„1991 წელი საერთოდ ამოღებულია საქართველოს ისტორიიდან!“

omi

1991 წლის 23 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომის დაწყების პირველსავე დღეებში დაღუპული ჯარისკაცის, მამუკა ბაღდავაძის დედა ითხოვს, სახელმწიფომ გასცეს პასუხი, რისთვის იბრძოდა მისი შვილი და რა სტატუსით დაიღუპა, _ სამშობლოს მოღალატის, თუ პატრიოტის?

თუ ინტერნეტ საძიებელში საქართველოს სამოქალაქო ომს ჩაწერთ, ვიკიპედია ამოგიგდებთ განმარტებას: ეს იყო შიდა-ეთნიკური და პოლიტიკური სამხედრო კონფლიქტი 1991-1993 წლებში. ომი დასრულდა პუტჩისტების გამარჯვებით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობით და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნით.

„თბილისის ომმა“ 15 დღეს გასტანა. დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის _ პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია. ისტორიაში დარჩა ერთი საშინელი, შავი ლაქა, _ ძმათამკვლელ დაპირისპირებას 113 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პირველი ტყვია 22 დეკემბერს დილით, დაახლოებით, რვის ნახევარზე, უზენაესი საბჭოს შენობის წინ გავარდა… ისევე, როგორც დაღუპულების დედებმა არ იციან, რა სტატუსით იბრძოდნენ მათი შვილები, უცნობია პირველი ტყვიის ავტორის ვინაობაც.

ცნობილია მხოლოდ ომის მთავარი როლების შემსრულებლები, მათი ქცევები, ხშირ შემთხვევაში სრულიად არაადეკვატური მათგან, ვინც სახელმწიფოზე ზრუნვას იბრალებდა და ხალხის სახელით ლაპარაკობდა.

დენთის სუნი ყველაზე მძაფრად 21 დეკემბრის საღამოს დატრიალდა, როდესაც კიტოვანის გვარდიის ნაწილმა პოზიციების დაკავება დაიწყო უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშვეთის ეზოსთან, სასტუმრო „თბილისთან“, კავშირგაბმულობის სამინისტროსთან, აგრეთვე, ამ შენობების სახურავებზე. უკვე ცხადი იყო, რომ ომი იქნებოდა. თუმცა ერი არ წასულა მოსალოდნელი ტრაგედიის წინააღმდეგ, არ დაუგმია მთავარი როლების შემსრულებელთა საქციელი, მეტიც, ორ ნაწილად გაიყო და მოსეირეთა პოზიციაში დგომა არჩია. როგორც დათო ტურაშვილი წერს წიგნში „იყო და არა იყო“: „თბილისის ომს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე. სხვა ნიშნებითაც, ეს იყო უცნაური და განსხვავებული ომი. მახსოვს, ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექი რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან შვეულმფრენი გამოჩნდა, რომელზეც ვეებერთელა ავზი იყო ჩამოკიდებული. ავზი იმხელა იყო, რომ ხალხმა მაშინვე რაღაც სისულელეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვიღაცამ თქვა, _ ალბათ ვერელების „ვერტალიოტიაო“, ვიღაც იქვე შეეკამათა კიდეც, _ ვერელების კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და რულთან ბუბა კიკაბიძე ზისო. შვეულმფრენის შტურვალს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (ის ავზი პარლამენტსა და პირველ სკოლას შუა ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან, როგორც მერე გავიგეთ, საწვავით იყო სავსე და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, თუმცა მსხვერპლი უიმისოდაც დიდი იყო, რაც მთავარია, ომი წაგებული ჰქონდა ორივე მხარეს, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ“.

ამ წაგებულ ომამდე და მას შემდეგ კიდევ უფრო გაყოფილი და დაყოფილი საქართველო ვეღარ გამთელდა. მეტიც, ხშირად დგას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და მავანთა პოლიტიკას ამოფარებულ პირად ინტერესებს ისევ ეწირებიან ესენი და ისინი. მათი სახელები უმნიშვნელოა, საკუთარი ოჯახის წევრების გარდა აღარავის ახსოვს და თუ ახსოვთ, სტანჯავთ კითხვა, ისევე, როგორც მამუკა ბაღდავაძის დედას, რისთვის დაიხოცა ეს ხალხი, რა სახელი დაერქმევა მათ ისტორიაში, _ მოღალატეების თუ სამშობლოსათვის თავგანწირულთა?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლიანა ბაღდავაძე:

_ 23 წელია, ხმა არ ამომიღია ჩემი შვილის ტრაგედიაზე, რადგან მიმაჩნდა, რომ უჭირდა ქვეყანას და არ მქონდა უფლება, ჩემი საფიქრალით შემეწუხებინა. შემოვუძახებდი ხოლმე თავს, _ დალაგდეს ქვეყანა და მერე მოიკითხე, რა სტატუსით მომიკლეს შვილი, რა სახელს დაარქმევს მის პოზიციას ისტორია-მეთქი. ქვეყნის დალაგებას საშველი არ დაადგა. მეტიც, ისევ ძიძგილაობენ პოლიტიკოსები. ხშირად პირადი ამბიციები სჯაბნის სახელმწიფოებრივს და ისტორია არა მხოლოდ 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვარში დაღუპული უსახელო ჯარისკაცების სისხლით ივსება.

მამუკა 1965 წლის 16 დეკემბერს დაიბადა. მაშინ ბათუმში ვცხოვრობდით, იქ დაამთავრა მე-17 საშუალო სკოლა, შემდეგ კიევში სამხედრო, საზენიტო-სარაკეტო სასაწავლებელში განაგრძო სწავლა. ყველგან გამორჩეული იყო. ამას მოწმობს ის შედეგები და შეფასებები, რაც მას ჰქონდა, როგორც სამხედრო პირს, თანაც ძალიან ახალგაზრდას. 26 წლის ასაკში უფროსი ლეიტენანტი იყო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ საბჭოთა ჯარში. უკვე 1989 წელი იდგა, ქვეყანა ირეოდა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ხურდებოდა. მამუკა მანამდეც ამბობდა, რომ რუსებს სძულდათ ქართველები, საერთოდ, კავკასიელებიც, ფეხებზე ეკიდათ ჩვენი ინტერესები. ეს გამოჩნდა ჩემი შვილი სამსახურში განაწილების დროსაც. მამუკამ ითხოვა, რომ საქართველოში გაენაწილებინათ, სადაც ახლოს იქნებოდა ოჯახთან, სახლთან. სამი კავკასიელი ყოფილა ერთად: მამუკა, ერთი აზერბაიჯანელი და ერთიც სომეხი, ისინიც თავის სამშობლოში კი არ გაუშვეს, მეზობელ ქვეყნებში გაამწესეს, ისევე, როგორც მამუკა _ სომხეთში. ხშირად ახერხებდა სამშობლოში ჩამოსვლას. აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველა ეტაპის შესახებ საქმის კურსში იყო. თვითონაც მონაწილეობდა პროცესებში. 1991 წლის აგვისტოში საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ჯარისთვის უარი ეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ კარს საბჭოთა ერქვა, მე ყოველთვის რუსის ჯარს ვუწოდებ, ბოროტების მთესველს, ბოროტების დამცველს. სამსახური რომ დატოვა, თბილისში ჩამოსვლისთანავე რაღაც ქუჩურ დაპირისპირებაში მოყვა, ვიღაცები იარაღით დარეოდნენ ერთმანეთს. იარაღი ჰქონდა, მაგრამ ხომ ვერ ჩაერთვებოდა გაურკვეველ ამბავში? _ გაერიდა სიტუაციას… შეშფოთებული მოვიდა სახლში, _ გიჟები დადიან ქუჩებში, მათ საქციელს არავინ ან ვერავინ აკონტროლებს, ასეთი განუკითხაობა საქართველოს დაღუპავსო. სამწუხაროდ, ახდა მისი წინათგრძნობა. ბათუმში დიდხანს არ დარჩენილა, ზუგდიდში წავიდა, სადაც ეროვნული მოძრაობის ცენტრი იყო. იქ ჩაირიცხა მე-16 ბატალიონში პრეზიდენტის დაცვის უფროსად. მერე არ ვიცი, რა მოხდა. არც ის ვიცი, რა ფუნქცია ჰქონდა იმ ბატალიონს, რა ხალხისგან შედგებოდა, ვისგან რა ევალებოდათ. მომიკვდა და ისიც ვერ გავიგე, როგორ მომიკვდა, რა სახელით? მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ ამ ომით მე და საქართველო გაგვაუბედურეს.

