გიორგი ხეთაგური: „ჩვენ უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვით“

შორენა მარსაგიშვილი

უკრაინაში გამოჩენილი მამაცობისთვის ბევრი ქართველი მებრძოლი დაჯილდოვდა სხვადასხვა ორდენით. გიორგი ხეთაგური ერთადერთი ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სახელობითი იარაღით დააჯილდოვა.

„ქრონიკა+“-თან გიორგი ხეთაგური ამბობს, რომ უკრაინაში ის საქართველოსთვის იბრძვის. სჯერა, რომ უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს და საქართველოც დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს:

_ გიორგი, 2016 წლიდან იბრძვით უკრაინაში რუსი ტერორისტების წინააღმდეგ. საქართველოში ბევრი ვერ იგებს, რატომ იბრძვიან ქართველები უკრაინაში?

_ უკრაინაში 2016 წლის ბოლოს ჩავედი, რათა მებრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ რუსები ჩვენი მტრები არიან და მათ წინააღმდეგ ბრძოლა მინდოდა, კარგად მახსოვდა, როგორ გვეხმარებოდნენ უკრაინელები აფხაზეთის ომში. იმ ომში ბევრი უკრაინელი იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდევაც ამ ბრძოლაში. სოხუმის დაცემის შემდეგ ქართველები ჭუბერის გავლით გადავიდნენ სვანეთში, სადაც მათ საშინელი განსაცდელი ელოდათ, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებდა მათ გამოყვანას. უკრაინელმა პილოტებმა სვანეთის მთებიდან რამდენიმე ათასი ქართველი გამოიყვანეს, რომლებსაც იქ გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ. ეს ყველაფერი კარგად მახსოვდა და თავი ვალდებულად მივიჩნიე, წავსულიყავი უკრაინაში. 

თავიდან, სიმართლე რომ გითხრათ, უკრაინელებზე ასეთი მაღალი წარმოდგენის არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უკრაინელები რადგან სლავები იყვნენ, რუსებისნაირები იქნებოდნენ. ახლა ვიცი, რომ ეს სულ სხვა ერია. სასწაული ხალხია და ეს ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. რუსების დამარცხებაში ქართველი მებრძოლებიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ, ვინც აქ ვიბრძვით, ყველამ ვიცით, რომ ვიცავთ რა უკრაინას, ვიბრძვით საქართველოსთვის. ძალიან გულსატკენია, რომ საქართველოში ვიღაცები „ნაიომნიკებს“ გვეძახიან. ჩვენ არ ვართ დაქირავებული მებრძოლები. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან საქართველოს დაუძინებელ მტერს, რუსეთს. იმ რუსეთს, რომელსაც საქართველოს მიწები აქვს ოკუპირებული. 

_ მართლა გწყინთ, რომ საქართველოში რუსეთუმეები „ნაიომნიკებს“ გეძახიან? ძალიან ბევრი ადამიანი სულ სხვანაირად ფიქრობს თქვენზე და მხარს გიჭერს.

_ როგორ არ გვწყინს! მე პირადად ძალიან მწყინს, გული მტკივა და ვბრაზდები. პარლამენტის ერთმა წევრმა, ღუდუშაურმა, უკრაინაში მებრძოლებს კიკუები გვიწოდა. ჩემს თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ იცით, როგორ ბიჭებზე თქვა, კიკუებიო? _ თავი რომ აქვთ გადადებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის რომ აქვთ ნაბრძოლი და ბევრჯერ არიან სიკვდილს გადარჩენილები. ღუდუშაურს ძალიან კარგად ვიცნობ, ასევე მის ოჯახს, მამას, ვიცნობდი მის უმცროს ძმას, შოთიკოს. კარგი ბიჭი იყო… ეს ღუდუშაური ადგა და კიკუ მეძახა მე მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძვი. დადგება დრო და მასაც და სხვებსაც მოუწევთ ასეთი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა. ღუდუშური არაა ის ადამიანი, რომელსაც მორალური უფლება აქვს, ვინმესკენ თითი გაიშვიროს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისკენ, რომლებიც საქართველოს მტრების წინააღმდეგ იბრძვიან. მეტს აღარ ვილაპარაკებ მაგ ადამიანზე. განა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს, უბრალოდ, მამამისს ვიცნობ კარგად და პატივს ვცემ. სათქმელს პირადად ვეტყვი.

_ მათ შეფასებებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, თქვენს ჯილდოზე ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სახელობითი იარაღით დაგაჯილდოვათ.

_ ძალიან გამეხარდა, რომ ეს ჯილდო მივიღე. მაგრამ მეტს ჩემზე არ ვილაპარაკებ. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. სხვებზე მკითხეთ და სხვა ქართველ მებრძოლებზე ვილაპარაკებ. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

_ ბრიგადაში, რომლის  რიგებშიც თქვენ ხართ, რამდენადაც ვიცით, ქართველები არ არიან.

_ მარტო მე ვარ ქართველი. ბიჭებს ვეუბნები კიდევაც ხოლმე, ერთი ქართველი გყავართ და წითელ წიგნში უნდა შემიტანოთ-მეთქი. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ქართველებით, მაგათ შემოვევლე, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს ბრიგადაში ქართველი იყოს. ყველა დავალებაზე სიკვდილს თვალებში ვუყურებთ და ჩემთან მყოფ ქართველს რამე რომ მოუვიდეს, გამიჭირდება ამის გადატანა. ამიტომ მირჩევნია, მარტო ვიყო. მარტო ერთი ქართველი ვარ მთელ ბრიგადაში, მაგრამ ხაზს ვუსვამ ჩემს ქართველობას. საძახისიც ქართული მაქვს, ყაზბეგი მქვია, წარმოშობით აქედან ვარ. რამდენიმე ხნის წინ დონეცკის ოლქში ერთ-ერთი სოფელი გავათავისუფლეთ და ბიჭებმა მითხრეს, რომ ამ სოფელს ყაზბეგს დავარქმევთო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხაროდა. დღეს ეს სოფელი ოკუპირებულია, მაგრამ მჯერა, რომ ისევ გავათავისუფლებთ.

ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებით ჩემი კუთხე. იქიდან წამოღებული მიწა სულ თან დამაქვს. ბიჭებს ვუთხარი, თუ მოვკვდები, ეს მიწა დამაყარეთ გულზე-მეთქი. ეს მიწა მქონდა თან, როდესაც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ვიმყოფებოდი. ჩემი მიწის გარეშე არ შემიძლია და ამიტომ ეს მიწა სულ თან დამაქვს. ბევრი წელია, არ მინახავს ჩემი ქვეყანა, ჩემი კუთხე.

_ რამდენი წელია, არ ყოფილხართ საქართველოში?

_ თითქმის რვა წელია. აქ 2016 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ საქართველოში აღარ ვყოფილვარ.

_ რატომ არ ყოფილხართ? სხვა ქართველი მებრძოლები ხომ ჩამოდიან საქართველოში.

_ სიმართლე გითხრათ, მეშინია საქართველოში ჩამოსვლის. იცით, რატომ მეშინია? _ დარწმუნებული ვარ, რომ დამიჭერენ და რუსეთს გადამცემენ.

_ ჯერ რატომ უნდა დაგიჭირონ და მერე რუსეთს რატომ უნდა გადაგცენ?

_ იმიტომ დამიჭერენ, რომ ეს ხელისუფლება არის რუსეთის დავალებების შემსრულებელი. რუსეთს ტერორისტად ვყავარ გამოცხადებული და დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა აქვს მოსჯილი. ბევრი ქართველი მებრძოლია რუსეთის მიერ ტერორისტად გამოცხადებული. ისინიც იმავე მიზეზით არ ჩამოდიან საქართველოში. ყველას ძალიან გვენატრება ჩვენი საქართველო. ამის მიუხედავად, არ ვნანობ, რომ აქ წამოვედი.

