ნატოს ცენტრი, 45 მილიონი – ვინ იხდის?!

10743391_10204400105618125_1892824462_n

მალე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზები ამოქმედდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს უელსის სამიტზე. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ცენტრების შექმნისთვის საჭირო ხარჯებს _ 45 მილიონ დოლარს _ საქართველოს მხარე, ანუ საქართველოს ბიუჯეტი გაიღებს. რამდენად მართებულია ჩვენი ხარჯებით ნატოს დამკვიდრება საქართველოში, რომელსაც ბევრი სოციალური პროგრამისთვისაც კი ვერ მოუვლია?..

ამ კითხვით გენერალთა კლუბის ანალიტიკური სამსახურის უფროსს, თამაზ იმნაიშვილს მივმართეთ:

_ სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებდეთ, ჯერ ვნახოთ, როგორი პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს დღეისთვის? _ რუსეთის ამბიციები, რომელთა რეალიზაციასაც დღეს იგი ცდილობს, პირველი შემთხვევა არ არის. იგი უკვე მესამე წრეზე მიდის. პეტრე პირველმა დაიწყო შავი ზღვის ნაწილის ათვისება უკრაინით და, კონკრეტულად კი, ყირიმით. ამის შემდეგ რუსეთი ევროპისაკენ წავიდა და იქ მოუგვარა აღმოსავლეთ ევროპას საქმეები. მერე ჩამოვიდა კავკასიაში და XIX საუკუნის შუა წლებისთვის დაამთავრეს სამხრეთ კავკასიის ათვისების პროცესი. ამის შემდეგ გადავიდნენ ცენტრალურ აზიაში და ასე დააგვირგვინეს იმპერიის შექმნის პროცესი.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მეორე წრეზე წავიდნენ იმის დამატებით, რომ ყირიმს, უკრაინას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ბალტიის ქვეყნებიც დაუმატეს. ახლაც იგივე სიტუაციაა, ანუ მესამედ ცდილობს იგივეს გაკეთებას, რაც წინა ორ შემთხვევაში მშვენივრად გამოუვიდა. სცენარიც იგივეა: ჯერ იქნება აღმოსავლეთ უკრაინა, შემდგომში ისევ აინაცვლებენ ზემოთ. ეს არის მოლდოვა და ბალტიის ქვეყნები, შესაძლებელია, ფინეთიც და ასე შემდგომ. მერე დგება კავკასიის რიგი, თუმცა შესაძლებელია, რომ ევროპამ და კავკასიამ გაცვალონ ადგილები ერთი რამის გამო: იქ, ზემოთ, ბალტიისპირეთში, მაინც ნატოს წევრი ქვეყნებია, რუსეთს კი, ამ ეტაპზე, ნატოსთან პირდაპირი და ღია დაპირისპირება არანაირად არ აწყობს. ამიტომ, სავარაუდოდ, ბალტიისპირეთამდე ჩამოვა სამხრეთ კავკასიაში. აქ, ძირითადად, საქართველოზე არის საუბარი და საქართველოს წაღებით აზერბაიჯანის საკითხიც ავტომატურად წყდება. სომხეთი ისედაც ჯიბეში უდევს და ამის მერე დადგება ცენტრალური აზიის საკითხი. იქ, ნაწილობრივ, დალაგებული აქვს სიტუაცია და რაც დარჩა, იმასაც მოაგვარებს. უმეტეს წილად საუბარია თურქმენეთსა და ყაზახეთზე. ამიტომ ვამბობ, რომ მესამე წრეზე მიდის და ამას გინდ რუსეთის გეგმა დაარქვით, გინდ ამბიცია, ან თუნდაც ორივე ერთად.

_ რუსეთის მადა და ამბიციები ცნობილია, ჩვენ რა გეგმები გვაქვს ნატოსთან ერთად?

