თხევადი თალიბანი

21

ვიღას არ მოვესწარით მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრად, აწ უკვე პილიტიკურ ჯართში ჩაბარებულ „რკინის კაცს“ _ კახა თარგამაძეს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, შევარდნაძეზე განხოციელებული ტერაქტის შემდეგ თქმული რეპლიკით რომ დაგვამახსოვრა თავი, _ „ჟიტკოსტმა“ გაასხაო… მოვესწარით დღეს ციხეში გამოკეტილ, ერთ დროს ხერხემლად აღიარებულ, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც მუდამ მეტყველებასა და მჭევრმეტყველებაზე ექილიკებოდნენ ოპონენტები და დღეს? ვის მოვესწარით? ვინ მოგვიყვანა დღემუდამ ხერხემლიანი ვანოს წინააღმდეგ ამხედრებულმა ოპოზიციამ? უხერხემლო ყმაწვილი, რომელიც არჩევნებზე ხმის მისაცემად მიდის და პირადობის მოწმობა შინ რჩება, ყმაწვილი, რომელმაც სიტყვების მნიშვნელობა არ იცის, სამაგიეროდ სწრაფად იზრდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე ისწავლის სიტყვების რეალურ მნიშვნელობას, ან, ბოლო-ბოლო, ხელს მაინც აიღებს მათ უთავბოლო ხმარებაზე.

რკინისკაცობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლაც არის რაღაც იდუმალი კავშირი თარგამაძესა და ლექსოს შორის, ყოველ შემთხვევაში, „თხევად“ დონეზე მაინც _ იმანაც აურია და „ჟიტკოსტიო“, დააბრეხვა და ამასაც თხევად ჰეროინად მოეჩვენა ოლიფა, უკაცრავად _ გერაინად. ეს რაც შეეხება მათ შორის იდუმალ და სიმბოლურ კავშირს, თორემ მას ბევრად არსებითი რამ აკავშირებს თარგამაძესთან _ კრიმინოგენური ვითარება. კი, ჭიკაიძეც, დარად მისი მოადგილისა, ბატონი იზორიასი, გვიმტკიცებს, რომ შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ხან უკიდეგანოდ ალალია ხოლმე. სწორედ ასეთი გულწრფელობის ჟამს გულწრფელად გვითხრა, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია!

მოდი და ნუ დაეთანხმები ლექსოს. რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. იგი საერთოდ არ აღძრავს იმ ემოციებს, რასაც აღძრავენ ვოლსკი, თუნდაც კობახიძე, თუნდაც „წიოწ“ გუგული, თუ ევროპიდან ჩვენთვის გადმოხვეწილი თეა წულუკიანი. პირიქით, მშვენიერი ყმაწვილია, კომედიური ჟანრის საყვარელ პერსონაჟადაც კი მეჩვენება, აი, დრამა მერე მეწყება, როცა ვაცნობიერებ, რომ ჩემი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრია და მის ანაბარაა დატოვებული ჩვენი უსაფრთხოება და სიმშვიდე. მაგრამ რა მისი ბრალია, რომ მინისტრია? შესთავაზეს და უარს ხომ არ იტყოდა? თან როგორც დანიშვნისას ინფორმაცია ვრცელდებოდა, თამაზაშვილის ნათლული ყოფილა და აბა, ნათლიას ხომ არ აწყენინებდა? ეს, რა თქმა უნდა, მცირედი ირონიით, ისე კი მისი ბრალეულობა მხოლოდ ისაა, რომ წამოიკიდა ტვირთი, რომლის ზიდვაც არ ძალუძს. თან ვწერ ამას და თან გული მეთანაღრება, ლექსოს არ ძალუძს წამოკიდებული ტვირთის ზიდვა, თორემ რას ამბობთ, სხვები ხომ ზურგით კი არა, აფრიკელი ქალების წონასწორობით სულ თავზე შემოდგმული დაარბენინებენ ნაკისრ ვალდებულებებსა და ტვირთს.

