მეორადი ჩარიცხვების აღდგენა _ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილების მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები

vv

2012 წელს გაუქმებული აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების სისტემა აღდგენილია. საზოგადოებას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამცნო და განაცხადა, რომ საგამოცდო სისტემა კვლავაც მეორადი ჩარიცხვების გზით ივლის, ვინაიდან აბიტურიენტებს სიახლის გასააზრებლად მეტი დრო დასჭირდათ.

„სიახლე ეხება იმ სტუდენტებს, რომელბმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერც ერთ სასწავლებელში ვერ მოხვდნენ“, _ განაცხადა თამარ სანიკიძემ. შეგახსენებთ: მეორადი ჩარიცხვის სისტემა 2005 წლიდან არსებობს და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაძლიეს, მაგრამ სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩაირიცხნენ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შანსს აძლევს. აბიტურიენტებისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ სისტემას თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. საგამოცდო ცენტრის ოპონენტები ვარაუდობდნენ, რომ მეორადი ჩარიცხვების წყალობით უმაღლეს სასწავლებლებს შესაბამისი განათლების არმქონე და მოუმზადებელი კონტინგენტი მიაწყდებოდა. მეორადი ჩარიცხვების სისტემამ პრობლემები შეუქმნა უმაღლეს სასწავლებლებსაც, ვინაიდან 15 სექტემბრამდე გაგრძელებული პროცესის გამო უმაღლესი სასწავლებლები ვერ ახერხებდნენ სწავლის ეფექტურად დაგეგმვას და სტუდენტებთან ხელშეკრულებების დროულად გაფორმებას. 2012 წელს განათლების სამინისტრომ მეორადი ჩარიცხვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, იმავე წელს გადაწყვეტილების შეცვლა და მეორადი ჩარიცხვების „გამონაკლისის სახით“ დაშვება მოუწია. 2013 წლის ეროვნულმა გამოცდებმა მეორადი ჩარიცხვების გარეშე ჩაიარა, თუმცა ამ ფაქტით დამწუხრებულ აბიტურიენტებს, კომპენსაციის სახით, ასარჩევი ფაკულტეტების რაოდენობა შვიდიდან ოცამდე გაუზარდეს. რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდება: „აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე“. შესაბამისი ცვლილება შევიდა განათლების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანებაში „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“. გავრცელებული ინფორმაციით, აბიტურიენტები სწავლის უფლებას 2015 წლის იანვრიდან მოიპოვებენ.

2015 წლის ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი სიახლის შესახებ საზოგადოებას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ამცნო. აბიტურიენტებისთვის ეს სიახლეც პოზიტიურია და არჩევითი საგნების ნუსხაში სამოქალაქო განათლების დამატებას გულისხმობს. მიმინოშვილის განმარტებით, არჩევით საგანზე გადაწყვეტილება კონკრეტულმა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოს და დაადგინოს, იქნება თუ არა ეს საგანი სავალდებულო კონკრეტულ ფაკულტეტზე?

ეროვნული გამოცდების სიახლეებზე საკუთარი მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ „ქართული აკადემიის“ წევრს, ფიზიკოს გელა დოლიძეს:

_ დავიწყებ იმით, რომ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლების დამატება არაფრის მომტანი იქნება. რაც შეეხება მეორად ჩარიცხვებს, ასარჩევი ფაკულტეტების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად, ამ პრაქტიკის მიმართ უაღრესად ნეგატიურად ვარ განწყობილი და მავნებლობად მიმაჩნია. ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკაა, რომელიც სცდება განათლების სამინისტროს ფარგლებს.

_ დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

_ ვინაიდან მკაცრი მტკიცებულება არ მაქვს, ჩემს ვარაუდს მოგახსენებთ: ვიცით, რომ აბიტურიენტები ყველაზე აქტიურ და, კრიმინალური თვალსაზრისით, კრიტიკულ ასაკში არიან. ამ დროს ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არის და ახალგაზრდების დასაქმება ვერ ხერხდება. აქტიურ პერიოდში მყოფი ახალგაზრდა, სადღაც რომ დამაგრდეს და `ცუდ გზას~ არ დაადგეს, სახელმწიფოს ურჩევნია, უმაღლეს სასწავლებელში შეუშვას და ამაში ფულიც გადაახდევინოს. რა განათლებას მიიღებს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება და არა იმისთვის, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს ვინმე.

_ 2014 წლის ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. გამოცდების მიმდინარეობის დროსაც ხშირი იყო პრეტენზიები ტესტებში აღმოჩენილ უზუსტობებსა თუ საგამოცდო ხარვეზებზე. ამიტომ ჩნდება კითხვა: განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ხომ არ არის ერთგვარი კომპენსაცია კონკურსმიღმა დარჩენილი აბიტურიენტების მიმართ?