_ მართალია, ნატომ უელსის სამიტზე ფაქტობრივი გადაწყვეტილებები არ მიიღო, მაგრამ უელსის სამიტმა ნატოს დაუსახა გეგმა, რომ რუსეთს მესამე წრეზე წასვლის საშუალებას თუ მისცემს, მაშინ ევროპას ექმნება უდიდესი პრობლემა. პირველ რიგში იგულისხმება ენერგეტიკული პრობლემები, რაც მერე იწვევს ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც, თავის მხრივ, გადაიზრდება პოლიტიკურ პრობლემებსა, თუ სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისებში. ერთი სიტყვით, უელსის სამიტზე ნატომ რუსეთს პროვოცირების საშუალება არ მისცა, როცა იურიდიული გადაწყვეტილებები არ მიიღო, მაგრამ, ფაქტობრივად, აკეთებს იმას, რაც ამ იურიდიულ გადაწყვეტილებებს უნდა მოჰყოლოდა. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრები _ ერთი მხრივ, არის ნატოს სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის განკუთვნილი კონტინგენტის მომზადების ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საწვრთნელი ცენტრები ბოლო პერიოდში ძალიან მოძლიერდა. მაგალითად, კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ჩვენმა ოფიცრებმა იმ დონის სერტიფიკატები მიიღეს, რომ აქ თვითონაც შეუძლიათ ჯარისკაცების მომზადება _ თუ ადრე ავღანეთსა და ერაყში წასვლამდე გერმანიასა და საფრანგეთში ემზადებოდნენ, ახლა საქართველოშივე შეუძლიათ მომზადება და, ამავდროულად, ნატოს წევრსა და მათ პარტნიორ ქვეყნებსაც აქ შეუძლიათ მომზადება. ერთი სიტყვით, ძალიან მაღალი დონის ინსტრუქტორები არიან უკვე ჩვენთან და ეს დონე კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ცენტრები ამოქმედდება.

_ ძალიან კარგი, თუკი ასეთ დონეზე გავედით.

_ ცხადია, ეს ძალიან კარგია. თანაც ერთზე კი არა, ხუთ საწვრთნელ ცენტრზეა საბოლოო ჯამში საუბარი. ნატო, ასე ვთქვათ, ორი კურდღლის დაჭერას აპირებს: პირველი კურდღელი ის არის, რომ საწვრთნელი ცენტრების საქართველოში გაკეთება და მომზადება გაცილებით იაფი ჯდება, ანუ ფინანსურად გამართლებული პროექტია. მაგალითად, ნატოს პარტნიორი და მოკავშირეები არიან კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი. კატარის დედაქალაქ დოხაში განთავსებულია ნატოს ყველაზე დიდი სადაზვერვო ცენტრი მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც ამ ქვეყნებს სტაბილურობის გარანტიას უქმნის. ასეთივე გარანტია შეგვექმნება ჩვენც ცენტრის ამოქმედების შემთხვევაში, თანაც ამ ქვეყნების ჯარისკაცებიც კი შეიძლება აქ მოამზადონ. მოკლედ, ერთი მხრივ, საქართველო _ ეს არის გეოგრაფიული გარემო, რომლის ათვისებაც უპრიანი და სასარგებლოა ნატოსთვის და მეორეც ისაა, რომ დღეს არსებობს სიცარიელე ირანსა და რუსეთს შორის.

თუ რუსეთმა სამხრეთ კავკასია წაიღო, გიუმრის სამხედრო ბაზა  სერიოზულად გააქტიურდება. იგი დღეს ჩაკეტილი ბაზაა და მისი აქტიურობის მარგი ქმედების კოეფიციენტი შედარებით დაბალია; ხოლო თუ ეს გაიხსნა, მაშინ გიუმრი იქნება სერიოზული ძალა და მექანიზმი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელების ხელში. არ უნდა დავივიწყოთ ყირიმი, სოხუმი, ცხინვალი, გიუმრი, აქეთ ტარტუსი სირიაში, მოკლედ, უზარმაზარი რომბივით რაღაცა კეთდება და რუსეთი სერიოზულ ბაზებს ქმნის. ეს ყველაფერი შესანიშნავი საშუალებაა მისთვის, ერთი მხრივ, არა მარტო შავი, არამედ მთელი ხმელთაშუა ზღვა და, მეორე მხრივ, კიდევ არაბული სამყარო გააკონტროლოს. აი, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ნაბიჯია ის, რომ ნატო ღიად შემოდის კავკასიაში და სწორედ საქართველოში უკეტავს რუსეთს სივრცეს.

აქ ძალიან საინტერესოა ასევე თურქეთის ფაქტორი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ თურქეთის ხელისუფალი ერდოღანი, რომელიც, პრაქტიკულად, ერთპიროვნული მმართველი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს,  აშკარად ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ ძალად ყალიბდება.

_ ეს კი აწყობს რუსეთს.

