ისტორია დაწერილია _ აკა და გვანცა ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

გიორგი საკარული

ისტორია დაწერილია _ აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში.

ჩემპიონატი ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამით გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ექვსეული კი ასე გამოიყურებოდა: 1-ელი ადგილი _ საქართველო, მე-2 ადგილი _ ამერიკის შეერთებული შტატები, მე-3 ადგილი _ ბულგარეთი, მე-4 ადგილი _ გერმანია, მე-5 ადგილი _ გერმანია, მე-6 ადგილი _ ჩეხეთის რესპუბლიკა.

აკასა და გვანცას თანაცხოვრება და კარიერული მოღვაწეობა 20 წელზე მეტს მოიცავს. სწორედ დაუღალავმა და თავდაუზოგავმა შრომამ გაუნათა მათ ის გზა, რომელიც ბნელი გვირაბიდან გამოდიოდა. ის ერთადერთი წყვილია საქართველოდან, რომელსაც მოგებული აქვს ევროპისა და ყველა საერთაშორისო კონკურსი. ახლა ისინი ორმაგად ამაყები არიან, რადგან საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებიც გახდნენ.

აკასა და გვანცას ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ გაზეთის ფურცლები ნამდვილად არ გვეყოფა, თუმცა ვეცადეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელიც თქვენც დაგაინტერესებდათ.

„ქრონიკა+“-სთან წყვილმა ისაუბრა ამ დიდ გამარჯვებაზე, დაფასება-დაუფასებლობაზე, რთულ გზასა და საერთაშორისო წარმატებაზე.

გვანცა ციხელაშვილი:

_ სპორტის ყველა სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება წელიწადში ერთხელ და რომელი ქვეყანაც იყიდის ლიცენზიას, იქ იმართება ხოლმე. ჩვენ, როგორც ყოველთვის, უკვე 11 წელია, წარმოვადგენთ საქართველოს, როგორც პირველი წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე. რამდენიმე წელი ვიყავით ფინალისტები და ველოდებოდით, როდის დადგებოდა ის დრო, რომ გავიდოდით ამ ჩემპიონატზე, დავწერდით ისტორიას და გავიმარჯვებდით. შარშან ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ დრეზდნეში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პირველად გავიმარჯვეთ და მოვიტანეთ ეს ტიტული. ეს იყო საოცარი შეგრძნება და გამარჯვება, რადგან გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. წელს, უკვე მეორედ, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, სადაც ორგზის მსოფლიო ჩემპიონები გავხდით.

_ როგორი იყო თქვენი ემოციები?

_ არ ვიცი, შეუძლებელია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. ძალიან რთულია მოპოვება, მაგრამ მოპოვებული ტიტულის დაცვა ყოფილა საოცრად რთული, სტრესული, თუმცა ჩვენ რისი სპორტსმენები ვართ, ამდენი წლის გამოცდილებით რომ ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდეთ. საქართველო წარმოვაჩინეთ მართლა საამაყოდ, ეს იყო 100- პროცენტიანი გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ ახლოს ვერცერთი ქვეყანა ვერ მოგვიახლოვდა.

_ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?

_ ძალიან ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ ჩვენს მთავარ კატეგორიაში იყო 15 ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით. ფინალური შედეგი ასე გამოიყურება: საქართველო _ პირველ ადგილზე, აშშ _ მეორე ადგილზე, მესამე ადგილს ბულგარეთი იკავებს, მეოთხესა და მეხუთეზე გერმანია გავიდა, რადგან ორი წყვილი ჰყავდა წარმოდგენილი და მეექვსეზე _ ჩეხეთი.