_ მიჭირს ასე შევაფასო მოვლენები, რადგან ამ ვერსიის სასარგებლოდ მყარი არგუმენტები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში სერიოზული კრიზისია და ის მაია მიმინოშვილისგან მომდინარეობს. ტესტები, განსაკუთრებით უნარების, უკვე დეგრადირებს. როცა ეროვნულ გამოცდებზე, მაგისტრატურის გამოცდებსა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ტესტირებაზე ერთსა და იმავე უნარების ტესტებს ატრიალებენ, იმას ნიშნავს, რომ რაღაც პათოლოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. უნარების ტესტების გარეშე სახელმწიფო სამსახურში დამლაგებლადაც შეუძლებელია მუშაობის დაწყება. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია არაფრისმომცემ უნარების ტესტებზე, რომლებიც 2005 წელს შექმნეს და მას შემდეგ მისი პერიოდული `გადამღერება~ ხდება. ჩამოყალიბდა ტესტების შემქმნელთა გარკვეული კასტა, რომელიც ახალს, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. სრული სტანგაციის გარდა ამას ვერაფერს ვუწოდებ. ფიქრობ, კარგი იქნება თუ საგამოცდო ცენტრს საერთოდ გააუქმებენ და მის 17-მილიონიან დაფინანსებას მასწავლებელთა ხელფასებისკენ მიმართავენ, ვინაიდან საქმე მხოლოდ ტესტების ხარისხში არ გახლავთ. 2005 წლიდან, ანუ საგამოცდო ცენტრის შექმნის პერიოდიდან, დაიწყო სწავლების დონის მკვეთრი გაუარესება როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ანუ 1992 წლიდან მოყოლებული, როგორი კორუმპირებული და წითელი პროფესურაც არ უნდა ვეძახოთ, ჩვენი განათლების სისტემა გარკვეულ დონეს ინარჩუნებდა. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ე. წ. ძირეული და რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყეს (რომელიც, არსებითად, კონტრრეფორმაა), განათლების დონემ გაუარესება დაიწყო და ამის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეროვნული გამოცდების სისტემაა.

_ თუმცა საგამოცდო ცენტრის ყველაზე მკაცრი ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ ამ სისტემამ უმაღლესი განათლების სისტემაში დამკვიდრებული კორუფცია სრულად აღმოფხვრა.

_ ცენტრის შექმნის უმთავრესი არგუმენტიც სწორედ ეს იყო. კორუფცია ნამდვილად დაამარცხეს, მაგრამ ახალგაზრდების სრული გაუნათლებლობა გამოიწვიეს. ეროვნული გამოცდების სისტემამ შექმნა ზოგად განათლებასთან დაპირისპირებული სტანდარტი, როცა მოსწავლე მხოლოდ ოთხი საგნის სწავლებაზეა ორიენტირებული. ეს სტანდარტი მთლიანად ანგრევს და ანადგურებს ზოგადი განათლების სისტემას და უმაღლეს სასწავლებელში მიდის სრულიად მოუმზადებელი აბიტურიენტი. ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ეროვნული გამოცდების საშუალებით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა შესაძლებელია მინიმალური და ძალიან საეჭვო ცოდნის საფუძველზე. იმის გამო, რომ სტუდენტი უნივერსიტეტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, პირველი კურსი მის მომზადებაზე მიდის. უმაღლესი სასწავლებელი იმდენად არის დამოკიდებული სტუდენტის ფულზე, რომ როგორი უვიციც არ უნდა იყოს, მისი გარიცხვისგან თავს იკავებს. იძულებულია, ბოლომდე აჩანჩალოს ის სტუდენტი, რომელიც სწავლის გადასახადს იხდის და ბოლოს ბაკალავრიატის დიპლომიც მისცეს, მაგრამ ცხადია, რომ ეს პრინციპი განათლების დონეს ვერ ასწევს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქალზე მოძალადე მამაკაცებს ერთი მინისტრი ვაჟკაცებად მოიხსენიებს და მეორეს თალიბანი პიროვნება ჰგონია.

_ მოდით, საუბარი ოპტიმისტურ ნოტზე და 2015 წლის უადვილეს ეროვნულ გამოცდებზე დავასრულოთ.

_ არ ვიცი, რამდენად შეიძლება ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ვინც გამოცდებზე არ ჩაიჭრება, ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს. პრაქტიკულად, ქუჩაში არავინ დარჩება. რაც შეეხება გამოცდებზე ჩაჭრას, ეჭვი მეპარება, რომ ოდნავ მოაზროვნე ადამიანს იმ უადვილესი ტესტების გაკეთება გაუჭირდეს და მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩეს. სახელმწიფო ამით ორ კურდღელს დაიჭერს: ეს ახალგაზრდები რაღაცით დაკავდებიან და ოთხი წლის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტებს შეავსებენ. რაც მთავარია, ამ ხნის მანძილზე ისინი გარკვეულ ჩარჩოებში იქნებიან მოქცეული და ჩვენს შინაგან საქმეთა სტრუქტურებს პრობლემებს არ შეუქმნიან. საბოლოოდ, გაუნათლებელი და უვიცი სპეციალისტისგან არც სახელმწიფო იხეირებს და არც აბიტურიენტის ოჯახი, რომელიც, დაახლოებით, 10 000 ლარს ფარატინა ქაღალდში გადაიხდის. სამწუხაროდ, იმ ყველაფრის შემხედვარე, რაც დღეს ხდება, მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

 

                                                                                                     ნელი თორდია