რაც გასცა, იმის სანაცვლო უნდა კიდევაც.

_ ამას იმ პროკურატურის ხელით აკეთებს, რომლის პირველი  პირის დანიშვნაც პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან მართული გახადა, არა?!

_ პროკურატურა, როგორც ყოველთვის, კვლავ პოლიტიკური რეპრესიების იარაღია. როცა მე იქ ვმუშაობდი, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ასე არ იყო. პირიქით, ცეკას მდივნებს ვაპატიმრებდით, მაგრამ იმ უამრავ, უსამართლო შეკვეთას, რომელიც ცეკა-დან მოდიოდა დაჭერებზე, დაუკმაყოფილებელს ვტოვებდით. ლიბერალური კომუნიზმის წლებში, გორბაჩოვის დროს, პროკურატურა აბსოლუტურად არაპოლიტიზებული იყო, ახლანდელი პროკურატურა კი არის გასული საუკუნის 30-იანი წლების ვიშინსკის პროკურატურა, რომელიც ხელისუფლების ნებისმიერ დავალებას ასრულებს. კონკრეტულ მასალებში რა წერია, ვერ გეტყვით, მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მილიარდებია შეჭმული შევარდნაძის დროიდან. იმდენი თანხებია გაფლანგული, მესამე მსოფლიო ომს მოვიგებდით, მაგრამ იმ საქმეებს ხელს არავინ კიდებს და არ იძიებენ. ალასანიას დასჯის თუ მორჯულების ინტერესი გაუჩნდათ და მერე მოჩხრიკეს ბოლო წლის საქმეები, თითქოს სხვა დროს იქ ყველაფერი კარგად იყო. ვარდიკო ნადიბაიძის დროიდან ამ სამინისტროში შეიჭამა მილიარდები. ომის დროს იქ ყველაზე მეტი იჭმებოდა, რადგან, როგორც წესი, ომი არის დიდი ბიზნესი, მაგრამ მაინცდამაინც ახლა მიახტნენ ამ კაბელებს. ეს არის ყველაზე მცირე დანაშაული იმასთან, რაც 20 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა. ახლა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ ვისაუბრებ. საინტერესო ის არის, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენეს. კარგად მახსოვს, ყველაზე პირველად რესპუბლიკელები რომ ითხოვდნენ სასამართლო ხელისუფლების რეფორმას. 1992-95 წლებში მე ვიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩემს ხელში იყო სამართლებრივი რეფორმა. ჩემი მეგობარი რესპუბლიკელები შემოდიოდნენ და ყოველდღე ითხოვდნენ რეფორმის დაწყებას, პროკურატურის ფაქტობრივ გაუქმებას და მის სამთავრობო სტრუქტურებთან შეერთებას, ანუ რაც გააკეთეს. მაშინ პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელი იყო და არც სასამართლოს, არც მთავრობის ნაწილი არ ყოფილა, ორივეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ეს არ მოუგონიათ რუსებს და ლენინს, ეს პეტრე პირველმა შუა საუკუნეების გერმანული და ჰოლანდიური პრაქტიკიდან აიღო. პროკურატურა არის სახელმწიფოს თვალი და არ შეიძლება, ის სამთავრობო სტრუქტურების ნაწილი იყოს. ასეთ შემთხვევაში ის გახდება პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი ხელისბიჭი და სხვა არაფერი. ამიტომ არ დავეთანხმე რესპუბლიკელებს. პროკურატურა დამოუკიდებელი რომ დავტოვე, სწორედ ამისი შედეგი იყო ის, რომ უშიშროების მინისტრი, ცხონებული შოთა კვირაია, გადავაყენეთ იმის გამო, რომ მისი უწყებიდან მოუსმინეს ნოდარ გრიგალაშვილსა და ვახტანგ გოგუაძეს. ორი ადამიანის მოსმენა გახდა კვირაიას გადაყენების საფუძველი, მაგრამ მე და თქვენ ახლა რომ ვლაპარაკობთ, ივანიშვილის ოფისში დამონტაჟებულ მოსასმენ აპარატზე ისმენს ყველაფერს მისი ტექნიკური ჯგუფი. შს სამინისტროც ხომ გვისმენს და ამ მოსმენებს საქართველოს პროკურატურა ვერ გააკონტროლებს და აღკვეთს. მიზეზი კი არის ის, რომ პროკურატურა გადაქცეულია ხელისბიჭად. ის სამთავრობო სტრუქტურის ისეთივე საწყალი ნაწილია, როგორიც, ვთქვათ, ნოტარიატების სამმართველოა იუსტიციის სამინისტროში. ასე რომ, თავისსავე მახეში გაებნენ ეს ევრორეფორმატორები. ალასანიას პარტია, „ნაცები“, „რესპუბლიკელები“ ითხოვდნენ ამას და აცხადებდნენ,  პროკურატურა არის კომუნისტური გადმონაშთი, არავის ექვემდებარება,  დამოუკიდებელი რატომ უნდა იყოს, ამერიკულად იუსტიციის სამინისტროს უნდა შევუერთოთო. ამერიკაში ისეთი ფედერალური წყობაა, შტატში ისეთი ძლიერი გენერალური პროკურორი ზის, ყველას აზანზარებს. ფედერალურ დონეზეა ის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთებული, აქ კი არის სხვა მოდელი და მდგომარეობა. ამერიკას თუ ედრებიან, იქ პოლიციის უფროსს ირჩევენ და მაშინ აქაც ავირჩიოთ. რაც არ აწყობთ, მხოლოდ იმას არ აკეთებენ. ევრორეფორმების მახეშია გაბმული ეს ხალხი.

