მნა, ნოგყაუ, სუატისი, გიმრა, ტეთი _ თრუსოს ხეობის დაცლილი სოფლების არასრული ჩამონათვალია…

trr4

ცხინვალის ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, თრუსოს ხეობის საკითხის გააქტიურებას ცდილობს _ ბოლო დღეების მანძილზე სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოკოითი კატეგორიულად მოითხოვს ოსეთის „მამაპაპური“ მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლის დაწყებას. „თრუსოს ხეობა _ ეს არის ძირძველი ისტორიული მიწა, სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ოსები, დღეს კი ქართველებს აქვთ მისაკუთრებული, ახლა შესაფერისი დროა ამ უსამართლობის გამოსასწორებლად და იმედია, ჩვენს ისტორიულ მეგობრებთან _ რუსებთან ერთად    გამოვასწორებთ კიდეც!“ _ ასეთია კოკოითის განცხადების არსი.

პრინციპში, კაცმა რომ თქვას, აქ ახალი არაფერია და კოკოითი ბოლო წლებია, გარკვეული ინტერვალებით ამ აბდაუბდას იმეორებს ხოლმე. საინტერესო ის არის, ზუსტად ახლა რატომ გაახსენდა და რატომ სურს ამ საკითხის წამოწევა?.. კრემლის მორიგი მზაკვრობა ხომ არ იმალება მისი განცხადების უკან?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „ქრონიკა+“, პირველ რიგში, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის“ სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ კოკოითი ამ წუთას არავინ არის და გაურკვეველია, რა განცხადებებს აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ განცხადებაზე პასუხის გაცემა ექსპერტების საქმეა და არა _ მინისტრის. ასე რომ, არც მე გავაკეთებ არანაირ კომენტარს, თუმცა თქვენ მაინც გეტყვით, რომ არც მოსკოვსა და არც ცხინვალში დღეს ეს თემა აქტუალური არ არისო…

ერთი სიტყვით, ზაქარეიშვილი თრუსოს ხეობის საკითხის წამოწევას მხოლოდ კოკოითის პირად ინიციატივად და აქტიურობად მიიჩნევს. შეიძლება ასეცაა, ლოგიკური აზრია. სიტუაციას რომ ჩავუღრმავდეთ, ედუარდ კოკოითი დღეს მართლა აღარავინაა, პოლიტიკური გვამია, ხოლო ამგვარი განცხადებებით სურს დაუმტკიცოს თავის თანამემამულეებს, რომ პირიქითაა, ანუ ჯერ არ მომკვდარა და ცოცხალია. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები საუბრობენ მიზეზზე, რის გამოც კოკოითი ამ საკითხით დაინტერესდა. იგულისხმება ვლადიკავკაზში ჩატარებული ყრილობა, სადაც „სამხრეთ“ და „ჩრდილო“ ოსეთების გაერთიანების საკითხზე იყო მსჯელობა. ყველასათვის მოულოდნელად კოკოითმა ყრილობაზე განაცხადა, რომ ასეთი გაერთიანება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რითაც თავისი თანამემამულეების გულისწყრომა გამოიწვია. მოკლედ, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის გამოსასწორებლად შემოაგდო თრუსოს საკითხი, აქაოდა, დიდი პატრიოტი ვარ და ეს თემა მოსვენებას არ მაძლევსო. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ  ასეთი გეგმა მართლაც არსებობს. თრუსოს ხეობა რუსეთისთვის საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ბერკეტი სწორედ ახლა  არ აამუშაონ. თუ ეს ასეა, მაშინ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. ცხადია, დღეს ვეღარ გადმოვა რუსეთი პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე და 2008 წელს ვერ გაგვიმეორებს. შესაბამისად, თრუსოსა და ყაზბეგის რაიონის მნიშვნელოვან ნაწილს ბრძოლით ვერ წაიღებს. მაგრამ მცოცავი ანექსიის პოლიტიკა ახლა თრუსოს ხეობაში რომ გამოიყენოს, მერე რა ხდება და რა შეიძლება საქართველომ ამას დაუპირისპიროს?

ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობას არ გამორიცხავს, თუმცა ელოდება, რომ რუსეთი ამჯერად თამაშის ახალ ფორმას შემოგვთავაზებს.  ექსპერტები გულისხმობენ ეთნიკური დაპირისპირების ინსცენირებას, რომელიც ვითომდა ქართველებსა და ოსებს შორის მოხდება, ხოლო რუსეთი სხვის თვალში საცემად არ ჩაერევა ამ კონფლიქტში, რათა მას რამე სახის ბრალი ვერ წაუყენონ. „ქრონიკა+“-ისთვის ის სქემაც გახდა ცნობილი, თუ როგორ აპირებენ ამ პროვოკაციის განხორციელებას.

მოგეხსენებათ, კავკასიონის ჩრდილო კალთაზე, თერგის ხეობაში ჩასმული თრუსო, სადაც, ქართველებთან ერთად, მე-17 საუკუნიდან, ოსებიც ცხოვრობდნენ,  დღეს მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია. აქ მცხოვრები ოსები დიდი ხანია, ორჯონიკიძეში გადასახლდნენ, ქართველებმა კი ქვეყნის ცენტრისკენ გადმოინაცვლეს  საცხოვრებლად და ხეობაც გაუკაცრიელდა. მნა, ნოგყაუ, სუატისი, გიმრა, ტეთი _ ეს თრუსოს ხეობის დაცლილი სოფლების არასრული ჩამონათვალია. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ, რუსეთის წყალობით, იგი სულ მალე შეიძლება ცხელ წერტილად იქცეს. რუსეთის გეგმით: თრუსოს ხეობაში დაიწყება აქედან ვლადიკავკაზში ადრე გადასახლებული ოსების ჩამოსახლება. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია ამ პროცესის შედარება წალკაში მასობრივად დაბრუნებული ბერძნების თემასთან, რომლებიც თავიანთი სახლ-კარის დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. შეიძლება ეს მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი, თუმცა ისიც სათქმელია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. თუკი ოსებმა იგივე გაიმეორეს და თრუსოში ჩამოვიდნენ, ეს სიტუაციას ძალიან გაამწვავებს, რაც გარკვეული ტიპის პროვოკაციების შემდეგ  დაპირისპირებას გამოიწვევს ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თანამემამულეების დასაცავად საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან ოსი სეპარატისტების საჯარისო ფორმირებები.

მოკლედ, რუსეთი შეიძლება თრუსოს ხეობისა და, ზოგადად, ყაზბეგის რაიონის მეორე დონბასად გადაქცევას შეეცადოს. თვითონ კი ვითომ არ ჩაერევა საბრძოლო პროცესებში, სამაგიეროდ მისი მარიონეტები გააკეთებენ ყველაფერს. ასეთია სამუშაო გეგმა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს, ჯერჯერობით, მაინც დაკონსერვებული გეგმაა. ამ ეტაპზე რუსეთს მისი ამოქმედება ძალიან გაუჭირდება. ასე რომ, პაატა ზაქარეიშვილი ამ შემთხვევაში მართალია: როგორც ჩანს, კოკოითის სურვილებთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე მოსალოდნელ რეალურ საფრთხესთან. რუსეთი ამ გეგმის განსახორციელებლად მზად არ არის. ეგ კი არა, იგი  საქართველოსთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომადაც არ არის მზად. როგორც ვიცით, პუტინის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ასეთ მოლაპარაკებაზე იმ მოტივით, რომ რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესახვედრად ჯერ სიტუაცია მომწიფებული არ არისო. ცხადია, ეს სიცრუეა. სიტუაცია მომწიფებულიც არის და მეტიც. თუ არა ახლა, მაშინ როდისღა უნდა შეეცადოს რუსეთი, ურჩ საქართველოსთან მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ურთიერთობა? მართალია, მოგვარების შანსი ნაკლებია, მაგრამ მაინც. ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო და წესით, რუსეთმაც უნდა იმოქმედოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთს სრულიად სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია დღეს კარასინ-აბაშიძის  შეხვედრებზე უფრო მაღალ დონეზე გადაიტანოს მოლაპარაკებათა ფორმატი. აქ უკრაინაა დამნაშავე. პუტინს უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარება შეექმნა _ მან ცხვირი იქ შეყო, სადაც არ უნდა შეეყო. სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინათ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. მართალია ამ განცხადებაში საქართველო ნახსენები არ არის და მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზეა ლაპარაკი, მაგრამ ყველა ტექსტს ქვეტექსტიც აქვს. ბზეჟინსკის ამ განცხადებას, კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, თუ რა რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის რეჟიმისგან თავის დაღწევას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იმიტომ ვახსენე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ბზეჟინსკი სწორედ ვაშინგტონის გეგმებისა და სურვილების გამხმოვანებელია.