_ მაშინ რა გითხრეს, რას შეეწირა თქვენი შვილიო?

_ კითხვის თავი მქონდა? ჯანსაღი, საქორწინოდ გამზადებული შვილი ახალ წელს სიკვდილის სარეცელზე გაშოტილი მყავდა. გონს ვერ მოვდიოდი. უბედურებას უბედურება მოჰყვა. ჩემი მეუღლე და ჩემი ბიძაშვილის ქმარი, სიძე წავიდნენ მამუკას ჩამოსასვენებლად. გზად ყაჩაღები დახვდნენ, საბრალო ანზორი, ორი შვილის მამა, ადგილზე მოკლეს, მძღოლი ფეხებში დაცხრილეს და ორივე კიდური დაკარგა, ჩემს მეუღლეს კი ნერვიულობაზე დიაბეტის გამო განგრენა დაეწყო და ორჯერ მოჰკვეთეს ფეხი. გატანჯული ყოფა გვქონდა, მაგრამ ვისთვის მოგვეთხოვა პასუხი და როგორ? შევარდნაძისთვის მეკითხა, რა სტატუსით მოკვდა ჩემი შვილი-მეთქი? 1991 წელი საერთოდ ამოღებულია საქართველოს  ისტორიიდან. მართალია, სირცხვილია, ქართველები დავერიეთ ერთმანეთს, ეს სასახელოა, გამოსაჩენია?! არ არის სასახელო არც ერთი და არც მეორე მხარისთვის და, საერთოდაც, რა ტრაგედიაა ეს ორი მხარე, საერთო ენა როგორ ვერ უნდა გამოგვენახა? კომუნიკაციის უქონლობის გამო, ალბათ, უფრო წინდაუხედაობის გამო, დავიყავით და შედეგად მივიღეთ სახელმწიფოს სათავეში ბებერი ხრონიგი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, როგორ დაეპირისპირებინა და ემართა ბრიყვი ქართველები, როგორ ამოედო ისინი მიწის ქვეშ იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა.  სამწუხაროდ, არც შევარდნაძის შემდეგ იკითხა არავინ, ვინ არის დამნაშავე და დღესაც არავინ კითხულობს.

არადა, თუ არ შეაფასებ მოვლენებს, თუ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევ, ბოლო არ ექნება დაპირისპირებას. რომ არ შევაფასეთ, რომ არ შეგვრცხვა, რომ არ დავარქვით ჩვენი შვილების მკვლელებს ოფიციალურად მკვლელები, რომ არ მოვითხოვეთ მათი დასჯა, იმიტომ დაიღვარა უფრო მეტი სისხლი, იმიტომ ავიდა თავგასულობა ზენიტში.

75 წლის ვარ, სად ვიარო, ვის მივმართო? უკვე მოვიდა შვილთან ჩემი წასვლის დრო. მაშინაც ვამბობდი, _ მე კი ვიცი, ვინც გავზარდე, მაგრამ ქვეყანამაც უნდა გაიგოს-მეთქი.

_ იმის გამო, რომ თქვენი შვილი ამ სამოქალაქო ომში დაიღუპა, ხომ არ ყოფილა თქვენი ოჯახის შევიწროების მცდელობა?

