საპარლამენტო სტატუსის ქალაქის „თავისუფალი დემოკრატია“

dede

თბილისის შემდეგ პოლიტიკური სიდიდით მეორე ქალაქში ირაკლი  ალასანიას გუნდი სულს ღაფავს. „თავისუფალი დემოკრატების“ არცთუ ისე დიდი ამალა, თავდაცვიდან მოხსნილი და ოპოზიციაში გადასული ლიდერის თანაგუნდელობაზე, მოცემულ რეალობაში, ან ძალიან ცოტას საუბრობს, ან სულაც უარყოფს პარტიის წევრობას. კითხვაზე, _ რომ არ წასულიყო ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ირაკლი ალასანია, ქუთაისელი „დემოკრატები“ როგორ მოიქცეოდნენ? _ პასუხი არ არსებობს!

არსებობს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტების „საჭირო დროს _ საჭირო ადგილზე ყოფნის“ მიმდევრები. მათ რიცხვში დგანან ის ქუთაისელი დემოკრატები, „ქრონიკა+“-თან რომ დუმილს ითხოვენ და დროს. ქართული პოლიტიკაც მდიდარია მედროვე ადამიანების ისტორიით, რომლებსაც მიზნის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენების მეთოდები არ უძველდებათ. რატომ უჭირთ დღეს ქუთაისში ირაკლი ალასანიაზე ვრცელი საუბარი და რატომ მიაჩნიათ ე. წ. სტიგმად, რომ ოდესღაც პოლიტიკურ თუ პარტიულ სივრცეს სწორედ „თავისუფალი დემოკრატების“ დროშის ქვეშ მოევლინენ?

ამ კითხვებზე პასუხს „ქრონიკა+“-ის მკითხველი და, მათ შორის, ირაკლი ალასანიაც იმ კომენტარებიდან შეიტყობს, რომელიც მის ექს თუ ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ჩავწერეთ:

ზურა მარგველაშილი _ ქუთაისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი:

_ რა შუაში ვარ? საიდან? მე გუნდის წევრი ვიყავი მანამ, სანამ დავიწყებდი მუშაობას ძალოვან სტრუქტურაში. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. რა თქმა უნდა, იქ ჩემი მეგობრები არიან, თავს მივიჩნევ მათი გუნდის წევრად, მათი იდეების მიმდევრად, მაგრამ პარტიის წევრი არ ვარ! არჩევნების შემდეგ, 2012 წელს, ნოემბერში ძალოვან სისტემებში რომ დავიწყე მუშაობა, საჭიროებიდან გამომდინარე, დავტოვე პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. მას შემდეგ აღარ ვარ პარტიული ნიშნით დატვირთული ადამიანი, როგორც მორალურად, ასევე აქტივობით.

_ სამსახურში პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ? მართალია, პარტია დატოვეთ, მაგრამ ახლაც აცხადებთ, რომ მათი გუნდის წევრად მიიჩნევთ თავს და მათი იდეების მიმდევრად რჩებით…

_ არა, არავითარ შემთხვევაში! ჩვენი მერია არ არის ასე პოლიტიზებულად აწყობილი, არავინ აფასებს არავის პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება განხორციელდეს ზეწოლა, განთავისუფლება ან რამე მოქმედება. აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამას, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ, ზოგადად, საქართველოშიც.

_ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებაზე ალასანიას მიმართ, _ უჭკუო, ამბიციური და ა. შ. რას ფიქრობთ?

_ ჩემი ქვეყნის პრემიერი არის ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია პოლიტიკის წარმოება, პრემიერის აზრი არ არის ჩემი შესაფასებელი. მე აქტიური კავშირი პარტიასთან არ მაქვს. აქ, ქუთაისში, არ არიან აქტიურები „თავისუფალი დემოკრატები“, ხოლო ისე, როგორც ნათელიმირონებს, რამდენიმესთან და რაღაც ასე მოკითხვის მხრივ, მაქვს ურთიერთობა. ვადასტურებ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არიან ჩემი უახლოესი მეგობრები, ვფიქრობ, რომ არ არიან ცუდი ხალხი და იგივეს ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილიც და „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრიც.