მოკლედ, ზბიგნევ ბჟეზინსკი აანალიზებს აღმოსავლეთ ევროპაში დღეს შექმნილ სიტუაციას და ამბობს: რუსეთის მიერ მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის იქნება, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის შემთხვევაში რეალობას შეურიგდეს და თვითონვე გახდეს ევროპის ნაწილი, რაც მისი ეკონომიკის სტაბილურობას და აღმავლობას შეუწყობს ხელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ჩინეთის სატელიტად იქცევაო. რამდენად ემუქრება რუსეთს ჩინური მომავალი, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამერიკელი პოლიტოლოგის ამ წინადადებაში სრულიად სხვა ფრაზაა საყურადღებო. იგი ამბობს, რომ ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უკრაინა ევროპასთან ინტეგრაციას მოახერხებსო. ანუ პოლიტოლოგი არ ამტკიცებს, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ამერიკა და დასავლეთი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის და ომსაც არ მოერიდებიან, რომ უკრაინა რუსეთს გამოგლიჯონ. ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, დახმარება იქნება, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სახით, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი მაინც უკრაინის ხელისუფლებამ და უკრაინელმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ბზეჟინსკი ამ აზრს შემდეგნაირად ასაბუთებს: „უკრაინა იბრძვის, რომ თავისუფალი იყოს და ეს ძალიან კარგია. დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ ვინც უკრაინის ამ სურვილს შეებრძოლება, ძალიან ბევრს რისკავს. მაგრამ უკრაინას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ მზად არის ევროპის ნაწილად იქცეს. თუ ეს წარმატებით გამოუვა, რუსეთს აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ბედს შეურიგდეს. თუმცა  გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს და მაინც შეეცდება, იმპერიად იქცეს. მისი იმპერია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ უკრაინას დაიმორჩილებს. ეს ძნელი იქნება, რადგან დასავლეთმა გარკვევით დაანახვა რუსეთს, რომ უკრაინის ბედი და მომავალი მისთვის სულერთი არ არის. მაგრამ უკრაინა არ უნდა ელოდოს, რომ დასავლეთი უკრაინის გამო იომებს _ ეს არის მთავარი, რაც უკრაინელებმა უნდა გაიგონ. თვითონ უკრაინელებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც მათი მიზნებისთვის აუცილებელია. პირველ რიგში კორუფციის პრობლემა და შიდადაპირისპირებები უნდა მოგვარდეს, რაც წარმატების მიღწევის სერიოზული გარანტი გახდება უკრაინელებისთვის“…

მოკლედ, რძალო შენ გელაპარაკები და მულო შენ გაიგონეო. ამერიკა უკრაინასთან ერთად საქართველოსაც უგზავნის ამ გზავნილს და კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ მხარდაჭერა ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მაგივრად ამას არც ვაშინგტონი გააკეთებს, არც ბერლინი, არც პარიზი და არც არავინ.

