ალასანიას დილემა

gil

მხოლოდ ალასანიას მოხსნა თუ მიაყუჩებდა იმ ტორნადოს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ გადაგვიარა და რომელსაც სახელად ამალია ერქვა. არა, ამალიამ იმღერა ნიკა რაჭველის ორკესტრთან ერთად, იმღერა და ისე იმღერა, რომ ყველა ეჭვიანი, მეტიც _ მთელი ქართული შოუ-მოუ ბიზნესი ლუი ვიტონის „კლეჩატ სუმკაში“ ჩასვა და მიაასტრახან-მიაკრემლა. ამალიამ კი იმღერა, მაგრამ ინგასი და მურტალოსი არ იყოს, ვიღას ახსოვდა, ისეთი ამბები იყო დატრიალებული. ცოტაც და ლამის ზებრაც გაექცეოდა ბიძინა ივანიშვილს.
ჯერ იყო ირაკლი ალასანიას განცხადება. შემდეგ მისი გადაყენება. შემდეგ ბუკა პეტრიაშვილის გადადგომა, რასაც მოჰყვა მაია ფანჯიკიძის გადადგომა _ ყველა მოადგილესთან ერთად. ალასანიას თანაპარტიელების მიერ კოალიციისა და, შესაბამისად, უმრავლესობის დატოვება, ეს ყველაფერი ისე აზვირთდა, რომ გაჩნდა მეტის მოლოდინიც და, ერთი შეხედვით, არც თუ უსაფუძვლოდ, რომ გადადგებოდა იგივე თეა წულუკიანი, რომელმაც საბოლოოდ განაცხდა, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ქალი იგი ევროპიდან ჩამოსული არსადაც არ გადადგება. მისგან პასუხს ელოდნენ და, ასე თუ ისე, ადეკვატური იყო განცხადების გაკეთება და პასუხის გაცემა. სხვა საკითხია, რამდენად ეთანხმები, მოგწონს, ან არ მოგწონს მისი განცხადება, ან მისი ყვედრება ევროპიდან ჩამოსვლსა და უძილობაზე, მაგრამ პასუხს ელოდნენ და გასცა პასუხი. საკითხავი ისაა, რა, ან ვინ რჯიდა თუნდაც კულტურის მინისტრს, რომ გამოვიდა და გვამცნო, არ გადავდგებიო, ან რომ გვიმტკიცებდა, კრიზისი არააო. ერთი თანამედროვე ქართულ კულტურაში არ მძვინვარებს გაგანია კრიზისი და მეორე ამ ხელისუფლებაში, რომელიც ცალკე მთავრობისა და ცალკე უმრავლესობის ჩამოშლის საფრთხის ქვეშ იდგა „უზონტიკოდ“.
მაგრამ დატრიალდა ჯარა და თუ წინა დღეს იგივე თამარ ბერუჩაშვილი მარტო დედოზარებს კი არა, ლამის ტაშტებს აბრახუნებდა, ევროპული არჩევანი საფრთხეშია, მე გადავდექიო, მეორე დღეს გამოვიდა და გვამცნო, გუშინ მქონდა დეტალური საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ვრჩები ჩემს თანამდებობაზე, საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადიაო.
რა იყო, საქართველოს ევროპული არჩევანის საფრთხე სიცხე იყო და გაუარა? თუ 24 საათიც ვერ გაძლო უსკამოდ? ან გადადგომა რა იყო, ან გადმოდგომა? აცქა-ცუცქა? ჯერ ესაუბრა „დეტალურად“ და მიეღო გადაწყვეტილება. ბევრი შეაწუხა ხელისუფლებასთან განშორების ნაზმა სევდამ და სრულიად ლოგიკურად დარჩენა ამჯობინა. დარჩენა იქ, იმ მთავრობაში, რომლის მეთაური ღარიბაშვილი მათ თანამებრძოლს, არც მეტი არც ნაკლები, იხსენიებდა უჭკუო, ავანტიურისტ და ამბიციურ მინისტრად. დიახ, ჰაზრითა ღარიბაშვილისაითა, არც რა მომხდარა თვინიერ იმისა, რომ ერთი უჭკუო, ავანტიურისტი და ამბიციური მინისტრი ჩამოშორებიათ.
ალასანია უჭკუო არაა, უბრალოდ, ხანდახან არ ხმარობს, თორემ ჭკუა რომ ეხმარა, იმთავითვე არ დადგებოდა მათ გვერდით (ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გურამიშვილიც მოიშველია „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის“…), და თუ ალასანია ავანტიურისტი იყო, რატომ გააზიარა სიუჟეტი რაფალიანცის გარდაცვალებაზე, სადაც სწორედ ეს ავანტიურისტი ალასანია აკეთებდა კომენტარს? ან რატომ ებარა ამხელა პოსტი აქამდე ავანტიურისტს, უჭკუოს და ამბიციურს? თუ ერთ ღამეში გამოეცალა ჭკუა, აღივსო ამბიციით და გახდა ავანტიურისტი? და საერთოდ, რაც შეეხება ალასანიას ამბიციურობას, გულწრფელად მაინტერესებს, ალასანიას დარი ცვ რომ ჰქონდეს, თავად დახორბლილი თავთავივით დახრიდა თავს?
გაცხარებულმა ღარიბაშვილმა მეორე დღეს იგივე დაადასტურა, რასაც თავად ალასანია ამბობდა წინა დღეს. წინა დღით ალასანია ამბობდა, რომ ის კოალიციის შიგნით ყოველთვის აპროტესტებდა დევნას, ღარიბაშვილმა მეორე დღეს ბრძანა, რომ ალასანია მფარველობდა „ნაციონალებს“ _ დაწყებული უგულავათი, დამთავრებული ბოკერიათი. ამ განცხადებით იგი უნებლიეთ დაეხმარა მეტოქეს „ნაციონალებისა“ და მათი ელექტორატის წინაშე რეაბილიტაციაში.
თავად ალასანიამ არც გამორიცხა „ნაციონალებთან“ თანამშრომლობა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ მას ეს არ უთქვამს, მან სწორედ ეს თქვა. „ყველას, ვისთვისაც ეს იდეალები არის ძვირფასი, ვისაც აქვს გამოცდილება, წარსულში დადასტურებული, რომ ამისთვის აქვთ ნაბიჯები გადადგმული, ყველაში ვეძებთ პარტნიორებს“. აბა, გამოიცანით, ვის აქვს გამოცდილება და ვის აქვს ნაბიჯები გადადგმული?..
თუმცა ერთიცაა, ალასანია ამას ამბობს, მაგრამ მისი თანამებრძოლი ვიქტორ დოლიძე კატეგორიულად გამორიცხავს ამ თანამშრომლობას. „ღმერთმა დაგვიფაროსო“, _ სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა და ცოტა დააკლდა, რომ სოფიოსავით (ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“) არ ეთქვა: „უწინამც დღე კი დამელევა მე“…
იგივე ვიქტორ დოლიძემან მალე ისიც ბრძანა, რომ ჩვენ არ გვითქვამს, მთავრობა და პარლამენტი ევროპული კურსის წინააღმდეგიაო. აბა, ვინაა წინააღმდეგი? პროკურატურა? და თუ მხოლოდ პროკურატურაა წინააღმდეგი, იყოს, მაგისთვის ღირდა ივანიშვილის განაწყენება და მისთვის ძილის რეჟიმის დარღვევა? რა ხელი აქვს პროკურატურას საგარეო კურსთან? ნაცვლად იმისა, რომ ითქვას უფრო ღიად და მკაფიოდ ის, რაც ითქვა ალასანიას პირვანდელ განცხადებაში, ეს განცხადებები შარშანდელი თოვლივით უნდა დადნეს?
ალასანია ახლა მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მან მართლაც მაღლა აწია თამასა, როცა მთელი პროცესები ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირა. მართალია მათ, სანამ საკუთარ ტყავზე არ იწვნიეს, არ სჯეროდათ, რომ საქართველოში ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა, მაგრამ ახლა საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ იგი მართლაც საგარეო ორიენტაციის გამო იდევნება და არა, უბრალოდ, პიროვნულად, მხოლოდ იმიტომ, რომ კოალიციის შიგნით იმთავითვე დაპირისპირებულნი იყვნენ, რომ ივანიშვილმა არ აპატია ის, რაც იყო ფარულ ჩანაწერებში, ღარიბაშვილმა კი ის, რაც იყო „ენდიაის“ კვლევებში.