_ იმაზე მეტად როგორღა უნდა შევევიწროებინე, დამაქციეს, მე რისთვის ვჭირდებოდი, ვინც სჭირდებოდათ, ის კი ჩამიდეს მიწაში. არ მყავდა ხელწამოსაკრავი შვილი. მისი ოცნება იყო, საქართველოსთვის ემსახურა და არა ძმათამკვლელ ბრძოლას შესწირვოდა, ძმის ხელით მომკვდარიყო. ჯარისკაცი რომ გავზარდე, ვიცოდი, ყოველთვის იქნებოდა მისი ნაადრევად სიკვდილის საშიშროება, მაგრამ მე ჯარისკაცი სამშობლოსთვის გავზარდე, ისე, როგორც ყველა დედამ, ვინც ჯარისკაცის დედობის მძმე ტვირთი იდო მხრებზე. დედობა მძიმეა, მაგრამ ჯარისკაცის დედობა კიდევ უფრო მძიმე, რადგან შენ შვილის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზე აწერ ხელს, თუმცა არ გიკანკალებს, რადგან იცი, რომ სამშობლოსთვის აკეთებ ამას. ბედნიერი ხარ იმით, რომ შენმა შვილმა უმაღლესი ღირებულებების ფასი იცის. იცი, როგორ წამოვიდა საბჭოთა ჯარიდან? _ ახლა ვჭირდები ჩემს ქვეყანას, თორემ გამზადებულ სუფრაზე ყველა მარჯვე იქნებაო. ვაი, რომ არ დასცალდა.

მამუკა უფროსი შვილი იყო, ორი შვილი დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, მათ საფრთხე შექმნოდათ, ყოველთვის ღიად ვუპირისპირდებოდი შევარდნაძის რეჟიმს და ვაცხადებდი, რომ ქვეყანა ჭაობში იდგა, რადგან ხელმძღვანელად ჰყავდა ურჩხული. შეიძლებოდა კარგის თქმა შევარდნაძეზე? საერთოდ, რომელ მთავრობაზე შეიძლება კარგის თქმა, ვინ იმოქმედა სახელმწიფოებრივად? ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სულ იმას გავიძახოდი, ვილოცებოდი, _ ღმერთო, მე ვიყო ბოლო შვილმკვდარი დედა საქართველოში-მეთქი, მაგრამ… ახალგაზრდები უაზრობებს ემსხვერპლებიან.

_ თუ გიფიქრიათ მეორე მხარეს მყოფ ბიჭებზე, მათ ოჯახებზე?

_ როგორ არ მიფიქრია? მე არ ვიცნობ მხარეებს, მე ვიცი მხოლოდ საქართველო და ყველა ჩემი შვილია. მზარავს, როდესაც ერთმანეთს წამოაძახებენ, შენ იმათიანი ხარო. ეს როგორ უნდა გვჭირდეს საქართველოში, ამდენი ვართ, რომ იმათებად და ამათებად დავიყოთ? ვიმეორებ, დიდხანს ვფიქრობდი, ან ახლა დაწყნარდებიან, ან ახლა და მოიკითხავენ ამ ომში დაღუპულებს-მეთქი. ამაოდ! რა ვქნა, სად დავიწყო პასუხის ძიება?! ერთმა მეზობელმა მომიტანა გაზეთი „ერთობა“, სადაც ჩამოწერილი იყო მოკლულთა სია წარწერით: „ისინი საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ“. ეს ფრაზა თვალში საცემად ბრჭყალებში იყო აღნიშნული. რატომ გამოყო ასე, ვინ ეკითხება ასეთ კლასიფიკაციას ჟურნალისტს? შეიძლება ჟურნალისტმა აქეთ ან იქით პოზიციების მიხედვით ილაპარაკოს? მას შუა გზა არ უნდა ჰქონდეს? ორივე მხარე საქართველოსთვის იბრძოდა. სამწუხაროდ, წამოეგნენ ანკესს, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემს შვილსაც არ მოხვდებოდა ძმის ნასროლი ტყვია. დღესაც ბეწვის ხიდზე დადიან ჩვენი გულუბრყვილო ახალგაზრდები, სჯერათ მათი, ვისაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება ადარდებს, თორემ ამ ძალაუფლების გასამყარებლად დახოცილებს ისევე დაივიწყებენ, როგორც თბილისის ომის მსხვერპლს. აღარ უნდა ვისწავლოთ ჭკუა?!

 

                                                                                          ელენე იმერლიშვილი