_ გამოდის, რომ საქართველოში ეს მახე ივანიშვილს არ დაუგია და რას ვერჩით?

_ სამაგიეროდ, ივანიშვილი ყველა მახეს იყენებს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დააგო ის. ივანიშვილი არის ბუნებით მტაცებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იყენებს არსებულ ვითარებას მოსახვეჭად. პროკურატურა სააკაშვილის დროს გახდა იუსტიციის ნაწილი და ამით პოლიტიზაციის ხარისხი გაეზარდა, ივანიშვილის პეროდში კი მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებს რამეს აწყენინებს, პროკურატორასთან ექნება საქმე და მათ კარზე მიადგება პორტფელიანი გამომძიებელი.

ბრძოლა მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისთვის. ამ ბრძოლის ფავორიტები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამჯერად არჩეულია უკრაინა. ცხინვალში რაც მოხდა, ის იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი ვულკანი. ახლა უკრაინაშია ეს ვულკანი. შეურიგებელი წინააღმდეგობაა და ლამის მესამე მსოფლიო ომამდე მივიდა კაცობრიობა. შესაბამისად, ორივე სახელმწიფო მკვეთრად აკონტროლებს ჩვენს რეგიონში _ მთავრობა პროამერიკულია, პრორუსულია თუ რა პროა. ლამის ბიბლიური ერთგულების საკითხი გახდა ეს ყველაფერი. ახლა რასაც გეტყვით, ეს არის ექსკლუზივი: კრემლი სასტიკად გააღიზიანა ალასანიას განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო სირიელი მეამბოხეების ბაზა, შემდგომ აქ უნდა გაეკეთებინათ ნატოს საწვრთნელი-სასწავლო ბაზა, აქ უნდა განლაგებულიყო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები. ეს განცხადებები ალასანიამ გააკეთა ზოგი საქართველოდან, ზოგიც ვაშინგტონიდან და ამაზე კრემლი გადაირია. ოფიციალურადაც გამოეპასუხენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა განცხადებებს, _ ამას ჩვენი უსაფრთხოების საშიშ ნაბიჯად ვთვლით და გვექნება რეაქციაო. რაც მთავარია, დაურეკეს ივანიშვილს და უთხრეს, მილიარდები რომ გაშოვნინეთ, საქართველო ხომ ჩაგაბარეთ, იქ რომ გყავს მინისტრი და ჯგუფი, რომელიც ამას გვიკეთებს, როდემდე უნდა გყავდესო?! აი, ეს არის მთელი ისტორია. დანარჩენი ვინ რა თქვა, ვინ ვის დაურეკა და ა. შ., არის მეორეხარისხოვანი. გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების მსხვერპლი გახდა ალასანია. საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამიტომაც გვინდოდა ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც გარედან ვერავინ ვერაფერს დაავალებდა. საქართველოს დასავლეთისკენ წინსვლა და სწრაფვა არც ალასანიას მოუგონია, არც ნათელაშვილს და არც კიდევ სულხან-საბას, რომელიც ფეხით ჩავიდა პარიზში. ქრისტიანული ცივილიზაცია ასახულია ჩვენს სულებში. დღევანდელი მსოფლიო ცივილიზაციები რელიგიური ნიშნით იყოფა: ისლამური თავს ერთად იყრის, ქრისტიანული _ ერთად, ბუდისტური _ ცალკე და  ეს არის ცივილიზაციის განვითარების პრინციპი და არავის დამსახურება და საკონტროლო ეს არ არის.

