ობაბამ რუსეთი მსოფლიო მშვიდობის საფრთხედ ისევ მოიხსენია

pic_efc87fdaa7fc4d4e157b4b91574c2c24

ავსტრალიის ბრისბენში დიდი ოცეულის ფორმატის სამიტზე, შაბათს 15 ნოემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიტყვის გამოსვლის დროს, რუსეთის ფედერაცია მსოფლიო მშვიდობის საფრთხედ კიდევ ერთხელ მოიხსენია. ,,ჩვენ ვმეთაურობთ მსოფლიო საზოგადოებას და ვებრძვით ებოლას ვირუსს დასავლეთ აფრიკაში, პარალელურად კი გვიწევს რუსეთის ქმედებების მოგერიება უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. მე ამაში, მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ავიალაინერის საშინელმა კატასტროფამ დამარწმუნა, რომელიც დონეცკში რუსებმა ჩამოაგდეს“ – განაცხადა ობამამ. 24 ოქტომბერს გაეროს გენანსამბლეის რიგით 69-ე სხდომაზე ობამამ, რუსეთის ფედერაცია, ებოლას ვირუსი და ,,ისლამისტური სახელმწიფო“ (ტერორისტული ორგანიზაცია) მსოფლიო მშვიდობის მტრად მოიხსენია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ობამას სიტყვით გამოსვლა ამერიკულ ხედვად შეაფასა ,,ეს არის ნათელი მაგალითი,  ამერიკელებს მსოფლიოს მიმართ საკუთარი ხედვა აქვთ. სახელმწიფომ, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაუკითხავად, ძალის გამოყენების უფლება დამოუკიდებლად მიინიჭა, ისეთი სახელმწიფოს მეთაურს უბრალოდ საერთოდ არ გააჩნია მორალური უფლება მსოფლიო მშვიდობაზე ისაუბროს“ – განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.