_ ვერ ვიტყვი, რომ მთლად ასეა. ერდოღანს აქვს პრეტენზია და ამას არც მალავს, რომ მას სურს იყოს მუსლიმანური სამყაროს ლიდერი. ამ სამყაროში მას მეორე სალადინსაც ეძახიან. იგი ამბობს, რომ თურქეთმა მუსლიმანური ნატო უნდა შექმნას და ევროზონის მსგავსი მუსლიმანური ღია ზონა გააკეთოს. თურქეთსაც დიდი ამბიციები აქვს. რამდენად გაუვა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აქ რომ ნატოს ბაზა იქნება, ეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია,  რომ არ მოხდეს თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური თამაშები და გარიგებები.

იგივე სიტუაციაა თეირანთან დაკავშირებითაც. სულ რაღაც სამი კვირის წინათ ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი ფრანგული კომპანია, რომელიც ირანში მოიპოვებს გაზს და ნავთობს, განთავისუფლდა სანქციებისგან და უკვე შეუძლია, გაზარდოს კიდეც მოპოვება. ამ დროს საუბარია 55 კილომეტრის სიგრძის მილის გაკეთებაზე, რომელიც საქართველოზე გაივლის და შეუერთდება ბაქო-ჯეიჰანს. ამით ირანი გახდება ევროპისთვის იაფი გაზის მიმწოდებელი.  ამავდროულად, კიდევ ერთი მილსადენიც დაემატება და ნავთობის გადაზიდვაც საქართველოს გავლით მოხდება. ამ თვალსაზრისითაც ნატოს ინტერესია ის, რომ უსაფრთხო გახადოს მილების ფუნქციონირება. ამიტომ ნატოს ბაზების, უფრო სწორად, საწვრთნელი ცენტრების განთავსება საქართველოში არათუ ორის, არამედ ოთხი-ხუთი კურდღლის ერთი გასროლით მოკვლის მცდელობაც კი არის ნატოს მხრიდან.

_ მაგრამ ეს ხომ საფრთხეებსაც შეიცავს ჩვენთვის?

_ დიახ, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი ობიექტი ხდება, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიან რეჟიმში. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ეჭვი მაქვს და მიმაჩნია, რომ გრძელვადიან რეჟიმში ეს საფრთხე გადაიჭრება და ჩვენთვის შეიძლება უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს საწვრთნელი ცენტრების აქ შექმნა, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენი ნეიტრალიტეტი, რომ არავითარი ცენტრები არ გვჭირდება.

_ რამდენ ხანში გაიხსნება ცენტრები?

_ პირველი საწვრთნელი ცენტრი, ალბათ, სადღაც, ექვს თვეში. საერთო ჯამში, წელიწადნახევრამდე დასჭირდება ხუთი ცენტრის გაკეთებას. რაც შეეხება 45 მილიონის საკითხს, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ქართული საწვრთნელი ცენტრებია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ოფიციალურად და იურიდიულად საქართველომ უნდა დააფინანსოს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა ქართული ბიუჯეტი კი აფინანსებს, მაგრამ ქართულ ბიუჯეტში გრანტების სახით შემოდის რაღაც გარკვეული თანხები. ასე მოხდა თუნდაც თურქეთშიც და ეს ხდება არა მარტო სამხედრო სფეროში. მაგალითად გავიხსენოთ ჯეიჰანის ნავთობტერმინალების მშენებლობა, რომელიც 1982 წელს დაიწყო.  მაშინ ამის გაკეთება თურქეთმა საკუთარი სახსრებით დაიწყო და  ამას საპროტესტო გამოსვლებიც კი მოჰყვა, რომ თურქეთს არ ჰქონდა ტერმინალის ასაშენებელი თანხები და ეს ფული სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. მაშინ გაირკვა, რომ, თურმე, თურქეთის ხაზინიდან კი გადიოდა ეს თანხები, მაგრამ სინამდვილეში თვითონ თურქეთის ხაზინამ დასავლეთიდან მიიღო სხვადასხვა ტიპის გრანტები, რომელიც, პრაქტიკულად, მთლიანად უზრუნველყოფდა ბიუჯეტის ამ ნაწილს. ასეთი რაღაცები ხდება. რაც შეეხება ინსტრუქტორების მომზადებას და ამისთვის საჭირო თანხებს, ერთი ნაწილი, ცხადია, ქართული მხარის დასაფარავი იქნება. თუმცა არ დაგავიწყდეთ, ქართველი ინსტრუქტორები ისედაც ღებულობენ აქ ხელფასს. მათ გარდა უცხოელი ინსტრუქტორებიც იმუშავებენ, როგორც წესი, მათ საკუთარი ქვეყნები აფინანსებენ, ან კიდევ მესამე პირის, ანუ რაღაც გრანტების საშუალებით და ხელშეწყობით შემოდის სახელმწიფოში ფინანსური ნაკადები. ამის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მუდმივად იქნება შევსებული.

_ მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ ბიუჯეტს დიდად არ დააწვება ხუთი ცენტრის გახსნა.

_ დიახ, არ დააწვება. 45 მილიონი ისედაც ბევრს არაფერს წარმოადგენს თუნდაც ქართული ბიუჯეტისთვის და სალაპარაკოც არ არის, მაშინ როცა უზარმაზარ მოგებას გვაძლევს გრძელვადიან პერსპექტივაში.

რამდენიმე პროცესმა ბევრი რამ გამოააშკარავა და ახლოდან დაგვანახვა _ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა  და მინსკის სამიტს ვგულისხმობ, სადაც პროტოკოლური  შეთანხმება მოხდა და ამ შეთანხმების გამოქვეყნებული პუნქტების მიხედვით აშკარაა, რომ პუტინმა უკან დაიხია. იგი, პრაქტიკულად, კაპიტულაციას აცხადებს. აღმოსავლეთ უკრაინას ვგულისხმობ, ყირიმზე არ არის საუბარი. მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ყოველთვის ხდება, რუსეთი საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტებს არც არასოდეს ასრულებს ხოლმე, ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია. რუსეთის წარმატებებზე საუბარი მოკლევადიან რეჟიმში შეიძლება და ასეთ სიტუაციაში მართლაც ყოველთვის წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ძლიერია, მაგრამ რაც შეეხება დიდი სტრატეგიის ელემენტებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და გამოფიტვის ტაქტიკას ვგულისხმობ, ეს, საბოლოო ჯამში, რუსეთს მაინც დაახევინებს უკან. მეორე პროცესია რაც რუსეთმა დაიწყო აფხაზეთში, რომლის პარალელურადაც ბატონმა ლავროვმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ თუ მოლდოვა არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკურ კურსს და გაემიჯნება `დესეთეს~, ჩვენ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთო.

_ მაგაზე მინდა გკითხო, რუსეთს აქვს დღეს იმის ძალა, რომ ყველა ფრონტზე ერთდროულად იბრძოლოს?

_ ასე არ არის. სინამდვილეში რუსეთი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის გარდა სხვა ბერკეტებსაც ფლობს. ის ყველა ბერკეტის ერთობლივი ამოქმედებით ემუქრება ნატოს და დასავლეთს, რაც შანტაჟს უფრო ჰგავს. ამიტომ  სულაც არ არის მოულოდნელი, რაც რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხდება. ბატონმა ზურაბ შენგელიამ, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ინსტიტუტის დირექტორია და რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ქართულ-აფხაზური სახლი, ამას წინათ თქვა, რომ ორი თვით ადრე, ვიდრე ამ ხელშეკრულებას გაახმაურებდნენ, აფხაზები ჩამოვიდნენ საქართველოში,  შეხვდნენ მას და თქვეს, რომ გვიშველეთ, ასეთი რაღაც მზადდება და ქართველებმა უნდა აამოქმედოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტები, რომ დაგვიცვათ, მაგრამ თქვენ არ უნდა გქონდეთ არანაირი იმედი, რომ აფხაზები თქვენკენ წამოვლენო(!!!).

_ ცინიკური შემოთავაზება და თხოვნა კია.

