„აქსისის“ დაყადაღებული წილები და დავა სასამართლოში

rr

კომპანია „აქსისს“ დაზარალებული მოქალაქეები სასამართლოში უჩივიან. როგორც გავარკვიეთ, „აქსისის“ ზოგიერთი მშენებლობა და სხვა კომპანიებში მისი წილებიც ამ საჩივრების გამო უკვე დაყადაღებულია. ადვოკატი როინ მიგრიაული „აქსისისა“ და მსგავსი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ იმ სქემებზე გვესაუბრა, რომლითაც მოხდა კრედიტორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და სხვისი ქონების ხელში ჩაგდება. ამ თვალთმაქცური გარიგებების გამო უკვე არაერთი საქმეა აღძრული. „აქსისის“ ქმედებებშიც თუ გამოიკვეთა მსგავსი მომენტები, გამორიცხული არ არის, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება როინ მიგრიაული:

_ შპს „აქსისი“ დეველოპერული კომპანიაა და მშენებლობებს ახორციელებს შექმნილი ამხანაგობების მეშვეობით, _ გამოისყიდის მიწის ნაკვეთს, მისი მესაკუთრე ხდება, მერე კი ქმნის ამხანაგობას, ან სხვა კომპანიაზე ჰყიდის, რომელიც მერე თავად აშენებს და ა. შ. მაგალითად, ყაზბეგის 24-ში ააშენა შენობა, სადაც შექმნა ამხანაგობა _ „ყაზბეგის 24“. იქ შპს „აქსისი“ არც გამოჩენილა, თუმცა ის იყო ამ მშენებლობის ორგანიზატორი: თანხების მომკრები, ხელშეკრულებების გამფორმებელი და იმ აშენებული ფართების რეალიზატორიც, რომელიც ამხანაგობამ შექმნა. ასეთი ამხანაგობების ხელმძღვანელად „აქსისი“ ყოველთვის თავის  ნდობით აღჭურვილ პირს სვამს, რომელიც მისი პოლიტიკის გამტარებელია. დეველოპერების საქმიანობის ზოგადი სქემა საერთოდაც ასეთია და ის ერთგვარად გამართლებულიც არის, რადგან, ფაქტობრივად, ის აშენებს შენობას და ზოგჯერ ფულსაც თავად დებს. თუმცა საქმე ის არის, რომ მას სხვისი მიწის ნაკვეთები მიაქვს, მის მესაკუთრეებს კი ჰპირდება, _ როცა ავაშენებ, იქ ბინას მოგცემთო. მერე როცა ვერ აშენებს და ვერც ბინას აძლევს, პრობლემები ექმნება. ასეთი პრობლემა მას უკვე ბევრგან აქვს _ საირმეზე, თუ საბურთალოს სხვა ადგილებში. მაგალითად საბურთალოს „პალასები“ 5 წლის წინათ უნდა დასრულებულიყო… ისიც საინტერესოა, საიდან  წარმოიშვა „აქსისის“ პრობლემები: ყველაფერი 2007 წლიდან დაიწყო, _ საპარლამენტო არჩევნების დროს „აქსისს“ დიდი ფული წაართვეს „ნაციონალებმა“. მერე რუსეთშიც წამოიწყო ბიზნესი, მაგრამ არ გაუმართლა და დაწყებული მშენებლობები და პროექტები ვერ დაამთავრა. ამით დაზარალდნენ ის მესაკუთრეები, რომლებმაც „აქსისს“ მიწის ნაკვეთები გადასცეს, ან ფული გადაუხადეს ბინის შესაძენად. ამჟამად „აქსისისგან“ დაზარალებულების ორი კატეგორია გვყავს: უძრავი ქონების მესაკუთრეები და ბინის მშენებლობზე ვინც გადაიხადა ფული, ანუ არამესაკუთრეები.