2014 წელს რუსეთმა უკრაინის მიწების ოკუპაცია დაიწყო. უკრაინის დასახმარებლად მაშინვე ჩამოვიდნენ ქართველები. მე ცოტა გვიან ჩავედი. თავიდან მართლა მოხალისეები ვიყავით. არანაირი ხელფასი არ გვქონდა. საქართველოდან გვირიცხავდნენ ბიჭები ფულს. მერე უკრაინის ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ჩავირიცხებოდით შეიარაღებულ ძალებში და მივიღებდით ხელფასს. 6000 გრივნა იყო ჩემი ხელფასი. გაოგნებული დავრჩი. გამიკვირდა იმიტომ, რომ საქართველოში ჩემი ხელფასი სადღაც 1000 გრივნა იყო.

_ საქართველოში თქვენ მსახურობდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აგვისტოს ომის მონაწილე ხართ, სადაც მძიმედ დაიჭერით.

_ რა აღსანიშნავი ეს ამბავია. ვიცავდი საქართველოს და დავიჭერი. ამით განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. მე აქაც ჩემს საქართველოს ვიცავ და მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც შევიტან ჩემს წვლილს. უკრაინაში მებრძოლი ყველა ქართველი ასე ფიქრობს. ამ ომში რუსეთის დასუსტებით ჩვენ ვაჩქარებთ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესს. უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს და საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი.

_ რუსეთუმეები ხშირად ნიშნის მოგებით ამბობენ ხოლმე, _ აი, ქართველები რომ იბრძვიან უკრაინაში, უკრაინელები თუ იომებენ საქართველოს მხარეს, რამე რომ იყოსო. უკრაინა ამ ომს რომ მოიგებს და მართლა რამე რომ იყოს, უკრაინელები იომებენ ჩვენს მხარეს?

_ უკრაინელებმა ჩვენს მხარეს ერთხელ უკვე იომეს და მერე ძალიან ბევრი რამით დაგვეხმარნენ. უკრაინელები ისეთი დაღლილები იქნებიან ამ ომის შემდეგ, რომ არავის დახმარების თავი არ ექნებათ. ქართველმა რუსეთუმეებმა იმას გასცენ პასუხი, რატომ აქვს რუსეთს საქართველოს მიწები ოკუპირებული, რატომ წვავდა ქართულ სოფლებს და რატომ ხოცავდა ქართველებს. უკრაინამ თავისი საქმე უკვე გააკეთა და სიმართლე თუ გინდათ, ამ ბრძოლით ის საქართველოსაც იცავს. უკრაინას რომ არ გაეძლო, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა რეალობა იქნებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, უკრაინაში მებრძოლი ქართველები, პირველ რიგში, საქართველოსთვის ვიბრძვით.

_ უკრაინის მხარეს ქართველების გარდა კიდევ ბევრი ეროვნების მოხალისე იბრძვის. ქართველები განსაკუთრებით ვისთან მეგობრობთ?

_ უკრაინელებთან. მე ასე ვარ და მგონი, სხვა ქართველებიც ასე არიან. მაგარი ხალხია ეს უკრაინელები. აღფრთოვანებული ვარ მათი სიმამაცით. გამორიცხულია, რომ ამ ხალხმა ომი წააგოს. ეს არ უნდა მოხდეს და არც მოხდება. თქვენ არ იცით, როგორები არიან. უბრალოდ, გაოგნებული ვარ ამათი შეუდრეკელობით.

_ კავკასიელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? როგორც გამიგია, ჩეჩენი და ქართველი მებრძოლები კარგად უგებენ ერთმანეთს.

_ ვიღაცები შეიძლება უგებენ ჩეჩნებს, მაგრამ მე მათი დანახვაც არ მინდა. ძალიან კარგია, რომ ჩეჩნები იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მე მათთან ურთიერთობისა და საუბრის არანაირი სურვილი არ მაქვს. ვერაფრით დავივიწყებ იმას, რაც მათ აფხაზეთში გააკეთეს. ქართველების მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთო. არის რაღაცები, რასაც არ ვაპატიებ და არ დავივიწყებ. თავის გზაზე გაუმარჯოთ, მე მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მექნება.

_ რუსი ტერორისტების მხარეს ბლომად იბრძვიან „ბოევიკები“ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. თუ გქონიათ მათთან შეხება?

_ მქონდა. ჩვენმა ბრიგადამ ტყვედ აიყვანა პიატნაშკას „ბოევიკი“. პიატნაშკაში, ძირითადად, აფხაზი მებრძოლები არიან. როცა ვნახე ეს კაცი, ვკითხე, საიდან ხარ-მეთქი? მითხრა, აფხაზეთიდანო. _ სალამი, „ზემლიაკო“-მეთქი, _ მივესალმე და ხელი ჩამოვართვი.  ბიჭებს ვუთხარი, ამას კარგად მიმიხედეთ, ჩემი „ზემლიაკია“-მეთქი. დღეს რუსეთის მხარეს ბლომად იბრძვიან ისინი, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში. ზოგიერთი ახლა ჩვენ გვერდით იბრძვის რუსების წინააღმდეგ.

ერთ ამბავს მოგიყვებით ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლ ოსზე და შესაძლოა, ბევრმა ვერ გამიგოს. დარწმუნებული ვარ, ბევრი გამამტყუნებს საქართველოში. უკრაინაში რომ ჩამოვედი, გავიცანი ერთი ოსი ბიჭი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ცხინვალის ომში ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. სახელად ყაზბეგი ერქვა, გვარად გაგლოევი იყო. თავიდან ვერ გავუგეთ ერთმანეთს. მერე ამიხსნა, რატომაც იბრძოდა 2008 წლის ომში. მითხრა, მაშინ მართლა მეგონა, რომ ცხინვალი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდაო, ასეთი იდეოლოგია ჰქონდათ. მაგარი მებრძოლი იყო. მძიმედ დაიჭრა და ინვალიდობის ჯგუფი მიიღო. უკრაინის ხელისუფლებამ  სახლი მისცა გოსტომელში. იქ ცხოვრობდა. ხშირად ვნახულობდი ხოლმე. მაგარი კაცი იყო.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას პირველი დარტყმა გოსტომელმა მიიღო. რუსებმა ის დახვრიტეს. საფლავი მე გავუკეთე და ქვაზე ოსურად დავაწერინე: „ნათელში იყავი“. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მის საფლავზე გოსტომელში. უკვე ყველა მიცნობს. 2008 წელს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მერე გააცნობიერა რუსეთის ნამდვილი სახე და უკვე რუსების წინააღმდეგ იბრძოდა. ბევრს ვსაუბრობდით ამ თემაზე. მართლა მაგარი კაცი იყო.  საქართველოში ბევრი ვერ გამიგებს, როგორ შეიძლება, ასე ვილაპარაკო ადამიანზე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იბრძოდა წლების წინათ.

_ მართალი გითხრათ, მეც ვერ გავიგე, როგორ შეიძლება, მტერზე ასე ილაპარაკო. თან ზემოთ მითხარით, რომ ჩეჩნებთან არ გაქვთ ურთიერთობა, რადგან 1992 წელს ჩეჩენმა მებრძოლებმა გაგრაში ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს.

_ ხომ გითხარით, ბევრი ვერ გაიგებს ამ ამბავს-მეთქი. ომში ხდება ხოლმე ასეთ რამეები. არ გამიკვირდება, ის ხალხი, ვინც ცოტა ხნის წინ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, მერე ჩვენ გვერდით დადგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძოლოს, მათ შორის, ოსებმაც და აფხაზებმაც.

_ აგვისტოს ომი ვახსენეთ და ამ თემაზეც ვისაუბროთ: საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ ამ ომთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს და წინა ხელისუფლება დასაჯოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს? შეიძლება ვინმე დაისაჯოს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღგენა სცადა?