_ სიტუაცია ისეა, რომ აფხაზებს ილუზია აქვთ, რომ დამოუკიდებლები არიან და, ამავე დროს, დაჩაგრულებიც. ამიტომ უნდათ, რომ რუსებმა დაიცვან მათი საზღვრები, დაიცვან მათი დამოუკიდებლობა, რუსებმა უნდა აჭამონ და ჩააცვან, მაგრამ ის არ უნდათ, რომ ამისთვის სამაგიერო ხარკი გადაუხადონ. მათი ეს ილუზია ახლა იმსხვრევა და აფხაზების 90 პროცენტი ძალიან შეშინებულია, რადგან ხვდება, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, პრაქტიკულად, ნიშნავს მათ სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას _ ათი წლის თავზე მათგან არაფერი აღარ დარჩება. აბა, რა იქნება, როცა ხელშეკრულებას მოჰყვება აფხაზეთის პარლამენტის მისაღები სამი მთავარი კანონი _ პირველი: მოქალაქეობის შესახებ კანონი, რაც რუსეთს მისცემს იმის საშუალებას, რომ  აფხაზეთის მოქალაქეები გახდნენ; მეორე: შესყიდვის კანონი; და მესამე: სანაპირო ზოლის გაყიდვის კანონი. ამიტომ ვამბობ, რომ მათი ამოქმედების შემთხვევაში 10 წელიწადში არაფერი დარჩება აფხაზებისგან. ამიტომაც შეუთვალა ხაჯიმბამ რუსეთს გუშინწინ, რომ  სასტიკი წინააღმდეგები არიან ამ ხელშეკრულების დადების, ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ ახალ პროექტსო. ამის შემდეგ იმავე დღეს გამოვიდა რუსეთის გოსდუმის დეპუტატი მარკიდენოვი და თქვა, _ აფხაზებს ძალიან ბევრი დამოუკიდებლობა აქვთ და ისეთი დიდი დოზით, რომ ისინი მის შენარჩუნებას თავიანთი ძალებით ვერ უზრუნველყოფენ, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მათი დამოუკიდებლობის გარკვეული ნაწილი წავიღოთო. ასეთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ აფხაზები, რაც, ცხადია, მთლიანობაში მთელი რეგიონის სტაბილურობაზე მოახდენს ზეგავლენას.

ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ: ისლამური ხალიფატი არ მალავს, რომ როდესაც ერაყში თავის საქმეს მორჩებიან, ამის მერე გადავლენ ჩრდილო კავკასიაში.  ცხადია, ჩრდილო კავკასიამდე მისაღწევად ქართული დერეფანი სჭირდებათ, ანუ ტერიტორია საქართველო. ამიტომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ნატოს ცენტრები, ყველაფერთან ერთად, დამცავი ბარიერიც არის ისლამურ სახელმწიფოსა და კავკასიას შორის და მთლიანობაშიც სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს ჩვენთვის.

_ გასაგებია, რომ საწვრთნელი ბაზები ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს ტერიტორიების ხელში ჩაგდების მსურველებს. ამ ფონზე მოსალოდნელი ხომ არ არის, რომ რუსეთი ხისტად ჩაერიოს, რათა ეს ცენტრები არ ამოქმედდეს?

_ ცხადია, ის ძალიან ხისტადაც ჩაერევა. მას ამისთვის გარკვეული ტიპის მექანიზმები აქვს, რაც ახლა ახალგორში ხდება, რომ ქართველები გამოყაროს, კედელი ააშენოს და საბოლოოდ მოკვეთოს საქართველოსგან. ასევე მიდის სამხრეთის სამხედრო ოლქის გადაიარაღება, თრუსოს ხეობისკენ მოსალოდნელია რაღაც პროვოკაციებიც, ყვარლის გზას რომ აშენებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მექანიზმებია. სხვა საკითხია, რამდენად განახორციელებს და აამოქმედებს. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა სექტემბერში ძალიან დიდი ბრიფინგი ჩაატარა, სადაც თქვა, რომ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეფორმებისა და გადაიარაღების დაფინანსების მთელი პროგრამაა გადასახედი, იმიტომ რომ რუსეთს, პრაქტიკულად, არ გააჩნია თანხები, რომ ამ პროგრამის წარმატებით დაგვირგვინება უზრუნველყოს. რუსეთს არ გააჩნია ამოუწურავი მარაგები. პირიქით, რაც აქვს, ისიც კატასტროფული სიჩქარით უქრება და, ალბათ, მაქსიმუმ, წელიწადი თუ გაუძლებს მოცემულ მდგომარეობას. რუსეთს კი ექნება ხისტი პოლიტიკა ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ეს სიხისტეც ფინანსებზეა დამოკიდებული, რომელიც თითქმის აღარ გააჩნია.

ადრე ვთქვით, რომ ომის ხუთი კომპონენტი არსებობს. ოთხ კომპონენტს, ასე თუ ისე, იყენებს ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ მეხუთე კომპონენტს _ საბრძოლო მოქმედებებს _ ვერ გაბედავს. გრძელვადიან რეჟიმში რუსეთი იძულებული გახდება, საქართველოსგან უკან დაიხიოს, მით უმეტეს, რომ თვითონ რუსეთში წარმოებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით იქ ელიან, რომ მომდევნო წლები რუსეთისთვის პრობლემური და კრიზისული იქნება. ასე რომ, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრების ამოქმედება გაცილებით დიდი პოზიტივის მატარებელია ჩვენთვის, ვიდრე საფრთხის შემცველი. ეს მოვლენა და საქართველოს მომავალზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

 

                                                                                                  დავით დევიძე