„სანამ ადამიანები ცხოველებს ხოცავენ, ერთმანეთსაც დახოცავენ!“

fafdsa

თანამედროვე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჰუმანურობის წილი საზოგადოების ცნობიერებაში დროთა განმავლობაში გაიზარდა, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებიც დაარსდა, რომლებიც ისეთ ძალას წრმოადგენენ, რომ უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკოსებსაც უწევთ დათმობებზე წასვლა. თუმცა ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოში კი სხვა სიტუაციაა _ აქ წლების მანძილზე ცხოველების მიმართ ძალადობის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ მათ რაოდენობას არც დრო და არც მთავრობათა ცვლილება ამცირებს.

2014 წლის 29 სექტემბერს საქართველოში, ქ. რუსთავში, ცხოველებისადმი სასტიკი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა _ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ძაღლზე ძალადობას ასახავდა, მოგვიანებით კი ლეკვი ქვით ჩაქოლეს. ამ საზარელ შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საქმეში პროკურატურაც ჩაერთო და საქართველოს კონსტიტუციის 259-ე მუხლით მოძალადეს 100 საათი სავალდებულო სამუშაოების შესრულება დაეკისრა. განაჩენის გამოტანასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ სასჯელის ეს ზომა ძალიან ლმობიერი და ჩადენილ სისასტიკეზე არაადეკვატური რეაგირება იყო. სწორედ ამიტომ დაიგეგმა და მოეწყო რუსთავში აქცია.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება აქციის ორგანიზატორი _ თიკო კვალიაშვილი:

_ ცხოველთა დაცვის არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ გახლავართ. უბრალოდ, ვარ ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა ცხოველებისადმი. 2 წელია მაქვს ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში სახელწოდებით: „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ და კეთილი ადამიანების გვერდში დგომით ვცდილობ დავეხმარო ცხოველებს.

_ თუ გსმენიათ ქართული ცხოველთა დამცველი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ?

_ მსმენია კიდეც და მათ დამფუძნებლებს პირადად ვიცნობ. მაგალითად, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ ქალბატონი თინათინ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით უფასო სტერილიზაციის პროგრამებს ახორციელებს. პრობლემა ის არის, რომ ეს ორგანიზაციები ნაკლებად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ჩემი აზრით „ყველა თავისას აწვება“. მიმაჩნია, რომ ერთიანობის გარეშე ბევრი ვერაფერი გაკეთდება ცხოველებისთვის. ის, რაც კეთდება, უმეტესად, უბრალო ადამიანების დამსახურებაა, თუმცა ორგანიზაციებსაც ვერ დავუკარგავ შეტანილ წვლილს ამ საქმეში.

_ მხოლოდ ორგანიზაციები და დაინტერესებული ხალხი? კონსტიტუცია არ იცავს ცხოველთა უფლებებს?

_ 259-ე მუხლი, რომელსაც ევალება დაიცვას ცხოველთა უფლებები, რეალურად არის მკვდარი მუხლი. პირადად მე ჯერ ამ მუხლით ნორმალურად დასჯილი ადამიანი არც მინახავს და არც მსმენია. პოლიციელთა უმეტესობამ საერთოდ არ იცის ამ მუხლის არსებობის შესახებ და როდესაც ვცდილობთ ავუხსნათ, უმეტესად მათგან ან ცინიკურ დამოკიდებულებას, ან გაოცებულ სახეებს ვიღებთ პასუხად.

_ დღევანდელ აქციაზე მომიყევით…

_ ჩემს ორგანიზებულ აქციაზე, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მოთხოვნა იყო, დამნაშავე უფრო მკაცრად დასჯილიყო. აქციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა, თუმცა რეალურად 60-მდე ადამიანი შევგროვდით. სასიამოვნო და გასაკვირი იყო მედიის აქტიურობა. გვსურდა პროკურორთან შეხვედრა, მაგრამ ის, სამწუხაროდ, ადგილზე არ დაგვხვდა, აქციის მონაწილე ირაკლი ცინცაძე შეხვდა სხვა პროკურორს. მისი განმარტებით, 100 იძულებითი სამუშაო საათი იყო ის მაქსიმუმი, რაც მათ შეეძლოთ გამოეტანათ შესაბამისი მუხლიდან გამომდინარე მსჯავრი, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი დავრჩით აქციით. შედეგი სახეზეა. ამ აქციამ ადამიანები გააერთიანა ერთი იდეის ქვეშ. ცხოველთა დაცვის შესახებ აქცია ასე კარგად გაშუქებული მედიის მხრიდან და ამდენი აქტიური ადამიანით წარმოდგენილი მე საქართველოში არასდროს მინახავს. დანებებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას. ცხოველთა წამებაზე და მოკვლაზე უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ.

„სანამ ადამიანები ცხოველებს ხოცავენ, ერთმანეთსაც დახოცავენ. ის, ვინც დათესავს მკვლელობისა და ტკივილის მარცვალს, ვერ მოიმკის სიყვარულსა და ბედნიერებას. დასაჯეთ ბავშვი, რომელმაც მოკლა მწერი, რადგან აქედან იწყება ადამიანის მკვლელობაც“, _ თქვა თავის დროზე პითაგორამ და დრომაც დაადასტურა, რომ როდესაც ადამიანი ასეთი სისასტიკით მოკლავს ცხოველს, „საჭიროების“ შემთხვევაში, ალბათ, არც ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე იტყვის უარს.

ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევაა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მოხდა, რეალურად კი პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში არც კანონით რეგულირდება ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები და არც მენტალურად არის საზოგადოება მომწიფებული ლოიალურობისთვის. დიდი ნაწილისთვის ცხოველები არიან ნივთის ტოლფასი, ან არაფერს წარმოადგენენ, როგორც გარეთ დაგდებული უსარგებლო საგანი.

2014 წლის 27 ოქტომბერს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“  შვეიცარიის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან (www.tierimrecht.org) მიიღო შეტყობინება და ფოტომასალები საქართველოში, ბორჯომში წმ. სერაფიმე საროველის ეკლესიის ტერიტორიაზე დატყვევებული დათვის შესახებ. შვეიცარიის ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა საერთაშორისო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ერთად, ქართველ კოლეგებს მხარდაჭერა და დახმარება შესთავაზა. ბუნებრივია, „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვა, რომ კანონის ძალით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელებულიყო როგორც დათვის, ასევე „წითელ წიგნში“ შესული ცხოველის დამტყვევებელი პირების მიმართაც.

აღნიშნულ ფაქტზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი თეიმურაზ წიქორიძე:

_ გარემოს დაცვის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის ზედამხედველობის სამსახურიდან შეგვატყობინეს, რომ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები უკვე იყვნენ ადგილზე და მონაზვნებისგან მიიღეს შემდეგი ინფორმაცია: დათვის შენახვა შეუძლებელი გახდა და ის აჩუქეს ვიღაც პიროვნებას, რომლის არც სახელი და არც გვარი იციან. აღნიშნულზე ზედამხედველობის სამსახური ახსნა-განმარტებას ჩააბარებს სამინისტროს. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ მოითხოვს, კანონის შესაბამისად მოხდეს მოკვლევა ამ დათვის ადგილსამყოფელის, ან მისი ბედის დასაზუსტებლად.

თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველები „ქრონიკა+“-სთან ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლებელია ეს დათვი, უბრალოდ, მოიშორეს და არავისაც არ წაუყვანია, და წაყვანის შემთხვევაშიც არავის აქვს უფლება, დათვი იყოლიოს, როგორც შინაური ცხოველი.

2014 წლის 1-ლ ოქტომბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის `ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე~ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„ქრონიკა+“-თან საუბრისას ბატონი თეიმურაზ წიქორიძე ამ „მოწონებასაც“ ეხმიანება:

_ ეს არც კანონპროექტია და არც იხილება. მეტიც, პრემიერ-მინისტრს რაღაც აერია და მის კომპეტენციას არ ეხება ამ ხელშეკრულების მოწონება/არმოწონების საკითხი. ამავე დროს ეს აბსოლუტურად გაუგებარი ადმინისტრაციული აქტია. მეტიც, ეს გადაწყვეტილება არაიურიდიული ფორმით გაკეთდა.

ცხოველთა დაცვა არა მხოლოდ ცხოველების კეთილდღეობისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც აუცილებელია. გარეთ მყოფი ცხოველების სიმრავლე ზრდის სხვადასხვა დაავადების გადატანის საშიშროებას, ხოლო ქუჩაში მათდამი საზოგადოების აგრესია დაუცველი ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. არსებობს სხვადასხვა ეფექტური მეთოდი, რათა შემცირდეს ურბანულ ტერიტორიებზე „ქუჩის ცხოველების“ რაოდენობა. განვითარებულ ქვეყნებში მიმართავენ ისეთ მეთოდებს როგორებიც არის: სტერილიზაცია, აცრები, თავშესაფრები. ამ მეთოდებმა გაამართლა _ არ ზიანდება არც ცხოველი და არც ადამიანი.

ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც, ასე თუ ისე, შევხვდებით აცრილ ძაღლებს შესაბამისი ნიშნით ყურზე, ეს არის ბათუმი; ალბათ მიზეზი ის უფროა, რომ ბათუმი საკურორტო ქალაქია და უცხოელი სტუმრები ყველაფერს აკვირდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ აქ და თან მხოლოდ მთავარ ქუჩებზე არ შეგვხვდებოდა აცრილი ძაღლები.

გარდა ბათუმისა ერთჯერადი აქციები ცოფის პრევენციის მიზნით სხვა ქალაქებშიც ტარდება ხოლმე, მაგრამ არასისტემატურად, ამასთან მხოლოდ ცოფზე აცრა არასაკმარისია და პრობლემა პრობლემად რჩება.

 

                                                                                                   ოთარ ჭოხონელიძე