ლელა კაკულია საქართველოს მთავრობაზე, ვადამდელ არჩევნებსა და მინისტრების გადადგომაზე!

lll

ლელა კაკულია

2012 წელი, 23 ოქტომბერი, თბილისი.

ქართველი ხალხი ყურადღებით ადევნებს თვალს ახალ მთავრობას, თუმცა ხალხს, ვხედავ, ისინი არ მოსწონს, ყველამ იცის, რომ არჩევნებში ერთპიროვნულად ხმა მისცეს ახალ პრემიერ-მინისტრს, მას დიდი ფული აქვს, იგი მილიარდერია და თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. დიახ, იგი კი შეასრულებს, ვხედავ, მაგრამ თავისი ჯიბიდან, ბატონებო, არ გადაგიხდით, ანდა რატომ უნდა გადაგიხადოთ? ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, იცვლება ყველაფერი, მცირდება გადასახადები, რასაც ბევრი რამის შემცირება მოყვება, მაგრამ როგორც ყოველთვის, ხალხი მაინც უმაყოფილო იქნება, ადამიანების ოცნებებსა და მოთხოვნილებებს საზღვარი არ აქვს! მათი სურვილები უძირო ქვევრს ჰგავს, თუმცა ამას ყველაფერს მოევლება. იქნება სამართლიანი სასამართლო, რომელიც ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს სამართლიანად!!! ასე რომ, პრემიერ-მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს უკანონობას. ვიმეორებ, არც თვითონ მოსწონს დიდად, ვხედავ, მთავრობის შემადგენლობა, ასევე პარლამენტის უმრავლესობა. ეს ყველაფერი ხომ ნაუცბათევად მოხდა, ვითომდა გადარჩეული პოლიტიკოსები(?), ადამიანები არიან!!! ფრთხილად! უკვე იკვეთება ის ტენდენცია, რომ ჭკვიანი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანები გაღმა რჩებიან! ყველა, ასე რომ ვთქვათ, ოჯახური კლანის შექმნას ცდილობს. მერე მოძლიერდებიან და ციხე შიგნიდან არ გატყდება, იბრძვიან დაუფარავად თანამდებობებისთვის. რა თქმა უნდა, ამას ყველაზე არ ვხედავ, მაგრამ ეს სრული სიმართლეა, რასაც ვხედავ. ისინი ხომ, რომ არ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, მთავრობის არც ერთ წევრს და არც პარლამენტარებს ხმას არ მისცემდნენ. ხოლო გადამწყვეტი როლი კი ციხის კადრები იყო 100%-ით. დღეს კი ასე ვიტყვი: დროებითი მთავრობა მუშაობას იწყებს, პარლამენტი კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, თბილისში გადმოაქვთ და ამას ვერავინ შეაჩერებს. ასევე დაიწყება დიდი სასამართლოები თანამდებობის პირთა მიმართ, ასევე მათი ხელქვეითების მიმართაც, რასაც უამრავი ადამიანი ელოდება!!! პრემიერი კი უკან არ იხევს, პირიქით, იგი აუცილებლად შეცვლის კადრებს მთავრობაში და ამაზე იგი მუშაობს და ამაში ვხედავ, რომ ხელს ვერავინ შეუშლის, მით უმეტეს, რომ იგი თავის გეგმებს ბოლომდე კი არა, საერთოდ არ აჩენს, არ ლაპარაკობს და განახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ უკვე დროა მოქმედებისა და რამის შეჩერება შეუძლებელია: ე. ი., ადგილზე ღებულობს გადაწყვეტილებას, მის გადარწმუნებას ვერავინ შეძლებს. იგი ძალიან მიზანდასახული ადამიანია და რასაც იტყვის, ფრთხილობს, ვინაიდან აუცილებლად შეასრულებს და ამიტომ ყოველთვის უფიქრდება, რას ამბობს. სანამ პირობას დადებს, მას უკვე გათვლილი აქვს, რომ ამ პირობის შესრულება შესაძლებელია, ამიტომ მასთან თამაში სახიფათოა. ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ესეც საკმარისია. ვინ რას ფიქრობს მასზე, ყველაზე ყველაფერი იცის, მაგრამ საქმიანი ურთიერთობის დროს არასოდეს ამჟღავნებს. როგორც კი დრო დადგება, სწრაფად იცილებს, ეს პოლიტიკოსისათვის ნამდვილად კარგი თვისებაა. იგი გულწრფელია, როდესაც ამბობს, პოლიტიკიდან წავალო, ან რატომ არ უნდა იყოს გულწრფელი, როცა ყველაფერი აქვს მშვიდად საცხოვრებლად? პოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა იგი, მოსულიყო პოლიტიკაში, მას გულწრფელად სურს თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის წინსვლა და საამისოდ უკვე მოსულია მოქმედებაში. ბევრი ფიქრობს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ცდებით. პოლიტიკას სწორედ ჭკვიანი ბიზნესმენის გონება უყვარს, ასევე მისი ჰობი ზოგიერთ საკითხში უადვილებს მას ადამიანებთან ურთიერთობას. სჯობს, კაცურად უთხრა, შენგან ამის და ამის წაღება მინდაო, ვიდრე მოპარო, იმიტომ რომ ორჯერ მეტს გაჩუქებს, ხოლო ქურდობისათვის ორჯერ მეტ დარტყმას მოგაყენებს. აი, ასეთია ჩვენი პრემიერ-მინისტრი.

 

2013 წელი, 10 იანვარი.

ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც რამდენმე წლის წინათ ვიწინასწარმეტყველე. დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, არის გარდამავალი რგოლი. ბევრი რამ იცვლება. ახალ სახეებად მოვლენილი ძველი პოლიტიკოსები ხალხის გულს მაინც ვერ მოიგებენ! ხალხი ვერ ივიწყებს წარსულს. იმდენად ღრმად არის მათ მეხსიერებაში ჩამჯდარი მავანთა მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ივიწყებენ კი არა, პირიქით, არ პატიობენ! ეს ვიცი 100 პროცენტით. ამიტომ მათი როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია.

რაც გაკეთდება და რა მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეთ, ხალხი მაინც პრემიერს მიაწერს ყველაფერს: „ეს პრემიერის დამსახურებაა“, „ეს პრემიერმა გააკეთა“ და ა. შ. კოალიციის წევრები ხვდებიან (თუმცა, სანამ მოვიდოდნენ მთავრობაში, მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ შანსი აღარ ექნებოდათ; იცოდნენ და არ გაუშვეს მომენტი ხელიდან, მოვიდნენ მთავრობაში, რომელსაც ხალხი არ მიიღებს), რომ ხალხი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ხედავს _ პრემიერ-მინისტრს, მისი სჯერა მხოლოდ.

მომავალში უმრავლესობა მაინც დაიშლება! ყველა თავის თამაშს იწყებს, მაგრამ რაც არ უნდა მოიმოქმედონ, თავშივე წაგებული აქვთ. არც ახალი პარტიების შექმნა უშველით და არც სხვა არაფერი. ასე რომ, პოლიტიკაში მათი ადგილი არ იქნება, ვხედავ!

დადგება დრო, როცა პრემიერი მათ ვეღარ უშველის, პირიქით, მოიშორებს იმ ხალხს, რომლებსაც, თითქოს, დღეს ეყრდნობა და ენდობა. არ დაიჯეროთ! ვიმეორებ, იგი მათ ძალიან მალე მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. პრემიერი ხმამაღლა განაცხადებს, რომ მათ არ იციან საქმე, არ იციან, საგარეო პოლიტიკა როგორ მართონ, ბევრი რამ გააფუჭეს და ა. შ. და ა. შ. განსაკუთრებული უარყოფა საკუთარი მრჩევლების მიმართ უჩნდება პრემიერს. მათი ანალიზები და პოლიტიკური სიბეცე მთლად გააგიჟებს და ვხედავ, იწყებს ბრძოლას. იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში. დიახ, ეძებს ახალგაზრდებს, რომელთა მოწოდებაც არის სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის გადარჩენა და არა „მარიაჟობა“ და კეკლუცობა, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. წარსულიდან გამოყოლილი ბოღმის დაკმაყოფილება პოლიტიკოსს არ უხდება.

 

 

_ ქ-ნო ლელა, ჩვენი ბოლო ინტერვიუდან გავიდა სულ რამდენიმე თვე. თქვენ ჩემთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველეთ, რომ ირაკლი ალასანია პოლიტიკურ კარიერას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაასრულებდა. ირაკლი ალასანია გადაყენებულია. რა ელოდება მას მომავალში?

_ მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რასაც ვიტყვი, ის უნდა ასრულდეს. განსაკუთრებით ახლობლებს როცა ვაფრთხილებ ხოლმე, _ ფრთხილად, ეს ასე იქნება, გონივრული ნაბიჯი გადადგი, მოიფიქრე, გაითვალისწინე რჩევა. ხედვა _ ეს არ არის რჩევები, ეს არის ხედვა და მორჩა _ მას ვერ შეალამაზებ ვერაფრით, იმიტომ რომ ეს ასე ასრულდება. ჩემთვის ალასანია უკვე წარსულია. მე ვთქვი და მორჩა. დაამთავრა მან თავისი კარიერა და პირადად ახლა მისი ბედისწერის ზოლზე რა აისახება მომავალში, ეს ცალკე საკითხია.

_ პოლიტიკაში ირაკლი ალასანია წარმატებებს ვეღარ მიაღწევს?

_ ჯერ ახალგაზრდა ბიჭია. ისე, საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ არა იმდენად, რომ მე მას ახლა ვუწოდო ლიდერი. მისი სახით ლიდერი მოევლინოს საქართველოს, ეს გამორიცხულია, გა-მო-რი-ცხუ-ლი-ა! აქვს ძალიან ბევრი სუსტი მხარე, ამიტომ ეს თავისი სისუსტე ხასიათში უშლის ხელს და ეს პოლიტიკოსს არ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, აღელვების ნიადაგზე გააკეთა ისეთი განცხადებები, რითაც საშუალება მისცა მოწინააღმდეგეებს, ძალიან ფართოდ გაეკრიტიკებინათ და ა. შ. ამიტომ თუ პოლიტიკოსი არ ხარ მოთმინებით აღვსილი, ეს სისუსტეა და ემოციების დაფარვაც უნდა შეძლო და ა. შ., ახლა ამის ახსნა საჭირო არ არის, ყველამ იცის, ეს ძალიან რთულია. იმდენად მოჭრა ირაკლიმ ყველა ხიდი, ეს რომ აღადგინოს პოლიტიკასთან, ძალიან რთულია. იმიტომ რომ ისინი, ვინც დარჩნენ, ამის საშუალებას ნამდვილად არ მისცემენ. მე ვაკვირდებოდი სახეებს ტელევიზორში, ცალი თვალით შევხედავ ხოლმე პოლიტიკური მოვლენების გაშუქებას და ისინი, რომლებიც მეგობრები ვართო, რომ ამბობენ, ჩვენ ვრჩებით მეგობრებადო, არც დაიჯეროთ!!! არც დაიჯეროთ!!! ისინი განაგრძობენ იმ პოლიტიკურ თამაშს, სათავისო თამაშს, რომელსაც ჰქვია მდგომარეობის შენარჩუნება და ტივტივი პოლიტიკაში და რომელიღაც პიროვნების გულისთვის, რომელმაც თავის პოლიტიკურ თამაშში შეცდომა დაუშვა, თავს არ გაიფუჭებენ, ასე რომ ვთქვათ, ჩემო კარგო. ჯობია, პოლიტიკოსები საკუთარ თავს დაეყრდნონ, თავისი პოლიტიკა გაატარონ და შეუძლიათ მხოლოდ შეაფასონ და არა გადავიდნენ მოქმედებაში. მოქმედებაში გადასვლა ეს არის ამათი დაღუპვა, ამიტომ ფრთხილად, ბატონებო!!!