მართალი გითხრათ, სექტემბრის დასაწყისში, როცა მართლაც იფეთქა კრიმინალმა, ცოტა არ იყოს და მთლად უპრიანად არც მეჩვენებოდა, მთელი პასუხისმგებლობის ლექსოსთვის დაკისრება. ცხადია, უწყების ხელმძღვანელი ისაა და პასუხი მას მოეთხოვება, მაგრამ რა ლექსოს ბრალია, რომ `ოცნებამ~ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ციხის კარები გახსნა და  კრიმინალები ბითუმად გამოუშვა გარეთ? იალაღზე გამოშვებულ ამდენ კრიმინალს

ზუსტად ერთი წელი მოუტრიალდა მას მერე, რაც ლექსო ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა _ ანუ მას შემდეგ, რაც გავიგეთ მისი არსებობა. თუმცა ჯერ კიდევ დანიშვნამდე, მისი კანდიდატურის წარდგენისთანავე გახდა 2 რამ ცნობილი საზოგადოებისთვის: ერთი ის, რაც უკვე ვთქვით თამაზ თამაზაშვილის ნათლულობა და მეორე ის, რომ ლექსო ჭიკაიძე, როგორც პოლიციელი, რუსთაველზე იმყოფებოდა 2011 წლის 26 მაისს, როცა აქცია დაარბიეს. ამ დარბევის გამო იმდროინდელ მინისტრს ბრალი წაუყენეს და იმ დარბევაში მონაწილე პოლიციელი მინისტრად წარადგინეს… ეს იკითხა კიდეც პარლამენტარმა დავით საყვარელიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ღარიბაშვილის პასუხი იყო „მომაკვდინებელი“: „ლექსო მაშინ მუშაობდა სამინისტროში. ის 26 მაისს ასრულებდა თავის მოვალეობას _ ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, თუმცა ის არ იყო დამარბეველი. ასე რომ, ვერ გავიგე თქვენი კითხვის არსი, ლექსოს მიმართ რა კითხვა არსებობს, არ მესმის? ჩვენ ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი. გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელების მიმართ, არამედ ბრძანების გამცემთა მიმართ“…

მაშინ ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატმა და დღეს უკვე პრემიერმა, ალბათ, ჯერ არ იცის, რომ უკანონო ბრძანების შესრულებაც კანონით დასჯადია… კანონი გარკვევით ამბობს, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისთვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება. ანუ თუ ჭიკაიძემ იცოდა და მიაჩნდა, რომ ბრძანება უკანონო იყო და ასრულებდა, მას პასუხისმგებლობა ეკისრება, და თუ მიაჩნდა, რომ ვანოს გაცემული ბრძანება კანონიერი იყო, იგი კი თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან, მაგრამ რა გამოდის, ჭიკაიძე ვანოს თანამოაზრე იყო?..

თუმცა ვინ თქვა, რომ ლექსო არ დაისაჯა? მინისტრობით დაისაჯა. ამ დასჯამდე კი ლექსომ ჯერ ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა ჯავახიშვილში დიპლომატის სპეციალობით, მაგრამ დიპლომატობა არც უცდია, 22-23 წლის ლექსომ მუშაობა ოპერად დაიწყო გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონების სხვადასხვა განყოფილებაში. მომდევნო წელს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გახდა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში. 2010-2011 წლებში დეტექტივ-გამომძიებელია. 2011 წელს პოლიციის უფროსი ხდება გლდანი-ნაძალადევში. აი, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი წინაურდება _ შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ხდება, 2013 წლის მარტიდან კი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, 7-8 თვეში კი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვერაფერს იტყვი, თავბრუდამხვევი კარიერაა და რა გასაკვირია, თუ თავბრუდახვეულს თალიბანი კაცად მოეჩვენა? და ოლიფა „გერაინად“?