_ პარტიაში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

_ არ ვიცი, არ მიფიქრია! გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგალითად, ომში წასვლასაც არ გამოვრიცხავ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვთანამშრომლობდი და გარკვეულ თანამდებობებს ვიკავებდი. 2010 წელს, როცა ყველაზე კარგად იყვნენ „ნაციონალები“, წამოვედი და გადავედი „თავისუფალ დემოკრატებში“. ყველას გაუკვირდა, _ ახლა როგორ მიდიხარო? ჩემს აზროვნებასთან ყველაზე ახლოს იყვნენ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, მაგრამ წავედი ბოლოს „დემოკრატებში“.

ჩვენი ხელისუფლება მისაღებია ჩემთვის, თორემ ამ თანამდებობაზე ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი! გამორიცხული არაფერია, შეიძლება, ავდგე და, ერთ დღესაც, „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ წავიდე, არ ვიცი!

აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღებულ კურსს და არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ქვეყანას კურსი შეეცვალოს. საზღვარგარეთის მედია კრიტიკულია ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, სააკაშვილისგან გასხვავებით, მათზე მორგებულად კი არ მუშაობს, არამედ საქართველოსთვის სასარგებლოდ და ამ გზით უნდა ევროინტეგრაცია, რაც დასაფასებელია. თუ დავინახავ, რომ არაქართული ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყებს პრემიერი მოქმედებას, ამ შემთხვევაში პირობას ვდებ, რომ იმ წუთასვე დავტოვებ თანამდებობას და მათ წინააღმდეგ წავალ. ამჟამად არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა მომხრე ვარ არსებული ხელისუფლების, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩინოვნიკი ვარ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ გულწრფელად მჯერა მათი.

ირაკლი ავალიანი _ ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი:

_ ირაკლი ალასანიას მიმართ გამოთქმულ ფრაზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არის პრემიერის სუბიექტური დამოკიდებულება. ყველა ჩვენგანს გვაქვს ყველაფრის, ან ყველას მიმართ რამე სახის დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ საკითხზე, სხვა სახის შეფასებისგან, ალბათ, უფრო თავს შევიკავებ.

_ თქვენ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში გარკვეული პოზიცია გიჭირავთ, თან, რამდენადაც ცნობილია, პარტია თავისუფალი დემოკრატებისწევრიც ხართ, როგორ ფიქრობთ, იმოქმედებს ეს თქვენს სამსახურზე რაღაც ფორმით?

_ სიმართლეს გეტყვით და არ ველი, რომ რამე პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ასევე გამოვრიცხავ ზეწოლას, ან სხვა სახით განხორციელებულ სადამსჯელო ღონისძიებას. გამორიცხულია. მე აქ, ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩემი საქმე მაქვს და ძალიან დაკავებული ვარ, შესაბამისად, პარტიის აქტივობაში არ ვარ ჩართული. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრად დავრჩები თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ.

ქრონიკა+“-მა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასა და მერია-საკრებულოში დასაქმებულ თავისუფალ დემოკრატებზეკითხვები დაუსვა ქალაქის მერს _ შოთა მურღულიას:

_ პოლიტიკური ნიშნით დევნა ქუთაისის მერიაში, ყოველ შემთხვევაში, რაც მე თანამდებობა დავიკავე, არც ყოფილა და არც იქნება არავის მიმართ! გამოვრიცხავ ნებისმიერი სახის ჩარევას თვითმმართველობის ატესტაციაში, იქნება ადამიანი „დემოკრატი“ თუ „ნაციონალი“, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს მის კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ მოახდენს.

_ ეს პოზიცია არ შეიცვლება მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან ალასანიას მიმართ საკმაოდ ხისტი და არაეთიკური შეფასებისა?

_ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასება არ ცვლის დამოკიდებულებას კონკრეტული პარტიის მიმართ. თუ რამე ეჭვი არსებობს ზეწოლაზე, ეს უბრალო ჭორებია, რისი საფუძველიც არ არსებობს. მსგავსი ილუზიები „ნაციონალებსაც“ ჰქონდათ, რომ მათ არ დაუშვებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე. აქ არის თვითმმართველობის კონკურსი კომპიუტერთან და კომპიუტერი თითებით ვერ ცნობს, ადამიანი რომელი პარტიიდან არის.