_ მსგავსს კონკურსებზე  საუკეთესოებს არჩევენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვსაუბრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე, იქ მოხვედრა არცთუ ისე ადვილია. გარდა იმისა, რომ თქვენ, როგორც წყვილი, ხართ საუკეთესოები, ყველა ხედავს, თუ როგორ შრომას და დიდ ენერგიას დებთ ამ საქმეში, ხართ საოცრად მიზანსწრაფულები. რა არის ის მთავარი, რითაც თქვენ ასე იქცევთ ყველას ყურადღებას და ზედიზედ ხდებით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები? მოკლედ რომ გვითხრათ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

_ არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოში კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ თუ მსოფლიო ბაზარზე გვეკითხებით, გეტყვით, რომ ისეთ არანორმალურ შრომას, როგორსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, არა მგონია, რომელიმე წყვილი დებდეს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ 20 წელზე მეტია, რაც ყოველდღიურად დილიდან საღამომდე სულ ვვარჯიშობთ.

აკა მოდებაძე, მოცეკვავე:

_ ვარჯიშის მიღმა აუცილებელია, რომ მენტალურად და განათლებით ვიყოთ სხვებზე მეტი. განათლება გულისხმობს იმას, რომ მუსიკალური რიტმები კარგად შევისწავლოთ, ტექნიკურად გავმართოდ ჩვენი სხეული, ანუ თუ არ ვვარჯიშობთ ფიზიკურად, ვვარჯიშობთ გონებივრად, შესაბამისად, სულ გვიწევს ვარჯიში და სწავლა.

გვანცა:

_ გარდა ამისა, ხშირად მსმენია, რომ ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნიჭი გამორჩეულ ადამიანებს აქვთ. შრომისმოყვარეობა აუცილებლად სჭირდება ნიჭს, რადგან შრომისმოყვარეობის გარეშე ნიჭი არაფერია. მადლობა ღმერთს, ჩემი ცხოვრების მეგზური, პარტნიორი და ყველაფერი არის აკა, რადგან მისნაირი უარმაზარი გალაქტიკის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის უნარის მქონე ადამიანი აქამდე არ მინახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს იტყვის აკა. ორივეს გვაქვს რაღაც გამორჩეული ნიშა, რომელიც ჩვენ თვითონაც არ ვიცით, საიდან მოდის. გრძნობ რაღაც ძალიან დიდ შინაგან ძალას, რომლითაც გრძნობ, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, ეს ძალა საიდან და როგორ გაქვს.

_ საქართველოში კონკურენტები არ გვყავსო…

_ დიახ, იცით რა ხდება? მოცეკვავეები არსებობენ, მაგრამ კონკურენტები ნამდვილად არ არიან, რადგან მსოფლიო ბაზარზე ერთადერთი წყვილი ვართ მე და აკა, რომელიც გავედით და მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თან ორგზის. ამ ყველაფერს სჭირდება სხვანაირი შრომა, მონდომება, სხვანაირი მიდგომები, რაც საქართველოში არავის აქვს.

_ სხვანაირი მიდგომები ახსენეთ და ამაზე რომ მითხრათ, როგორია თქვენი მიდგომები, რაც სხვას არ გააჩნია. თქვენ 20 წელია, ერთად ცეკვავთ და ცოტა მეტიც, ამავდროულად, ხართ ცოლ-ქმარი, გაქვთ შესანიშნავი შერწყმა, სხეულს გრძნობთ ბოლომდე, ემოციას, რიტმს, ვნებას, ყველაფერს ერთად. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ ფაქტორმაც განაპირობა თქვენი ასეთი წარმატება და ეს ყველაფერი გამოგარჩევთ სხვა მოცეკვავეებისგან?

აკა:

_ ჩვენი თანაცხოვრება იმით მოქმედებს ჩვენს წყვილზე, რომ გვაქვს მეტი გამძლეობა და ერთი მიზანი, მხოლოდ ეს კავშირი აქვს ჩვენს სიყვარულს, თორემ საქმის მიმართ მე და გვანცა ვართ ძალიან ობიექტურები, უფრო მკაცრები, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრები შეიძლება იყვნენ. შეიძლება ვნება იყოს, სიყვარული აჩვენო, მაგრამ თუ არ არის ტექნიკა და სწორად არ არის გამართული წყვილის მოძრაობა, სიყვარულის გამო არავინ დაგვიწერს მაღალ ქულას.