არადა, რა რიხით და რა ომახიანად გვამცნო? „2014 წლის 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფინანსთა სამინისტროს გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად ამოღებულ იქნა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ნარკოტიკული საშუალება გერაინი, რომელიც ევროპის… დავინტერესდი, მოვიკვლიე, ევროპაში არ ამოღებულა იქით… ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდევ ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება“.

ამ განცხადებას ხორხოცი 2 ეტაპად მოჰყვა: ერთი უშუალოდ პიროვნება თალიბანს ეკუთვნოდა, მეორე კი მას მერე ატყდა, რაც გაირკვა, რომ ის „გერაინი“ ოლიფა ყოფილა. ამ ხორხოცამდე კი ბატონმა ლექსომ სამყაროს ამცნო, არიქა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევრომაიდნის სცენარს ამუშავებსო. ამ მიზნით საბურავებსაც იმარაგებენ უკვეო. რა მოხდა ლექსოს თავს, სადმე „პაკრიშკებით“ აგიზგიზებულ ჭიაკოკონას გადაეყარა და ძილში ჩაჰყვა, თუ ერთი კვირის წინ ირმა ინაშვილის ინტერვიუ წაიკითხა და შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდა? აკი ბრძანა კიდეც, ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებსო? ირმა თუ ნაცზონდერებს ახსენებდა, ლექსოს წარმოსახვაში ნაცზონდერები უკრაინიდან ჩამოყვანილ აქტივისტებად ტრანსფორმირდნენ, აი, კოცონებს და „პაკრიშკების“ ტყვეობას კი ნამდვილად ვერ დააღწია თავი. მაინც, რა ძალა აქვს ცეცხლს? „ქვეყანაში აპირებენ ძალიან ბევრი კოცონის დანთებას! ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი სადაც არის!“ _ ამბობდა ინაშვილი და იმეორებდა ჭიკაიძე: „არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც“.

ლექსოს „ვეფხისტყაოსნის“ სტილში გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილი. თუ ნესტან-დარეჯანი საქმენი საგმირონის ითხოვდა („ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!“), ირმამ ფაქტები მოითხოვა _ მოვიდეს ჭიკაიძე სხდომაზე და გაამყაროს თავისი ბოდვა ფაქტებითო…

მაგრამ ლექსომ არ მოისვენა და შემოდგომით ახალი ძალით დაარეფლეშა იგივე განცხადებები,  მეტიც, ახალ ხარისხში აიყვანა, უფრო მძაფრ ტრაგიზმში ამოავლო ჩურჩხელასავით. ესაო, და ისაო, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებებიო, „ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციას და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებასო. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებასო. მინიშნებებით დაიწყო და მერე „ლაბავოიზე“ გადავიდა, _ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის მოსაწყობად კიევსა და თურქეთში მისცა დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობოების ლიდერებსო. ახლა ამ განცხადებებზე ატყდა სკანდალი და აყალ-მაყალი. მანანა კობახიძემ ხელები მოიფშვნიტა, _ რა ვქნა, როგორ არ ვენდო, მთავრობის წევრიაო. სოზარ სუბარმა „სიბრძნე სიმთვრალისა“ გვთხლიშა, _ ჭიკაიძე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებსო. აბა, რაზე აკეთებს, წყალზე? თუ „პახმელიაზე“? თუ „მეგობრებზე“ დაყრდნობით? „ნაციონალები“  5 თვით ადრეც დაადანაშაულა დესტაბილიზაციის მცდელობაში, არაფერი არ მოხდა და როცა ამაზე პასუხი მოსთხოვეს, თავი მოიწონა: „ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი“.

