„ქვეყანაში არსებობს მაღალი მორალის ჯანდაცვის მინისტრი და მასთან შეხვედრას ვითხოვ!“

errr

ოთხი შვილის დედას, ციური ბაქრაძეს, ორი შვილი მძიმე ავადმყოფი ჰყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის წლებია, მუხლჩაუხრელად იბრძვის. ნერვიულობის გამო მეუღლე უკურნებელი სენით დაუავადდა და რამდენიმე თვის წინათ ისიც ხელიდან გამოეცალა. ქალბატონმა ციურიმ მისი ოჯახის საოცრად ტრაგიკული ისტორია მოგვიყვა და იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებმაც, მისი თქმით, არც დედის ტკივილი და დარდი მიიტანეს გულთან და არც საკუთარი ვალდებულებები შეასრულეს. საქმე ეხება ორი ავადმყოფი ახალგაზრდის დახმარებასთან დაკავშირებული გულგრილობის ფაქტებს, რომელშიც დედა ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს ადანაშაულებს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ციური ბაქრაძე:

_ ტყუპი შვილებიც მყავს. ერთ-ერთს ღუდუშაურში გავუკეთეთ ოსტეომიელიტის ოპერაცია, რის შემდეგადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამი თვე გავატარეთ ღუდუშაურის საავადმყოფოში და ვატყობდი, რომ საშველი აღარ იყო. ანგელოზივით ბავშვი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. დედა ვარ, შემეშინდა, შვილი ხელიდან არ გამომცლოდა და ოთხი პატარა ბავშვით საავადმყოფოდან პირდაპირ მოსკოვში ისე წავედი, საბნებიც იქ დავყარე. ბავშვები მოსკოვში ნისიად ჩავიყვანე, მაგრამ დედის ინსტინქტი მამოძრავებდა და წინ ვერავინ და ვერაფერი დამიდგებოდა. ამის შემდეგ უკვე მეორე შვილს დაემართა ლეიკოზი. მაშინ მეუღლეც ცოცხალი მყავდა, მაგრამ პატიოსანი შრომით ორი ასეთი ავადმყოფი შვილის მიხედვა და მათი გადარჩენა როგორ წარმოგიდგენიათ? ღმერთმა არავის წარმოადგენინოს, რაც ჩვენ გადავიტანეთ. როცა თბილისიდან გავიქეცით, აქ არსებული ოთხი კედელი დაგირავებული დავტოვეთ და ის ფული ჩემი შვილის ოპერაციაში დავხარჯე. სხვანაირად, ალბათ, ვერც მოვიქცეოდი. ჩემს ამჟამინდელ ემოციას დიდი საფუძველი აქვს, რადგან ცხოვრების ამ მეტად რთულ გზაზე დავინახე უდიდესი ბიუროკრატიზმი, უგულობა, არაპროფესიონალიზმი და სხვა ბევრი მანკიერი რამ. თანამდებობის პირები მხოლოდ იმას ცდილობენ, ზემდგომებს დაანახონ, ვითომ რამეს აკეთებენ, თუმცა, რეალურად, ხალხისთვის არაფერი კეთდება.

_ იქნებ, უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ, რა შეგემთხვათ?

_ 2004 წელს, მოსკოვში წასვლის შემდეგ, საქართველოში პირველად ჩამოვედი. ჯანდაცვის სამინისტროში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, საკმაოდ სერიოზული დოკუმენტაცია მივიტანე _ ვაჟიშვილს უკვე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მოსკოვში, გოგონა კი ქიმიოთერაპიაზე მყავდა. საქაღალდეში ჩემი შვილების დიაგნოზები, ქვითრები და ყველა ის საჭირო დოკუმენტი მედო, რაც მოსკოვში, სტაციონარებში ყოფნისას შევაგროვე. საქართველოში ამით ერთჯერადი დახმარება ვითხოვე. ჯანდაცვის მინისტრსაც გავუგზავნე წერილი, მაგრამ სრულიად სხვა ადამიანისგან მივიღე პასუხი, _ ფინანსები არ გვაქვსო. სანამ მინისტრს წერილს გავუგზავნიდი და ამ დახმარებას მოვითხოვდი, სამინისტროს პირველ სართულზე, ამ სტრუქტურის ყოფილ მაღალჩინოსანს, თამარ მანჯავიძეს შევხვდი. მომისმინა და მითხრა, _ რა ვქნა, გენაცვალე, რუსეთში რომ არ მკურნალობდეთ ბავშვებს, შეიძლება დავხმარებოდითო. არადა, რუსეთში სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვით წავედით. საქართველოს მოქალაქეს რუსეთში, დარღვეული ვიზით, პასპორტი არ გამიფუჭეს, მდგომარეობა რომ გაიგეს, იქ დამეხმარნენ, ჩემს ქვეყანაში კი ყველანაირ დახმარებაზე უარი მითხრეს.

