რატომ ითხოვს „საკონსტიტუციო კონგრესი“ გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტს?

10808013_10204439406640626_775150828_n

„საკონსტიტუციო კონგრესი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხს აყენებს. ამის შესახებ მოთხოვნა კონგრესის წევრებმა პარლამენტს, პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე გაუგზავნეს. რა პრეტენზიები აქვს კონგრესს გიორგი პაპუაშვილთან? რა საკითხს მიიჩნევენ დღეს ყველაზე აქტუალურად ყოფილი დეპუტატები?

ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „საკონსტიტუციო კონგრესის“ წარმომადგენლები ესაუბრებიან.

თენგიზ დიხამინჯია:

_ ჩვენ გახლავართ იმ დეპუტატთა ჯგუფი, რომელთაც 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში ხელი მოაწერეს კონსტიტუციას და, ამ თვალსაზრისით, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობისა და კონკრეტულად, გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ქართული მიწა-წყლის უპრაგონოდ და უპირობოდ გაყიდვას დაუჭირა მხარი. მინდა ასევე რამდენიმე სიტყვით მნიშვნელოვან თემაზე დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე, სადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა ფიგურირებს.

პრემიერის გამოსვლაში კონკრეტულად ვერ დავინახეთ სამართლებრივი განსხვავება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შორის, რაც დანაშაულად მიგვაჩნია! რა შეიძლება შევთავაზოთ აფხაზებს _ ეს არის სულ სხვა თემატიკა, სხვა რეალობა, სულ სხვა სამართლებრივი ხედვები და იდეები. სულ სხვა არის ცხინვალისა და სამაჩაბლოს რეგიონისადმი დამოკიდებულება. თუნდაც ის ფაქტი, რომ სანაკოევი დღეს არსებობს თავის რეზიდენციაში თავისუფლების მოედანზე და ჟენევის მოლაპარაკებაში საქართველოს დელეგაციაში ფართოდ მონაწილეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერ გაუცნობიერებია თვითონ ეს დანაშაულებრივი აქტი, რაც საბჭოთა კავშირის დემონტაჟთან არ არის დაკავშირებული.

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება გამოქვეყნდა, სულხან მოლაშვილი ცნეს, ფაქტობრივად, პოლიტპატიმრად. აღიარებულია, რომ მის მიმართ არაადამიანური ქმედებები განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა. ამის გამო მოლაშვილის მიმართ რეაბილიტაცია და 20 000-იანი ჯარიმა დაეკისრა საქართველოს ხელისუფლებას. ამ საქმეში არა მარტო კონკრეტული მოსამართლეების, პროკურორებისა თუ ციხის სადამსჯელო აღმასრულებლების ბრალეულობაა გამოკვეთილი, არამედ იმ პოლიტიკური გუნდის მთლიანად, უმაღლეს ელიტას ვგულისხმობ, სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვათა ჩათვლით, რომლებმაც ჩაიდინეს ეს სასწაული დანაშაული. ასეთი დანაშაული ბევრია და „ოცნების“ დანაშაულებრივი შეცდომა ის გახლავთ, რომ სხვადასხვა საელჩოებისა თუ „ძლიერთა ამა სოფლისათა“ გავლენით მფარველობენ ამ ძალებს და ისინი ხელშეუხებელნი არიან. ამ მავნე პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს! ამ ადამიანებს ღირსება უნდა დაუბრუნდეთ და სამართლიანობა უნდა აღდგეს!

სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება ჩვენი მოთხოვნა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ და კიდევ ორი სიტყვით მინდა პრემიერის განცხადებაზე ვისაუბრო: რუსეთთან მოლაპარაკება უნდა იყოს არა კულუარული და არა ხელისუფლების გადასაწყვეტი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს უნდა განაპირობებდეს. ისე არ უნდა დაგვემართოს, როგორც როკის გვირაბზე მოხდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს, რომლის შედეგადაც საბედისწერო პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, დღესაც ამ რეალობას ვერ ვასწორებთ და უნიათო ვითარებაში ვიმყოფებით. ამიტომ ყველა ეს პროექტი, რკინიგზის საკითხი იქნება თუ დაღესტნიდან გზის გახსნა, პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ეს ახალი რეალობა ისეთი დამღუპველი არ უნდა აღმოჩნდეს, რომ მომავალ თაობებს ამ შეცდომების გამოსწორება ძალიან გაუჭირდეს. ეს არის ფართო კონსენსუსის საგანი, ეს არის ეროვნული თანხმობის საგანი, სპეციალისტების, მეცნიერების, პოლიტოლოგებისა და გონიერი ადამიანების გადასაწყვეტი და არა მხოლოდ ხელისუფლების, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

