„ისლამური სახელმწიფო“ _ რუსეთის ტერორისტული პროექტი

islami

პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, მოკლედ ისლამური სახელმწიფო, რუსული სპეცსამსახურების შექმნილია. (ლევანტი _ ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთის საერთო სახელწოდება ფრანგულად, არაბულად მაშრიყი, კულტურულ-გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას ანატოლიიდან (თურქეთი) ეგვიპტემდე: სირია, ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ისრაელი, პალესტინა, ეგვიპტე. ხშირად ეს ტერმინი უფრო ვიწრო წრეს აერთიანებს, _ რედ.)

აღნიშნული ორგანიზაცია, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება არაბულ სამყაროში დღემდე არსებული მსგავსი დაჯგუფებებისგან. მათ ერთი ხელწერა აქვთ, ახდენენ ტერორს, ქრისტიანებს თავებს ჰკვეთენ და შემაძრწუნებელ კადრებს ავრცელებენ ინტერნეტით, თუმცა „სახელმწიფოდ“ მხოლოდ ამ ერთმა გამოაცხადა თავი.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი კუჭავა:

_ „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს“ შორს მიმავალი, ისლამური ხალიფატის აღორძინების იდეა აქვს. შარიათის კანონებით მართული სახელმწიფოს შექმნის წადილი ახლო აღმოსავლეთში სხვა, მრავალ ისლამურ ორგანიზაციას, მათ შორის, ლეგალურ პოლიტიკურ ძალებსაც აქვთ. თუმცა მიზნის მიღწევას უფრო მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცდილობენ, თუნდაც ისე, როგორც ეს მოხდა ეგვიპტეში 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვეს „ძმებმა მუსლიმებმა“. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ტერორისტებს დაპყრობილ ტერიტორიებზე სახელმწიფო შეექმნათ, არადა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკვე რამდენიმე თვეა, აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიას ერაყსა და სირიაში. მათ განაცხადეს, რომ ლევანტი არის ისტორიული სირია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სირიის, ლიბანის, პალესტინისა და იორდანიის ნაწილის ტერიტორიებს. ინტერნეტში რუკაც კი გაავრცელეს, თუ რა საზღვრებში უნდა იყოს მათი „სახელმწიფო“ 5 წლის შემდეგ. ისლამისტებს სურთ დაამყარონ მმართველობა ნავთობითა და ბუნებრივი აირით უმდიდრეს ტერიტორიებზე. ძნელია დავიჯერო, რომ ეს შემთხვევითია. რუკის მიხედვით, ისლამური სახელმწიფო მოიცავს ტერიტორიას ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. მის საზღვრებში უნდა აღმოჩნდეს ტერიტორიები ნიგერიიდან ინდონეზიამდე, რომლის წყალობითაც ხალიფატი ხელთ ჩაიგდებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან მარაგს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ფული და  ბირთვული იარაღი აღმოჩნდება ტერორისტების ხელში.

_ ე. ი. უნდა შეიქმნას ისლამური ზესახელმწიფო, რომლის მოსახლეობა იქნება, დაახლოებით, 4 მილიარდი. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ხანში დედამიწის ყველა მცხოვრები გახდება მაჰმადიანი…

_ შესაძლოა, ეს ახლა ჟღერდეს როგორც აბსურდი, მაგრამ  საფრთხის იგნორირება დაუშვებელია. „ისლამური სახელმწიფო“ არ წარმოქმნილა სტიქიურად, ის არის დეტალურად დამუშავებული პროექტი. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის 40 000 ტერორისტი. არა მოხალისეები, არამედ პროფესიული ჯარი, რომელსაც შესანიშნავად აქვს დამუშავებული თვითდაფინანსების საკითხი. დასავლური მედიის ცნობით, მათ დაიპყრეს ნავთობით მდიდარი რაიონები და არალეგალური იმპორტით ყოველთვიურად 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვთ.

_ რა არგუმენტები გაფიქრებინებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ უკან რუსული სპეცსამსახურები დგას?

_ დავაკვირდეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს: „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსალოდნელი საფრთხის გამო დამასკო წავიდა უპრეცედენტო ნაბიჯზე, _ ბაშარ ალ-ასადმა დაიწყო თანამშრომლობა აშშ-სთან. „ასოშეიტედ პრესის“ ცნობით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემ მოუწოდა აშშ-ს, მიიტანონ საჰაერო იერიშები არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, არამედ სხვა ტერორისტთა პოზიციებზეც. ამასთან, მუალემ განაცხადა, რომ ოფიციალური დამასკო ბარიკადების ერთ მხარეზეა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად და ის იბრძოლებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ.

რუსულმა მედიამ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება  ვაშინგტონისადმი დანებებად და მოსკოვის ზურგში დანის ჩარტყმად აღიქვა. ცნობილმა რუსმა არაბისტმა, გიორგი მირსკიმ კი „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში აშშ დაადანაშაულა და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც სირიისა და ქიმიური იარაღის საკითხი განიხილებოდა, რუსეთმა შეუძლებელი გააკეთა სირიის დასაცავად, ასადის ხელისუფლებამ ყველაფერი დაივიწყა და ვერაგულად დაამყარა ალიანსი ამერიკასთან“, _ აცხადებს მირსკი.

რუსეთს უმწვავესი რეაქცია ჰქონდა ობამას გამოსვლაზეც, როდესაც მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გამოიყენებენ სამხედრო ძალას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ როგორც ერაყში, ასევე სირიაში. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა, განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. რუსეთი, რომელიც თავს ესხმის კავკასიას, ანადგურებს ჩეჩნებს, გვართმევს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ცეცხლის ალში ხვევს უკრაინას და სჩადის უამრავ ბოროტებას, აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაციისთვის გაეროს თანხმობაა საჭირო. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამის მიღმა, თუ კონკრეტულად ვერაფერს დაინახავ, ეჭვიც არ გაგიჩნდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია აღშფოთებულია მოსკოვის რეაქციით. მისი აზრით, რუსეთი ადეკვატურად არ აფასებს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. წარმოადგენენ კი საფრთხეს რუსეთისთვის?

_ რას აძლევს რუსეთს „ისლამური სახელმწიფო“?

_ ჯერ იმას ვუპასუხოთ, რას კარგავს რუსეთი, თუ მოვლენები ამერიკული სცენარით განვითარდება? დაკარგავს ძალიან დიდ ფულს, ნავთობით მიღებულს, რაც როგორც რუსეთის, ისე პუტინის ძალაუფლების, ფაქტობრივად, ერთადერთი გარანტიაა. ამასთან, რუსეთმა მის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და იმის გამოც, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი ეცემა, უკვე დაკარგა მილიარდობით დოლარი. იოლი წარმოსადგენია, რა მოხდება, თუ სირია ყატარიდან ევროპისკენ მიმავალ ბუნებრივ აირს თავის ტერიტორიაზე გაატარებს? პუტინს კარგად ესმის, რომ მისი ძალაუფლება დასრულდება, თუკი საკუთარი ენერგომატარებლებით ბუნებრივი აირის გაყიდვას ვერ შეძლებს და ევროპას დაკარგავს. ამიტომაც მან აამოქმედა „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმა. ტერორისტების ხელშია ერაყისა და სირიის ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ობიექტები, რითაც აფერხებენ ნავთობის მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე. მას შემდეგ, რაც დასრულდება საბრძოლო მოქმედებები, მილსადენებისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო იქნება არა მარტო დიდძალი თანხა, დიდი დროც. რუსეთი ამ დროში განაგრძობს საკუთარი ენერგომატარებლების ექსპორტს ევროპაში და კვლავ გახდება მონოპოლისტი და კიდევ უფრო შეეცდება თავისი პოზიციების განმტკიცებას.

_ ფიქრობთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პროექტი ასე მოკლე დროში დაგეგმეს და განახორციელეს რუსულმა სპეცსამსახურებმა?

_ არა, ის რაც პუტინმა ამჯერად „ისლამური სახელმწიფოს“ სახით აამოქმედა, ჯერ კიდევ ანდროპოვის დროინდელი „კაგებეს“ პროექტია. ის, რომ რადიკალური ისლამი საბჭოთა „კაგებეს“ პირმშოა, ამას მრავალი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება აქვს. მათ შორის არის რუმინეთის დაზვერვის უფროსის (1972-1978 წწ.), იონ მიხაი პაცეპას წიგნი „მოგონებანი“ და სტატიათა ციკლი „რუსული კვალი“.

პაცეპას თქმით, 1972 წელს კრემლში მიიღეს გადაწყვეტილება, მთელი ისლამური სამყარო აემხედრებინათ ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ: „საბჭოთა კგბ-ს თავმჯდომარე იური ანდროპოვმა ჩემთან საუბრისას თქვა, რომ მილიარდობით მუსლიმანი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს შეერთებულ შტატებს, ვიდრე რამდენიმე მილიონიო. მისი თქმით აუცილებელი იყო, მთელ ისლამურ სამყაროში დაენერგათ სიძულვილი ებრაელების მიმართ, შემდგომ კი ეს ემოციური იარაღი გამოეყენებინათ სისხლისმღვრელ ომად ისრაელისა და მისი მთავარი მოკავშირის _ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. არც ერთი ქვეყანა, რომელიც შეერთებული შტატებისა და სიონისტთა გავლენის სფეროშია, არ უნდა გრძნობდეს თავს დაცულადო… საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლებს კარგად ესმოდათ, რომ საბრძოლო ველზე ვერ მოვიგებდით და ამიტომ ვცდილობდით დაგვეპყრო ადამიანთა ტვინები. ანდროპოვის აზრით, მუსლიმანებმა იციან ნაციონალიზმისა და შოვინიზმის გემო და გაუნათლებელი ბრბო ადვილად წამოეგება ნებისმიერ პროვოკაციას. ტერორიზმი და ძალადობა ისრაელისა და მისი მფარველების წინააღმდეგ ბუნებრივად გამომდინარეობს მაჰმადიანთა რელიგიური ვნებებიდან“, _ მასწავლიდა ანდროპოვი.

1970-იან წლებში საბჭოთა „კაგებემ“ მიბრძანა მომეძებნა სანდო პარტიული აქტივისტები ისლამური ეთნიკური ჯგუფებიდან და მესწავლებინა მათთვის დეზინფორმაცია და ტერორიზმი, რათა შემდგომში გაგვეგზავნა ჩვენი გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებში. მათი ამოცანა იყო გაეღვივებინათ სიძულვილი ამერიკული სიონიზმისადმი და რეგიონში მცხოვრები ებრაელებისადმი. 1978 წელს ჩემმა ხელქვეითმა რუმინეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს 500-მდე ასეთი აგენტი, ხოლო მოსკოვიდან მიღებული ინფორმაციით, სოციალისტური ქვეყნების მიერ სულ მომზადდა 4000-ზე მეტი აგენტი“.

_ რამ განაპირობა ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წაინააღმდეგ „რელიგიური დესანტის“ შექმნა? 

_ 1967 წელს, ცნობილი ექვსდღიანი ომის დროს, კრემლის მოკავშირეების _ სირიისა და ეგვიპტის _ სასტიკმა მარცხმა ისრაელთან. მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ანდროპოვმა, რომ ჩამოყალიბებულიყო ისლამისტთა ტერორისტული დაჯგუფებები.

თავდაპირველად გაჩნდა საბჭოების მიერ მოგონილი ტერმინი „პალესტინელი ხალხი“, რომელსაც თვითგამორკვევა უნდოდა. ტერმინის „პალესტინელი ხალხის“ პრეზენტაცია შედგა მოსკოვში 1964 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (ამ ტერმინის ავტორები პალესტინელ ხალხად მიიჩნევდნენ პაალესტინაში მცხოვრებ არაბებს). პირველად ტერმინი გამოქვეყნდა პალესტინური ქარტიის შესავალში, რომელიც მოსკოვში დაიწერა და დაამტკიცა პალესტინის ეროვნულმა საბჭოს 422-მა წევრმა. ისინი, თავის მხრივ, საბჭოთა „კაგებემ“ შეარჩია. საერთოდ, იმ წლებში „კაგებე“ აქტიურად ქმნიდა სხვადახვა „განმათავისუფლებელ მოძრაობებს“. ამ მხრივ პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია ყველაზე წარმატებული პროექტი გახლდათ.

 

                                                                                                 ელენე იმერლიშვილი