ირაკლი ფავლენიშვილი: „ივანიშვილის ძალაუფლება ეყრდნობა რეპრესიულ აპარატს“
ირინა მაკარიძე
ამ დროისთვის 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან სისხლის სამართლის წესით დაკავებულები, რომელთაც აბსურდულ დანაშაულებს ედავებიან. ახალგაზრდა ადამიანებს წლობით ციხეში გამოკეტვა ემუქრებათ. სასტიკად ნაცემია ათეულობით პირი, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ქალებს, არასრულწლოვნებს. ამ დრომდე მძიმე რჩება ერთ-ერთი დაშავებულის, ალექსანდრე თურქიას მდგომარეობა, რომელსაც თვალის არეში აქვს მიღებული დაზიანება.
ამის ფონზე, ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე, გამოდის და არაადეკვატური სიცილით აცხადებს, რომ ქვეყანაში აღკვეთეს ძალადობა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი განმარტავს, რომ ემოციები დაცხრა და შეგვიძლია, ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს დავუბრუნდეთ. ბრძოლის ველად ქცეულ რუსთაველის პროსპექტზე კი საშობაო ნაძვის ხე ირთვება.
ქვეყანაში განვითარებულ უმძიმეს პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა ნაციონალური“ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი:
_ არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო ამ სისასტიკეს, თავიანთი შვილების ტოლა ბავშვებს სცემენ, თავ-ყბას უერთიანებენ, პირში აფურთხებენ დაკავების დროს. ჯერ ერთი, უკანონოდ იჭერენ და შემდეგ არაადეკვატურად დიდ სასჯელებს უფარდებენ. „მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება“ _ რას ნიშნავს?! ან რა აცინებთ?! რა „ნორმალურ კალაპოტზე“ გველაპარაკებიან, როდესაც ადამიანებს ცხოვრებას უნგრევენ და ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს ცვლიან, აბსოლუტურ იზოლაციაში აქცევენ ქვეყანას და ახალგაზრდებს ასე ბრუტალურად უსწორდებიან. ძალიან არაადეკვატურები არიან და ხელისუფლებაში მათი ყოფნის ყოველი დღე, ჯერ ერთი, არის დამანგრეველი ქვეყნისთვის და მეორე, შეურაცხმყოფელი ყოველი წესიერი მოქალაქისთვის. ჯერ რა მორალურ სტანდარტზე ვლაპარაკობთ, როდესაც სოცოცხლისთვის იბრძვის ერთ-ერთი ახალგაზრდა, აქციების მონაწილე, რომელსაც თვალის არეში აქვს დაზიანება მიღებული, გადარჩენისთვის იბრძვის. ასევე სხვა ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან, მთელი საქართველო დაზაფრულია და ამ დროს ეს კაცი (კობახიძე) იცინის. რა მორალურ სტანდარტზეა საერთოდ საუბარი?!
_ ასეულობით ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან თქვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ოფისში დააკავეს. რას იტყვით ამ ფაქტის შესახებ?
_ ჩვენი პარტიის წევრები, რომლებიც დააკავეს, გამორჩეულად წესიერი ახალგაზრდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის პროტესტია, ეროვნული ბრძოლა არის, ვერ გამოვყოფთ ვერც ერთ პარტიასა და ორგანიზაციას, რადგან ეს არის საერთო ეროვნული ბრძოლა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე საუბარს და მათ შექებას. ძალიან თავდადებით იბრძვის ეს ხალხი. ამის გამო, რა თქმა უნდა, ამ რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რომ ისინი არიან.
_ საუბარი იყო, რომ ოფისებში „მოლოტოვის კოქტეილები“ იპოვეს, ამაზე რას იტყვით?
_ ივანიშვილის დიქტატურის პირობებში ვინმეს მოაფიქრდება პარტიის ოფისში რაიმე მნიშვნელოვანის შენახვა? ეს ხომ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია? „მოლოტოვის კოქტეილზე“ არ ვსაუბრობ, თუნდაც პიროტექნიკის კი არა, კვერცხების შენახვაც არ მოაფიქრდება ადამიანს ამ დიქტატურის პირობებში. ოფისების დარბევა არის ამათი ხელწერა, ჯერ მარტო ჩვენს ოფისში რამდენჯერ შემოიჭრნენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არანაირი „მოლოტოვის კოქტეილი“ ან კანონსაწინააღმდეგო ოფისში არ ყოფილა. სრული უგუნურებაა, რასაც ეფუძნება ივანიშვილის პროპაგანდა. არ ვიცი, ვისთვის არის ეს გათვლილი, რა ინტელექტუალური პოტენციალის ადამიანების დასაბოლებლად. რა თქმა უნდა, თვითონაც არ სჯერათ ამ პროპაგანდის.
_ რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ის თითქოს მზადაა დიალოგისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებთან, მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებს, აიქიუ არ ჰყოფნით ადამიანებს მისი ნათქვამის გასაგებად. რას იტყვით ამის შესახებ?
_ არანაირ სტანდარტში აღარ ჯდება ამ ადამიანის ქმედებები და განცხადებები, არც მორალურ, არც პოლიტიკურ, არც სამართლებრივ ჭრილში. გასულია ყველა ზონიდან და, ფაქტობრივად, ყოველ გამოსვლაში შეურაცხყოფს საკუთარ თანამემამულეებს. რადიკალურ ჯგუფებს უწოდებს ქართველ ხალხს. ყველა აქციის მონაწილე ვარ და ამდენი ადამიანი ქუჩაში გამოსული არასდროს მინახავს. სხვათა შორის, ივანიშვილის პარტიის ძალიან ბევრი ყოფილი წევრი და მხარდამჭერი დადის ამ აქციებზე. არ ვამბობ ყოფილ ჩინოვნიკებზე, ისინი საჯარო პირები არიან და ისედაც ყველამ იცის, ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ, მაგრამ ახლა მის წინააღმდეგ აქციებზე დგანან.
_ ფაქტია, არჩევნების მიტაცების შემდეგ, თუნდაც პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, არ იყო ისეთი მასშტაბური პროტესტი, როგორც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, თქვენ როგორ ახსნით ამას?
_ ამ პროტესტის მრავალრიცხოვნობის მიზეზი არის ის, რომ ეს გახლავთ საერთო ეროვნული პროტესტი. ვინც მართლა საფლავში არ მიჰყვება ივანიშვილს და ვინც ამ კრიმინალური ორგანიზაციის თუ სტრუქტურის შემადგენლობაში არ რჩება, სხვა ყველა არის საპროტესტო განწყობაზე. ერთია პოლიტიკური პროცესის მოკვლა, თუნდაც არჩევნების გზით, რომელზედაც მრავალრიცხოვანი აქციები ჩატარდა, რამდენჯერმე, მაგრამ მეორეა, როდესაც პირდაპირ აცხადებ, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს აჩერებ და ზონდერებს აძლევ დავალებას, ყველა განსხვავებულად მოაზრევნე ადამიანი ცემაში მოკლან. ეს იმდენად წითელი ხაზი არის, რომელიც არასდროს არავის არ გადაულახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მათ შორის, ივანიშვილიც ამ ეტაპამდე ასე დეკლარირებულად არ აკეთებდა ამ განცხადებას. ასე რომ, ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ ყველაზე დიდ საპროტესტო მუხტსა და მოძრაობას მიიღებდნენ პასუხად.
_ რას ეყრდნობა ივანიშვილის ძალაუფლება?
_ ივანიშვილის ძალაუფლება, როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმი და დიქტატურა, ეყრდნობა რეპრესიულ აპარატს. მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მის კონტროლქვეშ არის, სუს-ი არის მისი მსახვრალი ხელი და ზონდერჯგუფები. ამ ყველაფერს მართავს ივანიშვილი. ჩვენსა და თავისუფლებას, ჩვენსა და ევროპულ პერსპექტივას შორის დგას სწორედ ივანიშვილი ამ ზონდერების ჯგუფებით. შეიძლება ეს არის რამდენიმე ათასობით ადამიანისგან შემდგარი, მაგრამ ჩვენ ვარ მილიონობით, ისინი არიან ათასობით. ეს ზონდერჯგუფები უნდა გადავტეხოთ წელში _ მარტივად არის საქმე, სხვაზე არაფერზე დგას ეს რეჟიმი. ყველა ინსტიტუტი აქვს მიტაცებული, კრიმინალური სინდიკატის სტრუქტურები მართავენ ამ ქვეყანას. არანაირი დემოკრატიულად ანგარიშვალდებული ინსტიტუტი და ადამიანი არ არსებობს პრეზიდენტის გარდა.
_ უკვე უამრავი ძალადობის ფაქტი ვნახეთ პირდაპირ ეთერში, მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე… როგორ ფიქრობთ, სადამდე წავა მათი ძალადობრივი ქმედებები?