ნოდარ ნათაძე:

_ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე არ მონაწილეობს, არის სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი, ანუ იურიდიული პირობებია გამზადებული იმისთვის, რომ საქართველოს მთელი მიწა გაიყიდოს უცხოელებზე სულ რამდენიმე წელიწადში! ქართველი ერი უნდა დარჩეს ბოგანოდ, რომელიც იწანწალებს მსოფლიოში უპრესტიჟო სამუშაოების ძებნაში. ამაში გადამწყვეტი მონაწილეობა აქვს მიღებული სააკაშვილის ხელისუფლებას, მის კრეატურას, მის მიერ შექმნილ ფიგურას, ვიღაც პაპუაშვილს, რომელიც დასვა უმაღლეს თანამდებობაზე _ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომლის ხელით კეთდება ეს ყველაფერი და ამის მონაწილეა დღევანდელი ხელისუფლებაც, რომელმაც ვერ დაუმტკიცა 100%-იანი არგუმენტაციით ამ აგენტურულ სასამართლოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აქვს უფლება, რომ, საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, აღკვეთოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე. ესენი ყველანი თანამონაწილენი არიან. ჩვენ ამის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოვიწყეთ, ასე ვთქვათ, მათ თეორიულად ვანადგურებთ, იმიტომ, რომ აბსურდულია მათი გადაწყვეტილება და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე შეიზღუდება გონივრული პირობებით! მაგრამ ეს ამ წუთში აქტუალობით, საჩქაროობის ხარისხით, მეორე ადგილზე დგას. პირველია ის, რაც პუტინმა წამოიწყო აფხაზეთში.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის აგენტურა საქართველოში არის უზარმაზარი. მისი პოზიცია თავიდან ბოლომდე განსაზღვრულია რუსეთის, ამ შემთხვევაში, პუტინის ნებით, მაგრამ დღეს რასაც აკეთებს რუსეთი, ამის ფონზე მათი აგენტურული სახე ღიად ჩანს. პირდაპირ გეუბნებით, ამ აგენტურაში დროის სვლას ყველაზე უფრო დიდი მანძილით არის ჩამორჩენილი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი პარტიის ლიდერია. ტელევიზიით მსჯელობა იყო ამ თემაზე. იქ ითქვა ის, რასაც პატეფონის ფირფიტასავით ატრიალებენ რუსომანიით შეპყრობილი პოლიტიკოსები _ დაველაპარაკოთ რუსეთს, იქნებ, გადმოგვიგდოს ქართული ტერიტორია. ამის კომენტარის სახით მინდა საზოგადოებამ იცოდეს _ რუსეთთან ლაპარაკი დღეს წარმოებს, მხოლოდ და მხოლოდ, დემონსტრაციული ძალის პოზიციიდან. ამ მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან მსოფლიო, ჩვენ _ არა. რუსეთი ამ დაპირისპირებაში უკვე დამარცხებულია. პოლიტიკოსი ვალდებულია, რომ ჰქონდეს პროგნოზი _ რა პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. რამდენიმე წელიწადია, უკვე მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი. ჩვენი ეროვნული პარტიების პროგნოზი დიდი ხანია ცნობილია. რუსეთი მესამე მსოფლიო ომს აგებს. მესამე მსოფლო ომი, რომელსაც ექნება ცივი და ცხელი სტადიები, ახლა, ასე ვთქვათ, ნელთბილ სტადიაშია. ცივ სტადიაში აღარ არის და პუტინი აგებს. რას აგებს? პუტინმა წააგო კავშირი უკრაინასთან და უკრაინა რუსეთის ორბიტაში არასოდეს აღარ შევა. იმიტომ, რომ კონკურენციაში უკრაინელების გულის მონადირებისთვის რუსეთმა წააგო დასავლეთთან. უკრაინელმა ხალხმა ღიად თქვა _ მე მინდა ევროპული განვითარების გზა და არა რუსული. პუნიტმა ძალიან აგრესიული პოზიცია დაიჭირა, რაც კი შეეძლო გააკეთა, ნემსის ყუნწში გაძვრა, რუს ხალხში ამით უზარმაზარი ავტორიტეტი მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა, დროშა ვერ გაშალა. პუტინი უკრაინასთან ომში ოფიციალურად ვერ ჩაება, ეს იმას ნიშნავს და იმას იწვევს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე ავიაციას ვერ გამოიყენებს და ვინც ავიაციას ვერ გამოიყენებს, ის ომს აგებს. ახლა პუტინი იძულებულია, რომ ეს თავისი გეოსტრატეგიული დამარცხება მალოს და მალოს. ამ დამალვის მიზნით იგი დღეს წამსვლელია ნებისმიერ ავანტიურაზე, პირველ ყოვლისა, საქართველოს წინააღმდეგ. რაკი იცის, რომ მსოფლიოს მხრიდან იქნება აქტიური ჩარევა, ის კომპრომისულ პოზიციაზე მიდის. ეს არის წმინდა ანტიქართული პოზიცია, რომელსაც ეწოდება კონფედერაციის შეთავაზება საქართველოსთვის. კონფედერაცია სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი: საქართველოსი, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთისა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამას აკეთებს და იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მოამზადოს ქართველი საზოგადოება ამ დამღუპველი სასიკვდილო აქტისათვის, ანუ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ცნობისათვის, ამისთვის ის წინასწარ გამოდის და თითქოს უარესით, აფხაზეთის პირდაპირი გადაყლაპვით გვემუქრება. პუტინის ამ ნაბიჯის აზრი არის მხოლოდ ეს.

ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ერთგული რომ იყოს, დღესვე გააკეთებდა დიდ განცხადებას, მიმართავდა მსოფლიოს სახელმწიფოებს და ერთხელ კიდევ დადებდა მაგიდაზე ამომწურავ დასაბუთებას _ რატომ არის საქართველოს სახელმწიფოს უფლება, რომ განახორციელოს თავისი რეალური იურისდიქცია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ცხინვალის ტერიტორიაზეც, ცხადია, რატომ არის ეს საქართველოს უპირობო უფლება! არის რამდენიმე მიზეზი: პირველი _ ქართველი მოსახლეობა, არა ისინი, ვინც დღეს არის იქ, ვინც წალენჯიხიდან ჩავიდა და ა. შ. ქართველი ერი, რომელსაც თავისი უწყვეტი ისტორია აქვს ათასწლეულების მანძილზე, ქართველი მოსახლეობა არის ის მოსახლეობა, რომელმაც, თავის დროზე, ეს ტერიტორია ხელუხლებელი ბუნებრივი მდგომარეობიდან დაიყვანა განვითარებული ფეოდალური ცივილიზაციის მდგომარეობაში, ეს მთავარია. ჩვენ იქ ავტოქტონური ერი ვართ, მეტი არავინ არის ჩვენ გარდა. მეორე _ მას შემდეგ, რაც აფსუები შემოვიდნენ და დამკვიდრდნენ, ძირითადად, მე-17 საუკუნიდან, მიაღწიეს ძალიან დიდ დემოგრაფიულ მდგომარეობას, თითქმის უმრავლესობა შეადგინეს, მაგრამ არასოდეს თავიანთი სამხედრო და მშვიდობიანი წარმატება არ მიუყვანიათ იმ ნიშნულამდე, რომ ეს ტერიტორია იურიდიულად საქართველოსგან მოეწყვიტათ. ეს ტერიტორია მუდამ იყო ან საქართველოს მეფეთა დაქვემდებარებაში, ან ყველაზე ახლო მთავრის, დადიანის ფეოდალურ ქვეშევრდომობაში. ეს უნდა იყოს ცნობილი მსოფლიოსთვის ოფიციალურ დონეზე. ჩვენ რომ ამას ვწერთ, რეზონანსი არ აქვს. ამას როცა ამბობს ხელისუფლება, რეზონანსი აქვს და ხელისუფლება ვალდებულია, ეს განაცხადოს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ჩვენი იურისდიქცია განვახორციელოთ პრაქტიკულად. ჩვენი აბსოლუტურად შეუვალი მიზანია, რომელზეც ჩვენ ხელს არ და ვერ ავიღებთ, რომ ქართველ და აფხაზ მოსახლეობას შორის მივაღწიოთ, ძმურს დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნორმალური ურთიერთობის აღდგენას! ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც აბსოლუტურია, ანუ არავითარ სხვა მიზნებზე _ არც სტრატეგიულზე და არც ტაქტიკურზე _ არ ხურდავდება! ამისთვის, ჩვენ, საქართველოს ეროვნულმა პარტიებმა, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შესთავაზო აფხაზ მოსახლეობას, რომ მისთვის ხელსაყრელი იყოს გადარჩენის ეს გზა. გადარჩენის სხვა გზა აფხაზ მოსახლეობას არ აქვს!

რუსეთმა პირდაპირ აიღო კურსი იმაზე, რომ ეს მოსახლეობა გადაყლაპოს, აფხაზეთში ჩაასახლოს იმდენი ახალი, უცხო მოსახლეობა, პირველ ყოვლისა, კაზაკები და სხვა ნაგავი რუსები, რომ დაიფაროს, გადაიჩრდილოს, კვალი აღარ ჩანდეს. ქართველები გამოდევნილები ვართ, რა თქმა უნდა, რუსებისა და არა აფხაზების მიერ! ახლა აფხაზების ამ მასაში დახრჩობის ამოცანა დადგა! ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, ამას ყველა გზით ებრძოლოს. მეტსაც გეტყვით, რეალურად გეოსტრატეგიული პოზიციით თუ შევხედავთ, ამიერკავკასიის ბედი ძალიან მჭიდრო კავშირით არის გადაჯაჭვული ჩრდილოკავკასიელ ჩვენს მონათესავე ხალხთა ბედთან. საქართველო, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო, თანმიმდევრულად უნდა ლობირებდეს, დაუზარებლად, შეუსვენებლად მსოფლიო არენაზე, კავკასიიდან რუსების გაყრას. ამას აქვს უზარმაზარი იურიდიული საფუძველი, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, არავითარი იურიდიული საფუძველი იმისა, რომ რუსეთი ფლობს ჩრდილოკავკასიის ტერიტორიებს, არ არსებობს! არ არესებობს შეთანხმება არც, ვთქვათ, რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის, არც რომელიმე უხუცესთა კრებას შორის, არც რომელიმე სოფლის კრების თავკაცთა შორის, რომ ჩეჩნები და კავკასიის სხვა ხალხები, ყველანი ერთნაირად, დაეთანხმონ თავიანთი მიწა-წყლის ყოფნას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამიტომ რუსეთის იქ ყოფნას, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. შევარდნაძე, რომელიც იყო რუსეთის პირდაპირი აგენტი, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს ხმარობდა ასეთ გამოთქმას: „ნე ბილო ბი აბზახიი, ნე ბილო ბი ჩეჩნიი“… ე. ი. აფხაზეთის ომს უბედურებად თვლიდა და ეს უბედურება იყო, რა თქმა უნდა. ჩეჩნეთის ომსაც უბედურებად თვლიდა, მაშინ როცა, სინამდვილეში, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. აფხაზეთში ქართველი მოსახლეობა ვართ ავტოქტონური, აფსუები არიან მოსულები, ჩეჩნეთში პირიქით, ჩეჩნები არიან ავტოქტონურები, რუსი არის მოსული და ზარბაზნით გაბატონებული. მე რასაც გეუბნებით ახლა, ეს არის მეცნიერების თემა, მეცნიერებამ ეს იცის, ამიტომ ეს დასაბუთებადია და მაგიდაზე დადებადი. მირჩევნია, რომ დავიწყებას მიეცეს, მაგრამ არის ფაქტი, აფხაზეთში ფიგურირებდა ძალიან აქტიური ლოზუნგი: „სმერტ გრუზინამ!“ და „გრუზინი, ვონ იზ აბხაზიი!