ირაკლის მე ვიცნობ, დადებითი პიროვნებაა ურთიერთობებში, მაგრამ ბევრი სისუსტე, რაც მე აღვნიშნე, და კიდევ ბევრს არ ვამბობ, ძალიან შეუშლის ხელს. უკვე შეუშალა კიდევაც ხელი. იცით, რა? დღევანდელი პოლიტიკა ძალიან რთულ ფაზაში შევიდა საქართველოში, მაგრამ რა პოლიტიკასაც დღეს საქართველო თამაშობს, ეს არაფერი არ არის იმის ფონზე, რაც ხდება მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში. ჩვენ, პატარა სახელმწიფო, ყოველთვის დამოკიდებული ვართ დიდ სახელმწიფოებზე. ახლა იმ სახუმარო თამაშს, რასაც ვთამაშობთ ქართულ პოლიტიკაში, ამას ამერიკაც ადევნებს თვალყურს, რუსეთიც ადევნებს. მიშვებულები ვყავართ, ისინი ვაჭრობენ, ვინ რას დაითრევს, რუსეთი რას მოითხოვს, ამერიკა რას მოითხოვს, ამისთვის რა დაუთმოს და, აი, ასე. ჩვენთან, კიდევ, ჩვენს საწყალ ქართველებს და ჩემს ხალხს აგიჟებენ. ხალხისთვის ეს არის თითქოს საშინელება, რაღაცის დასასრული, კრიზისი დაიწყო. რა კრიზისი?! რის კრიზისი?! _ არაფერს არ ვხედავ.

_ იყო თუ არა ალასანიას განთავისუფლების მიზეზი საფრანგეთში გამართული რაღაც საიდუმლო მოლაპარაკება და ელოდება თუ არა ირაკლი ალასანიას დაჭერა?

_ რა ცუდია, ახლა, ეს მე რომ ვიწინასწარმეტყველო… იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა, ლელა კაკულია როცა იტყვის. ჩემი თავის მე მეშინია. რომ ვიტყვი ხოლმე რაღაცას ან საკუთარ ახლობლებზე, ან შვილებზე, მეშინია, რომ ვთქვა. დაჭერა? ყველაფერი იქით არის წაყვანილი, დააკვირდით საქმის მსვლელობას _ რაღაც ამოიქექა ამ „სილქნეტთან“ დაკავშირებით. 4 მილიონზეა ლაპარაკი, პროკურატურა ეტაკა და ეგრევე აიყვანა ალასანიას თანამშრომლები. ეს ისეთი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან, რომ რუსულად კარგად გამოითქმის: „დიმ ბეზ ოგნია ნე ბივაეტ“, ჩემო კარგო, და იქ ისეთი რაღაცებია, არ მინდა, ახლა, ამის მთლიანად გაშიფვრა, ძალიან კარგად ვხედავ, ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ!!! იცით, რა არის ახლა? თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება რთული ფორმით არ მიუდგნენ, თუ ძალიან გაშლის ფრთებს და ხელს შეუშლის მავანთ და მავანთ, აუცილებლად ციხეში ამოჰყოფს თავს.

_ ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრა არ გადაარჩენს მას ამ საფრთხისგან? თუ ეს, უბრალოდ, პროტოკოლის შეხვედრა იყო?

_ ეს არაფერს არ ნიშნავდა. ქართულ პოლიტიკაში ამაზე უარესებიც მომხდარა და მერე ორ დღეში ხალხს დავიწყებია. რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა? რა მიზანი აქვს ირაკლის? პრეზიდენტი ვერ გახდება, პრემიერი ვერ გახდება. დაუჭერს ხალხი მხარს? აქ დაიწყება კომპრომატების ამოყრა, რაღაცების  გამოქვეყნება, მთელი ორომტრიალია, ისეთი… ეს საქართველოს პოლიტიკას ეხება, თითქოს, მაგრამ პიროვნებების საქმეები ირჩევა, არის გარჩევები…

_ ამ პიროვნულ გარჩევებზე გადასულ მთავრობას რა ბედი ელოდება? მე მაინტერესებს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მომავალი, რა გამოსავალი აქვს მას ამ სიტუაციაში? დროებით მოხერხდა უმრავლესობის შენარჩუნება, თუმცა გარეგნულად ჩანს, რომ ეს ძალიან მყიფე ურთიერთობებია და მყარი არ არის.

_ მყარი არის თუ არ არის, მყიფეა თუ არა, ჩემო კარგო ელისო, ესენი მაინც არ დაიშლებიან. ყველამ თუ წამოიწყო თავისი თამაში, ხალხი მას ხმას არ მისცემს. ეს ძალიან კარგად იცის პოზიციამაც და ოპოზიციამაც, უმრავლესობამაც და უმცირესობამაც. ამიტომ ისინი უნდა შეიკრან ერთ გუნდად და შეინარჩუნონ ეს მდგომარეობა, ასე უნდა დავარქვათ _ კრიზისი გადააგორონ. აი, მერე უკვე დაიწყება მუშაობა, ვინ სად და როგორ. ღარიბაშვილი ახლა ბრწყინვალედ ასრულებს თავის საქმეს, უკან არ იხევს, ძლიერ ნაბიჯებს დგამს თავისი გაგებით და გადაწყვეტილებებს ღებულობს, მას არ ეშინია მძიმე გადაწყვეტილებების მიღების, იმიტომ, რომ ის მართალია, ასე ფიქრობს, რა თქმა უნდა. მის მომავალში დიდ პოლიტიკურ აღზევებას ვერ ვხედავ და ქართულ პოლიტიკაში ვარსკვლავად ვერ მოგვევლინება. ღარიბაშვილზე ვთქვი თქვენთან ინტერვიუში და გაიხსენეთ, რაც ვთქვი.

_ გავიხსენე – უნდა გადადგეს!

_ რა თქმა უნდა და ეს მომავალში აუცილებლად დაუდგება წინ. ივანიშვილს ნუ ეთამაშებით!!!

_ მათ შორის ღარიბაშვილსაც ეტყოდით ამას?

_ დიახ, მათ შორის, ღარიბაშვილსაც ვეტყოდი ამას. ღარიბაშვილი ვერ ითამაშებს, იმიტომ რომ არ ითამაშებს. ახლა მას ნამდვილად ვერ დავწამებ ცილს, სხვათა შორის, ივანიშვილისთვისაც ის ნომერ პირველი პიროვნებაა, რომელსაც ეყრდნობა და ჯერ აქვს მისი იმედი, ჯერჯერობით, უმართლებს და გაუმართლებს კიდევაც, მაგრამ თავად პოლიტიკაში ხდება ისეთი ძვრები და ცვლილებები, რასაც ეს პოლიტიკოსები ვერ წარმოიდგენენ.

_ უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მომდევნო მთავრობა უკვე იქნება კოალიციური? მოუწევთ თუ არა სხვა მინისტრებს პოსტების დატოვება?

_ მე ვიწინასწარმეტყველე, ჯერ კიდევ, წლების წინათ, მეშინია ყველა კითხვაზე ჩემი წინასწარმეტყველებებით გიპასუხოთ. ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ეს კოალიციაც დაიშლება მომავალში, ვადამდელი არჩევნებიც იქნება, მოდის სრულიად სხვა ხალხი. მე მიწერია: „გაყინული ტვინი ლღვება“. ამაზე დიდი დატვირთვა რაღა უნდა მივცე სიტყვებს! მოდიან მეცნიერები, თავისი საქმის სპეციალისტები და მერე უკვე გიორგი ბრწყინვალე.

_ პრეზიდენტის როლი როგორი იქნება ამ ქვეყანაში? დღევანდელ პრეზიდენტს ვგულისხმობ… და საჭიროა თუ არა ამ ქვეყანაში, საერთოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტი?

_ პრეზიდენტის პოსტი საჭირო საერთოდ არ არის, ასეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში. და თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, ნამდვილად დემოკრატიული, რასაც ვხედავ მომავალში, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებულები. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, ეს საქართველოს არ ასცდება. თვითონ დიდი პოლიტიკა მოიყვანს იმ ტალღას საქართველოსთან, რომელიც ამოაგდებს და პირდაპირ შევვარდებით ნატოში. ზუსტად ასე მიწერია.

_ თქვენ ასევე თქვით ჩემთან ინტერვიუში, რომ გლობალურ პოლიტიკაში იქნება სერიოზული ცვლილებები. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მის სახელმწიფოს სჭირდება, რომ ამერიკაში ხელისუფლებაში სხვა პარტია მოვა, ეს წინასწარმეტყველება ახდა კიდეც, „რესპუბლიკელებმა“ ორივე პალატის არჩევნები მოიგეს. როგორც ჩანს, მომავალი პრეზიდენტიც იქნება რესპუბლიკელი.

_ რა თქმა უნდა, ეს მე ვიწინასწარმეტყველე, ფილადელფიის რადიოში ეს მე ხმამაღლა განვაცხადე, რომ ობამა, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ის ძალიან სუსტია. საკუთარ თავზე სერიოზულ პასუხისმგებლობებს ვერ იღებს. არ არის ეს ის ძალა, რომ დაარტყას და შეაჩეროს რაღაც პროცესები, რუსეთთანაც ძალიან სუსტ პოლიტიკას ატარებს. ახლა ვფიქრობდი, ტრუმენმა რომ ატომური ბომბი ჩამოყარა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, მომდევნო პრეზიდენტი იგივეს გაიმეორებს და ამას გააკეთებენ „რესპუბლიკელები“. „რესპუბლიკელები“ არიან ის ძალა, რომელიც ამერიკის იმიჯს, დღეს რომ ნულის ტოლია, აწევენ და ძალიან სწრაფად. ისინი დროს არ ხარჯავენ, ყოველ წუთს და წამს იყენებენ და მოულოდნელ დარტყმას მიაყენებენ ახლო აღმოსავლეთსაც, რუსეთსაც, ევროპასაც დააყენებენ ფეხზე და, ასევე, მათთვის დღეს უმნიშვნელოვანესია კავკასია, ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც გაატარებენ თავის პოლიტიკას.