_ ზოგიერთმა ხელისუფლებისგან ალსანიაზე ზეწოლა ევროატლანტიკურ არჩევანზე დარტყმადაც შეაფასა. ეს მართლა ასე ყოფილა.

_ ევროატლანტიკური არჩევანი მხოლოდ სიტყვიერი განცხადება არ არის და ის განსახიერებას ჰპოვებს კონკრეტულ ფიგურებში, ცოცხალ ადამიანებში. ამ გაგებით შეიძლება ვთქვათ, რომ მართლაც იყო ეს დარტყმა. პოლიტიკა ეს არის ინფორმაცია. თუ ინფორმაცია არ აქვს, ვერც პოლიტიკური პარტია, ვერც სახელმწიფო და ნატო ვერაფერს იზამს. მათ სჭირდებათ ინფორმაციის მიწოდება სოლიდური ინფორმაციის მქონე ადამიანებისგან. ბუნებრივია, ირაკლი ალასანია და ფანჯიკიძე ინფორმაციის პირდაპირი წყაროები იყვნენ ყოველგვარი გაფილტვრისა და შუამავლის გარეშე. ახლა ივანიშვილმა გააკეთა ის, რომ ინფორმაციას თავად გაფილტრავს და იქ პირველსახოვანი, პირველწყაროდან აღარ მივა. ივანიშვილის მიწვდილი, გაფილტრული ინფორმაცია ევროპას, ცხადია, არ აწყობს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ ასე ხისტად გააგრძელა ივანიშვილმა, შეიძლება ყველაფერი მისი ანგარიშების დაყადაღებით დასრულდეს. თავად ივანიშვილი პირველ ინფორმაციას მართლაც აწვდის მოსკოვს.

_ ნაციონალებისაჟიტირება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალაა, სიმართლეს შეესაბამება?!

_ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს „პროდოლარული“ ძალა. თუ „პროდოლარს“ აწყობს რუსეთთან თბილი ურთიერთობა და ინფორმაციების მიწოდება, ისე გააკეთებს ამას, არც დაფიქრდება, რასაც აკეთებს კიდევაც. ხვალ რომ მისი ბიზნესი ჩინეთში აყვავდეს, შეიძლება ჩინეთს მიაწოდოს ინფორმაციები. არ ვამბობ, რომ ის გულით და სულით არის ვინმეს მომხრე. ის მომხრეა თავისი მილიარდებისა და ამ ფულის უსაფრთხოებისთვის არის გამოყენებული საქართველოც და ქვეყანა წინ აქვს აფარებული ლეღვის ფოთლად. საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთის მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა კავშირის აღდგენა ნამდვილად არ ყოფილა. მას არ აწყობს, ბიუჯეტზე დასვას ამდენი ქართველი, სომეხი, უზბეკი და მათ აჭამოს და ასვას. რუსეთის მიზანია, სტრატეგიულად აკონტროლოს პოსტსაბჭოთა სივრცე. იმისთვის, რომ აკონტროლოს, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურები ხელში უნდა აიღოს და საკუთარ კადრებს ჩააბაროს. მან ეს საქართველოში გააკეთა 1997 წლამდე, როცა თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე იყო, უშიშროების მინისტრი _ იგორ გიორგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი _ შოთა კვირაია, ანუ რუსეთის ოფიციალური წოდებით აღჭურვილი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აწვდიდნენ მათ ინფორმაციებს. 1997 წლის მერე ეს პროცესი დასრულდა და ძალოვანი სტრუქტურები პროდასავლურმა ფიგურებმა დაიკავეს. ახლა რუსეთი ცდილობს, ივანიშვილის დახმარებით ძველი მდგომარეობა ააღორძინოს, რაც იქნება სსრ კავშირის აღდგენა იმ გაგებით, რომ ყველაფერს გააკონტროლებს. არ ვიცი, რას ამბობენ „ნაციონალები“, მაგრამ რაც ალასანიამ თქვა ტელეეთერით, ეს იყო სიმართლე.