გვანცა:

_ ცოლქმრობა გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და მთელი ჩვენი ცხოვრების ტემპი მიმართულია ამ მიზნისკენ. რაც შეეხება თვითონ საცეკვაო მოედანს, ჩვენ როგორც ვართ ტექნიკური წყვილი, ასევე გვახასიათებს ძალიან კარგი სამსახიობო ნიჭი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველა მოცეკვავეს. თუ ადახედავთ სხვა მოცეკვავეების ცეკვას, თითქმის ერთნაირია, ხანდახან ვერ გაარჩევ, ეს არის „ჩაჩაჩა“, „სამბა“, „ჯაივი“ თუ რა. ხშირდ არის ისე, რომ ქალი და მამაკაცი დაკარგულია წყვილში, ორივე გამოიყურება ან ძალიან უხეშად ან რბილად და ნაზად. ჩვენ გვახასიათებს ის, რომ თითოეული ცეკვის ხასიათს გამოვხატავთ და ამაში არ გვეხმარება ჩვენი ერთად ყოფნა, ამაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალიზმი. საცეკვაო მოდანი, ისევე როგორც სავარჯიშო სივრცე, არის ცალკე და პირადი ცხოვრება _ აბსოლუტურად ცალკე.

_ როგორც ვიცი, თითოეული ცეკვის კოსტიუმს, მუსიკას, განათებას, დადგმას თქვენ ირჩევთ.

_ კი, ჩვენ ვირჩევთ. აკა არის ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი.

აკა:

_ ჩვენ ამიტომაც განვსხვავდებოდით ყოველთვის სხვებისგან. ჩვენს წყვილს აქვს მესიჯბოქსი, ანუ ცეკვა უნდა ეფუძნებოდეს რაღაც ისტორიას. როდესაც ცეკვაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ, ყოველთვის იყოს ახალი, კრეატიული დადგმები.

გვანცა:

_ ქორეოგრაფია იქნება, მუსიკა თუ სხვა რამ, ამ ყველაფერს აკეთებს აკა და ამიტომ ვამბობ, რომ ის ჯერ აქტიურ სპორტშია და აუცილებლად იტყვის მსოფლიო ქორეგრაფიაში თავის სიტყვას და გახდება „ემის“ მფლობელი. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რადგან თავისი შედევრებით მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამერიკის შეერთებული შატატების წყვილს ჰქონდა „გრემის“ მფლობელის ქორეოგრაფის დადგმა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მათ არა მარტო ცეკვით მოვუგეთ, არამედ ქორეოგრაფიაშიც გვქონდა ერთი ფოინთით მაღალი, ანუ მათ ქორეოგრაფიას მოუგო აკას ქორეოგრაფიამ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორეოგრაფიაში ვართ ძალიან გამართულები. რაც შემეხება მე, ვავსებ და ოდნავ დედამიწაზე ჩამომყავს და დადგმებს ქალურ მუხტს ვაძლევ.

_ თუმცა თქვენ, როგორც ქორეოგრაფებს, უკვე გაქვთ მიწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგვიყევით ამის შესახებ.

აკა:

_ სხვადასხვა წამყვანი სტუდიაა როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკაში. ჩვენ დისტანციურად ვირჩევთ 10-12 წყვილს, შემდეგ იქ ჩავდივართ და ვაკეთებთ დიდ შოუ პროგრამებს. ისინი რჩებიან, აგრძელებენ მუშაობას და ჩვენ უკან ვბრუნდებით. ახლა დიუსელდორფში გვაქვს მიწვევა, სადაც დიდ სცენაზე უნდა ვიცეკვოთ ჩვენი ყველა დადგმა, გერმანიის მთელი საცეკვაო ელიტა იქ იქნება და უნდა წარვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები.