დიახ, საზოგადოების დიდ ნაწილს, მათაც კი, ვისაც საერთოდ არ სჯერა ალასანიას ბიჭების უდანაშაულობა და მეტიც, დარწმუნებულნიც კი არიან, რომ ისინი მართლაც არიან გარეული კორუფციაში, ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ეს საქმეები სწორედ ალასანიას ჩასაძირად ამოატივტივეს. შერჩევით სამართალში ეჭვი არავის ეპარება. არავის ეპარება ეჭვი, რომ ალასანია გაიწირა, მაგრამ კითხვის ნიშნები იბადება შემდეგ, _ რისთვის გაიწირა? თუ თავად ალასანია და მისი თანამებრძოლები არ განმარტავენ ხეირიანად და მხოლოდ პროკურატურას შეახოცავენ ხელს, არავინ ირწმუნებს, რომ პროკურატურა ერჩის ჩვენს ევროპულ არჩევანს. პროკურატურა ინსტრუმენტია დევნის და თუ არ იტყვი, ვის ხელშია ეს ინსტრუმენტი, მეტიც, თუ უარყოფ და გამორიცხავ მათ, ვისაც ხელი მიუწვდებათ ამ ინსტრუმენტზე, მხოლოდ სახის დაკარგვაზე საუბარი მთელ ამ პროცესს გადაიტანს პიროვნული დაპირისპირების ჭრილში და კი ბატონო, დაგიჯერებთ, რომ ერთმა ირაკლიმ მეორე ირაკლის სარმა გამოსდო…
და კიდევ, თუ მისი თანამებრძოლები ასე გააფთრებით გამორიცხავენ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას და კვლავ სიყვარულით ისაუბრებენ მათზე, ვისაც გამოექცნენ, საერთოდ ვინ ირწმუნებს მათ დაპირისპირებას, ან საერთოდ ვისთან ითანამშრომლებენ? საინტერესოა, ვისთან თანამშრომლობას გეგმავს იგივე დოლიძე? ისევ „ოცნებასთან“? თუ „ოცნებასთან“ თანამშრომლობა სურდა, იქ არ იყო? იქ და იმათთან, ვინც უგანა ევროპულ არჩევანს, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაცია?
თუ სწორედ აქ განისვენებს ძაღლის თავი და როგორც გიგა ბოკერიამ თქვა, ქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეში ახლა კი არ დამდგარა, მას მერე დგას, რაც ხელისუფლებაში გაზპრომის მეწილე ივანიშვილი მოვიდა? რეალურად, სწორედ ეს უნდა განუმარტოს ალასანიამ საზოგადოებას დეტალურად. მან პირადად ახლა გამოიღვიძა და აღმოაჩინა, რომ კურსი საფრთხეშია. თუ აქამდეც იცოდა ეს და ახლა დადგა კიდევ უფრო დრამატული, მეტიც საკვანძო მომენტი, ახლა წყდება მართლაც ქართლის ბედი და ამიტომ ალაპარაკდა.
ახლა დგას დიდი გამოწვევის, დილემის წინაშე _ ან აწევს ამ თამასას და გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ან დაიწყება მისი განაპირების პროცესი, უფრო სწორად, პროცესებიდან მისი გარიყვა, რაც შეუქცევადად იწვევს პოლიტიკოსთა თუ პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციას.
არადა, მას აქვს შანსი, თავიდან აირიდოს ეს საფრთხე. მას ეს შანსი მისცა ქვეყანამაც, დასავლეთმაც და საკუთარმა ხელქვეითებმაც, რომლებმაც უკვე ტაშის დერეფნით გამოაცილეს გადაყენებული. დამეთანხმებით, რომ ვერავინ და ვერა ძალა ვერ აიძულებს უკვე ყოფილ ხელქვეითს, ტაშით გაგაცილოს. მით უფრო მაშინ, როცა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტაში მას შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად და უფრო მეტადაც კი დაუჯდეს…
მას სხვა გზა არ აქვს, პოლიტიკაშიც ისევე მტკიცე ნაბიჯებით უნდა იაროს, როგორც გამოიარა იმ დერეფანში. წინასწარ უნდა შეეგუოს იმ აზრსაც, რომ მას არაერთხელ გაუხსენებენ ქოცობისდროინდელ განცხადებებს, ნაბიჯებს, გაიხსენებენ თავად „ქოცებიც“ და გაიხსენებენ „ნაცებიც“. გაუხსენებენ საბედისწრო შეცდომებსაც და, უბრალოდ, განცხადებებსაც, დაწყებული რაფალიანცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარით, თუ გენერალ კალანდაძის დაპატიმრებით, დამთავრებული იმ განცხადებით, ბიჭების დაჭერამდე სულ ცოტა ხნით ადრე რომ ბრძანებდა, თავს კომფორტულად ვგრძნობთ კოალიციაშიო. ფსევდოკომფორტი უკანაა მოტოვებული, წინ არაერთი დისკომფორტია, რაც ახლავს ოპოზიციაში ყოფნას. ნამდვილ და არა მოჩვენებით ოპოზიციაში.
არც იმის გაცნობიერებაა იოლი ასატანი (თუ აქამდე არ იცოდა), რომ ეს ხელისუფლება მას აქამდე პროდასავლურ ფასადად იყენებდა და ახლა ეს ფასადი მოიშორა „გიბსოკარდონივით“…
რეზო შატაკიშვილი