“ ეს გენოციდი, რომელიც ჩატარდა, ქართველების თავებით ფეხბურთს რომ თამაშობდნენ გაგრის სტადიონზე და ა. შ. ქალებს რომ საბურავებს ჩამოაცმევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ წელზე, არსებობს, მაგრამ ამ თეზისს თავისი კულტურული ვარიანტიც აქვს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე, ქართული პროპაგანდისა და ინფორმაციის არარსებობის გამო, დამკვიდრებულია აზრი, რომ აფხაზეთი არის აფსუების, დღეს აფხაზებად წოდებულების ქვეყანა. რომ ამ ტერიტორიას აფხაზეთი ჰქვია იმიტომ, რომ იქ ცხოვრობენ აფხაზები. სინამდვილეში პირიქით არის _ ამ ხალხს აფხაზები ეწოდება იმიტომ, რომ მოვიდნენ და დასახლდნენ საქართველოს პროვინციაში, რომელსაც ერქვა აფხაზეთი. ამას, სხვათა შორის, ძალიან კონკრეტული დეტალიც აქვს, რომელიც ისტორიკოსისთვის და პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის ძალიან ადვილი დასანახია. იქ არიან შერვაშიძეები. ეს მთავრები, რომლებიც იქ შერვაშიძის გვარით არიან, არიან ჩაჩბები, ანუ შერვაშიძეობა, როგორც ამ ტერიტორიის მთავრის ტიტული, შემოსვლის შემდეგ, მე-17 სუკუნეში, აიღეს ჩაჩბებმა. მაშასადამე, შერვაშიძე, უკვე როგორც ამ ტერიტორიის პატრონი, გახდა აფხაზი. ეს მიღებულია ყველა ფეოდალურ ქვეყანაში. ამის შემდეგ ეს სახელი აფხაზი, ახალი მთავრის, ასე ვთქვათ, აპარატზე გადავიდა. ეს არის მთელი მექანიზმი, ძალიან ადვილად ასახსნელი. ვიმეორებ: საქართველოს სახელმწიფოს აფხაზეთში აქვს ორად-ორი ფუნდამენტური მიზანი, რომელზეც ხელს არ და ვერ აიღებს. ერთი _ ჩვენი აქ რეალური იურისდიქციის განხორციელება, მეორე _ გარანტირებული, ფიზიკურად და იურიდიულად განხორციელებული ისეთი პირობების შექმნა, რომელშიც აფხაზი ერი, როგორც ერი, გადარჩება! ანუ სადაც კომპაქტურად ცხოვრობს, იცხოვრებს იმ უფლებებით, რომელიც საკმარისია, რათა მან აშენოს საკუთარი საზოგადოება, საკუთარი გემოვნების, ბუნებრივი მონაცემებისა თუ ტრადიციის მიხედვით.

საქართველოში სხვა ბევრი არაქართველი ცხოვრობს, მათ შორის, ოსებიც. ამ სხვების მიმართ ჩვენ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, გვაქვს ძალიან მკაფიო ფორმულირება, ეს არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე, ანუ ეს ადამიანები უნდა შემოვიდნენ ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში როგორც მოქალაქეები, მაგრამ არავინ ავალდებულებს მათ, რომ ისინი ქართველებად გადაიქცნენ! სხვათა შორის, ჩვენ მიერ მრავალჯერ გამოქვეყნებული ფორმულა, როგორც ჩანს, მისწვდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ყურს და ერდოღანმა გერმანიის თურქ მოსახლეობასთან შეხვედრისას ეს ფორმულა იხმარა. ჩვენ ვამაყობთ და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ფორმულირება მსოფლიოში გადის და ღმერთმა ქნას, რომ უფრო ხელსაყრელად გავიდეს.

 

                                                                                                  თამარ ბატიაშვილი