ქალი არსაიდან

Capturennn

ბოლო დღეებში რამდენიმე რამ შეგვრჩა ხელთ _ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო, რაც იმას მოასწავებს, რომ ნელ-ნელა მართლა პრეზიდენტი შეგვრჩება ხელთ. აგრეთვე მსუყე პოლიტიკური ინტრიგა _ ალასანიას მაღალჩინოსანი ხელქვეითების დაჭერა, ბოლოს ბერი გაბრიელის ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის ნაცვლად და ეს ყველაფერი, წინა რიცხვითაც და უკანა რიცხვითაც, მაინც გადაფარა ამალიამ.

ჯერ მისმა გამოჩენამ ნიჭიერში, რომელმაც, როგორც ჩანს, შეძრა და შეაზანზარა ქვეყანა, მერე კი ის ყველაფერი, რაც მოჰყვა ამ ნიჭიერი ქალის გამოჩენას _ დიდი ეჭვიანობა და პრეზიდენტის დარად ნიკა გვარამიამაც გამოიყენა ვეტო, რომელიც კანონს კი არა, მოხვდა გოგა ხაჩიძის თამადობით ყველას, ვინც „რუსთავი 2“ დაადანაშაულა თაღლითობაში. ამ ფაქტმა დიდი სიხარული შეიტანა მეოცნებეთა რიგებში, იმდენად დიდი, რომ რამდენიმე ამალიაც კი ინატრეს, _ რამდენიმე ამალია და „ნაციონალები“ მარტივ მამრავლებად დაიშლებიანო. ბევრმა „ნაციონალურად“ მოძრავმა დაამუნათა კიდეც გვარამია იმაში, რომ ამალია არ ღირდა ამხელა მსხვერპლად, ამხელა აყალმაყალად…

მოდი, კარგად გავიაზროთ, რა მოხდა და ღირდა თუ არა ხაჩიძის, ან სხვათა მსხვერპლად მიტანა ამალიას სამსხვერპლოზე? _ ღირდა! დავიწყოთ ელემენტარული ჭეშმარიტებით. თუ შენ გაქვს უფლება, ეჭვი შეიტანო და თაღლითობაში დაადანაშაულო არხი, კონკრეტული ადამიანები, იმ არხს და იმ კონკრეტულ პერსონებს ვინ წაართვა გამოხატვის უფლება, რომ საკადრისი პასუხი გაგცენ უსაფუძვლო ბრალდებაზე?

გამოჩნდა ამალია. იმღერა. საზოგადოებამ აიტაცა და… დაიწყო ის, რაც გვახასიათებს ოდითგან _ ისე დავკორტნეთ, როგორც დაკოდილ ძერას კორტნიან ყვავები. დიახ, ჩვენ ხომ მხოლოდ დიდკაცებს არ ვკორტნით, ჩვენ ვკორტნით ნიჭიერებსაც. და სწორედ კორტვნის იმ არნახულმა მასშტაბმა ცხადყო, რომ „რუსთავი 2“-მა ამჯერად მართლა ნიჭიერი გამოიყვანა ასპარეზზე. დიახ, „რუსთავი 2“-მა გამოიყვანა ასპარეზზე და ის არაფერს ცვლის, თუ ეს ამალია ყოველთვის ჭრელ „სუმკას“ არ დაათრევდა და ოდესღაც სტავროპოლის რესტორანში ჭამდა თუ მღეროდა. მას არც უთქვამს, რომ იგი არ მღეროდა. გარკვევით თქვა, რომ პირველად იდგა დიდ სცენაზე. და ის, რომ ოდესღაც დღევანდელივით არ უჭირდა და ყვავილებს არ წნავდა, რას ცვლის? ან ის რას ცვლის, თუ იგი მღეროდა ოდესღაც სადღაც? ან ის გუნდი შექმნა თუ არა? ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროფესიონალი მომღერალია? იცით, რატომ გამოაცხადეს იგი პროფესიონალ მომღერლად? იმიტომ, რომ ბევრმა სწორედ ასე, რესტორნებში სიმღერით მიიწება „პროფესიონალის“ იარლიყი! რა განსაზღვრავს პროფესიონალიზმს? მღეროდი სადმე თუ ის _ მიიღე თუ არა შესაბამისი განათლება? თეა თუთბერიძემ იკითხა საინტერესოდ: „პროფესიონალიზმს განსაზღვრავს არა ის, თუ რა წრე ან გუნდი შექმნა სადმე, არამედ რა მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. აქვს თუ არა კონსერვატორია თუ სხვა სასწავლებელი დამთავრებული და ა. შ. მასე, მე რომ ჩემით ჩინური ვისწავლო, მერე ავდგე და სადღაც-სადღაც ჩინურად ვილაპარაკო, ჩინურის მსწავლელთა მსურველთათვის წრე შევქმნა და მომზადება დავიწყო, ეგ იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალი ვარ ჩინურის სწავლების კუთხით?“

მოკლედ, ეს მერე იყო, ეჭვის მიტანა „პროფესიონალიზმში“, ეს მას მერე, ყიჟინა რომ დასცეს, ფონოგრამა იყოო. ანუ ვერ მღერისო. როცა გაირკვა, რომ ფონოგრამა არ იყო, პროფესიონალია და იმღერებდა, აბა, რას იზამდაო? უკაცრავად და, რა არის თქვენი ამოცანა? ისევ და ისევ „რუსთავი 2“-ის თაღლითობაში დადანაშაულება და ზედ ქათამივით ცხოვრებისგან განაწამები საწყალი ქალის წაკვლა?

ჯერ სასხვათაშორისოდ იკითხეს, _ ფონოგრამა ხომ არააო? შემდეგ ანრი ჯოხაძემ გამოიტანა ვერდიქტი, რომ ფონოგრამა იყო, შემდეგ ატყდა და რა ატყდა. ვინ იმას ამტკიცებდა, რომ ფონოგრამა იყო, ვინ იმას, რომ ფონოგრამა არ იყო, შემდეგ კი გოგა ხაჩიძემ პოლიტიკური წონა შესძინა მთელ ამ პროცესს, უფრო სწორად, გნიასს: „ვნახე ეს ვიდეო… ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის“.

და არც ნიკა გვარამიამ დააყოვნა და გამოეხმაურა არხის სახელით: „1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით; 2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, როდესაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულებისა და ხმის აცდენა;

3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, რომლებმაც არხი, პრაქტიკულად, თაღლითობაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, „ბრავოს“ ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე; 4. თუ რამე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს „სხვა შუადღეს“.

ეს არხის სახელით, პირადად კი უფრო მწარედ დაამატა: „მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა იუზერებმა ორი დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები“…

სულ მალე კი იქვე ფეისბუკში საჯაროდ, არხის სახელით მიმართა მაია ასათიანს და ნანუკა ჟორჟოლიანს: „ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არხს, ყველა ჟიურის წევრს, მერე კურიერს, რომელმაც სიუჟეტები აკეთა, პრაქტიკულად ყველას, თაღლითად აცხადებენ, თქვენს შოუებშიც არ მივესალმებით“.

იმ ოთხშაბათს სტრესში ჩავარდნილ ამალიას არც უმღერია „სხვა შუადღეში“, იყო ბოდიშებიც, თითზე კბენანიც, იმის შეცხადებაც, რომ თურმე ეჭვიც დასჯადი ყოფილა… საქმე ის კი არ არის, ამალია ნიჭიერია თუ არა, ან ის, ითაღლითია თუ არა თავად ამალია, საქმე ის არის, რომ ყველამ ერთად, პირდაპირ თუ ირიბად, თაღლითობაში დაადანაშაულა „რუსთავი 2“.

აბა, კარგად წარმოიდგინეთ, შეძლებდა თუ არა ამალია ფონოგრამის გამოყენებას თვითნებურად, თუ მას ამ ფონოგრამას არ ჩაურთავდა სტაფი? და თუ სტაფმა ჩაურთო, ან ეს პერსონალი ვინ გამოდის, ან მთელი „პროდაქშენი“ და ვინ გამოდის არხის გენდირექტორი, რომელიც ჟიურიში ზის? ყრუ, რომელიც ვერ არჩევს, მომღერალი პლუსზე მღერის თუ მინუსზე? თუ თაღლითი, რომელიც ფონოგრამით ნამღერს ცოცხლად ნამღერად ასაღებს? ან ჟიურის წევრები ვინ გამოდიან? სპილომ დააბიჯა ყურზე ან ნანუკა ჟორჟოლიანს, ან ია ფარულავას, ან ლევან წულაძეს? თუ ისინიც თაღლითობენ გვარამიასთან და არხთან ერთად?

ჟიურიში რომ არ მჯდარიყო თავად გვარამია, კიდევ იყო ლუფტი, რომ ეს „პროდაქშენმა“ იცუღლუტ-ითაღლითა და არ იყო ცნობილი არხის ხელმძღვანელობისთვის, და ახლა რა გამოდის, _ გვარამია შოუებში თაღლითობს და საინფორმაციოებში არ თაღლითობს? და ვის მიზნებში შედის დარტყმა „რუსთავი 2“-ზე, მის რეინტინგზე? ეს შედის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, რომ ეჭვქვეშ დადგეს „რუსთავი 2“-ის კეთილსინდისიერება?

ყველა იმ „ნაციონალს“ და „ნაციონალების“ მომხრეს, ვისთვისაც ძვირფასია ხაჩიძე და არ ემეტებათ ამალიას გულისთვის გასაწირად, მინდა ვკითხო, _ „რუსთავი 2“ გემეტებათ თაღლითების არხის იარლიყისთვის? თუ გვარამია იყო ვალდებული, არ გაეხარებინა „ქოცების“ გული, ხაჩიძე ვინ გაათავისუფლა ამ ვალდებულებისგან?

ამ პასუხისმგებლობასაც რომ თავი დავანებოთ, უკაცრავად და თუნდაც ერთი ადამიანი არაფრად გვიღირს? ისე უნდა გაისრისოს უსაფუძვლოდ ამ გნიასში, რომ მეორე ადამიანმა, ამ შემთხვევაში გვარამიამ, ხმაც არ ამოიღოს? და ისე უყუროს გულგრილად და უდრტვინველად, როგორ ნადგურდება ადამიანი მის თვალწინ მორალურად?

და საერთოდ, რას ნიშნავს, პასუხგაუცემელი და რეაგირების გარეშე დატოვოს ვინმეს მხრიდან ასეთი ტიპის შეტევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ნაციონალია“? თეა წულუკიანს რომ შეეტანა ეჭვი, ხომ ყველა ნიკა გვარამიას მხარდამხარ დაირაზმებოდა, ამალიას დასაცავად და წულუკიანზე გასალაშქრებლად? ან რამდენად კეთილგონივრულია, მეორე დღეს იმავე არხზე იჯდეს მეორე შოუში? გვარამიამ ისიც გარკვევით განმარტა, რომ ეს ვეტო, ბლოკი თუ ბანი, არ ეხება ნიუსს და გაშუქებას და შოუში ვის მოიყვანენ და ვის გააპიარებენ ამით, ეს არხის გადასაწყვეტია. არხის და მისი ხელმძღვანელის გადასაწყვეტია. მოკლედ, ასე დავრჩით ჩვენ გოგა ხაჩიძის გარეშე და გოგა ხაჩიძე _ ფეისბუკის ამარა.

ამას როგორმე გადავიტანთ, მაგრამ ის როგორი გადასატანია, რომ ამ ხელისუფლების გამოისობით თბილისი დარჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის გარეშე? ვის ვუგორებთ წითელ კოჭს? რატომ მივადექით მაინცდამაინც რუსეთის წინააღმდეგ შეურიგებლად მებრძოლ ეროვნულ გმირს? არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ თბილისში არსებობდეს ბერი გაბრიელის ქუჩა, მაგრამ რატომ უნდა გადაერქვას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი? მხოლოდ იმიტომ, რომ ბერი გაბრიელი იმ უბანში ცხოვრობდა? უკაცრავად და ამ ლოგიკაზე „ზიხართ“ ძვირფასო საკრებულოს წევრებო? ამ თქვენი ლოგიკით, ილია ჭავჭავაძე ვაკელი ყოფილა, აკაკი წერეთელი _ დიდუბელი, ვაჟას ჩარგალში კი არა, აგერ, საბურთალოზე უცხოვრია, თამარი სულ ჩელუსკინელების ხიდზე გადი-გამოდიოდა და როგორც ლაშა ბერულავამ იხუმრა, ცოტნე დადიანი კიდე „ნახალოვკელი“ ყოფილა და ზედ „პერეხადნოი ხიდთან“ წაუსვამს ტანზე თაფლი. და ვერც იმით იმართლებთ თავს, მოსახლეობას ასე სურდაო. რას მიქვია, მოსახლეობას ან მის ნაწილს რა სურს? მოიცა, ვაკელებმა რომ ხელმოწერები შეაგროვონ, ახლა ჭავჭავაძის გამზირზე უნდა მოკლათ ილია? ვაჟა საბურთალოდან ჩარგალში გააძევოთ? მაინცდამაინც რას მიადექით ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ეგეც მიშისტია? ცხადია, დარწმუნებული ვარ, ქაქუცა რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ასი წელი არ გაქოცდებოდა, ალბათ, სწორედ ეს განჭვრიტეთ და ამიტომაც მიადექით მას!

დღევანდელი საკრებულოს მიერ ხსენებული ქუჩისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის გაუქმება და მისთვის ბერი გაბრიელის სახელობის ქუჩად ქცევა, ნიკა რურუას აზრით, „სიმპტომატურია მთელი დღევანდელი ხელისუფლების შეფარული ტაქტიკისა, რომ მეთოდურად მოსპოს ყველაფერი მებრძოლი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი და ის ფარისევლურად ჩაანაცვლოს პოპულისტურად მომგებიანი, მაგრამ არაფრისმთქმელი სიმბოლოებით. დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროა, როგორც ამის მაგალითს ქაქუცა ჩოლოყაშვილი გვაძლევს, და არა სალოსობისა, რის გარდა საბჭოთა რუსეთმა და მათმა აქაურმა მსახურებმა არაფრის უფლება არ დაუტოვეს საბრალო ბერს _ გაბრიელს, ვისაც უკიდურეს სიღატაკეში ამოხდა სული“. ნიკა რურუას აზრით, „ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ქაქუცას ქუჩის სახელის გადარქმევის ცერემონიაზე უკანა ფონზე დაძრწოდა ტრისტან წითელაშვილიც, რაც საბოლოო ავბედითი დე-ჟავიუს ელფერს სძენდა მთელ ამ გროტესკულ სანახაობას“.

ეს გროტესკული სანახაობა დიდხანს არც ამ ხელისუფლებას შერჩება, არც მოსახლეობის ნაწილს, ვინც ეს მოიწადინა. შეიცვლება ხელისუფლება და დაუბრუნებს ქუჩას ქაქუცას სახელს და დაიგლეჯს მრევლი წვერებს, თავშლებს, გამოვარდებიან ლიდერები „სარწმუნოებას გვართმევენ, ფიფოოოლის“ ძახილით და ახლა რომ მტერთან შეურიგებლობას და უკომპრომისობას გვართმევთ იმ სიმბოლოს ხელყოფით, რომელსაც სახელად „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ ეწოდება, სულ არაფერი?

რაო, რას ამბობს მოსკოვი, კმაყოფილები არიან, მოსკოვის გამზირი რომ ისევ ამაყად დგას თბილისში და ანტირუსი ჩოლოყაშვილი რომ გააძევეთ?

რეზო შატაკიშვილი