თუმცა არის მიწის მესაკუთრე მამუკა ორკოშნელი, რომელიც „აქსისს“ უჩივის. მამუკა ორკოშნელი სააქციო საზოგადოება „ლაინის“ აქციონერი იყო. 2007 წელს ამ სააქციო საზოგადოების რეორგანიზაცია მოხდა, აქციონერები გავიდნენ საზოგადოებიდან და აქციების სანაცვლოდ მათ მიწის ნაკვეთები მიიღეს ბოჭორმის ქუჩაზე. მიწა გახლდათ დაყოფილი და თითოეულს თავისი მესაკუთრე ჰყავდა. საზოგადოება „ლაინიდან“ გამოსვლის შემდეგ ასეთი ნაკვეთების მესაკუთრეები გახდნენ მამუკა ორკოშნელი და მისი ძმა, მერაბ ორკოშნელი. ეს ტერიტორია ძალიან საინტერესოა იმით, რომ შემაღლებულ ადგილზეა და მტკვარს გადაჰყურებს. იმდენად კარგი ტერიტორიაა, რომ იქვე დიდი შენობა „არსმაც“ ააშენა. მოკლედ, ამ მიწის მესაკუთრეებს შეუჩნდა „აქსისი“ _ მოგვეცით კუთვნილი ნაკვეთები და სოლიდურ თანხას გადაგიხდითო. 2008 წელს გაფორმდა კიდევაც ხელშეკრულება ძმებ ორკოშნელებსა და „აქსისს“ შორის, რომლის მიხედვითაც „აქსისს“ მამუკა ორკოშნელისთვის უნდა გადეხადა 486 ათასი დოლარი, მაგრამ მხოლოდ 90 ათასი მისცა. დანარჩენი თანხა 2009 წლის აპრილამდე უნდა დაეფარა და ეს პირობაც არ შეუსრულებია. იგივე დროს გაფორმდა ხელშეკრულება მერაბ ორკოშნელთანაც, რომლისთვისაც „აქსისს“ 318 ათასი უნდა გადაეხადა. სინამდვილეში მას გადაუხადა მხოლოდ 15 ათასი და მასთანაც დავალიანება დაიტოვა. 2009 წელსაც რომ ვერ გაისტუმრა ვალი კომპანიამ, ძმებ ორკოშნელებს შეჰპირდა, საირმეზე აგიშენებთ ბინებსო, მაგრამ „აქსისის“ მშენებლობა საირმეზეც დაუსრულებელია. სხვა აქციონერების მიწის ნაკვეთებიც გადმოიტანა თავის დროზე „აქსისმა“ საკუთრებაში, მაგრამ ამ მიწების გასხვისება მოასწრო. ყველა აქციონერს დღემდე ჰპირდებოდა, რომ 2014 წლის სექტემბერში მაინც დაიწყებდა მშენებლობას ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ნოემბერი დადგა და არანაირი მშენებლობა არ წამოუწყია _ მან კიდევ მოატყუა აქციონერები, რითაც ხანდაზმულობის ვადებს ჭიმავს და პასუხისმგებლობას თავიდან  ირიდებს.

_ ასეთ საქმეებზე  ხანდაზმულობის ვადები როგორია?

_ უძრავ ქონებაზე ხანდაზმულობა 6 წელია, მოძრავზე და ვალდებულებებზე კი _ 3. ზოგიერთ აქციონერს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა, ამიტომ ისინი „აქსისს“ ვეღარ შეედავებიან.

ბოჭორმის ქუჩაზე კუთვნილი მიწის გამო „აქსისს“ შალვა  დუღაშვილიც უჩივის. ამ ორმა ადამიანმა გაბედა და უჩივლა კომპანიას, თანაც ბაჟის გადახდა ყველას არ შეუძლია, ამასობაში კი ხანდაზმულობის ვადაც გადის. ზოგსაც „აქსისი“ დაპირებებით კვებავს.

_ „აქსისმა“ ბოჭორმის ქუჩაზე მიწის ნაკვეთები თუ იყიდა, მერე ის რატომღა გაყიდა?

_ ნაკვეთები შემდგომ ისეთ კომპანიებს მიჰყიდა, სადაც წილი თავადაც აქვს. ეს გახლავთ: „იპოდრომი-2“ და „იპოდრომი-3“, სადაც შპს „აქსისს“ 50-პროცენტიანი წილები აქვს. სხვა კომპანიებისთვის ტერიტორიების მიყიდვა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად სჭირდება. უნდოდა მოეჩვენებინა, რომ მას ეს ქონება აღარ ჰქონდა.

„აქსისის“ მოქმედების სქემა ასეთია: როცა თავის სახელზე არეგისტრირებს მიწის ნაკვეთს, მერე იქ აუცილებლად შეჰყავს ამხანაგობა, ან შვილობილ  კომპანიაზე აფორმებს. ბოჭორმის ქუჩაზე სწორედ ასეთ კომპანიაში დავაყადაღებინეთ „აქსისის“ წილი. მოსარჩელე ორკოშნელებს სარჩელი, ალბათ, აუცილებლად დაუკმაყოფილდებათ, რადგან „აქსისისგან“ მათი ვალდებულების  დაუკმაყოფილებლობა თვალნათელია. არა მგონია, სასამართლომ თავი გაიგიჟოს და თქვას, რომ „აქსისს“ ვალდებულება არ აქვს. მათი ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. როცა სასამართლო ამ ორ გარემოებას გაიზიარებს, „აქსისს“ ზარალის ანაზღაურების სახით დაეკისრება ორკოშნელებისა და დუღაშვილის დავალიანების თანხა. ამის შემდეგ როგორ მოხდება ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება, ეს კიდევ სხვა თემაა და აღსრულების პროცესში გაირკვევა.

_ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ორკოშნელებმა თავად „აქსისს“ თუ მიმართეს? რას ამბობს „აქსისი“, რატომ მოიქცა ასე, მიზეზებს არ ასახელებს?

_ ჩვენ მას გავუგზავნეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ დაარღვია ვალდებულებები. ვადაც მივეცით, ნებაყოფლობით რომ გადაეხადა  გასასტუმრებელი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში წავიდოდით. ვადა 2014 წლის 31 ივლისამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ როცა არც ამ დროში გაისტუმრეს, სხვა გზა არ გვქონდა და სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ. „აქსისი“ დაუკავშირდა ჩემს მარწმუნებელ ორკოშნელებს და სთხოვა შეხვედრა, მაგრამ ისევ დაიწყეს მათი მოტყუება. როცა „აქსისსზე“ გადაფორმებულ ქონებას ყადაღა დაედო, ის მაშინვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში და ორკოშნელებთან პირადი მოლაპარაკებაც ჩაშალეს. ჰგონიათ, რომ ყადაღას აპელაცია გააუქმებს, მაგრამ ასე არ იქნება. დუღაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ყადაღა უკვე დატოვა ძალაში და „აქსისს“ საჩივარი არ დაუკმაყოფილა. დუღაშვილმა იმ დროს იჩივლა, როცა „აქსისს“ მისგან მიღებული ქონება მესამე პირზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაფორმებული. მათ ქონებაზე ყადაღა აპელაციამ ძალაში დატოვა. ახლა კი, სანამ სასამართლო არ დასრულდება, ყადაღაც ვერ აიხსნება. მესამე პირებზე სასწრაფოდ იმიტომ აფორმებს „აქსისი“ ქონებებს, ამ ფორმით ხელში ჩაგდებული მიწის ნაკვეთები რომ არ დაუყადაღონ. ორკოშნელებმა სარჩელი რომ შეიტანეს, ბოჭორმის ქუჩაზე მათი ყოფილი ნაკვეთი „აქსისს“ უკვე გადაფორმებული ჰქონდა სხვა კომპანიაზე, ამიტომ იმ კომპანიაში დაყადაღდა „აქსისის“ წილი.

_ მესამე პირზე ხელში ჩაგდებული ქონების სასწრაფო გადაფორმება არის თუ არა თაღლითურ-მაქინაციური სქემის ერთ-ერთი ფორმა?

_ ორკოშნელმა თავის მოთხოვნას დაამატა ისიც, რომ „აქსისის“ მოქმედება თვალთმაქცურად შეფასებულიყო, მაგრამ სასამართლომ მოთხოვნა არ მიიღო, _ ეს სხვა სარჩელის საგანიაო. სხვა სარჩელი რომ აღეძრა ორკოშნელს, კიდევ 3 ათასი უნდა გადაეხადა ბაჟის სახით, ამიტომ თავი შეიკავა. ასეთ გარიგებებს სამოქალაქო სამართალში თვალთმაქცური გარიგება ჰქვია. „აქსისმა“ ვისზეც გაასხვისა ეს ქონება, მისი პარტნიორი და შვილობილი კომპანიაა, ამიტომ ეს გახლავთ თვალთმაქცური გარიგების კლასიკური ნიმუში. თუ გამომძიებელი მასში თაღლითურ ნიშნებს ნახავს, შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. ასეთი თვალთმაქცური გარიგებები მარტო დეველოპერულ კომპანიებს არ სჩვევიათ, ასეთია ვალდებული პირების ფსიქოლოგიაც. ყველა მათგანი ცდილობს თავისი ქონება აარიდოს კრედიტორებს. მესამე პირებზე ქონების გადაფორმება თაღლითობის იგივე ფორმაა, რასაც ზოგჯერ, ქონების დამალვის მიზნით, ჩინოვნიკები და სხვა კერძო პირები იყენებენ, შემდგომი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. პირად ქონებას ხშირად სიდედრებსა და ნათესავებზე აფორმებენ. ბევრი შემთხვევაა, როცა სასამართლომ გააბათილა მსგავსი თვალთმაქცური გარიგებები.

 

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი