ბიძია ბიძოს „ბუტკა“

10711368_10204400078897457_2137816178_n

ამ გაზაფხულს შუა რუსთაველზე 4 აფრიკელი სცემეს. ზაფხულში დეფი გოგიბედაშვილის ფერადკანიან სიძეზე, აარონ ჩარლზზე „მაკდონალდსში“ საცემრად გაიწიეს, მანამდე „სმარტში“ მიაყენეს შეურაცხყოფა და ახლა? მწერალი ლელა კოდალაშვილი შეესწრო ფაქტს, თუ როგორ გადმოაგდეს ავტობუსიდან ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ, განსხვავებული კანის ფერის გამო. ლელა კოდალაშვილმა ამის შესახებ „ფეისბუკზე“ დაწერა და სწორედ იმ გამოძახილით, რაც მის პოსტს მოჰყვა, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ასე მხოლოდ ის რეგვენები კი არ ფიქრობენ, რომლებმაც იმ ავტობუსიდან ის ბიჭი გადმოაგდეს, არამედ ასე მოფიქრალი რასისტების რიცხვი გაცილებით დიდია საქართველოში. ამ ეტაპზე შეიძლება ეს შემთხვევები ცალკეულ ინციდენტად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ აღნიშნული ფაქტები ქმნის საფრთხეს, რომ ეს ყველაფერი მალე ტენდენციად იქცეს. ან, იქნებ, იმის გარკვევაც დაიწყოთ, რა მოხდა იქ, იმ ავტობუსში, საიდანაც გადმოაგდეს? იქნებ, ისე გალალოთ, რომ მანანა კობახიძესავით იკითხოთ კიდეც, _ იქნებ, დედა შეაგინა ვინმესო? მაგრამ მაგ აზროვნებით ვერც თქვენ წახვალთ წინ და ვერც ეს ქვეყანა. ქვეყანა, თორემ თქვენი წინსვლა და პიროვნული სრულყოფა ნაკლებად მადარდებს, ნაკლებად მადარდებს მარტივი მიზეზის გამო, _ უკლებლივ ყველა რასისტი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა თეთრი ხორცის მასა. კანი აქვს ღია და ტვინი, აზროვნება, სული, გული _ დახურული და ბნელი.

არაფერია იმაზე ამაზრზენი და გულის ამრევი, ვიღაცას მარტო იმით რომ მოაქვს თავი, რომ კანი თეთრი აქვს და ჰგონია, რამითაა მეტი მასზე, ვისაც სხვა ფერის კანი აქვს.

კი, ბატონო, ლელა კოდალაშვილი შეესწრო გადმოგდების ფაქტს და არ იცის, რა მოხდა ავტობუსში, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, რას ნიშნავს, გადმოაგდო და სახით ასფალტს დაახეთქო ადამიანი? თუ დააშავა იმ შავკანიანმა იქ, ავტობუსში რამე, რატომ არ გამოიძახეს პატრული? თუ ადამიანი რამეს აშავებს, რა მნიშვნელობა აქვს კანის ფერს? რა ბარბაროსობაა, გადმოაგდო ადამიანი ავტობუსიდან? ლელა კოდალაშვილის გადმოცემით შეძახილებიც ომახიანი ყოფილა: „ღმერთო, დაგვიცავი ებოლასგან და ამ მაზუთიანებისგან“, „პიჯაკიც რომ ჩაუცვამს ამ გორილას“ და ა. შ.

ამათ უყურე, ღმერთსაც რომ უხმობენ საშველად, გეგონება, სხვა რასის ხალხი ამ ქვეყნად სხვა ღმერთმა გააჩინა და არა მათმავე ღმერთმა. და რატომ გგონია თეთრკანიანო ვიგინდარავ, რომ შენ უფრო უყვარხარ ღმერთს, ვიდრე ის ფერადკანიანი? რატომ დაგიცავს შენ მისგან და არა მას შენგან, როცა ფაქტია, რომ მათ სწორედ შენისთანა რასისტებისგან სჭირდება დაცვა? უკაცრავად და, ვიგინდარა თეთრო, გასიებულო ქალბატონო, შენ ღმერთი შენს ჯიპზე ამხედრებულ მამაოში ხომ არ გეშლება, ხშირ-ხშირად რომ ურეკავ მობილზე და თავს ალოცინებ, ან კურთხევას სთხოვ გლდანში გასასვლელად ან ახალი „დივან-კრესლოს“ საყიდლად?

თავს გამოიდებენ, ამ ვანდალიზმს ებოლას შიშითაც ახსნის ვინმე, აკი უთქვამთ კიდეც, დაგვიცავი ებოლასგანო. რანაირად დაგიცავს ვინმე ებოლასგან, როცა უკვე გაქვს _ თან ტვინში, აზროვნებაში, სულში! ან რომელ ებოლას საფრთხეზე ლაპარაკობთ, როცა ის ყმაწვილი განწირული კიოდა, _ ფრანგი ვარო, ანუ საფრანგეთის მოქალაქე?! და რომც აფრიკიდან ყოფილიყო ჩამოსული, ვინ მოგცათ იმის უფლება, ავტობუსიდან ყაროთ? იმ ევროპაში რომ დატლაკუნობთ, რაღას დატლაკუნობთ? იქაც ხომ არიან აფრიკიდან ჩასულები? რა მნიშვნელობა აქვს, სად აიკიდებთ მაგ ებოლას _ აქ მშობლიურ „პავლოვზე“ თუ ევროპაში? ან ის  მოგეწონებათ, როცა საზღვარგარეთ იქნებით, ესპანელმა, იტალიელმა ან ფრანგმა რომ პანღური გკრათ და ასფალტზე დაგასხმევინოთ ტვინი? არაა? რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრკანიანი ხართ? მერე რა, თქვენც ხომ ისეთივე ჩათრეული იქნებით იქ, როგორც აქ ჩამოსულებს ეძახით „ჩამოთრეულებს“?

და საერთოდ ეს როგორაა? _ თქვენ გინდათ, რომ წახვიდეთ ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. წახვიდეთ ტურისტად, სამუშაოდ, სასწავლებლად (და დადიხართ კიდეც) და აქ კი არც ტურისტის ჩამოსვლა გინდათ, არც ვინმეს სასწავლებლად ჩამოსვლა, არც სამუშაოდ? იქნებ, იმ ამერიკელებსაც არ ეხატებით გულზე, ან ფრანგებს, ან გერმანელებს, ან ბერძნებს?

იმ შავკანიანი ბიჭის ჯერ ადგილზე და შემდეგ ფეისბუკში გამოსარჩლების გამო ლელა კოდალაშვილს ირონიულად ჰარიეტ ბიჩერ სტოუც უწოდეს. ის ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, რომელმაც დაწერა „ბიძია თომას ქოხი“ _ წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავთ, ან თუ წაგიკითხავთ, იქიდან მხოლოდ სიუჟეტი გამოგიტანიათ _ სერიალებზე გაწვრთნილებს.

ვიღაცამ ირონიულად უწოდა ლელა კოდალაშვილს ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, მაგრამ ბედის ირონია ისაა, რომ მას 21-ე საუკუნეში იგივეს შეხსენება უწევს საზოგადოებისთვის, რაც ჰარიეტ ბიჩერ სტოუს უწევდა მე-19 საუკუნეში. „ბიძია თომას ქოხის“ ეპოქა მსოფლიომ გამოიარა, ჩვენ სად მივექანებით ამ შეგნებითა და აზროვნებით? ევროპაში? თუ „ბიძია ბიძოს „ბუტკაში“, რომელსაც ბოქლომს დავადებთ და აქ არავის შემოვუშევებთ _ არც ტურისტს, არც სტუდენტს, არც სამუშაოდ ჩამოსულს? თუ ასე გაგრძელდა, ბოქლომის დადებაც აღარ დაგვჭირდება, აქ არავინ ჩამოვა იმ თქვენი რუსების გარდა. სრულებითაც არ ვამბობ, რომ ვინმემ რუსი გადმოაგდოს ავტობუსიდან და არც გავამართლებ მათ გადმოგდებას, რადგან ბარბაროსობას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ სულ ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ, როცა განსხვავებული რასის ადამიანს ავტობუსიდან აგდებთ? როცა შუა რუსთაველზე სცემთ და ეძახით, რომ აქ „ზანგების ადგილი არაა, მოშორდით აქედან“, როცა აარონ ჩარლზს „მაკდონალდსში“ დაჰკივიხართ, რომ „აქ ზანგების ადგილი არაა!~ და აგდებთ, და ეს მაშინ, როცა ხმას არ სცემთ არც ოკუპანტ ქვეყანას და არც იმ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებს? რა ხმის გაცემა, დადიხართ და სუფრებს უშლით და ძმობას ეფიცებით. გამაგებინეთ, ვინ დაიპყრო საქართველოს ტერიტორიები? შავკანიანებმა? ერთხელ მაინც გითქვამთ ოკუპანტისთვის „წაეთრიე აქედანო“?! მაგრამ რა წათრევა, მგონი, სული მიგდით, როდის შემოვა თავისი ჩექმით ამ ქვეყანაში. ჩექმით, თორემ აზროვნებით სწორედაც რომ შემოდის ამ ნაბიჯებით. დიახ, ყოველგვარი განსხვავებულის მიმართ შეუწყნარებლობა და ამგვარი ზიზღი გვაყალიბებს არა ევროპულ, არამედ „მოსკოვურ საზოგადოებად“, რომელსაც ახასიათებს სწორედ ეს შეუწყნარებლობა და კვებავს საკუთარი უპირატესობის ავადმყოფური შეგრძნება. დაახლოებით ისეთი, რაც ჩვენც გვახასიათებს: „რაც კარგები ვართ ქართველები ვართ“. სწორედ ამას იყენებს რუსეთი მსუყედ და ახალისებს ამ ინციდენტებს! და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ეს ხელისუფლება _ თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით.

თუ ეს ხელისუფლება არაფერ შუაშია, ამიხსენით, რატომ ვერ ჯეჯილობდნენ ეს მუტრუკები იმ „წყეული“ 9 წლის მანძილზე? რატომ ვერ ბედავდნენ შუა რუსთაველზე აფრიკელების ცემას? რატომ ვერ ბედავდნენ ავტობუსიდან განსხვავებული რასის ადამიანის გადმოგდებას? რატომ ვერ უვარდებოდნენ აარონ ჩარლზს ან სხვას „სმარტში“, ან „მაკდონალდსში“? იცით, რატომ? მივიდოდა პატრული და მათ წაიყვანდა ვირის აბანოში, იქ, სადაც არის ვირების ადგილი! გავცხარდი. რას ვერჩი ვირებს?.. და რა მოხდა აარონ ჩარლზის შემთხვევაში? „მაკდონალდსში“ თავის სტუდენტთან მჯდარ აარონ ჩარლზს თავს ორი მუტრუკი დაადგა, ჯერ სხვაგან გადაჯდომა აიძულეს, შემდეგ საცემრად გაიწიეს შეურაცხმყოფელი შეძახილებით: „აქ ზანგების ადგილი არაა!“ აარონმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის მისვლამდე „მაკდონალდსის“ დაცვამ ის მუტრუკები კი არა, აარონი გამოაგდო გარეთ, არც ადგილზე გამოცხადებულ პოლიციას მიუღია რამე ზომა, ზომას ვინ ჩივის, იქით დაიწყო იმის რკვევა, იყო თუ არა აფრიკიდან (არადა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა), იყო თუ არა თავისუფალი, ჰყავდა თუ არა პატრონი(!) _ გეუბნებით, მაგათ არც მონობა ჰგონიათ გაუქმებული და არც ბატონ-ყმობა გადავარდნილი! ბოლოს რა უთხრეს? „ჰო, კაი ახლა, ეგეთები ხდება? მაშინ უჩივლე“…

მანამდე „სმარტში“ მეუღლესთან ერთად ვახშმობისას მიადგა ვიღაც მუტრუკი და იმან აგინა აარონსაც და მის ცოლსაც _ ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო? ლანძღავდა, აგინებდა, დაცვა იქ იდგა და უყურებდა, ხმას არ იღებდა.

გეკითხებით, არის თუ არა დამნაშავე ეს ხელისუფლება ამ ყველაფერში? მაგიტომაც დაადანაშაულა დავით დეფიმ: „ახლა კი თქვენ მოგმართავთ შს მინისტრო, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამენტის თავმჯდომარევ და მოქალაქე ივანიშვილო, _ ეს თქვენ გააკეთეთ. ჰო, ეს თქვენი გაკეთებულია. ამ უშნო „გრუზინებს“, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე XXI საუკუნის თბილისში ასე იქაჩებიან, მათაც, ვინც ასეთ რამეს ხედავენ და არაფერს აკეთებენ, მათაც, რომლებიც არც თავის მოვალეობას ასრულებენ _ თქვენი სახეები აქვთ და თქვენი სახელები ჰქვიათ. ამის უფლებას მათ თქვენ აძლევთ. ამ სისაზიზღრეს თქვენი საკუთარი სიბილწით, ქლესობით, ბოღმით, დაკომპლექსებულობით, უნიათობითა და სრული არარაობით ქმნით. ამ მანიაკებს ღრმად სწამთ, რომ არ დაისჯებიან და ამ რწმენასაც თქვენ უღვივებთ. თქვენ სირცხვილი ხართ. მე მრცხვენია თქვენი. ყოველი თქვენგანის მრცხვენია“.

ან უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ტოლერანტულები, შემწყნარებლები და აქამდე გვატყუებდნენ და თავს ვიტყუებდით, უნდა ვთქვათ, რომ ასევე მითია ჩვენი სტუმართმოყვარეობა ან ამ ყველაფრის მიზეზი სხვაგან ვეძებოთ.

მიჩნდება ეჭვი, რომ ყველა ამ ტიპის ინციდენტი პროვოცირებულია, რუსული სპეცსსამსახურების მიერ ოსტატურად პროვოცირებული, იმისთვის რომ საქართველო დისტანცირდეს დასავლური სამყაროსგან და მათ დარჩეთ საჯიჯგნად. ოსტატურად იყენებენ თავის რუსოფილ აგენტურას, რომელიც ამ ყველაფერს ურაპატრიოტულად ფუთავს, სარგებლობს საზოგადოების გაუნათლებლობით, მოუმზადებლობით და ხატავენ სურათს, ვითომ ეს ჩამოსული ხალხი, ამდენი ტურისტი, ამდენი უცხოელი ქართველობას უქმნის საფრთხეს. ვიღაც-ვიღაცები შავკანიანების მიმართ ზიზღსა და შეუწყნარებლობას მარტო ებოლას შიშით კი არა, გადაშენების საფრთხითაც ხსნიან. ვინმე გაძალებთ, რომ ფეხები ფარგალივით გაუშალოთ მათ? დადეთ ერთი ფაქტი, რომ საქართველოში ჩამოსულ რომელიმე ფერადკანიანს ქალზე ეხმაროს ძალა! და თუ ადამიანს უყვარდება ფერადკანიანი, თქვენ ვინ გკითხავთ რამეს? ან გინდაც არ უყვარდეს და ისე ეძლეოდეს განცხრომას მათთან. მოიცა, თეთრთან სექსი რომანია და შავკანიანთან სექსი _ ბოზობა თუ როგორაა თქვენი საქმე?

ვიღაც ვიგინდარები იმასაც წერენ, რომ თურმე შავკანიანები ბინძურები არიან, დაუბანლები, სუნიანები და ა. შ. და მათ ჰგონიათ, მათ იღლიებს რომ ოხშივარი ასდით („როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი“?) _ ის უსუნოა… კონდოლიზა რაისი დაუბანელია და თვითონ დაბანილები დადიან…

რაკიღა კონდოლიზა რაისი ვახსენე, ამ ხალხის მიმართ ზიზღს რომ აფრქვევთ, ქალბატონი კონდოლიზა რაისი მაინც არ გახსენდებათ? ქალბატონი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, როცა ქვეყანას მტერი უტევდა? აა, თუ სწორედ მაგას არ პატიობთ, აქ რომ რუსი არ შემოუშვა?

როდესაც იმაზე ტლიკინებთ, რომ აფრიკელები პატივს არ სცემენ საქართველოს, ნამუსი შვებულებაში გაქვთ? უმოკლეს დროში რომ ქართულს სწავლობენ, მაგას მაინც ვერ ხედავთ? თან მაშინ, როცა სხვადასხვა ერები აქ თაობებით ცხოვრობენ და სიტყვაც არ იციან ქართული?

ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ აფრიკიდან ჩამოსულები. სიტყვა არ იცოდნენ ქართული, 2-3 თვეში ამტვრევდნენ და ერთი წელიც არ იყო გასული _ ქართულად ლაპარაკობდნენ. ჩემს მეზობლებს ყველა ვერ ნახავდით, მაგრამ ჩერგოლეიშვილთან „თეორემაში“ კოტ-დ’ივუარიდან ჩამოსული ფეხბურთელი კოა კოუ ალენი მაინც ნახეთ, ან მოდელი ჟან კლოდ აბო, ნახეთ და მოუსმინეთ ან მათ ქართულს, ან იმას, რასაც ქართულად ლაპარაკობენ საქართველოზე.

იქნებ, თქვენ გინდათ კიდეც „ბიძია ბიძოს „ბუტკაში“ ცხოვრება, მაგრამ დანარჩენებს არ გვეკითხებით, სად გვინდა ცხოვრება _ ევროპულ საზოგადოებაში თუ რუსეთის `ბუტკა~-ფილიალში?

საგანგაშო კიდევ იცით, რა იყო? რასისტული გამოხტომებით, განსაკუთრებით ევროპაში საცხოვრებლად წასული ქართველები აქტიურობდნენ. თავად ნათელ ევროპაში ცხოვრობენ და აქ ჩვენთვის წყვდიადი სწადიათ? თუ იქაც უშლიან ნერვებს ფერადკანიანები? სტუმარს სტუმარი სძულდაო, მათზეა ნათქვამი. თურმე, ეს მათ აქვთ უფლება, ჩავიდნენ და იცხოვრონ იქ, იცხოვრონ დასავლურ საზოგადოებაში და თან იწუწუნონ იმაზე, რომ ის ქვეყნები, თურმე, წალეკეს ზანგებმა. სამშობლოც მარტო თავისთვის უნდათ, პარიზიც მარტო თავისთვის უნდათ… აგანგალა განგალა…

ბარემ ამ თემასთან კავშირშია და აქვე ვიკითხავ, _ რატომ იქნა მიჩნეული სიტყვა ზანგი დისკრიმინაციულად? მაშინ როცა კანის ფერზე პედალირების გარეშეა არსი გადმოცემული?

 

                                                                                              რეზო შატაკიშვილი