_ არაადეკვატურები არიან უკვე, სადამდე წავლენ და სადამდეც გავუშვებთ, ქართველმა ხალხმა არ უნდა მივცეთ ამ ძალადობის გაგრძელების შესაძლებლობა. კობახიძეს ჭკუა რომ არ მოეკითხება, ფაქტია, ვუყურებთ მის ბრიფინგებს და პრესკონფერენციებს, არც ჭკუა მოეკითხება ამ ადამიანს, არც საღი აზრი, არც ღირსება და არც ქართველობა. ყველაფერზე წავა ადამიანი, შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტს. ადამიანი მტერს რომ შეეკვრება, მერე ყველაფერს იკადრებს. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის ნება ამ ჯალათებს. ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, არანაირი წითელი ხაზი აღარ დარჩათ. ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს. ცხადია, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. სისტემა რომ იშლება და თუნდაც ადმინისტრაციული მოხელეები ტოვებენ სამსახურს, რეპრესიული აპარატის წევრებიც ტოვებენ ნელ-ნელა ამ სინდიკატს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ამაზე უარესი დიქტატორებიც და რეჟიმებიც გადაგვიტეხია წელში ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე. უბრალოდ, ამ ადამიანზე საუბარი რაღაც ლოგიკის ენით ძალიან ძნელი არის, რასაც დააბარებენ, იმას ამბობს, თავიდან ბოლომდე მიბმული არიან რუსული უშიშროების მე-5 სამმართველოზე. რა მესიჯებსაც იღებენ მოსკოვიდან, იმ მესიჯებით მოქმედებენ.
_ ივანიშვილს „უხეირო დიქტატორი“ შეარქვეს დასავლეთში, თუმცა უკვე საკმაოდ ბრუტალურ მეთოდებზე გადავიდა. ზოგი 9 აპრილს იხსენებს, ზოგი 37 წელთან აკეთებს შედარებას, ზოგი ამბობს, რომ რაღაც საშინელ ფილმში ვართ, თვენ რას იტყვით?
_ გასაგებია, შეიძლება ბევრი შედარება მოაფიქრდეს ადამიანს, მაგრამ, სინამდვილეში, ბოლო 3 საუკუნე რაც ხდებოდა საქართველოში, ის ხდება დღესაც. 3 საუკუნეა, რუსეთი ცდილობს, ქართული სახელმწიფო გაანადგუროს და ქართველ ხალხში ბრძოლისუნარიანობა მოკლას. ყველაფერი ძალიან მარტივ ახსნამდე დადის. ქართველ ხალხს ჰქონია ასეთი მომენტები, რუსეთი საუკეთესო ქართველებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს სჯიდა, გააჩნდა წელს და პერიოდს, ხანდახან უფრო ბრუტალური იყო ეს დასჯა, ხან მეტად, ხან ნაკლებად, მერაბ კოსტავა ციმბირში იყო რამდენიმე წელი გადასახლებული, 1924 წელს ხალხი საერთოდ დახვრიტეს. ახლაც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილზე, ისიც რეფორმებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო ზის ციხეში. ამ დღეებში უამრავი ადამიანი დაიჭირეს, ასე ყველას მიადგებიან. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, ამიტომ შეიძლება შეადარო 9 აპრილსაც, _ იქ თავისუფლებისთვის იდგა ხალხი. რეჟიმის დამცველები მაშინ ეთნიკურად რუსები იყვნენ, მაგრამ რით განსხვავდებიან იმ ქართველებისგან, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, იმავე მიზნით გამოიყენებიან? შეიძლება ნებისმიერ სხვა პერიოდსაც შეადარო. რუსეთის მეთოდები სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლებად ერთნაირია. ასე რომ, ძირითადი ანალოგები საძებნელია ბოლო 3 საუკუნის ისტორიაში.
აღსანიშნავია ერთი ფაქტი: ივანიშვილი თავის დროზე აფინანსებდა გენერალ ლებედს, იმ გენერალი ლებედს, რომელიც იყო 9 აპრილის სისხლიანი დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი. კავშირი ნათელია, ბევრი ანალოგის ძიებაც აღარ გვჭირდება.
_ 14 დეკემბერს დაგეგმილია პრეზიდენტის არჩევა, შეძლებენ ამ პროცესის ჩატარებას?
_ ეს უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლება რას, როდის, როგორ იზამს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთელი ეს პროცესი არის აბსოლუტურად უკანონო. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს უკანონო და უსამართლო პროცესი მალე დამთავრდეს. სხვას რას მოასწრებენ ამ უკანონობის პირობებში და ვის აირჩევენ, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთელი ეს პროცესი _ საპრეზიდენტო, საპარლამენტო, არის აბსოლუტურად უკანონო და სრულებით კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა გასული. ამ ყველაფერს დაასრულებს ქართველი ხალხი.