ქუთაისის მერისგან განსხვავებით თავისუფალი დემოკრატებისწევრი, ბაკურ ხურციძე, ქრონიკა+“-თან აქცენტს ზეწოლის ფაქტებზე აკეთებს, თუმცა კონკრეტული პიროვნებების, უფრო საჯარო მოხელეების დასახელებისგან ნოემბრის ბოლომდე თავს იკავებს:

_ ქუთაისის მერიას ვტოვებ თვის ბოლოს, რაღაც პირადული საკითხი მაქვს მოსაგვარებელი და ამიტომ! ისე კი ვაცხადებ, რომ აშკარა ზეწოლა იყო ჩემი მისამართით, მაგრამ, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ და არ გავახმიანებ მათ ვინაობას. თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ზეწოლის ფაქტები არის! ერთს კი დავამატებ, რომ ეს იყო პარტიული ნიშნით ზეწოლა! იმ ნათქვამისა არ იყოს: თუ ლიდერი წელში გატყდება, ჯარისკაცებიც წელში გატყდებიანო, _ ჩვენ არც გავმტყდარვართ და არც ვაპირებთ დავნებდეთ, კარგი გუნდი გვყავს და უკან არ დავიხევთ!

არეულ პოლიტიკურ სიტუაციას დამკვირვებლის როლში უყურებენ ყოფილი მმართველები. თბილისისგან განსხვავებით, პატარაქალაქში დიდიკულუარები უფრო კარგად ჩანს და მეტი სათქმელიცაა. ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისქუთაისელ წარმომადგენელს, დავით გოგისვანიძესაც, ვრცელი შეფასება აქვს: 

_ საინტერესო მოვლენები ხდება. ბევრი კიდევ წინ გველოდება, იმიტომ რომ გარდაუვალია კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა. არა მგონია, მხოლოდ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ზოგიერთი დეპუტატი მანამდეც გაემიჯნა კოალიციას და ისინი თავისუფალ დეპუტატებად დარჩნენ პარლამენტში. ასევე სხვადასხვა თვითმმართველობაშიც მოხდება რღვევა აუცილებლად. შესაძლოა, „რესპუბლიკელებმაც“ მიიღონ ეს გადაწყვეტილება.

ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ასევე გაუგებარია, რას ნიშნავს, თითქოს მან დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ მას სწორი კურსით მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, როცა მას არსად არ მიჰყავს საქართველო დღესდღეობით?! ჩვენი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ამ წუთას არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე მთელი ქვეყნის ინსტიტუციებში.

_ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თავისუფალ დემოკრატებზეშესაძლებელია განხორციელდეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა?

_ ხომ იყო შემთხვევები, რომ ალასანიას გუნდის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი არ ტოვებენ უმრავლესობას და, ამ შემთხვევაში, უმრავლესობა მიესალმა ასეთ ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ აქაც მსგავსი სქემა იქნება. არ მგონია, რომ პრობლემები აწყობდეთ, რომ არ გააღიზიანონ უმრავლესობა; თუმცა ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული, აბსოლუტურად არაადეკვატურ და ალოგიკურ ნაბიჯებს დგამენ. პოლიტიკური დევნა რომ განხორციელდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება და ბერკეტად გამოიყენებენ საატესტაციო კონკურსს. რაც მეტ ძალადობისა და ხელის გადაგრეხის პოლიტიკას გამოიყენებენ როგორც თვითმმართველობაში, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ყველაფერი. გამოსავალი ერთადერთია _ უნდა შეეშვან პოლიტიკური ოპონენტების დევნას და მიხედონ ქვეყანას! ეს ერთადერთი გზაა, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ და რაღაცას მიაღწიონ.

_ ქუთაისში საჯარო სამსახურში მომუშავე თავისუფალი დემოკრატებიროგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ?

_ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ლელა ქელბაქიანი, რომელიც საკრებულოს დეპუტატია, ვფიქრობ, არ დატოვებს უმრავლესობას, ეს ჩემი პირადი აზრია და რამე საფუძველი არ გამაჩნია. ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ის არის კერძო უნივერსიტეტის რექტორი და სიფრთხილიდან გამომდინარე არ მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას… ჩემი აზრით, უმრავლესობა არ მოერიდება არაფერს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ გუნდი შეინარჩუნოს.

_ მოგწონდათ-არ მოგწონდათ ირაკლი ალასანია, ეს სხვა თემაა, მაგრამ, მგონი, ერთადერთი მოხსნილი მინისტრია ბოლო წლების საქართველოში, რომელიც ოვაციებით, აპლოდისმენტებითა და განსაკუთრებული დამოკიდებულებით გააცილეს…

_ ეს მართლაც გულწრფელი მომენტი იყო, ისეთი გუნდი შეიკრიბა თავდაცვის სამინისტროში, რომ მათ მართლაც გულით გააცილეს თავიანთი მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ვართ, რეალობა რეალობაა, ირაკლი ალასანიას თავდაცვის სამინისტროში დიდ პატივს სცემდნენ და ყურს უგდებდნენ. ასეთი გაცილებით უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს ირაკლი ალასანიას. ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველასთვის, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, თუ როგორ შეეგუება სამინისტროში დარჩენილი ალასანიას გუნდი ახალდანიშნულ ხელმძღვანელობას.

საჯარო სამსახურიდან და პოლიტიკიდან წასული იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი უკვე დიდი ხანია, სამოქალაქო სექტორშია და როგორც დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრისექსპერტი, მედიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამჯერად გიგა შუშანია ქრონიკა+“-სთან აფასებს ქვეყანაში და კონკრეტულად, ქუთაისში თავისუფალი დემოკრატებისროგორც განვლილ, ისე სამომავლო ნაბიჯებს:

_ „თავისუფალ დემოკრატებს“ იმერეთში, ზოგადად, და განსაკუთრებით ქუთაისში, ძლიერი პარტიული ორგანიზაცია არც არასდროს ჰყოლია. ისინი მხოლოდ ერთი დეპუტატით არიან წარმოდგენილი ქალაქის საკრებულოში. რაც შეეხება თვითმმართველობას, ორი სამსახურის უფროსი ჰყავდათ და ერთი მოადგილე. არა მგონია, დატოვონ უმრავლესობა, რადგან ისინი რამე ღირებულებების გამო არ იყვნენ ამ პარტიაში. ნაწილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაბარგებულია თანამდებობების შესანარჩუნებლად, ახლაც იგივეს გააკეთებენ. აქედან გამომდინარე, დიდ ცვლილებებს ქუთაისში არ ველოდები, _ არ ჰყავდათ ძლიერი ორგანიზაცია და არც რამე პოლიტიკურ კლიმატს ქმნიდნენ ქუთაისში. წყალტუბოში უფრო აქტიურები იყვნენ, იქ წავიდნენ უმრავლესობიდან, სამტრედიაში პირიქით _ დარჩნენ. ქუთაისში, ფაქტობრივად, რეალურად არც არსებობდა „თავისუფალ დემოკრატთა“ პარტია. უმრავლესობას არც კი დაჭირდება ქუთაისში ზეწოლა, ისე დარჩებიან კოალიციის შემადგენლობაში. ზოგიერთი მათგანი იმიზეზებს აპოლიტიკურობას. ეს უბრალოდ, კითხვებზე თავის არიდების მეთოდია. თუ აპოლიტიკურები იყვნენ, პოლიტიკის ძალით კი არა, თავისი შესაძლებლობებით უნდა მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, ამიტომ კიდევ დიდხანს გაგვაოცებს პოლიტიკური ვაჭრობა ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც!

არავინ იცის, რას ფიქრობენ ქუთაისში ცალად დარჩენილი „თავისუფალი დემოკარატების“ სახეები _ საკრებულოს დეპუტატი ლელა ქელბაქიანი და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხურციძე. ამ უკანასკნელს ყრილობაზე წასვლამდეც და წასვლის შემდეგაც უკავშირდებოდა ტელეფონით „ქრონიკა+“, მაგრამ ირაკლი ალასანიას „ქუთაისური ფეისი“ ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. მამუკა ხურციძისგან განსხვავებით კონტაქტური იყო დეპუტატი ლელა ქელბაქიანი, მაგრამ შეფასებისა და კითხვებზე პასუხის გაცემისთვის _ მოუმზადებელი. „ქრონიკა+“-თან „თავისუფალმა დემოკრატმა“, ქალბატონმა ლელამ, დრო ითხოვა და საგანგებო განცხადების დალოდებისკენ მოგვიწოდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ მის ოპონენტს დავუჯერებთ „ნაცმოძრაობიდან“, მოცემულ რეალობას გაუსწორებს თვალს, ღარიბაშვილის გუნდში დარჩება და წარსულში გადასულ ირაკლი ალასანიასთან ერთად „თავისუფალ დემოკრატობასაც“ ადვილად დაივიწყებს. თუმცა პოლიტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება და პროგნოზების გაკეთებაც სარისკოა. უფრო ლოგიკური ნაბიჯებია მოსალოდნელი და ძველი ჭეშმარიტების დაცვის ერთგულება: „საჭირო ადგილზე საჭირო დროს ყოფნა!“

 

                                                                                            ოთარ ჭოხონელიძე