რუსეთიდან პირველი დეპორტაციები რომ დაიწყო, ოთხივე შვილი ბაქოში მანქანით მყავს ჩაყვანილი, მაგრამ მათი კლინიკების გარეშე ჩემი შვილები ვერ იცოცხლებდნენ. მაშინაც მივაკითხე ჩვენს სამინისტროს, ის დოკუმენტები მაინც რომ დამებრუნებინა, რომელიც ჩავაბარე, მაგრამ მისი ნაწილი მაინც რომ ჩამეგდო ხელში, ამაზეც ომი გადამხდა, დოკუმენტებს აღარ მიბრუნებდნენ. ამ ნერვიულობის დროს თავადაც ინსულტი დამემართა და ყველანი უფროსი გოგონას მისახედები გავხდით. რუსეთში ჩვენი ყოფნის პერიოდში ჩემს ავადმყოფ ბავშვებს პენსიები შეუწყვიტეს, თუმცა დღემდე საქართველოს მოქალაქეები ვართ და რუსეთის მოქალაქეობაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია. ძლივს აღვადგენინე ჩემი შვილების წართმეული პენსიები. 2010 წელსაც მივმართე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ტყუპისცალს მორიგი ოპერაცია სჭირდებოდა, მე კი ამის საშუალება არ მქონდა. მას მუხლთან ძვლები ერთმანეთს  დაცილებული აქვს და თავისით წინდასაც ვერ იცვამს. პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტშიც ვიყავი, მათ შუამდგომლობები ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნეს და უთხრეს, დახმარება გაუწიეთ, მიხედეთო. სამინისტროში მინისტრის მრჩეველსაც შევხვდი, მაგრამ მიპასუხა, _ ასეთი შუამდგომლობები იცით, რამდენი მოდის პარლამენტიდანო? როცა აქ გამოგიშვეს, ფულიც ვერ მოაყოლესო? აგდებულად, ცინიზმით მესაუბრა და გამომიშვა. ისიც ვერ გავიგე, როგორ შეიძლებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს პარლამენტარი სასაცილოდ აეგდო?! ბოლოს მითხრეს, დოკუმენტაცია შემოიტანეო. ვიფიქრე, ალბათ, ახლა მაინც რაღაც გადაწყვიტეს, სინდისმა შეაწუხათ და მეხმარებიან-მეთქი. საკმაო ფული დავხარჯე დოკუმენტების შესაგროვებლად, მაგრამ  ამჯერადაც ტყუილად მივიტანე. ჩემს შვილს ეს ოპერაცია დღემდე ვერ გავუკეთე.

_ გასაგებია, მართლაც მძიმე დღეები გამოგივლიათ და ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ახლა რას  სთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს?

_ წლებია, რკინის ქალამნები მაცვია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ შვილებს რომ მივხედო. ასეთი ადამიანების ხელში ჩემი ჯანმრთელობაც უკან-უკან მიდის. მადლობა ღმერთს, რომ კეთილი ხალხიც მხვდებიან ზოგჯერ და ყველა ისეთი არ არის, როგორებიც ჯანდაცვის სამინისტროში არიან. რუსეთში საკმაოდ მტკივნეული ისტორიით წავედი. ჩემს მეორე შვილს, გოგონას, ნეიროლეიკოზი ჰქონდა. მას მთლიანად იქ ვუმკურნალე, თუმცა აქაც მომიწია ექიმებთან შეხება. მოსკოვიდან რომ პირველად ჩამოვედით, აქ მივიყვანე ექიმთან და ავუხსენი, რომ ორი წელი ბავშვი ინტენსიურ ქიმიოთერაპიაზე გვყავდა და გარკვეული პროგრამითა და მედიკამენტებით ვმკურნალობდით. ვუთხარი, რომ მხოლოდ დროებითი მეთვალყურეობა მჭირდებოდა და მასთან ამიტომ მივედი. მთელი ისტორია და ჩატარებული კურსი გადავუშალე წინ, მაგრამ არც დაუხედავს, ისე მომიგო, _ მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთო. ცოტა შტერი დედა რომ ვყოფილიყავი და დავთანხმებოდი, არ ვიცი, ჩემი შვილი ცოცხალი მეყოლებოდა თუ არა. საცდელი კურდღლებივით უყურებენ ავადმყოფებს. არ ჩაიხედა მედიკამენტის დანიშნულებაში, ისტორიაში და კუნთში გასაკეთებელ ქიმიას ბავშვს ვენაში უკეთებდა. ეს პატარა შეცდომა არ გეგონოთ. ისევ ჩემს შვილს რომ არ ეთქვა, _ რას აკეთებთო?! _ შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო. ეს არ არის ერთადერთი ასეთი შემთხვევა ქართულ ჯანდაცვასთან ურთიერთობიდან, ეს მდგომარეობა ჯანდაცვაში ამჯერადაც არ შეცვლილა. დღესაც ამაოდ ვითხოვ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას. წინა მინისტრებთანაც  ვცდილობდი ამას, მაგრამ ვერც მაშინ შევძელი და ვერც ახლა ვახერხებ. რიგითი ადამიანისთვის ესეც კი მიუღწეველი ყოფილა. ხელისუფლებიდან `ნაციონალები~ წავიდნენ, ჩემი ოჯახის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, მეუღლე გარდამეცვალა. ორი შვილი საქართველოში ჩამოვიყვანე, ორი კი კვლავ რუსეთში დავტოვე, რადგან იქაური ექიმების გარეშე მათი ჯანმრთელობა შეიძლება ყოველ წუთს გაუარესდეს, მე კი ხან აქ ვარ და ხანაც _ იქ. წარმოიდგინეთ, ამისთვის რამდენი თანხაა საჭირო. აქ მყოფ ერთ-ერთ შვილს უმაღლესში სწავლის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მან მოსკოვში დაამთავრა სკოლა, უამრავი პრობლემა შეუქმნეს.

