ვახტანგ ხმალაძე: „რუსული კანონით სერიოზული პრობლემა ექმნებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას“

თამარ სანაძე

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის სამდღიანი განხილვა დასრულდა. მოსამართლეებმა უნდა გამოაცხადონ, განიხილავენ თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ მიღებულ სარჩელს და შეაჩერებენ თუ არა კანონს სასამართლოში განხილვის დასრულებამდე.

რუსული კანონის განხილვისას ბევრი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა. ოპოზიციონერი დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე გააუარესებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 122 მოსარჩელის, პარლამენტის წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ დროის დაკარგვად აფასებდნენ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას ოპოზიციის „ბინძური კამპანიის“ გაგრძელება უწოდა.

რუსული კანონის განხილვას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.

რუსული კანონის განხილვის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ამნისტიის კანონსა და ჩანაწერზე კონსტიტუციაში, რომლითაც მართლმადიდებლობის როლი უნდა გამოიკვეთოს, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:

_ ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას რუსული კანონის შესახებ? შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე? რა ეტაპზე შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვან, რომ ვაჩერებთ ან არ ვაჩერებთ კანონს?

_ ახლა სასამართლომ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება. პირველი ის არის, რომ მიიღოს თუ არა სარჩელი და ამ სარჩელის ნაწილი არსებითად განსახილველად და მეორე ის, რომ შეაჩეროს მთლიანად კანონის ან კანონის კონკრეტული მუხლების მოქმედება. ეს ორი გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

რაც შეეხება სხდომებს, პროცესს თუ შევაფასებთ, ვიტყვი ჩემს აზრს: მოსარჩელეთა პოზიცია იყო საკმაოდ კარგად არგუმენტირებული, შესაბამისად, წესით სასამართლომ სარჩელი უნდა მიიღოს განსახილველად. აქ სარჩელის ერთი ნაწილი ჩემში ეჭვს იწვევს და ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან კანონის შეუსაბამობა. ეს საკითხი არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ამ საკითხს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ, ჩემი ვარაუდით, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ სასამართლომ, ასე ვთქვათ, უარი თქვას ამ ნორმასთან შეუსაბამობის განხილვაზე. როგორ დაასაბუთებს ამას, არ ვიცი, მაგრამ ეს დასაბუთება, ჩემი აზრით, იქნება არაარგუმენტირებული, თუმცა გამომდინარე ამ სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილებებიდან, განსაკუთრებით კი იმპიჩმენტის საკითხს რაც ეხებოდა, ეჭვი მეპარება, რომ სასამართლომ ამ მუხლით განხილვა განაგრძოს და ცნოს დასაშვებად. სხვა დანარჩენი კი, ვფიქრობ, სარჩელს სასამართლო განსახილველად გაიტანს, რაც შეეხება კანონის ან ამ კანონის რამდენიმე მუხლის შეჩერების მოთხოვნას, აი, აქ ეჭვი მეპარება, რომ ეს დააკმაყოფილოს სასამართლომ. ვფიქრობ, რომელიმე მუხლის შეჩერების მოთხოვნას სასამართლო არ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, პრობლემური იქნება შემდგომ იმ ზიანის თავიდან არიდება, რომელიც აშკარად მოგვადგება, თუკი ამ მუხლების მოქმედება არ შეჩერდება.

_ ბატონო ვახტანგ, შეუძლიათ შეაჩერონ გარკვეული ნორმები? ის ნორმები, რომლებიც ეხება ადამიანის პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას. შეიძლება, რომ რეგისტრაციის ვალდებულება ძალაში დატოვონ და რაღაც ნორმები შეაჩერონ? შეიძლება ამ ტიპის გადაწყვეტილება ვიხილოთ?

_ არ გამოვრიცხავ იმ ნორმების შეჩერებას, მაგალითად რაც ეხება ადამიანის პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ან სხვა ნორმებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ხუთი ხმა, პლენუმის შემადგენლობა არის რვაწევრიანი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები, თუკი შეაჩერებს სასამართლო ცალკეული მუხლების მოქმედებას, რადგან ეს სწორი ქმედება და სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს.

_ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 479 ორგანიზაცია. რას აჩვენებს ეს მონაცემი?

_ კი ბატონო, მართალია, 30 ათასზე მეტი ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, დარეგისტრირდა დაახლოებით 500-მდე, მაგრამ ბევრის არაფრის მთქმელი არ არის. არ ვიცი, რომელი და რამდენად ცნობილი ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ, ის ორგანიზაციები რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ დახმარების, მომსახურების კუთხით საზოგადოებაზე თუ ის ორგანიზაციები, რომლებიც საერთოდ უცნობნი არიან, მე ეს არ ვიცი. დაახლოებით 30 ათასი არასამთავრობო ორგანიზციიდან ნაწილი საერთოდ არ მოქმედებს, ფორმალურად არსებობენ, მაგრამ არანაირ მოქმედებას არ ასრულებენ, ნაწილი კი დაფუძნებულია ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს შექმნილი აქვთ უამრავი არასამეწარმეო იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელშიც მმართველი პარტიის მომხრეები ჰყავთ დასაქმებული. ამათ არ ეხებათ ეს კანონი, რუსული კანონი არ იმოქმედებს. ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონი ეხება, მათი რაოდენობა 30 ათასზე გაცილებით ნაკლებია, შესამაბისად, ეს 500-მდე ორგანიზაცია, რომელმაც მიმართა რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს რეგისტრაციის განცხადებით, მათი რაოდენობა არ არის ერთი ან ორი პროცენტი, ამ მაჩვენებელზე ბერად მეტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.  ამ კანონით სერიოზული პრობლემა ექმნებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია მოქმედებენ საქართველოში და ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც დემოკრატიის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევით. მაგალითად, ეს არის უფასო იურიდიული დახმარება და უამრავი პირისთვის აქვთ იურიდიული დახმარება გაწეული. ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავდა მათ დახმარებისთვის, ეს არის დახმარება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისა, სოციალურად დაუცველთა დახმარებები და კიდევ მრავალი სხვა. სწორედ ამ ორგანიზაციების მოქმედებას სერიოზული საფრთხე ექმნება და სწორედ ეს ქმნის პრობლემას. ასე რომ, მე აქ პროცენტებს არ ვიანგარიშებდი, ვიტყოდი ასე, აქტიური ორგანიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა, აი, ისეთი ორგანიზაციებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე, შესაძლებელია, რომ მათი 80-90% პროცენტი აღმოჩნდეს სანქციების დაკისრების ქვეშ და შესაბამისად იმ საფრთხის ქვეშ, რომ მათ შეწყვიტონ არსებობა, რადგანაც სანქციები და ჯარიმები არის საკმაოდ დიდი, შეუსაბამო და არაპროპორციული.

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მათი წონა განისაზღვრება იმით, რა როლი აქვთ, რა დადებითი  წვლილი შეაქვთ მათ საზოგადოების განვითარებაში. ეს კი მოიცავს სხვადასხვა საკითხს. მაგალითად, სამართლებრივი საკითხების ანალიზს, წინადადებების შეთავაზებას, კრიტიკას სამართლებრივი პრობლემებისა, ასევე უამრავი ადამიანისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევას და ვისაც ამ მომსახურებას უწევენ ორგანიზაციები, ისინი ზარალდებიან. ორგანიზაციისთვის ზიანის მიყენება აზარალებს და აზიანებს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარებას უწევენ სწორედ ეს ორგანიზაციები. ამ ადამიანთა რაოდენობა ძალიან დიდია.

ზიანი, მიყენებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მრავალჯერ აღემატება იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც ზიანდებიან ამ კანონის მოქმედების შედეგად.

_ ჩვენ ვისაუბრეთ იმ ზიანზე, რაც მიადგება ორგანიზაციებსა და შემდგომ ადამიანებს, ცალკეულ პირებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები უწევდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას. ბატონო ვახტანგ, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს პროცესები ხელისუფლებისთვის?

_ თუ შევხედავთ ხელისუფლების მოქმედებას, უკვე რამდენი ხანია, წელიწადზე მეტია, პირველ რიგში, ევროკავშირის მხრიდან, მათი უმაღლესი წარმომადგენლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მრავალჯერ ითქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, დაბრკოლდება, ახლა უკვე ამბობენ, რომ საერთოდ შეჩერდება ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. ახლა ისიც კი განაცხადეს, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ეს ნიშნავს იმას, თუ არ გააუქმებს რუსულ კანონს ჩვენი ხელისუფლება და თუ არ შეასრულებს ევროკავშირის სხვა მოთხოვნებს, ამას დაემატა უკვე ის წინადადებები, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას და ამუშავებს წინადადებებს სანქციების დაწესების თვალსზრისით. ეს სანქციები, პირველ რიგში, მიმართული იქნება ხელისუფლების მაღალი რანგის პირთა წინააღმდეგ და არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სავარაუდოა, რომ გაერთიანებული სამეფოდანაც. ეს სანქციები იქნება ცალკეული პირების მიმართ, მაგრამ სანქციების ნაწილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს უშუალოდ საქართველოზე და არა მხოლოდ მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებზე. მაგალითად, გავიხსენებ იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 90-მილიონიანი პროგრამის მოქმედება შეაჩერა, ეს თანხა უნდა მიეღო ხელისუფლებას და მოხმარებოდა, დახარჯულიყო სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე. მსგავსს დახმარებებს საქართველოს ხელისუფლება იღებს ევროკავშირიდანაც სხვადასხვა პროგრამის სახით და მათი შეჩერება უკვე მთლიანად სახელმწიფოზე მოახდენს ძალიან დიდ, უსერიოზულეს ნეგატიურ ზეგავლენას. ყველანი დავზარალდებით. ალბათ განსაკუთრებულად დაზარალდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არც თქვენ, არც მე და არც ჩვენნაირ მოქალაქეებს არ ასცდება ეს ზიანი.

_ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ საარჩევნო კამპანიისას საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა და გამოიკვეთებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი „როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში“. რას ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი _ მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი მისიის მკაფიოდ ასახვა?

_ ეს ჩანაწერი, პრაქტიკულად, არ განსხვავდება იმ ჩანაწერისაგან, რაც არის უკვე საქართველოს კონსტიტუციაში.

თავდაპირველი განცხადება შეთავაზება, თქმა იმისა, რომ მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადებულიყო სახელმწიფო რელიგიად, მიმაჩნია, რომ არანაირად არ შეიძლება ჩაიწეროს კონსტიტუციაში და არანაირად არ შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. შაბედნიეროდ, ასეთი პოზიცია დაიკავა საპატრიარქომაც და ამის შემდეგ შეცვალეს ის წინადადება, რაზეც ვისმენთ ინფორმაციებსა და განცხადებებს, რომ ქრისტიანობა უნდა გამოცხადებულიყო სახელმწიფო რელიგიად. ეს ახალი წინადადება, „საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისიის მკაფიოდ ასახვა“, პრაქტიკულად, არ განსხვავდება იმ წინადადებისგან, რომელიც უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს უკვე, ჩემი აზრით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და რჩება პოპულისტური რაღაც განაცხადების მაგვარი. პოპულისტური განცხადების როლს თუ შეასრულებს ეს მათი გამოსვლები აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერით ვერც ვერვინ იხეირებს, ვერ მიიღებენ სიკეთეს და არც ზიანს მიიღებს არავინ.

„ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდა ის, რაც იყო მათთვის ძალიან სახიფათო, სახიფათო იყო როგორც ეკლესიისთვის, ასევე საერო ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის იყო ძალიან საშიში.

ეს როცა არ გაუვიდათ და მთლად ხახამშრალები და პირში ჩალაგამოვლებულები არ დარჩენილიყვნენ, მოიფიქრეს რაღაც ახალი ფორმულირება, რომელიც, ჩემი აზრით საერთოდ არაფრის მთქმელია. მაგრამ შეეცდებიან ეს გამოიყენონ და შექმნან შთაბეჭდილება ისევ პოპულისტური, რომ ვითომ რაღაცას ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს აკეთებენ.

_ ბატონო ვახტანგ, რას ფიქრობთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, 6000-მდე პატიმარს შეეხება? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის ზონდერების ამნისტირება და ამ საკითხს ისევ სათავისოდ იყენებს ხელისუფლებაო. როგორია თქვენი შეფასება ამნისტიის კანონის შესახებ არსებულ ვითარებაზე?

_ საზოგადოდ, როდესაც ამნისტია ცხადდება, საუბარია ამნისტიის კანონზე არჩევნების წინ ეს ყოველთვის განიხილება ხოლმე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის მიერ იმისთვის, რომ გაზარდოს თავის მომხრეთა რაოდენობა. ამნისტია შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად უფრო სამართლიანი, აქ სამართლიანობა ამნისტიის დროს რას ნიშნავს? თუ რაღაც დანაშაულებების შეწყალება ხდება, ამნისტირებული უნდა იყოს მსგავსი დანაშაულებიც. ვთქვათ, მსგავსი ტიპის დანაშაულებებიდან მხოლოდ ერთი ნაწილის ამნისტირება და მეორე ნაწილზე უარი არ ტოვებს სამართლიანი მიდგომის აღქმას. ამიტომ ვფიქრობ, ამნისტიაზე, შეწყალებაზე საუბარი არჩევნების წინ ემსახურება საკითხის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოყენებას.