„საგარეო მტრების კარში გადამწყვეტ გოლს, ჩვენ – „თავისუფალი დემოკრატები“ გავიტანთ!“

123

„ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანი თქვენია, სავარაუდოდ, მთავარი მსაჯიც, მაგრამ იცოდეთ, ბურთი მრგვალია. იმას ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ კარში ნახევარი ძალით დავარტყამთ, მაგრამ იცოდეთ ისიც, რომ ჩვენი საგარეო მტრების კარში გადამწყვეტ გოლს, სწორედ ჩვენ – „თავისუფალი დემოკრატები“გავიტანთ“, – ასე დაიწყო „თავისუფალი დემოკრატების“ მესამე ყრილობაზე თავისი გამოსვლა  ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

მესამე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის ანგარიში, სარევიზიო კომისიის დასკვნა და გამგეობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია აირჩიეს.

ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ მოგესალმებით პატივცემულო „თავისუფალო დემოკრატებო!“ ე.ი. თანამოაზრეებო. ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება დავკარგოთ ერთმანეთი, როცა აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყარა, დავრჩებით პარტნიორებად“, – აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ალასანიას გუნდი აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ჩავლენ ყველა რეგიონში, მივლენ ყველა ოჯახში, არ მისცემენ ხელისუფლებას მოსვენებას და იქნებიან კონსტრუქციულები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში. „თავისუფალი დემოკრატების“ მესამე ყრილობას 2100 დეპუტატი ესწრებოდა.