ჯანდაცვის სამინისტროში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჩაჩავასთან მივაღწიე, მაგრამ მანაც დოკუმენტები მომთხოვა. ხომ გითხარით, რამდენჯერაც მაქვს ჩემი შვილის ავადმყოფობის საბუთები ამ სამინისტროში მიტანილი და ხომ უნდა ინახებოდეს იქ? მინისტრები იცვლებიან, მაგრამ დოკუმენტებიც ხომ არ უნდა იკარგებოდეს? იქამდე მიმიყვანეს, სამინისტროში   პატრული გამოვიძახე, მაგრამ ოქმში არ დააფიქსირეს, ამ  შენობაში რომ მოხდა ინციდენტი და ისე გამოიყვანეს, თითქოს  გამოძახება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან მოხდა. ამის შემდეგ კიდევ მივაკითხე სამინისტროს და მარიამ ჯაშს შევხვდი. ქალბატონ მარიამთან ნორმალურად საუბარი მისმა მდივანმა არ გვაცალა, იმდენჯერ შემოვიდა და გავიდა. ისე დამაბნია ისედაც გაუბედურებული ქალი, რომ სათქმელს თავი ვეღარ მოვუყარე. მიუხედავად ამისა, ჯაში რაღაცებს შემპირდა, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ შეხვედრიდან ძალიან მალე ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და, ცხადია, მისმა დაპირებებმაც აზრი დაკარგა. ჯაშთან შეხვედრის შემდგომ დავრწმუნდი, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა ვნახო. არ ვიცი, დავით სერგეენკო რამდენად გაიზიარებს ჩემს მდგომარეობას და  დახმარებას გაგვიწევს, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამწარებულ დედას და ქალს მხოლოდ მისი იმედი მაქვს. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ცოტა უფრო მაღალი მორალის ჯანდაცვის მინისტრი და  მინდა მას ვკითხო, _ რადგან ჩემი შვილები მათი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო რუსეთში მკურნალობდნენ  და ცხოვრობდნენ, საქართველოს ხელისუფლება ამ მიზეზით შეიძლება, რომ არაფერში არ ეხმარებოდეს? შეიძლება, რომ ავადმყოფ ადამიანებს ხელი ჰკრას?! ისინი ხომ კვლავ საქართველოს  მოქალაქეები არიან? საქართველოს მთავრობას მათი სიცოცხლის შენარჩუნება ეწყინა?! ჯანდაცვის მინისტრს ჩვენი მდგომარეობის შესახებ მინდა მოვუყვე და ერთჯერადი დახმარება ვთხოვო. კიდევ ის მინდა ვუთხრა სერგეენკოს, რომ სამინისტროში მას ისევ ის კადრები უზის, ვინც ჯანდაცვაში ამდენი ხანი მე და ჩემს შვილებს გვაწვალებდა და ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე უარს მეუბნებოდა. ეს ადამიანები ვერავის დაეხმარებიან და ვერც ჯანდაცვაში გააკეთებენ კეთილ საქმეებს. არადა, ამ სტრუქტურას სწორედ გულისხმიერი ადამიანები სჭირდება და მინისტრი რატომ არის მიუწვდომელი, მართლა ვერ გამიგია. გაუბედურებულ დედას რატომ მეუბნებიან ამაზე უარს, ეს მაინც ხომ უნდა მითხრან? შვილების მოსკოვში მკურნალობისთვის მსჯის ჩემი ქვეყანა და თქვენ, ჟურნალისტები, მაინც რამენაირად უნდა დამეხმაროთ, ჯანდაცვის მინისტრს რომ შევხვდე და ეს ყველაფერი პირადად ვუთხრა.

 

                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი