ბანკები სესხს მევახშის პროცენტით გასცემენ

banj

თითქმის ერთი წლის წინათ იტალიის მთავრობამ შემოიღო სპეციალური კითხვარები იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ ბანკის მომსახურების მიღება. ძირითადად ეს ეხება სხვადასხვა ტიპის სესხის გაცემა-არგაცემის საკითხს. მარტივი შინაარსის კითხვარის მიხედვით დგინდება, ესმის თუ არა მომხმარებელს რაზე აწერს ხელს, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მან და აქვს თუ არა კაბალურ მდგომარეობაში ჩავარდნის საფრთხე? თუ მოქალაქე ვერ უპასუხებს კითხვებს, ის მიიჩნევა ფინანსურ საკითხებში გაუთვითცნობიერებლად და ბანკებს ეკრძალებათ მისთვის მომსახურების გაწევა. ანუ მომხმარებელი, რომელიც ვერ ერკვევა, რას ყიდულობს ბანკისგან, დაცულია შეცდომისგან. ამ ამბავმა ბანკების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი მომხმარებლის გარეშე დარჩნენ, რადგან გაუჭირდათ პროდუქტის გაყიდვა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ბანკების უკმაყოფილებას არჩია, მომხმარებელი ჰყავდეს დაცული. ანალოგიური კანონის მიღებას მოითხოვს ქართველი მომხმარებელიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული პირობები მას კაბალურ მდგომარეობაში აგდებს. მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ერკვევა საბანკო პროდუქტებისა და ხელშეკრულებების მნიშვნელოვან დეტალებშიც კი, რის გამოც, ხშირად ხელს ბრმად აწერს მისთვის, ერთი შეხედვით, მომგებიან (იმიტომ, რომ სესხი აიღო), რეალურად კი წამგებიან შეთანხმებას. როდესაც კლიენტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მძიმე რეალობის წინაშე დგება, მიიჩნევს, რომ ის მოატყუეს და ბანკი კლიენტის მტერია. მომხმარებელს ასევე მტკიცედ სჯერა, რომ კომერციული ბანკების რეკლამები რეალობისგან სრულიად განსხვავებულია, ასევე ბლეფია იაფი და გრძელვადიანი სესხის გაცემის შესახებ დაპირებებიც. საფუძვლიანი და არგუმენტირებულია თუ არა მომხმარებლის გულისწყრომა?

„ქრონიკა+“ ესაუბრება პროფესორ ლია ელიავას:

_ ქალბატონო ლია, გაიაფდა თუ არა სესხები?

_ 2012 წელთან შედარებით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიკლო მხოლოდ ერთი პუნქტით, თუმცა მოსახლეობამ ეს ვერ იგრძნო. მიუხედავად სარეკლამო კამპანიებისა, ბანკები თავს არიდებენ დაბალპროცენტიანი სესხის გაცემას, ადგილზე მისულ მსესხებელს ეუბნებიან, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ სესხის მოთხოვნებს და ამიტომ სთავაზობენ სხვა საპროცენტო განაკვეთს. რეკლამა რეკლამად რჩება, რეალობა კი სხვაა.

_ რა არის საჭირო, რომ რეკლამა რეალობას ასახავდეს და მომხმარებელმა თავი მოტყუებულად არ იგრძნოს?

_ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მას საკრედიტო განყოფილების თანამშრომლები უსამართლოდ ექცევიან და ატყუებენ, შეუძლია იჩივლოს ბანკის შესაბამის განყოფილებაში, სადაც ვალდებული არიან, განიხილონ მოქალაქეთა საჩივრები. შეუძლიათ იჩივლონ ბანკის ხელმძღვნელობასთან, რომლის პოზიციაც შესაძლოა, არ დაემთხვეს რიგითი თანამშრომლის პოზიციას და საკითხი მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყდეს. ასევე შეგიძლიათ იჩივლოთ ეროვნულ ბანკშიც, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად ოპერატიულად მიიღებს ან არ მიიღებს ეროვნული ბანკი ზომებს კომერციული ბანკის წინააღმდეგ. ასევე შეგიძლიათ იჩივლოთ სასამართლოში ცრუ რეკლამისთვის, მაგრამ კომერციულ ბანკებს ისეთი კვალიფიციური იურისტები ჰყავთ და ისე ფუთავენ საქმიანობას, ჩივილი აზრს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, სამწუხაროდ, მომხმარებელი, ძირითადად, დაუცველია! ფინანსური მომსახურების კუთხით მომხმარებლის უფლებების დაცვა სპეციფიკურ კანონმდებლობას მოითხოვს. ამაზე, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა ზრუნავდეს. მან უნდა დააწესოს ისეთი რეგულაციები, რომ კომერციულმა ბანკმა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ვერ შეძლოს.

_ ახალი ხელისუფლება თუ ცდილობს, ეს ნაკლოვანებები საკანონმდებლო ცვლილებებით აღმოფხვრას?

_ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. როგორც იყო მიშვებული და სუსტად რეგულირებადი საფინანსო სისტემა, ასეა დღესაც. არადა, კომერციული ბანკების საკრედიტო საქმიანობის შესახებ, ევროკავშირის დირექტივებით, ევროპის ქვეყნებში მსესხებლის უფლებები ძალიან მაღალ დონეზეა დაცული. მსესხებელს აქვს უფლება, ორი კვირის განმავლობაში დააბრუნოს თანხა, თუ სესხის აღება გადაიფიქრა. ამის გამო მას ჯარიმები და სანქციები არ ეკისრება. უამრავი ნორმა ზრუნავს მსესხებლის უფლებებზე. სამწუხაროდ, საბანკო სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, ევროპის კანონმდებლობასთან შედარებით, ძალიან სუსტია, უსახურიც კი. შესაბამისად, ვერც საბანკო სექტორი რეგულირდება ადეკვატურად და საბანკო მომსახურების მომხმარებლის უფლებებიც არ არის დაცული.

_ მომხმარებელთა უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ხშირად ბანკებში მოქმედებს სესხის ძირისა და პროცენტის დაფარვის შემდეგი წესი: თავიდან მთლიანად იფარება პროცენტი, შემდეგ _ ძირი. ასეთ პირობას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ…

_ საქართველოში პროცენტებს რიცხავენ ორი _ ანუიტეტისა და პროპორციული მეთოდით. ანუიტეტის მეთოდით სესხის ვადის პირველ ნახევარში სრულად იხდი მხოლოდ პროცენტს, ასეთი პირობით აღებული სესხის შემთხვევაში აზრი არ აქვს დღეს რეკლამირებული სესხების პორტირებას. „გადმოიტანე სესხი ჩემთან დაბალ პროცენტში!“ _ გთავაზობს რეკლამა… თუ თქვენ ანუიტეტის მეთოდით უკვე გადაიხადეთ სესხის პროცენტის თუნდაც ნაწილი, აზრი აღარ აქვს სხვა ბანკში პორტირებას. ასე წაგებული აღმოჩნდებით, ახალ ბანკს თავიდან უნდა გადაუხადოთ უკვე ერთხელ გადახდილი პროცენტები. ამას არავინ აგიხსნით ბანკებში, რადგან იქ მთავარია, მიგიზიდონ, დაგიყოლიონ. არის სესხის დარიცხვის მეორე მეთოდი, _ პროპორციული, _ სესხის პროცენტიც და ძირიც ნაწილდება პროპორციულად და შეთანხმებული ვადის განმავლობაში ორივეს ერთად იხდი. ქართულ ბანკებს, რატომღაც, არ უყვართ ამ მეთოდის გამოყენება. აქაც ისევ თავს იჩენს ეროვნული ბანკის სუსტი რეგულირების პრობლემა. ეროვნული ბანკი არ არეგულირებს სესხის გაცემის პროცედურას, არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა. კანონმდებლობიდან ამოვარდნილია საკრედიტო საქმიანობა, ისევე, როგორც იპოთეკური სესხები ქონების გირაოთი. მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრომ სცადა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ბანკებს ვერავინ შეეხო, მათ იჩივლეს, რომ ქონების გირაოთი უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების შესახებ კანონში ცვლილება დააზარალებდათ და ცვლილებების მხოლოდ კერძო მევახშეების კუთხით განხილვა დაიწყეს… ევროკავშირში ასეთი საკითხები აუცილებელი წესით არის დარეგულირებული. შექმნილია სპეციალური კანონები. თუ კანონი არ არსებობს, ცენტრალური ბანკების სპეციალური ნორმატიული აქტები განსაზღვრავს, რა შეიძლება გააკეთოს კომერციულმა ბანკმა და რა _ არა.

_ თუ ეროვნული ბანკი არ ცდილობს არაფრის გამოსწორებას, პარლამენტმა მაინც არ უნდა იფიქროს საკანონმდებლო ცვლილებებზე?

_ საფინანსო სფერო ისეთი რთული და სპეციფიკურია, ზოგადი ეკონომიკური განათლება მისი მართვისთვის არასაკმარისია, ანუ თუ კარგად არ იცნობ ამ სისტემას, მის მართვას ვერ შეძლებ. ამიტომაც პარლამენტი ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, თუ მას იდეა ან კანონპროექტი არ მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა. მან უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და სურვილი _ მართოს საბანკო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით ის არის დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი, ზეპოლიტიკური ორგანო, რომლის ერთადერთი ინტერესი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკისა და, მათ შორის, საფინანსო სისტემის მართვა. როდესაც ეროვნულ ბანკს ქვეყნის ხელისუფლება მართავს, ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს და ეკონომიკა ზარალდება. ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომ  დაცული იყოს როგორც ფინანსური მომსახურების მომხმარებლის, ასევე საბანკო სექტორის ინტერსებიც, ანუ არც მწვადი დაწვას და არც _ შამფური.

_ ეროვნულ ბანკს შეუძლია, ბანკებს სესხის პროცენტის ზღვარი უკარნახოს?

