„ამალიამ დაისვენა, ხელისუფლებამ კი სერიალის ახალი სეზონი დაიწყო!“

irina_1569

ქვეყნის პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს, თანამდებობიდან გადამდგარ მაღალჩინოსნებსა და სახელისუფლო კრიზისის წინაშე აღმოჩენილ მმართველ გუნდზე შეფასებებს აკეთებს ირინა სარიშვილი, რომელიც მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ასახელებს:

ვარიანტი 1:  იქმნება ხელოვნური ოპოზიცია ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის ლიდერობით, რომელსაც შეუერთდებიან „რესპები“ და პორტირებული „ნაცები“ და ამ გადანაწილებით მიდის ყველაფერი 2016 წლის არჩევნებამდე, რომელმაც ახალი უმრავლესობა ამ შემადგენლობით უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში: ალასანია, რომელიც აშკარად ქვეყნის მომავალ ლიდერობაზე შეაგულიანა “ვიღაცამ”, „რესპები,“ პორტირებული „ნაცები;“  ამ შემთხვევაში თუ მცირე არეულობაც გათამაშდა, ღარიბაშვილი შეიცვლება სხვა პრემიერით, მაგრამ არა ალასანიათი, რომელიც უფრო დიდი მომავლისთვის ემზადება 2016 წლიდან. თუ ამ სპექტაკლში მცირე არეულობა დაგეგმილი არ არის, მაშინ ღარიბაშვილიც აგრძელებს პრემიერობას და ასე გრძელდება 2016 წლის არჩევნებამდე, სადაც დღევანდელი პრემიერი უკვე თავისი გუნდით წარსდგება, რომელსაც ამ პერიოდში შექმნის. ამ ვარიანტის ალბათობა ყველაზე მაღალია.
ვარიანტი 2: ალასანია ხდება პრემიერი, ყალიბდება ახალი კაბინეტი, რომელშიც შევლენ „რესპები“ და ალასანიას პარტია. „ნაცები“ სავარაუდოდ ამ მთავრობაში არ შევლენ, რითაც შეინარჩუნებენ ძირითადი ოპოზიციის ნიშას, თუმცა ალასანიასთან და მის მთავრობასთან ლოიალური დამოკიდებულება ექნებათ. ამ ვარიანტის ალბათობა ყველაზე დაბალია.

ვარიანტი 3: ალასანია–ღარიბაშვილის დაპირისპირებით თამაშდება ბევრად მასშტაბური დაპირისპირება დიდი არეულობით და შესაძლო სისხლისღვრით, რომელმაც ხელისუფლების ნაადრევი, არაკონსტიტუციური წყვეტა უნდა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში თამაშგარე აღმოჩნდება ორივე მხარე და თამაშში შემოდის ნინო ბურჯანაძის ფაქტორი. ამ ვარიანტის ალბათობა არც ისე დაბალია.“

 

ამ ვარიანტებს განიხილავს ირინა სარიშვილი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია და ურჩევს კიდეც მხარეებს, რომ  „დაზოგონ ემოცია და ნერვები. ქუჩის აქციებსაც სიფრთხილით მოეკიდონ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე ამას შიში არ მალაპარაკებს, ყველა კარგად მიცნობთ. უბრალოდ, არ მინდა, სხვის ბინძურ თუ სუფთა თამაშს გულუბრყვილო, უდანაშაულო ადამიანები შეეწირონ. ვინც თამაშობს, კეთილი ინებოს და ეს სპექტაკლი თავისი მონაწილეებით, მათ შორის ე.წ. “მასოვკით”, თვითონ უზრუნველყოს. კმარა ამდენჯერ ხალხის ინსტრუმენტად გამოყენება და შემდეგ სანაგვეზე მოსროლა. მე რაც შემეხება, სადაც უდანაშაულო ადამიანისთვის საფრთხეს დავინახავ, იქ მივალ, მიუხედავად იმისა, ვუჭერ თუ არა მხარს იმ პოლიტიკოსს, ვისი გულისთვისაც ეს ადამიანი თავს საფრთხეში იგდებს და ესეც ყველამ კარგად იცით! ამიტომ შეეცადეთ კარგად გააანალიზოთ, რაც აქ მიწერია და მერე თავადვე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა სხვის ომში პირდაპირი, ან გადატანითი მნიშვნელობით საზარბაზნე ხორცად მონაწილეობა! ეს სპექტაკლია და ვუყუროთ ამას იმ ემოციით და იმ განცდით, რაც სპექტაკლს შეეფერება – ესაა ჩემი რჩევა. ამ ეტაპზე მეტი არაფრის გაკეთება არ ღირს, რადგან ჩვენი მონაწილეობა ვერაფერს შეცვლის, მხოლოდ გააფორმებს. შეძლებისდაგვარად შევინახოთ ჩვენი ემოციები, ძალ–ღონე რეალური მოქმედებისთვის! მერწმუნეთ, ჩვენი დროც მოვა, თან ძალიან მალე!
თვითმფრინავის დაშვებამდე შევიკრათ ღვედები და ვუყუროთ სპექტაკლს მაღალანაზღაურებადი მსახიობების მონაწილეობით!

სტატუსი: ამალიამ დაისვენა! _ წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.