სხვა საკითხია, რა არის დღეს ჩვენივე ხელით მოსაგვარებელი?  საბედნიეროდ, კორუფციის პრობლემა საქართველოს ნაკლებად აქვს. დანარჩენი _ შიდა პრობლემები _ გიხაროდენ, თავზე საყრელადაა. პარტიულ დაპირისპირებებს ვგულისხმობ. აი, სად არის გამოსასწორებელიც და დასალაგებელიც. რამდენიც არ უნდა გვამშვიდოს ხელისუფლებამ, რომ ყველაფერი რიგზეა, სამწუხაროდ, ბევრი რამე არ არის რიგზე. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილი ავგიას თავლა გვაქვს. პარტიების ურთიერთობის ფორმებსა და მათ პრეტენზიებს ვგულისხმობ. ალასანიასა და ფანჯიკიძის გაკეთებულმა განცხადებებმა ნათლად დაგვანახვა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამბიციების ნაკლებობას არ განიცდიან. ამ ამბიციებს კი სახელმწიფოში ყოველთვის კრიზისი მოჰყვება ხოლმე. ზვიად გამსახურდიას დროიდან მოყოლებული ასეა და მსგავსი დამოკიდებულებიდან ვერ გამოვედით, მაგრამ ექსპერტთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში  განხორციელებული სკანდალური საკადრო ცვლილებები, ანუ აქტიური პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის ჩამოცილება ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საფეხურია. თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ჯერ ერთი, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ღარიბაშვილის გუნდს თავის ქმედებებზე დასავლეთისგან „დაბრო“ აქვს მიღებული და მეორეც _ ეტყობა, საქართველოში დგება დრო, როცა ხელისუფლება ინსტიტუციების გაძლიერებაზე ფიქრობს და ასეთი ფიქრი უთუოდ მისასალმებელია. არავინ არის ქვეყანაზე დიდი. რამდენადაც უნდა უყვარდეთ ირაკლი ალასანია, ან არ უყვარდეთ, მხოლოდ ის, ერთი კაცი, თუნდაც მინისტრი და პარტიის ლიდერი, ვერ იქნება საქართველოს ნატოსთან და დასავლეთთან დაახლოების ერთადერთი გარანტი. სხვათა შორის, ამ აზრის სასარგებლოდ ის არგუმენტიც მეტყველებს, რომ `ნაციონალებისა~ და თვითონ ალასანიას თანამოაზრეების გარდა სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, თურმე, ქვეყნის საგარეო ვექტორს ცვლის და რუსეთს გვახუტებს. ეს არანაირად არ ჩანს ხელისუფლების ქმედებებში. პირიქით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები ასე შეაფასა: „მოხარული ვარ, რადგან  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას არ გამოიწვევს. ასეთია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ნება. ჩვენი მხრივ კი ჩვენც ერთგული ვართ იმ იდეისა, რომ საქართველოს დავეხმაროთ ნატოს წევრობის გზაზე“. რატომღაც, აპატურაიმ ვერ დაინახა ის, რასაც ალასანია და „ნაციონალები“ ხედავენ, ვერ დაინახა საქართველოს შემოტრიალება რუსეთისკენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი პოლიტიკოსებისა და მათ აყოლილი საზოგადოების გარკვეული ფენების ამბავი რომ ვიცი, ქვეყნის საგარეო ორიენტაციიდან გადახვევის საკითხი კარგა ხანს იქნება დავის საგანი.

ერთი სიტყვით, ეს არის ჩვენი მთავარი გასაკეთებელიც: თუკი უკრაინას კორუფცია და კლანური დაპირისპირებები ამუხრუჭებს, საქართველოში შიდაპოლიტიკურ სიტუაციას უნდა დალაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში მტერი ბევრ ნაღმს აგვიმოქმედებს და არა მარტო თრუსოს ხეობაში. ამ მოცემულობას თუ განვიხილავთ, თავისთავად ცხადია, თრუსოს ხეობაში სიწყნარე რომ იყოს და კოკოითისნაირმა სეპარატისტებმა თავისი ვერ გაიტანონ, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ქვეყანაში უნდა დაალაგოს სიტუაცია. საფრთხის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება კი ისევ ერთადერთია: ნატოსთან მეტი ინტეგრაცია. საქართველოში რაც უფრო მალე მოხდება ნატოს საწვრთნელი ბაზების გახსნა, თრუსოს ხეობის წაღების რუსულ გეგმას მით უფრო მეტი ობი მოედება. შესაბამისად, განხორციელებაც არ უწერია, ისევე როგორც საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ არანაირ გეგმას.

 

                                                                                                დავით დევიძე