გვანცა:

_ თქვენ წარმოიდგინეთ, სინგაპურის ახალი წელი გვაქვს გაკეთებული და ჰონკონგის. როგორც ჩვენთან ახალი წლის ღამეს ტარდება უამრავი ღონისძიება და ერთი _ მთავარი, ისეა იქაც, სწორედ იმ ქვეყნების მთავარი ღონისძიებები გვაქვს გაკეთებული. საქართველოში, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არასდროს მოგვცემია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან იმ თანხებს, რაც შემოდის ქორეოგრაფიიდან თუ ცეკვებიდან, მთლიანად ვახმართ ჩვენს სპორტსა და განათლებას.

აკა:

_ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ცეკვა ყველას შეუძლია, მაგრამ დააკმაყოფილო საერთაშორისო სტანდარტები, ეს მოითხოვს დიდ შრომას.

_ ნაცეკვი გაქვთ მსოფლიოს არაერთ დიდ სცენაზე, ახლა უკვე ხართ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფრიალებს საქართველოს დროშა, იღებთ უამრავ კომპლიმენტს, მხურვალე აპლოდისმენტებს, ოვაციებს, საჩუქრებს, ფულად ჯილდოს და დიდ აღიარებას. რას ნიშნავს ყოველივე ეს თქვენთვის და მაშინ როდესაც საქართველოში ბრუნდებით, რა რეალობა გხვდებათ აქ?

გვანცა:

_ ჩვენ ისეთი რთული გზა გვაქვს გავლილი, იმდენად დიდი და გრძელი იყო ეს გზა და მტკივნეული, რომ ამის მერე ამხელა გამარჯვებები მხოლოდ სულს უხარია. ეს ყველაფერი მოდის ძალიან რთული გზით. მახსოვს, რომ ჩვენ არ გვქონდა საცეკვაო დარბაზი, ქუჩაში ვვარჯიშობდით, ასფალტზე ვცეკვავდით საცეკვაო ფეხსაცმლით, ძალიან რთული პერიოდები გვაქვს გავლილი და ამის შემდეგ რომ მოდის ის ყველაფერი, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ჩვემთვის არის, პირველ რიგში, უდიდესი გამარჯვება, სიამოვნება, სიტყვებით მიჭირს გადმოცემა.

აკა:

_ პატარა ბომბას ვგავართ, ისეთი ბედნიერები ვართ ხოლმე.

გვანცა:

_ გერმანელი მწვრთნელი გვყავს და, ძირითადად, ნახევარზე მეტი გერმანიაში ცხოვრება გვიწევს. როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან გვქონია შემოთავაზება, სულ გვეუბნებიან, რატომ გამოდიხართ საქართველოს სახელითო. ყველას უკვირდა ეს. ჩვენ ძალიან დიდ თანხებზე, ფუფუნებაზე გვითქვამს უარი. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, ზედმეტად ხომ არ მაქვს ეს პატრიოტიზმი გამჯდარი-მეთქი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, არ ვიცი, ალბათ, ოჯახიდან გამომდინარეც, რადგან მამა სულ მეხვეწებოდა, რომ საქართველოს სახელით გამოვსულიყავი ყველგან. მე და აკა სულ მყარად ვიდექით ამ პოზიციაზე.

აკა:

_ საქართველოში რომ ჩამოვდივართ, ოდნავ სიწყნარეს და არადინამიკურობას ვგრძნობ.

გვანცა:

_ ერთადერთი საქართველოში რასაც ვგრძნობთ, ეს არის ხალხის სიყვარული. ვფიქრობ, ჩვენი სპორტი უფრო მეტად უნდა ამოიწიოს ჩვენს ქვეყანაში და მეტი დაინტერესება რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. ბევრს აქვს ნათქვამი, რომ საქართველო ვერ გაფასებთ და ა. შ., მაგრამ მე ვერ ვგრძნობ ამას, რადგან აქ როდესაც ჩამოვდივართ, თითქმის ყველა არხი გვიკავშირდება, მიწვეულები ვართ სტუდიებში, იწერება ჩვენზე ბეჭდურ მედიაშიც, იყო რაღაც დახმარებებიც, გადმოგვცეს ფინანსები, გადმოგვცეს ჯილდო, არის რაღაც-რაღაცები, ნამდვილად არის, ვერ ვიტყვი, რომ ყურადღების მიღმა ვართ, მაგრამ, ალბათ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თვითონ ამ დარგს, რადგან ისტორიაში პირველი გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონობა, ჩვენ მოვიპოვეთ.