_ მერე ევროპა და ამერიკა ასე ადვილად დათმობენ პოზიციებს საქართველოში?

_ ადვილად არ დათმობენ, რადგან ეს არის დიდი გეოპოლიტიკური პროცესები. არ გამოვრიცხავ, რომ მსოფლიოს მომავალი რუკა დღეს კავკასიაში იხატებოდეს. ამიტომაც იოლად არაფერს დათმობენ.

_ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პროცესების გართულებას შესაძლოა სისხლისღვრაც მოყვეს?

_ ახლა გასული საუკუნის 90-იანი წლები რომ იყოს, ივანიშვილისა და ალასანიას ჯგუფები უკვე ტანკებზე ისხდებოდნენ. მაგას ახლა თუნდაც იმიტომ ვერ იზამენ, რომ საქართველოზე გადის ენერგეტიკული დერეფნები, ნავთობსადენები, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ ტვირთები და ასე არავინ გააკეთებინებს. ამიტომაც დასრულდა ასე უსისხლოდ ეს ამბავი, თორემ იმის ანალოგიური სიტუაცია იყო, როცა გამოვარდა კიტოვანის გვარდია და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა. ახლა საქართველოში სიტუაციის აფეთქება არავის ინტერესებში არ შედის. თუ შევიდა ვინმეს ინტერესებში, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ასეც მოხდება.

_ თავდაცვის სამინისტროდან ალასანია თანამშრომლებმა ტაშით გააცილეს. მან კი უთხრა, მალე დავბრუნდებიო. ასე განაცხადა მისმა ცოლისდამ, საგარეო საქმეთა უკვე ექსმინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც. მათი ბოლო სიტყვები ჩემთვის ბუნდოვანი იყო და თქვენ თუ გაიგეთ მისი ქვეტექსტი?

_ ჩავთვალე, რომ იყო კარგი პიარი, თუმცა ბოლომდე ამით რა თქვეს, ისევ მათ უნდა ჰკითხოთ. ახლა ვინც რა უნდა თქვას, კრიზისი უკვე მოხდა და ამას მხოლოდ ვადამდელი არჩევნები უშველის. შეიძლება კოალიციამ იყიდოს სულგაყიდული დეპუტატები, მერე მეორე მხარეც დახარჯავს ფულს და პარლამენტის დეპუტატები მსუქანი დედლებივით გაკეთდებიან. კილოგრამობით შეიტანს პარლამენტში დოლარებს ყველა მხარე. ერთი ქართველი დეპუტატის ხმა ლონდონის ბირჟაზე ოქროს ფასს გაუსწრებს.

_ ამ ბაკქანალიაში მარგველაშვილი რა როლს თამაშობს?

_ სტალინმა ხრუშჩოვი მოიყვანა, მაგრამ ხრუშჩოვმა სტალინი საფლავშიც მოთხარა და სხვაგან გადამარხა. პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს მოყვანა და წაყვანა. შესაბამისად, დაპირისპირება კოალიციაში არის ძალიან მაღალი ხარისხის და ეს დაპირისპირება, წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნისთვის კარგიცაა. აღარ არის ერთად შეკრული კრიმინალური გუნდი, რომელიც ერთი ჯოხის აწევაზე ილაპარაკებს იმას, რაც ზედამხედველს უნდა. კარგია, რომ მარგველაშვილი მონობისგან განთავისუფლდა.

_ მაგრამ ამბობდნენ, რომ ის, რესპუბლიკელებიდა ალასანია ახალი პარტიის შექმნას აპირებენ და ეს რამდენად რეალურია?

_ მარგველაშვილს არ სჭირდება პარტია. პარტია მისთვის თავის სატკივარი იქნება. მას ურჩევნია, ილავიროს პარტიებში ოპოზიციასთან. კაცი პრეზიდენტია, მეტი რაღას უნდა მიაღწიოს?!  კონსტიტუციით პარტიაში მისი დაფიქსირება არც შეიძლება და ეკრძალება პარტიის წევრობა. ალბათ, ის კონტაქტური სტრატეგიით განავითარებს მუშაობას და ეს არის სწორი. კარგია, რომ ეს ადამიანი გამოეხსნა ივანიშვილის მონობას და კლანჭებს. მას იმანაც უშველა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია, არ არის დანიშნული და პარლამენტში მისი გადაყენებაც შეუძლებელია. ამისთვის ორი მესამედი უნდა, რასაც ვერასდროს შეაგროვებენ. მინისტრი კი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხსნან და ამიტომაც გაეპარა ივანიშვილს მარგველაშვილი. პრეზიდენტი ახლა თავის თამაშს თამაშობს და გაფუჭებითაც, ჯერჯერობით, არაფერს აფუჭებს, თორემ პირველი ამას ჩვენ ვიტყოდით.

_ საეჭვოდ თბილად საუბრობთ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრზე. თქვენი ერთობლივი ფოტოც გამოქვეყნდა ბოლო დროს. თურმე, მარგველაშვილიც დუშეთიდან ყოფილა და პირი ხომ არ შეკარით?

_ გერმანიის საელჩოში ვიყავით და იქ მოვიდა. მეც მივულოცე გაბედნიერება. ჩვეულებრივი ადამიანური ნიუანსი იყო. ვიღაცებს კი უკვე ეგონათ, რომ შეთქმულების თეორიები შევქმენით. ოფიციალური მიღება იყო, 300 კაცი გვეხვია თავზე და ვერანაირ საქმეზე ვერ ვისაუბრებდით, თუმცა იმის თქმა მაინც მოვახერხე, _ ვერ გავიგე, ოპოზიცია მე ვარ, თუ შენ-მეთქი? და გაეცინა. ჯერჯერობით დუშელებს ძალიან არ გვარცხვენს.

_ 15 ნოემბრის აქციისგან რას მოელით, რა მოხდება, ან რა მოყვება, ვინ შეუერთდება ქუჩაში გამოსულ ნაცებს“? 

_ ამ აქციას ყველაზე დიდ პროპაგანდას უწევს ივანიშვილის რეჟიმი. ისინი რაც უფრო მეტად მოახდენენ აკრძალვას, უფრო დააინტერესებენ ადამიანებს. „ნაციონალებს“ კი თვითგადარჩენის პროგრამა აქვთ ჩართული და ჩაატარებენ აქციას, აბა, რა იქნება?! რეკლამას მათ ივანიშვილის რეჟიმი უკეთებს, ამიტომაც აკერიათ პირზე 15 ნოემბერი. პირადად ისტორიულ მოვლენად ნამდვილად არ მივიჩნევ. რაც შეეხება სააკაშვილს, ის მიშა არ იქნება, რომ არ გააქტიურდეს იმ დროს, როცა დაიწყო ხელისუფლების რღვევა. ის არც ისე უჭკუო სახელისუფლებო ტექნოლოგიების სპეციალისტია. როგორც კი ბზარი დაინახა, მაშინვე ჩაეჭიდა მას. „ნაცების“ დაბრუნება არის გამორიცხული, თუმცა მათი გარდასახვის, გადაბლოკ-გადმობლოკებისა და შეფუთული სახით შემოტრიალების საფრთხე კი ნამდვილად არსებობს.

_ ბატონო შალვა, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ ნაციონალებიდა ივანიშვილი ერთი მთლიანობა, ერთი ძალ არისო და, თქვენი აზრით, ახლა ერთმანეთთან არიან?!

_ დიახ, არიან. დაიშალა ივანიშვილის სააპარლამენტო უმრავლესობა და ახლა მას უმრავლესობას უვსებს ყაჩაღი, ბანდიტი „ნაციონალების“ კანდიდატი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, „პეესპეს“ მფლობელი ოქრიაშვილი, რომელიც სიცოცხლით ვაჭრობს და წამალს მამასისხლად ყიდის და არ არიან ერთად?! აბა, ჩემთან წამოვიდნენ ფულიანი „ნაცები“, ამის უფლებას თუ მისცემენ?! ყოფას უტირებენ, რაც კომპრომატები აქვთ, ყველაფერს წინ დაუწყობენ და დააყადაღებინებენ მათ უცხოურ ანგარიშებს. ივანიშვილთან როცა მიდიან, იმიტომ არ აქვთ რეაქცია, რომ ეს ძალები ერთიანია. წინა რეჟიმთან ერთად ყველა უსამართლობის ავტორი იყო ივანიშვილი. ის უფინანსებდა მათ ყველაფერს. სამართლიანობის აღდგენაზე საუბრები ამიტომ იყო მხოლოდ პიარი და ზღაპარი, ანკესი, რომელიც ხალხს გადმოუგდეს. ამ კრიზისის განმუხტვა მოხდება ახალი არჩევნებით და ხალხმა აღარ უნდა დაუშვას შეცდომა, აღარ უნდა აირჩიოს სააკაშვილები, ვასაძეები, ივანიშვილები. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მილიარდერი კაცი, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ის არის მისი შვილების მკვლელი. ის მოდის საყაჩაღოდ და მისი ძმაც რომ იყოს, არ უნდა მისცეს ხმა. ის რომ დახარჯავს ერთ ლარს, ამოიღებს 1000 ლარს და ასე გაილევა საქართველო. ხალხი სანამ არ მიხვდება, რომ არ შეიძლება, ფულიანი კაცი გახადო თაყვანისცემის ობიექტი, ღმერთი და ის სამშობლოს, ცხოვრებას ვერ შეგვიცვლის, მანამდე ვიქნებით ასეთ დღეში.

_ ამ ყოველივეს შემდეგ კი ალასანია და ღარიბაშვილი ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, თუმცა რაზე ისაუბრეს, ეს არ თქმულა. რა იყო ეს, კარის თამაში თუ ალასანიას დაჭერის დაუძლეველი შიში?!

_ ეს შეხვედრა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ირაკლი ალასანიასგან შეიძლება გამოვიდეს ძალიან კარგი პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრი, გუბერნატორი, მაგრამ მისგან ოპოზიციური ლიდერი არასდროს დადგება. მან რამდენიმე საათიც კი ვერ გაძლო თავისი უფროსის გარეშე. ოპოზიციაში გადასული კაცი, რომელიც ასეთი ამბებით გამოაგდეს სამსახურიდან, რამდენიმე საათში კვლავ ხვდება თავის მწვალებელს და ეს საკმარისია ვთქვათ, რომ ის ოპოზიციური ლიდერი ვერასდროს იქნება. თუ ვინმე ციხით ემუქრებოდა, მას უნდა ეთქვა, მე ვარ პატიოსანი და არაფერი ჩამიდენიაო. ახლა რომ წავიდე, ივანიშვილს შევხვდე, მერე გამოვიდე და პრესას ვუთხრა, ისეთ რამეებზე ვილაპარაკეთ, რომ ვერ გაგიმხელთ-მეთქი, ამის შემდეგ ვინმე ოპოზიციონერად აღმიქვამს?! ალასანიას საქმეც იგივენაირად არის. მეგონა, ამ ბიჭისგან  გამოიკვეთებოდა ოპოზიციური ლიდერი და არ მესიამოვნა, რომ ასე მოხდა.

 

ნელი ვარდიაშვილი