„მე რა ვქნა, მე? წავიდე? არ წავიდე? ეს ვინ არის, ბოზ…ვილი ვიყო… გამოვ…ლევდი!

qw

ირაკლი ალასანია არ გადადგა!

მან დარჩენა და სიტუაციის შიგნიდან კონტროლი გადაწყვიტა.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის დროს დააკავა. ამ დაკავებას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმართული რამდენიმეთვიანი შავი პიარი. მაგალითად, ჯარისკაცები ჯერ კიდევ მოწამლულები არ იყვნენ, როცა ერთ-ერთი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა „რუსთავი 2“-ში დარეკა, _ სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ფაქტი გამოვლინდაო. არადა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, მხოლოდ ორ ჯარისკაცს დაემართა ფაღარათი. ყველა ლოგიკით, ირაკლი ალასანია მაშინ უნდა მიმხვდარიყო, რომ სამინისტროში მნიშვნელოვანი სკანდალი მზადდებოდა, როცა მას გენინსპექციის უფროსი შეუცვალეს. „ქრონიკა+“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა, რომ შესყიდვების თემას უკვე უკირკიტებდნენ ძალოვნები და რომ საბოლოო მიზანი ალასანიას არა მხოლოდ თანამდებობიდან ჩამოშორება, არამედ მისთვის ბრალის წაყენება იქნებოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის პირველი ნაწილი უკვე ახდა, გახდება თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე თავდაცვის მინისტრი, ეს მხოლოდ მომავლის საქმეა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვა. პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მაღალჩინოსნებმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ გამოცხადებული ტენდერი კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ წარმართეს.

საქმეს ამ დრომდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს და შსს, სავარაუდოდ, ამ გრიფის მოხსნაზე არ დათანხმდება.

„კითხვები ირაკლი ალასანიას მისამართით მეც მაქვს“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვიეს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრო. დაუსვა თუ არა კითხვები ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტის ვეტოზე საუბრით და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვით დაიწყო. თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბარი თავად ირაკლი ალასანიას წამოუწყია. მას უთქვამს, რომ პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს, გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში ის დარწმუნებულია. პრემიერი ღარიბაშვილი მეტისმეტად თავდაჯერებული ყოფილა და ალასანიასთვის უპასუხია, _ აგერაა სასამართლო და დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა დაამტკიცონ მათი უდანაშაულობა, ხელს არავინ შეუშლისო. ირაკლი ალასანიას პოლიტსაბჭოზე ამ საქმეში ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებზეც უსაუბრია და უთქვამს, _ ეს საქმეების ხლართვა სწორედ ფარცხალაძის დროს დაიწყო, მისი პირადი ინტერესი იკვეთებაო, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილს გასცინებია, _ ფარცხალაძე დიდი ხანია, უწყებაში აღარ არის, ამ საქმესთან „პრი ჩომო“? „პრი ჩომ“ და სწორედ ფარცხალაძეა თავშიო, _ უპასუხია ირაკლი ალასანიას. მსუბუქი შელაპარაკება ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ამ ფარგლებს არ გასცდენია. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ნდობის ჯგუფთან „ტეტ ა ტეტ“ შეხვედრა მოუთხოვია და იქვე უთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ საუბარს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ აპირებდა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივას მარტივი ახსნა აქვს _ ირაკლი ალასანია შეეცდება, დასავლური ორიენტაციის ლიდერები დაარწმუნოს, რას მოუტანს ქვეყნის იმიჯსა და ნატოსთან ურთიერთობების პერსპექტივას თავდაცვის სამინისტროს სკანდალი. სავარაუდოდ, უსუფაშვილმა ეს უკვე იცის და ამიტომაც გააკეთა „პირველ არხთან“ ინტერვიუში მკვეთრი განცხადებები, _ გერმანიაში ვიზიტის დროს პირველ ნიუსად თავდაცვის მინისტრი საკუთარი მაღალჩინოსნების დაკავებას არ უნდა იგებდესო. რაც შეეხება „ნდობის ჯგუფს“, აქ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ალასანიას სხვა გეგმები აქვს. პარლამენტის „ნდობის ჯგუფს“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ირაკლი ალასანიას კადრი უფროა, ვიდრე „ქართული ოცნების“. მას წვდომა აქვს გრიფით „საიდუმლო“ მასალებზე და შეუძლია, მონაცემებს გაეცნოს, მათ შორის, გამოძიების მასალებსაც. ირაკლი ალასანია სწორედ ამ გზით ცდილობს გაიგოს, კიდევ რა მასალები დევს სისხლის სამართლის საქმეში და საბოლოო ხაზი გავა თუ არა პირადად მასზე? როგორც ჩანს, პროკურატურის მიერ დაკითხვაზე მისივე მოადგილის, ლექსო ბატიაშვილის დაბარება იმას ნიშნავს, რომ ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვების სკანდალი ასე მარტივად არ დასრულდება. რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას ლექსო ბატიაშვილი, რომელიც შესყიდვების კურატორია თავდაცვის სამინისტროში, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე თავად ირაკლი ალასანიას. ამ დროისათვის მხოლოდ ის დასტურდება, რომ „სილქნეტის“ ფინანსური დირექტორი ლექსო ბატიაშვილის ახლო ნათესავია.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ ერთმანეთს რამდენიმე წუთით შეხვედრიან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთადერთი კითხვა დაუსვამს, _ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილიო? რა უპასუხა პრემიერმა ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრს, „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს.

პროკურატურა დაკითხვაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლექსო ბატიაშვილს იბარებს. საქმეში ჩახედული ადამიანები ვარაუდობენ, რომ ბატიაშვილი მეორე მინისტრის მოადგილე იქნება, რომელსაც დააკავებენ. სწორედ ამას მოასწავებდა პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან გადაცემა „რეაქციაში“ ორი წლის წინანდელი ისტორიისა და მისი ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის გახსენება, _ მიუხედავად იმისა, რომ ხვედელიძე ჩემი მეგობარია, მოგვიხდა მისი დაკავებაო, _ სრულიად უადგილოდ და კონტექსტიდან ამოვარდნილად ახსენა პრემიერმა მისი ყოფილი მოადგილე. მერე რა, რომ პირად მეგობრებს არჩადენილი დანაშაულისთვის აკავებენ – ეს, როგორც ჩანს, სიგნალი იყო, რომ არც თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის აპირებენ რამის პატიებას. მით უფრო იმ ფონზე, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ლექსო ბატიაშვილის შვილის ნათლიაა.

როგორ გაგრძელდება თავდაცვის სამინისტროს სკანდალი, ამას უახლოესი კვირა გვაჩვენებს. ირაკლი ალასანიას კი კიდევ ერთხელ მოუწევს იმ ფრაზების გახსენება მისივე ცნობილი ჩანაწერიდან: „მე რა ვქნა, მე, ვაიმეეე…“

 

                                                                                                   ელისო კილაძე