_ პოპულარობა ნამდვილად გაქვთ, ხალხის დიდი სიყვარული ნამდვილად დაიმსახურეთ, ქართული მედიაც ინტერესდება თქვენით და კარგია, რომ შუქდება ეს წარმატებები, მაგრამ აქ საუბარი მაქვს ფედერაციაზე, კულტურის სამინისტროზე, თვითონ სახელმწიფოს როლზე, რომ მათგან წამოვიდეს მეტი მხარდაჭერა და დაფასება, რადგან თქვენ, როგორც წყვილმა, საქართველოს მოუტანეთ დიდი აღიარება, მსოფლიოს მასშტაბით ჟღერს ქართული ჰიმნი და ფრიალებს საქართველოს დროშა. აქ მხოლოდ აკასა და გვანცაზე არ არის საუაბრი, არამედ ქვეყნის წინსვლასა და აღიარებაზე. მით უმეტეს, თქვენი ხელმძღვანელობთ მსოფლოს ორ უდიდეს ადგილზე ახალი წლის სააღამოებს დგამთ და საქართველოში ამ დროს არცერთ სახელმწიფო ღონისძიებაში არ გაქვთ მონაწილეობა მიღებული, ალბათ, გულდაწყვეტილები იქნებით მაინც…

_ სიმართლე გითხრათ, კულტურის სამინისტრომ დაგვიფინანსა ერთი ტურნირი შტუტგარდში, სადაც ათი ათასკაციან დარბაზში ვიცეკვეთ და ყველა ფეხზე წამოგვიდგა, წარმატება მოვუტანეთ საქართველოს და მერიიდან არის ხოლმე დაჯილდოებები. საქართველოში გამართულ ღინისძიებებს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნეთ, სინგაპურმა და ჰონკონგმა ჩაგვაბარა მთლიანი ახალი წლის ღონისძიებები და შევქმენით უდიდესი შოუ. რატომაც არა, რომ ერთხელ საქართველოშიც გავაკეთოთ.

არასდროს მითქვამს და პირველად თქვენ გეუბნებით, ერთ-ერთი საერთაშორისო მუსიკალური მოვლენა იყო, სადაც ქართველი მომღერალი უნდა წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და პირველად ჩემს ცხოვრებაში აქეთ შევთავაზე და ვუთხარი, ვინც ვიყავი, ეს გამიკეთებია, ასე გამიკეთებია, ანუ საკუთარ თავი გავაცანი, შევთავაზე, რომ სცენოგრაფიას და ქორეოგრაფიას ჩვენ გავუკეთებდით და მისი პასუხი არ გაინტერესებთ? _ მე უცხოელები მირჩევნია.

_ რა რეაქცია გქონდათ?

აკა:

_ სიმართლე გითხრათ, ამ ფრაზამ ძალიან გაგვაბრაზა.

