ვინ ანადგურებს კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიას საქართველოში?

10749422_10204400184020085_856336458_n

2009 წლის 20 იანვარს გამოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის #36 განკარგულება  „თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“, რომელიც გვაუწყებდა, რომ შპს „ამირანს“ ოთხი მილიონ რვაას ოცდაერთი ათას ოთხას ორმოცდაათ (4.821.450) ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 32143 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, #2 ფართობით 679.92 კვ.მ., #4 ფართობით 336.72 კვ.მ., #7 ფართობით 625.62 კვ.მ. უცნობია, გადაწყვეტილების მიღების მომენტში იცოდა თუ არა პატივცემულმა მიხეილმა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძვირადღირებული აპარატურით აღჭურვილი კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორია მდებარეობდა? თუმცა, მოგვიანებით, მან ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი _ ნუგზარ ღლონტი _ „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინფორმირების შემდეგ პრეზიდენტის #36 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა, მაგრამ ტერიტორიის გაყიდვის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა: 

_ ქართული მეცნიერების ძარცვა მაშინ დაიწყო, როცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მისცეს. ცხადია, რომ ამის შემდეგ აკადემია ინსტიტუტებზე მიმაგრებულ შენობა-ნაგებობებს ვეღარ აკონტროლებდა, რამაც მავანს საშუალება მისცა, ქალაქის საუკეთესო ადგილებზე განთავსებული ფართები მიესაკუთრებინა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და არც მეწყრებისა და ღვარცოფების სიმცირეს ვუჩივით, ჩვენი ინსტიტუტი, რომელიც სწორედ ასეთ მოვლენებს შეისწავლის, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებაა. 2009 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით და ნოტარიუსით დამტკიცებული ხელშეკრულებით ჩემთან მოვიდა შპს „ამირანის“ წარმომადგენელი, რომელმაც გამომიცხადა, რომ ჩვენი კოსმოსური კვლევის ლაბორატორია, თავის შენობა-ნაგებობიანად, მათი საკუთრებაა. მისი თქმით, „ამირანს“ ეს ტერიტორია მერიისგან მფლობელობაში გადაეცა და სრული უფლება აქვს, ლაბორატორიის შენობა დაანგრიოს და იქ საცხოვრებელი სახლების თუ სხვა ობიექტების მშენებლობა დაიწყოს. საუბარი იყო 3 ჰა ტერიტორიაზე. „ამირანის“ ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სააკაშვილის განკარგულებით გადაცემულ ტერიტორიაზე მდებარეობს საერთაშორისო ქსელში ჩართული, ძვირადღირებული ხელსაწყოებით აღჭურვილი მოქმედი ლაბორატორია, საიდანაც მონაცემები მსოფლიო მონაცემთა ცენტრში იგზავნება და მისი დანგრევა კი არა, რამდენიმე კილომეტრით გადაადგილებაც კი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს.