_ რა თქმა უნდა. ორი-სამი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი კომერციულებს უგზავნის წერილებს მითითებით, რომ მათ არ შეუძლიათ, ვადაზე ადრე  დაბრუნებულ სესხზე დააწესონ საკომისო 2%-ზე მეტი ოდენობით. მან, პრაქტიკულად, უბრძანა კომერციულ ბანკებს, რომ საკომისიო გადასახადი უნდა იყოს ამდენი. აშშ-ში 90-იან წლებამდე დადგენილი იყო პროცენტის ზედა ზღვარი. ყველა ქვეყანაში, სადაც საჭიროდ მიიჩნევდნენ, კომერციული ბანკების საქმიანობა მკაცრად იყო რეგლამენტირებული. ამის უფლება აქვს ეროვნულ ბანკს, მაგრამ არ აკეთებს. ამიტომაც კომერციული ბანკები სესხებს სამევახშეო პროცენტით გასცემენ. ამის რეგულირება აუცილებელია. მაღალი პროცენტი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების საშუალებას არ აძლევს. მეწარმე, რომელიც საქმიანობს სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, მშენებლობაში, ვერ აიღებს მაღალპროცენტიან სესხს, რადგან რეალურ წარმოებას სჭირდება დრო კრედიტის დასაბრუნებლად. იმიტომაც ვერ ვითარდება ჩვენთან ეკონომიკა და ვაჭრობისა და იმპორტის მომსახურების ამარა ვართ დარჩენილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სფეროს დღევანდელი მდგომარეობა ეროვნული ბანკის არაეფექტური საქმიანობის შედეგია.

 

P.S. ეს სტატია მომზადებული მქონდა, როდესაც სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის სტატუსს წავაწყდი სწორედ საბანკო სესხების თემაზე. ფსიქო-სარეაბილიტაციო ორგანიზაცია „კამარას“ (სადაც, ძირითადად, წამალდამოკიდებული ადამიანები გადიან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს) ერთ-ერთ წევრს ბანკმა მძიმე ვალი დაადო იმის გამო, რომ აწ დაზარალებული თავის დროზე ბანკიდან სესხის ამღების შუამავალი იყო:

„ჩემს ერთ კამარელს თავისი ბარათიდან გამოუტანინებია ვიღაცისთვის 5000 ლარი, იმ ვიღაცამ არ დაუბრუნა არც დროზე და არც დროის გადაჭარბებით. ორი კვირის წინ ბანკიდან შეატყობინეს, რომ მისი ვალი დღეს არის 120 000 ლარი. ახლა კი დაფაცურდა და იმ ვიღაცას „ძირი“ დააფარინა, მაგრამ ეს პრობლემას ვერ წყვეტს. შევეშვათ ამ კონკრეტული პირის პრობლემას და ერთი შეკითხვა მაქვს, _ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში შეიძლება, ადამიანს სანამ 120 000-ზე არ აუყვან ვალს, მანამდე არ გააგებინო? 15 000-ზე რომ ავიდნენ, მაშინ ეპოვათ და ეთქვათ? ან რამე ლიმიტი არ უნდა არსებობდეს, მაქსიმუმ რამდენად შეიძლება იქცეს ვალი?

უბრალოდ შეკითხვებია. ვერ ვერკვევი და მაინტერესებს.

პლუს ამას მოსახლეობის უმეტესობა 10 ლარში ხურდას ვერ ითვლის და რომ გამოაქვთ ბრმად კრედიტები და გონში არ არიან, რას აწერენ ხელს, წესიერი კონსულტაცია რომ მიიღონ რისკების შესახებ, არ შეიძლება? იქნებ, აცდეს ამდენი ხალხი გამოსახლებას და ქუჩაში დარჩენას? თორემ მერე ბანკიც არ გამოდის მტყუანი, საკუთარ სისულელეზე გვიწევს სისხლით გადახდა, მაგრამ პრევენცია ხომ შეიძლება მოხდეს, რომ ვინმე ზრუნავდეს ამაზე?“ _ კითხულობს ნათია ფანჯიკიძეც და მისი სტატუსის ქვეშ განთავსებული საქართველოს მოქალაქეების კომენტარებიც მოწმობს, რომ პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, უაღრესად აქტუალურია. მოქალაქეებს, კი, როგორც ჩანს, ტყუილად არ მიაჩნიათ, რომ ბანკი მათი მტერია. მით უფრო მაშინ, როდესაც ბანკში არანაირ სასესხო განაცხადს არ აკეთებ და სატელეფონო შეტყობინებით იღებ ინფორმაციას, რომ ბანკში სესხი დაგიმტკიცდა. რა სესხი? გაოცდები და ბანკში რეკავ, სადაც აბსურდულ პასუხს გაძლევენ, _ მერე რა, რომ არ გითხოვიათ არაფერი? ჩვენ დაგიმტკიცეთ და თუ გნებავთ, ნუ ისარგებლებთ!

                                                                                       ელენე იმერლიშვილი