_ რამდენად იქნება საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ პროცესებთან დაკავშირებული? არის თუ არა შანსი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, დაბრუნდეს საქართველოში და რამე როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესებში? არის თუ არა ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლის შანსი, თუ ცვლილებები მოხდება არჩევნების გზით?

_ არა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს არჩევნების გზით, მაგრამ ხალხის გამოსვლას ვხედავ, თითქოს ჰგავს ეს რევოლუციას, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს, არა, არა, ნამდვილად არა!!! ამას ვერ შეძლებენ, გამორიცხულია! სააკაშვილი თავისებური პიროვნებაა. ის, ფაქტობრივად, ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ნიშა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობა არ ენდობა და მისმა გატარებულმა პოლიტიკამ იმდენად ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოში ხალხს, რომ ძალიან ძნელია, ბ-ნმა მიხეილმა ეს ამოავსოს. ეს კვალი პოლიტიკაში რჩება, _ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ თუ როდის ხომ მოვალ მაინც, _ ფიქრობს, მაგრამ აქ, ჩემო კარგო, იმდენი ცვლილება იქნება, შენ ვეღარ გაატარებ იმას, რასაც ატარებდი 2003-ში, 2004-ში, ანუ თავისი მმართველობის პერიოდში. ამიტომ მე უფრო სხვა ხალხს ვხედავ, სხვა პოლიტიკოსებს ვხედავ, მაგრამ მიშა საქართველოში ჩამოვა და იცხოვრებს, მისი სამშობლოა, მაგრამ მაინც მოუწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა. უნდა გასცეს კიდეც პასუხი

_ ანუ ეს რას ნიშნავს?

_ პატიმრობა კი უნდათ, მაგრამ პატიმრობას ვერ შეძლებენ, იმიტომ, რომ უცხოეთი ცოტა სხვაგვარად უყურებს ამ პროცესებს. იქ როცა არის გამოსვლები და მიტინგები რაღაც ზღვარს გადასული, ისინი უარეს რეპრესიებს უტარებენ ხალხს, ვიდრე ეს საქართველოშია. მე ნანახი მაქვს, მაგალითად, იაპონიის პარლამენტში ქალი რომ შეახტა ზურგზე კოლეგას, თავი გაუჩეჩქვა, გაოცებული ვუყურებდი, მერე ინგლისის პარლამენტში რა ხდებოდა… რუსეთში ხომ საოცრებაა, ჟირინოვსკი რომ სცემს ქალს და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია. იქ რაც ხდება, რატომ უნდა მოხდეს საქართველოში, მაგრამ ეს ასეა.

_ გლობალურ პოლიტიკას თუ დავუბრუნდებით, ფაქტობრივად, განახლდა უკრაინის ომი. მესამე დღეა, იქ უკვე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს კონფლიქტი და რა იქნება ფინალი?

_ ფინალი? უკრაინა არ დათმობს, ჩემო კარგო, უკრაინას უფრთხოდნენ და მისი ეშინოდათ გერმანიასაც და სტალინსაც. უკრაინელები ცოტა სხვაგვარი ხალხია. ის რომ დათმონ, უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, როგორც ჩვენ ვართ ქართველები მიჩვეულნი, ჩვენ იძულებულები ვართ, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ. უკრაინა 55 მილიონია, ძალიან ძნელია, რომ რუსეთი მოერიოს უკრაინას, უბრალოდ, ეს ომები გაგრძელდება. რუსეთში საშინელი ქაოსია, შიგნით ვხედავ, ეკონომიკური ვარდნაა საშინელი, ვხედავ ინფლაციას, ყოველდღე ვარდება ეს რუბლი, „დალშე ნე კუდა“. შიგნით ინგრევა რუსეთი. რასაც ახლა გადის საქართველო, ქართველები, გვინდა-არგვინდა, მიბმული ვართ ამ უკრაინის თემას, კიდევ კარგი, უკრაინის თემას ვართ მიბმულები, ის რაც აქ ხდება, საქართველოში, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ იქ საკითხი იხილება _ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად. ეს არის ჩვენთვის გადამრჩენელი. უკრაინა ამ ომს მოიგებს. რუსებს არ გააჭაჭანებენ. ბომბავენ მანამ, სანამ ერთი რუსიც კი დარჩება და ამ თავისუფალ ზონაში რჩება მხოლოდ სამხედროები _ რუსული ჯარი და უკრაინული ჯარი. მაინც დასრულდება ეს ომი უკრაინის სასარგებლოდ. ის „მოლნენოსნი უდარ, ტო ჩტო ნანასილი“, ის, რაც ეგონა პუტინს, რომ უცებ მოაგვარებდა საქართველოში, დიდი ბოდიში!!!

ვერ მოაგვარებს, სანამ არ გავა უკრაინიდან, ეს არ მოგვარდება. იქ, თქვენ რომ იცოდეთ, ამერიკაც მზად არის, ნატოს ქვეყნების რაკეტები მოშვერილია რუსეთისკენ, პატარა მათი გაფართხალება და იმიტომ მახსენდება, იაპონიაში რომ ჩამოყარა ბომბები ტრუმენმა, იგივეს გააკეთებს ამერიკა აქაც და არ მოერიდება რუსეთს. რუსეთს იმდენი ძალა აღარ აქვს, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ბოდიშით!!! არის ძალიან ბევრი მინუსი. არის „ტაკაია სლაბასტ“, ჯარი არ ჰყავთ ძალიან ძლიერი, არაფერი საფრთხე არ გვემუქრება. რუსეთს თავისი გაჭირვება აქვს და გამორიცხულია, რომ ახლა რუსეთმა კავკასიაში ომზე იფიქროს, რუსეთი ბომბზე ზის. გამუსლიმანებულია თითქმის, იმდენი მუსლიმანია შეყრილი. ფაქტობრივად, ისინი ამით ცდილობენ მიიმხრონ მუსლიმანები, გამოიყენონ რაღაცაში მომავალში. ეს სისულელეა. გამორიცხულია, მუსლიმანი რუსეთს გაჰყვეს. იქ საკუთარ სახლში აუფეთქდება ბომბი, სადაც ცხოვრობს. ეს ძალიან საშიშია. დაიმახსოვრეთ, ეს თემა წამოიწევს მომავალში და ამაზე აყაყანდება მთელი მსოფლიო. მგონი, იქით დასახმარებელი გახდება რუსეთი ამერიკისგან და ევროპისგან. მართლა ვხედავ, ხალხო!

_ მე მჯერა, რომ ხედავთ, ისე ხდება თქვენი წინასწარმეტყველებები.

_ ყოველდღე ახდება. მე მინდა, რომ ხალხი დავამშვიდო. ზოგს ეშინია, რომ, აი, მიშა მობრუნდება. მიშას მობრუნება არავითარ დარტყმას არ მოუტანს საქართველოს, თვითონაც ძალიან კარგად იცის, სად დაუშვა შეცდომა, სად არ დაუშვა შეცდომა.

_ გააზრებული აქვს თავისი შეცდომები?

_ ის ხშირად ფიქრობს ამაზე. ფიქრობს კიდევაც და ფიქრობს, გამოასწოროს შეცდომები, მომართოს თავისი ენერგია და გამოასწოროს, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოებრივი მიდგომებით. ეს უკვე აღარ განმეორდება, ეს უკვე წარსულია. მმართველობა იმ ფორმით, როგორიც იყო, გამორიცხულია. მაშინდელი ბევრი პოლიტიკოსი დატოვებს თავის პოსტს და ისინი ვერ მოვლენ, არჩევნები ჩატარდება მეტ-ნაკლებად ნორმალურად. ხალხი იმდენად გაიწაფა ამ პოლიტიკურ ინტრიგებში, რომ ვერ მოატყუებ. ხალხი თავისას იტყვის მაინც.

_ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი არის ციხეში: გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია. რომელ მათგანს აქვს პოლიტიკაში მობრუნების შანსი?

_ გიგი უგულავა მოვა, სხვათა შორის, გიგი უგულავა აუცილებლად მოვა. იმიტომ რომ ესენი მერე ამართლებენ თავის დაჭერას, ციხეში ყოფნას პოლიტიკური სარჩული უდევს, როგორც ახლა მოდაშია, და ის დანაშაულები, როგორც არის, იმართლებენ თავს და ამაში მიდის დრო. მაგრამ მაინც, გიგი უგულავას აქვს შანსი. თუმცა ეს აღარ არის ის ძალა, გამიგეთ? ეს მინდა ჩემს ხალხს ვუთხრა. რეჟიმს ვეღარ შექმნიან. მოდიან ახალი სახეები და ეს ახალი სახეებია ზუსტად, საქართველოს რაც სჭირდება. ზოგი ხომ არ უნდა გამოსვენდეს პარლამენტიდან?

_ ბიძინა ივანიშვილის როლი როგორი იქნება ახალ პოლიტიკურ რეალობაში? ის რჩება კულისებში, თუ პოლიტიკას საერთოდ თავს ანებებს?

_ იცით, რა? ეს ადამიანი პოლიტიკას თავს საერთოდ ვერ დაანებებს, იმიტომ რომ მან თავისი თავი მონაწილე გახადა, თავის თავზე ბევრი რამე აიღო. ის ფიქრობს, რომ მან შეასრულა ეს. ბ-ნი ბიძინა ვერ იქნებოდა პარლამენტიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პროკურორიც. ჩვენს პოლიტიკოსებს ხომ უნდა გაექაჩათ ეს ყველაფერი, რაც ამ ადამიანმა მისცა. ახლა დასხედით და იმუშავეთ!!! ბიძინას უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა, სხვაგან ის ვერ იცხოვრებს, ამიტომ ის აუცილებლად შეეცდება, გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა.

_ რეალობა იცის? მისმა მოყვანილმა ადამიანებმა სად გაამართლეს, სად ვერ გაამართლეს? სად არის სუსტი წერტილები, სად უფრო ძლიერი?

_ იცის რეალობა. რელობა იცის, მაგრამ ყველას ერთდროულად ხომ ვერ დაარტყამს? ამიტომ გამოზომილად, ცალ-ცალკე, რაღაცა დროის გასვლის მერე სხვა ფრთას დაარტყამს, მერე იმას, მესამე ფრთას სხვას მიაყოლებს, პოლიტიკოსებზე ვამბობ. ასე რომ, ფრთხილად, პოლიტიკოსებო!!!

_ იქნება თუ არა შემდეგი დარტყმის ობიექტი „რესპუბლიკური პარტია“?

_ „რესპუბლიკური პარტია“ ვერ წამოიწყებს იმ თამაშებს, როცა, მაგალითად, ჰყავთ ალასანია. ძალიან ფრთხილები არიან. ხომ იცით, ვინც არიან მანდ გაერთიანებულები. სხვათა შორის, ძლიერი პარტიაა, მაგრამ ისე, რომ ხალხი ძალიან მიემხროს, ამას ვერ ვხედავ, რადგან ყველამ იცის, რომ ბიძინას აღზევებულია ეს პარტია და ბიძინას მოყვანილია ყველა. საფრთხე ახლა არ ელოდებათ, თუ ჭკვიანად იქნებიან, ხოლო თუ დაიწყეს თამაში, ივანიშვილი არ აპატიებს.

_ რა ბედი ელოდება კახი კალაძეს? ახლა ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ მომდევნო დარტყმის ობიექტი შეიძლება კალაძე იყოს.

_ იცით, რა, კალაძეც ვერ შეინარჩუნებს პოსტს, ეს ბიჭი არის სპორტსმენი, დიდი პოლიტიკური ნიჭი მას არ გააჩნია და ეს მინისტრობა მას ტვირთად ადევს. ვფიქრობ, რომ დაჭერით მას არ იჭერენ არც ერთ შემთხვევაში, რატომ უნდა დაიჭირონ? არც ჰქონია სურვილი, რაღაც გაეკეთებინა, რაღაც ისეთი, რომ ამისთვის საბაბი მიეცა, თავად დატოვებს პოლიტიკურ არენას მომავალში. კიდევ გიმეორებთ, ისეთი ცვლილებები იქნება პოლიტიკაში, რომ გვერდზე დადგება, აღარ ექნება სურვილი გააგრძელოს. ახლა მე ადრე ვიწინასწარმეტყველე, მოვა დრო, როცა მინისტრებს მინისტრობა არ ენდომებათ.

_ ანუ უკვე მოვიდა ეს დრო?

_ ეს დრო მოვიდა. ათასი პროექტია გასაკეთებელი, ათასი საქმე და ხელს არ აწერენ, არავის არ უნდა პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, ყველას ეშინია, წარსული ისეთი აქვთ. უნდა მოვიდეს ის ხალხი, ვინც მართლა იცის თავისი საქმე.

_ არასაპარლამენტო ოპოზიციის ბედ-იღბალი როგორ იქნება ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რასაც თქვენ ამბობთ? მაგალითად, ნინო ბურჯანაძის როლი თუ ჩანს ამ ახალ რეალობაში? ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნა საქართველოში _ თარხან-მოურავი-ირმა ინაშვილი. ამათი როლიც თუ გამოიკვეთება?

_ ირმა ინაშვილმა და თარხან-მოურავმა კარგი ქნეს, რომ არ გადადგეს ნაბიჯი მთავრობის ზოლზე, იმიტომ რომ როცა ახალი ძალა მოდის, იქ დასაწყობია ბევრი რამ, ბევრი რამ არის უარყოფითი, ბევრი რამ საბრძოლია, ეს პროცესები აიცდინეს და იმას, რა მუშაობასაც ისინი ეწევიან, ოპოზიციაში უდგანან და არც უდგანან მთავრობას, შუა პოზიციაზე დგანან, სწორი პოზიციაა ეს და აუცილებლად ფიქრობენ მოსვლას მთავრობაში, პარლამენტში, აუცილებლად იფიქრებენ ამაზე. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის საკმაოდ პროფესიონალია, თავისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძლიერ პროფესიონალად არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ხალხის რაოდენობას ვერ ვხედავ, იმდენად რომ ემხრობოდეს. არის რაღაცები, რაშიც ხალხი წარსულს არ პატიობს. ეს ნუ დაგავიწყდებათ, ჩემო კარგებო, სულ სხვა ხალხს ვხედავ.

_ ვინ არიან ეს „სულ სხვა ხალხი“ შეგიძლიათ, გვითხრათ?

_ აი, მეცნიერები რომ დავარქვი, ხალხი ბრუნდება საქართველოში, ხალხი დადის ჩვენს გვერდით, პროფესორია, ნიჭიერი ადამიანი და მოდის მერე მთავრობაში. ასეთ სახეებს ვხედავ. სრულიად ახალი ადამიანები არიან. ისინი არ ითამაშებენ, დიდ ენერგიას დახარჯავენ, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოიტანონ სისუფთავე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მე ვილაპარაკე, რაც ახლა გითხარით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე იქ მიწერია კარგად: ქართველი ვერც ამერიკელი გახდება, ვერც ევროპელი და ვერც რუსი. ასე რომ, ჩვენი ტრადიციები სულ სხვაა. ვკარგავთ, თითქოს, მაგრამ მერე ისევ უკან ვიბრუნებთ ყველაფერს. ზნე, წესი, ჩვეულება _ საქართველო თავის სახეს არ კარგავს, საქართველო ამ კრიზისებს გადაიტანს მშვენივრად. კრიზისს თქვენ ეძახით, თორემ ეს ჩემთვის კრიზისი არ არის. ამ მინისტრს კიდევ ბევრ მინისტრს მიაყოლებს ივანიშვილი, დაასუფთავებს მშვენივრად, ვინც ცოტა „ზაიკატსა ბუძეტ“????, ასევე გაწევს გვერდზე და იგი ფიქრობს, რომ ასუფთავებს მთავრობას და სწორიც არის. მართლა ხალხისთვის, მათი სიკეთისთვის და საქართველოს სიკეთისთვის მოდიან ახალი სახეები, რისთვისაც ვიბრძვი მეც.

_ ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხთან კავშირში იქნება? დაეხმარება მათ?

_ ბიძინა ივანიშვილი დაეხმარება იმდენად, რამდენადაც თუ არ დაეხმარა, მაშინ მას ძალები, ასე ვთქვათ, არ ეყოფა, უნდა შექმნას სუფთა ატმოსფერო პოლიტიკაში, თორემ თვითონ ვეღარ იცხოვრებს საქართველოში. ეს მას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული. თუ უნდა, რომ აქ იცხოვროს, დარჩეს და გაუკეთოს თავის ქვეყანას სიკეთე, თვითონაც მყარად უნდა იდგეს ფეხზე,

ხელი უნდა შეუწყოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას და ყველანაირად, ფინანსური იქნება ეს თუ რა იქნება, უნდა დააკმაყოფილოს, რომ სუფთა გარემო შექმნას, რომ წყნარად იცხოვროს თავისთვის.

_ ანუ საქართველოდან არ მიდის?

_ არ მიდის, საქართველოდან წასულებიც დაბრუნდებიან. იცით, რა, ყველას აქვს თავისი ომი, ასე რომ ვთქვათ, ყველა თავის პოლიტიკას აწარმოებს. ყველა ფიქრობს, რომ თავისი სამშობლოსთვის ზრუნავს, თავისი ხალხისთვის ზრუნავს, იქ ეს ჩაიდინა, აქეთ ეს ჩაიდინა თუ რა, თავის თავს ამით ამართლებს, რომ მე არ ვარ გამყიდველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ვფიქრობ, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამ და აი, ასე. შადიმანები, იცოცხლე, კი არიან ბლომად, ასეთ დროს ძალიან ძნელია, დაადანაშაულო ადამიანები.

_ თუმცა შადიმანებიც არიან.

_ თუმცა შადიმანები იყვნენ, არიან და იქნებიან. ისინი ვერ წარმართავენ, ვერ დაიჭერენ სახელმწიფო მართვის სადავეებს, დიდი ბოდიში. კოსმოსი არ დაუშვებს ამას, ხალხნო! გამორიცხულია! საქართველო დამშვიდდება, დაწყნარდება! აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ამას ვერ ჩამოგვაჭრის რუსეთი, აფსუებმა თავისი თავი გაიუბედურეს, მიწერია წიგნში, თვითგანადგურების პოლიტიკას ეწევიან. ასე რომ, საქართველო აქ არაფერს კარგავს, პირიქით, საქართველო ძლიერია! უცხოელებს ნუ მივყიდით მიწებს-მეთქი, რომ ვამბობდი, ახლა უკვე ვეღარ ვხედავ ამას. კანონი მიიღეს და ძალიანაც გახარებული ვარ. ქართველ გლეხს თავისი მოსავალი თავისი შრომით მონაპოვარი აქვს, თვითონ გაიტანს, თვითონ დაელაპარაკება ინვესტორს. მოძლიერდებიან დაცარიელებული სოფლები, ისევ დაბრუნდება ხალხი, ისევ ახმიანდება, ისევ სიცოცხლეა. მოკლედ, ძალიან მიხარია.

_ თქვენ რაკი ასე ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, ახლა უკვე მეც მიხარია და ბოლოს მინდა გკითხოთ, 15 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია აქვს დაგეგმილი და არის მითქმა-მოთქმა, რომ იქნება სერიოზული პროვოკაციები და მისვლა-მოსვლა. რამე მსგავსი გველოდება თუ არა?

_ ისეთი შეხლა-შემოხლები რა უნდა იყოს, კაცო, ორი რომ დადგება ერთად, ერთმანეთს კი ურტყამენ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს რამეში გადაიზარდოს, გამორიცხულია, არაფერში არ გადაიზრდება. პატარა შეხლა-შემოხლები „თბილისობაზეც“ არის, რომ დათვრებიან, ერთმანეთს ეჩხუბებიან, ეს შედარებით, აქ ეს არ იქნება არაფერი!!! ტყუილად ნუ დაიხარჯებით, ჩემო კარგებო. საქართველოს ბედისწერაზე არ უწერია ახლა ვიღაცის მოსვლა, გადასვლა და რაღაცა, პოლიტიკა სუფთავდება, ქართული ყველაფერი გადაწყდება საქართველოს სასარგებლოდ. ნატოშიც შევდივართ, ევროკავშირშიც შევდივართ, ეს ჯერ კიდევ როდის მაქვს ნათქვამი. რუსეთი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რასაც ჩემი ქვეყნისთვის მივესალმები და რუს ხალხს თანავუგრძნობ, მეცოდებიან. უკრაინის ომი საქართველოსთვის არის გადამრჩენი, უკრაინაში ვინც იღუპება, ეს საშინელებაა. ყველაფერი მიდის იქით, რაც მაქვს ნაწინასწარმეტყველები 30 წლის წინათ. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად გადარჩება.

_ ანუ თქვენ მეუბნებით მე, რომ აქ ყველაფერი კარგად იქნება?

_ დიახ, ბატონო, ყველაფერი კარგად იქნება. ალასანია გადადგა და თავის თამაშს თამაშობს, ამისთვის გულს ვერ გავიხეთქავ, ევროპულ კურსს რომ გადავუხვიეთ, ეს არის სისულელე, უბრალოდ, სირცხვილია. სად იყო ალასანია, ევროპული კურსი რომ ტარდებოდა? _ ჯერ შევარდნაძე იყო, არიელ ქოენი ხომ იყო ჩემთან 1995 წელს, ქოენი კიდევ ვინაა, ჩემო კარგო, ამერიკაა კავკასიის საკითხებში. მეღიმება ხოლმე. ეს ჰგავს ყველაფერი პატარა ბავშვების თამაშს, მაგრამ ჩემი საწყალი ხალხი, ადამიანები ნერვიულობენ. ნუ ნერვიულობთ, ქართველებო, დამერწმუნეთ, არასოდეს მომიტყუებია ჩემი ხალხისთვის, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, რასაც მე ვწინასწარმეტყველებ. დამშვიდდით!!!

 

                                                                                                              ელისო კილაძე