_ საქართველოს დღევანდელ  ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს, ვინმეს წინააღმდეგ ჩაატაროს გამოძიება. უმჯობესია, იმაზე იფიოქრონ, როგორ ახსნიან თავიანთ ქმედებებს. რაც შეეხება თავად ამ ომს, მართლა ბევრი რამეა გამოსაძიებელი. მაგრამ არა იმისთვის, რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ იმისთვის, რომ შემდეგში არავინ გააკეთოს ასეთი რაღაც. უკვე დროა, ვაღიაროთ ეს შეცდომები და მერე ამ შეცდომებზე ვისწავლოთ.

_ რა არის გამოსაძიებელი, თქვენი აზრით?

_ ის არის გამოსაძიებელი, რატომ დანიშნეს მაშინ მეთაურებად გამოუცდელი ხალხი, რომლებსაც ომზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ?! მაღალ თანამდებობებზე მოხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნაცნობები და მეგობრები იყვნენ. ომი ასეთ რამეს არ გპატიობს. ჩვენ უკეთესად შეგვეძლო გვეომა მაშინ, მაგრამ… ეს ამბავი მართლა გასარკვევია, მაგრამ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ. სხვათა შორის, მაშინდელი რამდენიმე მეთაური უკრაინაშიც იყო და საკუთარი პიარის მეტი არაფერი უკეთებია. ინტრიგებიც დახლართეს, აურიეს სიტუაცია და მერე წავიდნენ.

_ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ამბობენ, რომ უდისციპლინოები არიან და თავზეხელაღებულად იბრძვიანო.

_ ვერავის დავეთანხმები, რომ ქართველები უდისციპლინოები არიან. ძალიან კარგად იცავენ დისციპლინას. თავზეხელაღებულობას რაც შეეხება, ხშირად მართლა თავზეხელაღებულად იბრძვიან.  ომს უხდება და სჭირდება ასეთი რაღაც. ქართველები საუკეთესოები არიან. მაგათ ვენაცვალე მე! ყველანი გმირები არიან. ყველას ჩემი დიდი პატივისცემა. განსაკუთრებით ახალგაზრდებით ვარ აღფრთოვანებული. ნამდვილი მგლები და ლომები არიან.  ჩვენც არა გვიშავს, უფროს თაობას, მაგრამ ვეღარ ვიბრძვით ისე, როგორც საჭიროა.

_ ვითომ ასეა?

_ ასეა, ასე! ომი უფრო ახალგაზრდების საქმეა, სასწაულად იბრძვიან ჩვენი ახალგაზრდები.  სასწაული ახალგაზრდები გვყავს. მეამაყებიან ეს ბავშვები! ვამაყობ იმ ქართველი ახალგაზრდებითაც, რომლებიც გაზაფხულზე, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ძალიან მაგრები არიან. ვენაცვალე მაგათ. რომ ვუყურებდი კადრებს, ძალიან ამაყი ვიყავი.  ამ ახალგაზრდების შემხედვარეს მჯერა, რომ საქართველო იქნება მართლა თავისუფალი და გამთლიანებული. ჩვენც ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მაგრამ მთავარ სიტყვას, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდები იტყვიან.

_ საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა ანტიუკრაინული განცხადებებით. ამის გამო უკრაინელებისგან საყვედური ხომ არ მიგიღიათ?

_ არა. უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ უჭერს მხარს, საქართველოს ხელისუფლება კი კრემლის გაგრძელებაა. უკრაინელებისგან დიდ პატივისცემას ვგრძნობთ. ვუყვარვართ უკრაინელებს და ჩვენც გვიყვარს უკრაინა. დღეს უკრაინა ჩვენთვისაც იბრძვის. ძალიან დიდ საფასურს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის. იცით, რამდენი მოღალატე ჰყავს ამ ქვეყანასაც?! ასეთი სასწაული ხალხი რომ არ ყოფილიყო, ომი დიდი ხნის წინ ექნებოდათ წაგებული. მაგრამ იბრძვიან!  პატრიოტების ძალიან დიდი ნაწილი დაიხოცა ამ ომში, მაგრამ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! უკრაინა ამ ომს არ წააგებს.

_ წესით, არ უნდა წააგოს. წაგებისთვის განწირული ქვეყანა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას ვერ შეძლებდა. ერთი თვის წინ დაწყებული კურსკის ოკუპაცია ახლაც გრძლდება.

_ კურსკის ამბავი ძალიან მაგარი რამე იყო, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ იქ ქართველებიც იყვნენ და რუსულ მიწაზე ქართულ დროშებს აფრიალებდნენ. ოსები და რუსები ბევრს დაგვცინოდნენ აგვისტოს ომის შემდეგ, ახლა ჩვენ ვიცინით რუსებზე მაგრად. გორის სამხედრო ბაზაზე წარწერა გაგვიკეთეს რუსებმა, _ ქართველებო, ომი ისწავლეთ, დავბრუნდებით და შეგამოწმებთო. ვისწავლეთ ომი და თავად შევამოწმეთ რუსები. იქით ჩააკითხეს ჩვენმა ლომებმა და საპასუხო წარწერა დაუტოვეს. ეს სასწაული განცდა იყო, ვერ აგიხსნით. ეს ჩვენი ომია და ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ უკრაინასთტან ერთად.

_ თქვენ ბევრჯერ გაუსვით ხაზი, რომ ამ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს. ეს ყველას გვინდა, მაგრამ რეალობა, მგონი, ცოტა უფრო მძმეა.

_ მძიმე კი არა, ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორი ხალხია უკრაინელები, შეაკვდებიან, მაგრამ არ წააგებენ. მოღალატეც ბევრი ჰყავთ, მაგრამ მაინც მოიგებენ. ესენი გამარჯვებისთვის არიან დაბადებულები. გაიმარჯვებენ უკრაინელები და გავიმარჯვებთ ჩვენც. რუსეთი აუცილებლად დასრულდება. ამაყი ვარ, რომ ამაში ქართველებიც შევიტანთ წვლილს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს. ჩვენ ისეთი ახალგაზრდობა გვყავს, რომ შეუძლებელია, მაგარი ქვეყანა არ ავაშენოთ.

_ ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ რამდენიმე ქართველი მებრძოლი იმყოფება დღეს რუსების ტყვეობაში. თქვენ თუ იცით, დაახლოებით რამდენი ქართველია რუსების ტყვეობაში?

_ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი. ჩემთვის ცნობილია ტყვედ ჩავარდნილი სამი ქართველის შესახებ. ერთი მარიუპოლს იცავდა, ორი კი რამდენიმე თვის წინ დაატყვევეს. მათზე სიუჟეტი ყველამ ნახეთ ალბათ. ამათგან ერთს კარგად ვიცნობ. ძალიან ფრთხილი ბიჭი იყო. დღემდე ვერ ვიჯერებ, როგორ ჩავარდა ტყვედ. სანამ ტყვედ ჩავარდებოდა, მთხოვა, დურბინდი მიშოვეო. ვუშოვე. ვურეკავდი. უნდა მეთქვა, რომ ვუშოვე და არ მპასუხობდა. მერე გავიგე, რაც მოხდა. ძალიან ვწუხვარ ამ ბიჭების ბედზე. იმედი მაქვს, მალე დავიხსნით მათ.  არაა ომი მარტივი საქმე, ამიტომ ვამბობ, რომ არ მინდა, ჩემს ბრიგადაში ქართველები იყვნენ. მართლა გამიჭირდება იმის გადატანა, სადმე რომ წავიდეთ დავალებაზე და მათ რამე მოუვიდეთ. ცხონებული ბონდო გაგნიძის ამბავიც ძლივს გადავიტანე. ჩემს ბრიგადაში არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ვიდარდე. კარგა ხანი ვერ გამოჰქონდათ მისი ცხედარი. ამის გამო ვეჩხუბეთ უკრაინელებს. მე და რამდენიმე ქართველი ვაპირებდით ბონდოს ცხედრის გამოსატანად წასვლას, მაგრამ მერე უკრაინელებმავე გამოიტანეს. ვენაცვალე იმ ქართველი ბიჭების სულებს, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. ისინი საქართველოსთვის იბრძოდნენ და საქართველოსთვის მოკვდნენ.