ლაბორატორიაში მდებარე ერთ-ერთი დანადგარის საშუალებით, კოსმოსური სხივების ნეიტრონული კომპონენტების დარეგისტრირება ხდება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ  ატმოსფეროს კვლევა აწარმოონ და კოსმოსში და მზეზე მიმდინარე მოვლენები და მეტეოროლოგიური პირობები შეისწავლონ. კოსმოსური სხივების ნეიტრონულ მონაცემებზე დაკვირვება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მიმდინარეობს, რომელიც ნეიტრონული მთვლელებისა და მასზე განთავსებული 42-ტონიანი ტყვიის ფენისგან შედგება. ხელსაწყოს მნიშვნელობისა და ღირებულებიდან გამომდინარე, მისი გადაადგილება თითქმის შეუძლებელია _ ეს არის ლაბორატორია, რომელიც მსოფლიო მონიტორინგის ცენტრშია დაფიქსირებული და კოორდინატის შეცვლაც კი არ შეიძლება. კოსმოსური სხივების ლაბორატორიის სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხდება კოსმოსური სხივების ნეიტრონულ მონაცემებზე დაკვირვება. ხელსაწყო, რომლითაც 1972 წლიდან მიდის უწყვეტი მონაცემების მიღება, დაახლოებით, 30-40 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული და ნეიტრონული მთვლელებისა და 42-ტონიანი ტყვიის ფენისგან შედგება. დანადგარის დღევანდელი ფასი, ალბათ, მილიონებია. ამის გარდა, ლაბორატორიაში განთავსებულია ჩვენ მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოპოვებული ეროვნული და საერთაშორისო გრანტებით შეძენილი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის უცხოური ხელსაწყო-აპარატები. როცა „ამირანის“ ხელმძღვანელმა ყველაფერი თავისი თვალით ნახა, შეწუხდა, _ არ ვიცოდი, თუ ასეთი სიტუაცია იყოო. მაშინვე წავედით მერიაში და იმდროინდელი ვიცე-მერი დავაჯერეთ, რომ ლაბორატორია თავისი თვალით ენახა. მამუკა ახვლედიანის ლაბორატორიაში მოსვლისა და იქ განთავსებულ ხელსაწყო-დანადგარებზე დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, 2 ოქტომბერს გამოიცა პრეზიდენტის ახალი განკარგულება. პირველისგან განსხვავებით, ახალ განკარგულებაში ჩაიწერა, რომ ლაბორატორიის მახლობლად გამოიყოფოდა ტერიტორია, სადაც კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიისთვის ალტერნატიულ შენობას აგვიშენებდნენ. განკარგულების თანახმად, მშენებლობისა და ლაბორატორიის ხარჯები შპს „ამირანს“ უნდა დაეფარა. ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა და ლაბორატორიის მთლიანად დაკარგვას მისი ალტერნატიულ ფართში გადატანა ვარჩიეთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებოდა.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ობიექტი მდებარეობდა „პირდაპირი მიყიდვის წესით“ გასხვისებულ ტერიტორიაზე, ამიტომ ინფორმაციის მიღებისთანავე შეცდომა გამოასწორა და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებულ ახალ განკარგულებაში შპს „ამირანისთვის“ დამატებითი ვალდებულებები ჩაწერა: „მყიდველის მიერ ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის აშენება და მოქმედი ლაბორატორიის მასში გადატანა გონივრულ ვადებში“. ამის მიუხედავად, ლაბორატორიისთვის განკუთვნილი ახალი კორპუსის მშენებლობა არც გონივრულ და არც უგონო ვადებში არ დაწყებულა. მალე შპს „ამირანს“ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემული ქონება ჩამოართვეს და მერიის ბალანსზე დააბრუნეს. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, როცა სევდია უგრეხელიძე თავისი ხანმოკლე მერობის ბოლო დღეებს ითვლიდა, კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორია დაჩქარებული წესით გაიყიდა. აუქციონის შედეგები არ გასაჯაროებულა და მიწის მყიდველის ვინაობა დღემდე უცნობია. ვინაიდან, პრეზიდენტის განკარგულება არავის გაუუქმებია, ნუგზარ ღლონტი ვარაუდობს, რომ მორიგი გასაყიდი ობიექტი კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორია იქნება:

_ 2011-2012 წელს შპს „ამირანს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემული ქონება ისევ ჩამოართვეს და ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნდა, სანამ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ტერიტორიის ზედა ნაწილი სასწრაფოდ არ გაიყიდა. ვინაიდან ჩვენი უშუალო ზემდგომი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მერიაში წერილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გააგზავნა. წერილში ლაბორატორიის მნიშვნელობასა და მისი გადარჩენის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ თუ ლაბორატორიის ტერიტორიის გაყიდვა გარდაუვალია, ისეთ მყიდველს მაინც გადაეცეს, რომელიც შენობას და იქ დამონტაჟებულ ხელსაწყო-დანადგარებს არ შეეხება. კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავის დროზე სააკაშვილს და გილაურს ავსტრიელმა პროფესორმაც მისწერა, მაგრამ უშედეგოდ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მოკრძალებულ თხოვნას ახალი ხელისუფლება მაინც შეისმენს.

გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორთან საუბრისას გავარკვიე, რომ ლაბორატორიის გარდა, სხვა პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ: 2012 წლიდან მოყოლებული, ინსტიტუტის 12-სართულიანი შენობის 6 სართული ლტოლვილებს აქვთ დაკავებული. ვინაიდან, ეს ადამიანები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, სამინისტრო მათი კომუნალური ხარჯების გადახდაზე უარს აცხადებს და თსუ-ს ადმინისტრაციას მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და წყლის საფასურის დაფარვა საკუთარი ბიუჯეტიდან უწევს:

_ ინსტიტუტის შენობაში ლტოლვილები 2012 წლის 20 ოქტომბერს, ანუ ახალი ხელისუფლების დროს შემოვიდნენ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ შემოჭრაზე. ლტოლვილთა სამინისტრომ ხელები დაიბანა, _ ესენი ჩვენთან აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, უკანონოდ შემოჭრილები არიან და კანონის შესაბამისად იმოქმედეთო. უნივერსიტეტმა  ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რაღაც მოიმოქმედეთო. როგორც ვიცით, ეკონომიკის სამინისტრომ დახმარებისთვის შსს-ს მიმართა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჩანს. ამასობაში 2 წელი გავიდა და უნივერსიტეტი იძულებულია, ამ ხალხის შუქისა და წყლის ხარჯები ყოველთვიურად თავისი ბიუჯეტიდან დაფაროს. ჩვენი ინსტიტუტის წლიური დაფინანსება 357 000 ლარია და ცხადია, რომ ყოველთვიურად 5000-ის და ზამთრის პერიოდში 11000 ლარის გადახდას ვერ შევძლებთ. ასეთი რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ამჟამად სამეცნიერო გაერთიანება „დელტასთან“ ერთად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე ვმუშაობთ. უკვე გამოყოფილია 20 მილიონი და შეძენილია სათანადო აპარატურა. ეს სისტემა საკმაოდ მაღალი _ 80-85% შედეგიანობით გამოირჩევა და სრულიად უვნებელია. აპარატურა თავად ხედავს სეტყვის ღრუბელს, რომლის მიმართულებითაც ხდება გასროლა და სეტყვის მარცვლების წყლად გარდაქმნა. ვფიქრობ, თუ მუშაობის გაგრძელების საშუალება მოგვეცემა, სახელმწიფოსთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ. სახელმწიფომ მეცნიერების კერები კი არ უნდა გაყიდოს, უნდა განავითაროს, თორემ ახალგაზრდობა მეცნიერებაში აღარ მოდის. ახალგაზრდას თუ აზრი და გონი აქვს, 300-ლარიან ხელფასზე სამუშაოდ არ მოვა _ ან ბანკში წავა, ან კერძო სტრუქტურაში, ან საერთოდ, საზღვარგარეთ. ქართულ მეცნიერებაში იმდენად დიდი წყვეტა იქნება, რომ მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდება და ისიც საკითხავია, საერთოდ აღდგება თუ არა.

მერიამ  შპს „ამირანს“ ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, იმ მოსახლეობისთვის, რომლებთანაც სახელმწიფო ვალდებულებები აკავშირებდა, საცხოვრებელი სახლის აშენება მოსთხოვა. ამ კატეგორიის მოქალაქეთა შორის არიან სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებულები, ვერის აბანოსთან დანგრეული სახლების მეპატრონეები და რამდენიმე ცნობადი სახე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პირველი განკარგულება „ამირანს“  ლაბორატორიის შენობის უპირობოდ დანგრევის უფლებას აძლევდა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შპს „ამირანის“ დირექტორმა, ზურაბ მაღლაკელიძემ, კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიისთვის ახალი შენობის აგების გადაწყვეტილება მიიღო:

_ ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე მიწის ნაკვეთი მერიისგან გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ გადმოგვეცა. როცა დავიანგარიშეთ, დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოვიდა. მაშინ ასეთ სერიოზულ პროექტებში ინვესტორის შემოყვანა თითქმის შეუძლებელი იყო და ჯარიმებზე რომ არ წავსულიყავით, პროგრამის გაუქმებას დავთანხმდით. თავის დროზე, იმასაც კი მეუბნებოდნენ, დაანგრიე ეგ ტერიტორია და სახლის მშენებლობა დაიწყეო, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენა იმ დაწესებულების დანგრევა, სადაც  მსოფლიო მნიშვნელობის პროფესორები და აკადემიკოსები დამხვდნენ. ისიც კი მითხრეს, პრეზიდენტის განკარგულება გაქვს და პროფესორებს რას უყურებო? მერე ლაბორატორიის გადარჩენის მიზნით, ევროპიდან დაიწყეს წერილების წერა, ქვეყანა ამ საქმეში ჩაერთო და საკუთარი სურვილით ავიღე ვალდებულება, რომ კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიას ახალ შენობას ავუშენებდი. 2014 წლის 13 მაისსა და 29 მაისს ტერიტორიის ზედა ნაწილი გაიყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებულია. პროექტის განხორციელებისთვის გაყიდვას გადარჩენილი 13 100 კვ.მ. სრულიად საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვევალება, რომ ლტოლვილები გავიყვანოთ ტერიტორიიდან, ალტერნატიული ფართით დავაკმაყოფილოთ და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიას 180 კვ.მ. ერთსართულიანი შენობა ავუშენოთ. პარალელურად, ვაკეში საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომელიც, ძირითადად, სამოქალაქო ომის დროს მთაწმინდაზე რომ სახლები დაეწვათ და შევარდნაძის პერიოდში ვერის აბანოსთან რომ სახლები დაუნგრიეს, მათთვის არის განკუთვნილი. ამ ადამიანებთან ერთად ბინები აუშენდება რამდენიმე ცნობად სახეს, რომლებსაც შევარდნაძემ ოროთახიანი ბინები აჩუქა. ადამიანს თუ შენს ქვეყანაზე გული შეგტკივა, 180 კვ.მ. შენობის აშენებას როგორმე მოახერხებ და ამ `ზარალს~ აიტან. მაშინ ჩვენმა პოზიციამ ლაბორატორიის შენობა გადაარჩინა და თუ პროექტი ჩვენს ხელში დარჩა, აუცილებლად გადარჩება. ამჟამად მერიასთან ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შედეგის შესახებ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

ექსპრეზიდენტის განკარგულების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს „განათლების ლიგის“ პრეზიდენტი და ექსპერტი. მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ძვირადღირებული აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის დანგრევა, რომელიც მსოფლიო მონიტორინგის ცენტრშია დაფიქსირებული, დანაშაულია. აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი:

_ ყველა ქვეყანაში არსებობს და ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებსაც კანონმდებლობა იცავს. კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც მსოფლიო კვლევების ქსელშია ჩართული სწორედ ასეთი სტრატეგიული ობიექტია და მისი გაყიდვა არ შეიძლება. ლაბორატორიაში ტარდება უწყვეტი კვლევები და დედამიწის წიაღში მიმდინარე საშიშ და მნიშვნელოვან პროცესებზე დაკვირვება. ჩემთვის გაუგებარია, რაზე ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ტერიტორიის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს? დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ მეცნიერებათა აკადემია იმიტომ დაშალეს, რომ სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები ღერა-ღერა ეყიდათ, მაგრამ გაუგებარია, მიწის წიაღში თუ კოსმოსში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას შპს „ამირანი“ განახორციელებს? ასეთი მნიშვნელობის ობიექტის გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია. უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც ეს სიგიჟე თავში მოუვიდათ, ქაღალდზე გადაიტანეს და კანონმდებლობის სახე მისცეს, სადაც საჭიროა, იქ უნდა მიაბრძანონ. თბილისის მერი ისედაც იქ ბრძანდება. არ იცოდნენ, რას ყიდდნენ?! თუ არ იცოდნენ, რატომ არ იცოდნენ?! არ უნდა მისულიყვნენ და არ უნდა ენახათ, გასაყიდ ტერიტორიაზე რა მდებარეობდა?! სანამ საერთაშორისო განგაში არ ატყდა, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მერიის არაკომპეტენტურ და დამნაშავე ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას ყიდდნენ. შემდეგ გამოიცა განმეორებითი განკარგულება, სადაც მთელი რიგი კორექტივები შეიტანეს. მე მაინტერესებს, რატომ უნდა მოხდეს კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის დანგრევა და რამდენიმე ასეულ მეტრში გადატანა? რა არის ეს? სიგიჟე, შოზოფრენია თუ პარანოია? მარტო ერთი ხელსაწყოს გადატანას ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება და წარმოიდგინეთ, რა დაჯდება მთელი ლაბორატორიის გადატანა?!

განათლების ექსპერტი ლაბორატორიის გარშემო განვითარებულ პროცესებში ახალი ხელისუფლების როლზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აუცილებელია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის ტერიტორიასთან დაკავშირებული სააკაშვილის განკარგულებები გააუქმოს:

_ ამჟამად მოქმედ ხელისუფლებასთან ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: ბატონებო, რა გთხოვათ ხალხმა? რა ჩაიწერა თქვენს სამოქმედო  პროგრამაში? _ ის, რომ წინა, ბანდიტური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო დონეზე აყვანილი უმძიმესი დანაშაულებრივი პოლიტიკა არ უნდა გასწორებულიყო? თუ ის, რომ ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის წართმეული ქონება არ უნდა დაბრუნებულიყო? ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე რატომ არ შეიქმნა კომისია, რომელიც ასეთ საქმეებს განიხილავდა? მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის 7 აგვისტოს „ნაციონალებმა“ 70 ბაგა-ბაღი გააქრეს და ახლა „ოცნება“ გვიყვება ზღაპრებს ახალი ბაღების მშენებლობაზე. ბატონებო, თქვენ საქმის საკეთებლად მოხვედით, თუ ზღაპრების მოსაყოლად? სად ნახეთ თბილისის ცენტრში 70 ბაგა-ბაღისთვის თავისუფალი ადგილი? მე არ ვიცი, მოეხსენება თუ არა მარგველაშვილს კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიის გაყიდვასთან დაკავშირებული განკარგულების შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ ეს აუცილებლად უნდა მივიდეს მის ყურამდე. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვთხოვ, რომ ეს საგაზეთო პუბლიკაცია მარგველაშვილს შეუტანონ, რომ პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. აუცილებელია, სააკაშვილის 36-ე და 668-ე განკარგულებების გაუქმება და სახელმწიფოსთვის თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება. რაც დღეს ხდება, ეს არის სრული სიგიჟე _ საქართველოს მომავლის ხარჯზე მიმდინარეობს მეცნიერების სრული გაჩანაგება. გეოფიზიკის ინსტიტუტის პრობლემები და კიდევ უარესი აქვს ყველა სამეცნიერო ინსტიტუტს და მე მათ ხელმძღვანელებს ვურჩევ, გაერთიანდნენ და დაწერონ ერთიანი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყანა დღემდე სააკაშვილის მოწყობილი ბანდიტური კანონმდებლობით იმართება და ეს უნდა დასრულდეს, სანამ გვიან არ არის!

ბუნებრივია, ნანახისა და მოსმენილის შემდეგ დავინტერესდით, ვინ არის მერიაში „ნაციონალური მმართველობის“ ბოლო დღეებში გასხვისებული ტერიტორიის მესაკუთრე და რა გეგმები აქვს მერიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით? ჩვენს კითხვებზე წერილობითი პასუხი მივიღეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, საპრივატიზებო პირობებით და ვალდებულებებით, შპს „ამირანს“ გადაეცა  ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება მოიშალა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას“.

 

                                                                                                       ნელი თორდია