გვანცა:

_ ამ ფრაზას არასდროს ვაპატიებთ და ბოლო იყო მსგავსი შეთავაზება ზოგადად ქართველისთვის ჩვენი მხრიდან. არ დავასახელებ მის სახელსა და გვარს, თქვენც მიხვდებით, ვისზე ვსაუბრობთ, მაგრამ ერთგვარი გულისწყვეტა გამოიწვია ამან ჩვენში და გაბრაზებაც. იმ თანხებს, რასაც სინგაპური ან სხვა ქვეყანა ჩვენ გვიხდის, არც კი დაესიზმრება არავის, მაგრამ აქ თანხებზე საერთოდ არ გვქონდა გათვლა, პირიქით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი მონაწილეობდა, გულწრფელად შევთავაზეთ, რადგან გვინდოდა, საუკეთესოდ წარმდგარიყო მსოფლიოს წინაშე, განსხვავებული სცენოგრაფია და ქორეოგრაფია გაგვეკეთებინა მისთვის, მაგრამ მისმა პასუხმა გამაოგნა. ცხოვრებაში აღარავის არაფერს შევთავაზებ.

აკა:

_ ვფიქრობ, მაყურებელი იმსახურებს ახალს და არა შაბლონურ ქორეოგრაფიას, რაც ევროპაში არავის უკვირს.

გვანცა:

_ იმ კონკრეტულ მუსიკალურ ნომერს სჭირდება სათანადო მუსიკალური შოუს დადგმა. ევროპას ვერ გააკვირვებ ვერაფრით, ეს უნდა იყოს სულ სხვა გათვლა, სხვა ემოცია, ადამიანს მესიჯბოქსი უნდა მიუტანო, ეს არ არის სცენა, სადაც შაბლონური სცენოგრაფია გაჭრის. სამწუხაროა, ამას საქართველო ჯერ ვერ ხვდება, სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც უნდა გამოიყენოს და არ იყენებს. მე ის მეწყინა, რომ საერთოდ რატომ შევთავაზე ამ ადამიანს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, საქართველო რჩება ყოველთვის უკან იმის გამო, რომ არ აფასებენ თავისას.

_ სამწუხაროდ და ეს საშინელი სენი ნამდვილად სჭირს საქართველოს, უფრო სწორედ, სნობიზმით დაავადებულ ქართველს, რომელიც თავისი ამბიციებით მარცხდება. აკა, გვანცა, რა არის თქვენს სფეროში, საქმიანობაში კულმინაცია, სადამდეც უნდა მიხვიდეთ და გაჩერდეთ?

აკა:

_ აი, ეგ არ გვაქვს და ძალიან კარგია, რომ არ გვაქვს. ამ სფეროს არ აღვიქვამთ მხოლოდ სამბად და ჩაჩაჩად. ზუსტად ეს არის, რომ შეგვიძლია ეს ცეკვები იქცეს სულ სხვა მიმართულებად, გამრავალფეროვნდეს, ჩვენ წინ გვაქვს სამსაჯო მომავალი, საქორეოგრაფო და ზოგადად დიდი გეგმები. მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, კარიერას არ ვასრულებთ, პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი.

გვანცა:

_ არ გვაქვს წერტილი. ჩვენი სფერო არის მრავალფეროვანი და საქართველოზე ორიენტირებულები არ ვართ, რადგან საქართველომ თავიდან არ მოგვცა ამის საშუალება. ეს ყველაფერი კი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენეთ. 25 წელზე მეტია, ვცეკვავ და ყოველთვის ვიყავი ყველაფრის ჩემპიონი, აღარაფერს ვამბობ აკაზე, რომელიც არაამქვეყნიურად სხვაგან არის, სხვა პლანეტაზე, ვგულისხმობ ცეკვის კუთხით. ბევრი რთული პერიოდი გავიარე კოლეგების დამოკიდებულებითაც და თვითონ საქართველომ მომცა ბიძგი მსოფლიოს დაპყრობის. ახლა ვინც ამ ინტერვიუს კითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ რაღაც მომენტში ძალიან რთულია საქართველოში ფეხის მოკიდება. მხოლოდ ნიჭით, შრომით და მონდომებით აქ ვერ მიაღწევ ვერაფერს, პატიოსანი შრომით ვერაფერს გააკეთებ, ძალიან მიჭირს ამის თქმა ჩემს ქვეყანაზე, მაგრამ ჯობს, სიმართლე ითქვას. იქნებ, როდესმე რამე გამოსწორდეს.