მოკლედ, არც ყავა გინდა, არც წყალი, არც ჯამით ხორბალი და შავტარიანი დანა, დააბრალე ოპონენტს რაც გინდა და რომ არ მოხდება _ თავი მოიწონე პრევენციით. თუ ძალიან გინდა _ მეგობრებით, რომლებიც „ნაციონალებთანაც“ მეგობრობენ… ეს ჰო, მაგრამ ის თუ იცის ბიძინამ, ლექსოს და „ნაციონალებს“ საერთო სამეგობრო რომ ჰყავთ? და ასეთ მეგობრებს როგორც მოაქვთ „ნაციონალებიდან“ ინფორმაციები, ისევე მიაქვთ ინფორმაციები „ნაციონალებთან“? არადა, რა უპრიანია ამის ცოდნა? ამის ცოდნაც და სიტყვების მნიშვნელობისაც? მაგრამ არ იკითხავთ, თავს როგორ იმართლებს ლექსო? მოგეხსენებათ, რომაო, კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარო, ხომ ნახეთ, როგორ დაიწყეს ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენებაო? კი, მაგრამ, თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი, რისთვის სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლაო? ანუ? რა გვითხრა? _ მაინცდამაინც არა, მაგრამ მჭევრმეტყველი ვარ და გამეშვითო. ანუ რახან ასე მებრძვით, ძლიერი ვარო („ცუდას რად უნდა მტერობა“-ს პონტში). ეს ყველაფერი ჟურნალია, კინო კიდევ ისაა, რომ თურმე ამ ყველაფერს „ნაციონალები“ იმიტომ აკეთებენ, რომ ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს და ქვეყანაში ინვესტორები არ შემოვიდნენ. მაგრამ არ გამოსდითო, ისიც დაამატა, წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასოდეს ყოფილაო.

და მთელი ეს განცხადებები, როდის აკეთა? სექტემბრის დასაწყისში, როცა მთელი  საქართველო დაზაფრული იყო კრიმინალის მატებით, რასაც თავად ჭიკაიძე თან უარყოფდა და თან აღიარებდა: „სრული პასუხისმგებლობით მინდა მოგახსენოთ, რომ კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში. დანაშაულის კლება არის, მშვენიერი ვითარება არის, უბრალოდ, ეს მასმედია დღესდღეისობით…“

ახლა, თავი რით იმართლა? მკვლელობების 99% ახლობლებსა და ნათესავებზე მოდისო. აგერ ლილოში ბიძაშვილმა მოკლა ბიძაშვილიო, ვანშიც ნათესავმა დააყაჩაღა და ლაშა მახარაძეც ბავშვობის მეგობარმა მოკლაო. ლოგიკაა, თეასაც კი შეშურდება, წულუკიანს…

ახლა კრიმინალზე ამბობდა „შესანიშნავ მდგომარეობაშიაო“, რამდენიმე თვით ადრე სტატისტიკაზე გაიძახოდა, _ დანაშაულის შესანიშნავი სტატისტიკა გვაქვსო. თან ყველა მიმართულებითო, გვიმტკიცებდა და 2014 წლის 5 თვის სტატისტიკაც გამოაქვეყნეს, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9.86%-ით იკლოო. ჯერ ერთი, ის დაავიწყდათ, რომ 2013 წელსაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და მერე კიდევ ის, რომ თუ 2013 წლის იანვარ-მაისში ნარკოდანაშაულის 1704 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის იანვარ-მაისში 2467 დაქფისირდა, ანუ 763 ერთეულით იმატა. ახლა რა ვქნათ? ლუარსაბის მიერ ბუზების თვლისა და მერმე თავის მართლების („გაფრენილანო“) არ იყოს, თავი ვიმართლოთ, თუ ისევ „ნაციონალებს“ დავაბრალოთ?

თუ ჯერ ათასის ფარგლებში თვლა არ გვისწავლია? ლექსოს გაზრდას დაველოდოთ? აკი გვითხრა პრემიერმა, ლექსო სწრაფად იზრდებაო. რახან სწრაფად იზრდება, დაველოდოთ. ვნახოთ, ლექსო უფრო სწრაფად გაიზრდება თუ ამ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ხალხში?..

 

                                                                                              რეზო შატაკიშვილი