„შეუცნობელია გზანი უფლისანი“… ბიძინასიც…

2

რატომ? რატომ და იმიტომ, ძვირფასო მკითხველო, რომ, ჯერჯერობით, ვერავინ ამოიცნო და გახსნა კვანძი იმ საიდუმლოებისა, რომლის მიხედვითაც, ყველა ერთად გავარკვევდით, რატომ, რისთვის და რა მისიის აღსასრულებლად მოდიოდა ხელისუფლებაში ბიძინა და თუ მოვიდა, მაშ, რატომ დაადგა იგი პოლიტიკური თვითმკვლელობის გზას მაშინ, როცა მისი ინერციით „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღემდე ინარჩუნებს ლიდერი პარტიის პოზიციებს, სხვა პოლიტიკური პარტიების ფონზე?!.

აგრეთვე შეუცნობელია „უფალ ბიძინას“ ზრახვანიც, რადგან ძე მისი საყვარელი _ ღარიბი ირაკლი, რომელიც, მართალია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად კი აკურთხა, მაგრამ ახლა, თურმე, დასაცავია, უჭირს ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით და ამიტომაც მამას, ე. ი. ბიძინას, ძმა თვისი ადიკო რომ წარუგზავნია ბათუმ-აჭარას შეგონებით _ მოუხმე ყველას და ძე ჩემი საყვარელი იხსენი უკეთურთაგანო, გასაკვირია?!.

„ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისო“, _ კარგად იცის ეს ანდაზა ადიკო ივანიშვილმა და მართლაცდა დაუყოვნებლივ ბათუმს გამგზავრებულა, დელფინარიუმის საკონფერენციო დარბაზში აჭარის „ქართული ოცნების“ ელიტაც შეუკრებია და უბრძანებია: ჩემი ძმისშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობა უნდა დავაფუძნოთ და ამ მოძრაობის ხელმძღვანელ პირებსაც მევე წარმოგიდგენთო…

ბათუმის დელფინარიუმში შეკრება-თათბირი 20 ოქტომბერს 13:00 საათზე გამართულა და როგორც ამ თავყრილობის ერთ-ერთი მონაწილე ბათუმელი მიამბობს, ამ შეკრებამ მომდევნო დღეებში აჭარის ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი დიდ საგონებელში ჩააგდოო…

და მაინც, რა ითქვა იმ დღეს დელფინარიუმის საკონფერენციო მომცრო დარბაზში ადიკო ივანიშვილის მიერ და რა გზები დასახა მან ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის თვალსაზრისით?..

ამის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს ჩვენი ბათუმელი წყარო და მოდით, გულისყურით მოვუსმინოთ მას:

_ რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ 20 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი, ბათუმში ჩამოვიდოდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვიწრო წრეში შეხვდებოდა. მართლაც, დღის 13 საათზე დელფინარიუმში შევიკრიბეთ და ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა, ისიც შევიტყვეთ, რომ ბატონი ბიძინას პირადი დავალების აღსასრულებლად იყო ჩამოსული ბატონი ადიკო და ამ დავალების არსი კი ის გახლდათ, რომ მთელ აჭარაში _ ხულოდან ქობულეთამდე _ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობა უნდა დაეფუძნებინათ!..

მართლაც ასე მოხდა და ბატონმა ადიკომ, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის დაფუძნების პარალელურად, ამ მოძრაობის ხელმძღვანელი პირების წარდგენაც დაიწყო და აი, იქ, იმ სხდომაზე გაჩნდა დიდი ეჭვი იმისა, რომ, უდიდესი ალბათობით, აჭარაში ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობა კი არა, მისი დასამარცხებელი მოძრაობა იწყებოდა და ახლავე მოგახსენებთ, რატომ…

მთელი აჭარის მასშტაბით შექმნილ ახალ მოძრაობას, რომელსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა შეკრება და გაერთიანება ევალება, ადიკო ივანიშვილმა სათავეში ჩაუყენა ყოფილი პოლიციელი, სოფელ ღორჯომში მცხოვრები ვინმე რამაზ ირემაძე!.. ბათუმის ოფისის ხელმძღვანელად ბატონმა ადიკომ დაასახელა და დანიშნა ქალბატონი ეთერ ჯორთმენაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ თაღლითობაზეა გასამართლებული და რომლის მეუღლემაც, იმიტომ, რომ ცოლის აფერების მასშტაბებს ვერ გაუძლო, ბათუმში, საკუთარ სახლში, თავი ჩამოიხრჩო!..

_ უი, მე მგონი, ბათუმში მაგ ქალბატონის სახლი და ჩემი სახლი ახლომახლოსაა ერთმანეთთან და ახლა გამახსენდა უბედური მისი ქმარი, მგონი, გემის კაპიტანი იყო, არა?!.

_ დიახ, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით და ისიც გემახსოვრებათ, როდესაც ქალბატონი ეთერი ლომბარდში მუშაობდა, რამდენი ადამიანი ჰყავდა გადაგდებული… 70 კაცის გადაგდებისთვის და მათთვის ფულის გამოძალვისთვის გასამართლდა ქალბატონი ჯორთმენაძე. რაც ხელისუფლება შეიცვალა, დარბის უწყებიდან უწყებაში, ნასამართლეობა მომიხსენითო, მაგრამ არ უხსნიან, რადგან ამ ამბავს შეიძლება დიდი სკანდალი მოჰყვეს მისგან დაზარალებული ადამიანების მხრიდან… ახლა ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, ეთერ ჯორთმენაძის მოადგილედ ხომ საინტერესოა, ვინ დანიშნა ბატონმა ადიკომ?.. ვინ და ჯამბულ შარაბიძე; ქობულეთში _ ყოფილი პოლიტპატიმარი ანზორ სოლომონიძე; ქედაში კი დაინიშნა ვინმე ლომიძე, რომლის სახელიც, უკაცრავად, მაგრამ, არ მახსოვს…

ნუ, კაი, უნდა დაფუძნებულიყო კიდეც დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კიდევ ერთი ორგანიზაცია, მაგრამ ახალი ორგანიზაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი პირები რამდენად შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას აჭარაში, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, ვინ იკადრებს მათ გვერდით დადგომას?!. აი, ეს არის დიდი კითხვის ნიშანი მთელ ამ ისტორიაში და ვშიშობ, რომ ჩემი ვარაუდები და ეჭვები (იმიტომ, რომ ვიცი, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები), გა-მართლ-დე-ბა!..

მერწმუნეთ, ხალხი მაგათ არ გაჰყვება და წინასწარ გიანონსებთ, რომ თუკი ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ბნელი წარსულის მქონე ადამიანები სასწრაფოდ არ ჩამოაშორეს ღარიბაშვილისთვის შექმნილ მხარდამჭერ მოძრაობას, ბატონი ირაკლის დამარცხება აჭარაში გარ-და-უ-ვა-ლი-ა!!!

ახლა, მოდით, სათითაოდ განვიხილოთ ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის თითოეული წევრი და დავიწყოთ ქობულეთის ორგანიზაციის თავკაცით, ანზორ სოლომონიძით.

საერთოდ, აჭარაში, განსაკუთრებით კი ქობულეთში, მომხრეების შეკრებისა და მოზიდვის დიდი პრობლემა აქვთ ზემოურებს. ზემოურებს აჭარაში ეძახიან ხულოს და ქედის მცხოვრებლებს. სოლომონიძეს ქობულეთში თითო ოროლა კაცის გარდა არავინ აჰყვება, რადგან მას, ჯერ ერთი, იქაურები კარგად არ იცნობენ და მეორეც, პატარა ავტორიტეტი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ხალხი გვერდით დაუდგეს?.. კარგი ბიჭია, 2011 წლის აგვისტოში ტელევიზიასთან ხალხი რომ დააპატიმრეს, ეგ სოლომონიძეც მაშინ დააპატიმრეს და დიდხანს იჯდა, მაგრამ განა ეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერა ჰქონდეს?.. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობა ქობულეთში, აპრიორი, კრახისთვისაა განწირული და უპრიანი იქნებოდა, ვინმე ადგილობრივი ქობულეთელი შეერჩია ადიკო ივანიშვილს, თუკი მართლაც, მხარდაჭერის სურვილები ამოძრავებდა ღარიბაშვილისადმი!

ახლა, არც ის არის ახალი, რომ ამ მოძრაობის სული და გული უნდა იყოს ბათუმი, რადგან, რიცხობრივად, ყველაზე მეტი მოსახლეობა სწორედ ამ ქალაქშია წარმოდგენილი… ბათუმის ოფისი განთავსდა ყოფილი ლენინის, ამჟამად კი გამსახურდიას ქ. #16-ში ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დიდი ავანტიურისტისა და თაღლითობისთვის გასამართლებული ეთერ ჯორთმენაძის საცხოვრებელ სახლში და, ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, თავმოყვარე, ინტელიგენტი ადამიანი, ანდა რიგითი ბათუმელი, რომელმაც შესანიშნავად იცის, ვინ არის ეს ქალბატონი და ისიც იცის, რა `საქმენი საგმირონი~ აქვს ჩადენილი მას, ოფისად გადანათლულ მისი სახლის კარებს შეაღებს?!. შესაძლოა და მოსალოდნელიც, რომ ბათუმელმა მსუბუქი ყოფაქცევის `შალავებმა~, კიდევ ვიღაც-ვიღაცებმა დაუჭირონ მხარი ეთერ ჯორთმენაძეს, მაგრამ ინტელიგენცია და ნორმალური ადამიანები, უკაცრავად, მაგრამ მათ გვერდით ნამდვილად არ დავდგებით და ეს სამწუხარო ფაქტი ძალიან მინდა, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა გაითვალისწინოს, არამედ გაითვალისწინოს ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელსაც პირადად მე დიდ პატივს ვცემ!!!

ახლა, მოდით, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ეთერ ჯორთმენაძის მოადგილედ დანიშნულ ქედელ ჯამბულ შარაბიძეზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: ბატონი ჯამბული, დღეის მდგომარეობით, აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატის _ მაილო ჯაშის მძღოლია, მაგრამ აქ მისი სამსახურებრივი მდგომარეობა არაფერ შუაშია, რადგან კითხვის ნიშნები, სწორედ მის წარსულ საქმიანობაშია წითელი ხაზებით გამოკვეთილი და ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოკლედ გეტყვით, რომ ჯამბულ შარაბიძის ყალბი ჩვენების საფუძველზე გასამართლდა უდანაშაულო ხალხი და ვიდრე 2012 წელს ახალი ხელისუფლება არ მოვიდა სათავეში, ეს ხალხი ციხეში იჯდა!.. სხვათა შორის, მაშინ ცრუ ჩვენებების საფუძველზე დაპატიმრებულთა რიგებს მიეკუთვნებოდა ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანზორ სოლომონიძეც და ის, რომ მასზე ცრუ ჩვენება დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერად მოვლენილ ჯამბულ შარაბიძესაც აქვს მიცემული, ანზორ სოლომონიძემაც კარგად იცის და ის მიკვირს, ხმას რატომ არ იღებს ამ ყველაფერზე?!

_ მოდით, რადგან ასე სიღრმისეულად ხართ ჩახედული ამ ამბებში, მომიყევით, რომელ კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დააკავეს და მათ წინააღმდეგ ასევე არაერთი ყალბი ჩვენება იქნა მიცემული?..

_ თქვენ უეჭველად გემახსოვრებათ აჭარის ტელევიზიის წინ 2011 წლის 21 აგვისტოს განვითარებული მოვლენები და ისიც შესანიშნავად უნდა იცოდეთ, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიუღებელი პარტიების მხარდამჭერთა დასაპატიმრებელი სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დღეს. სხვათა შორის, ტელევიზიასთან გასამართი დარბევა და პროვოკაცია აჭარის „კუდში“ მოფიქრებული პროექტი იყო. დიახ, ეს ყველაფერი იყო „კუდში“ დაგეგმილი და დარბევაც განხორციელდა იმ თვალსაზრისით, რომ ვინც მოსაცილებელი ჰყავდათ, იმ დღეს „კუდისვე“ პროვოკაციით უნდა დაპატიმრებულიყო და პროვოკაცია კი განახორციელეს ქედის ყოფილი პოლიციის უფროსის, ნოდარ შერვაშიძის შვილის ხელით! დიახ, შერვაშიძის შვილმა ესროლა ქვა ტელევიზიის მინას, ჩაამსხვრია და ამის შემდეგ დაიწყო დარბევა… რასაკვირველია, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პარტიის აქტივისტები და წარმომადგენლები, რომლებიც „კუდს“ და პატარიძეს აჭარაში სისხლს უშრობდნენ, მაგრამ ისინი არც ძალადობდნენ, არც ვინმეს აგინებდნენ და არც ტელევიზიაში შევარდნას გეგმავდნენ, სიმართლე რომ იცოდეთ… იმ დღეს 11 ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე მალევე გაათავისუფლეს და ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ დაპატიმრებულთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მისცეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დღემდე სამსახურებში რჩებიან და ისინიც, რომლებსაც, თურმე, ნუ იტყვით და ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის საქმეები აქვთ დავალებული!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, ჯამბულ შარაბიძეს, ტელევიზიის წინ ექვსივე დაპატიმრებულის წინააღმდეგ აქვს მიცემული ცრუ ჩვენება, თუმცა სასამართლოზე მისვლა ვერ გაბედა და მოსამართლეს წერილი გაუგზავნა, რაც დავწერე სრული სიმართლეა და რომ სასამართლოს უფლება გაქვთ, გამოიყენოთ ჩემ მიერ მიცემული ჩვენებაო!..

აღსანიშნავია და ცალკე თემაა საერთოდ ის ფაქტი, რომ შარაბიძის ძმა ყოფილი პოლიციელია, რომელიც პოლიციიდან გააგდეს, მაგრამ, იმავდროულად, იგი არის სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, აგიტატორი და დღეს, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მობრუნებას გეგმავს, პირწავარდნილი მიშისტი ძმის ფაქტორი არ უნდა გაეთვალისწინებინა ადიკო ივანიშვილს, როცა მეორე ძმას ბათუმის ოფისის თავმჯდომარის მოადგილედ ნიშნავდა?!.

ალბათ გაინტერესებთ, დანარჩენი ცრუ მოწმეები ვინ იყვნენ, არა?.. კი ბატონო, ახლავე მოგახსენებთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რას საქმიანობდნენ ადრე, ხოლო ამჟამად სად მუშაობენ…

ეს ადამიანები არიან ბათუმის სამმართველოს მესამე განყოფილების დეტექტივი დიასამიძე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მერაბ დუმბაძე და წარსულში „კუდის“, ახლანდელი „სუსის“ უშტატო თანამშრომელი, მათი ნდობით აღჭურვილი პირი შარაბიძე და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ადამიანებმა ყალბი ჩვენება მისცეს ტელევიზიასთან დაპატიმრებული ექვსივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიებაშიც და ბოლოს, სასამართლოშიც…

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამნისტიის წყალობით და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექვსივე დაპატიმრებული პატიმრობიდან განთავისუფლდა, მაგრამ, იმავდროულად, არავინ დაინტერესებულა გაერკვია, თუ ვინ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ვინ მისცა ცრუ ჩვენება ამ დაპატიმრებულების წინააღმდეგ?!. დღემდე დევს პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეები, ისევე როგორც ყალბი ჩვენებების მიმცემი ადამიანების ახსნა-განმარტებები ხელმოწერებით, მაგრამ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი, ავთო კილაძე, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას რომ არ აპირებს, ვის უნდა ვკითხოთ, _ კილაძეს თუ უფრო ზევით?..

სხვათა შორის, ქალბატონო ირინა, ძალიან კარგი იქნება, თუ დაუკავშირდებით ტელევიზიასთან დაპატიმრებულ ექვს პიროვნებას და ჰკითხავთ, რატომ არავინ იკვლევს მათ წინააღმდეგ მიცემული ყალბი დასმენის ისტორიას?..

_ ვერანაირად ვერ ვკითხავ ვერც ერთ პოლიტპატიმარს მათი უდანაშაულობის შესახებ, რადგან თვითონ მათ ყველაზე უკეთ იციან, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მათ წინააღმდეგ მისცეს ყალბი ჩვენება… შეკითხვები რად უნდა მაგ საქმეს?.. გამოვიდნენ, ამხილონ ხმამაღლა და თუ საჭირო გახდება, იგივე ბათუმის პროკურატურას მოუწყონ აქციები, გამოათრიონ გარეთ, ვინც გამოსათრევია და იმ ახალი მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯამბულ შარაბიძესაც მოუწყონ სირცხვილის დერეფანი, ძნელია?.. რად უნდა ამას ინტერვიუები და კითხვა-პასუხის გაცვლა-გამოცვლა?!. თუ კაცები არიან, პასუხი „ნაციონალებსაც“ მოჰკითხონ და „ქოციონალებსაც“, მე რა შუაში ვარ?!. ქალი ვარ მაგრამ, როცა შემეხნენ მე ყველას ჩემი პასუხი გავეცი და დღემდე მაგ რეჟიმში ვარ!..

_ ქალბატონო ირინა, მინდა გულახდილად გითხრათ, რომ თქვენ და თქვენს გაზეთს, „ქრონიკა+“-ს, აჭარაში უამრავი მკითხველი ჰყავს და ბათუმის ინტელიგენცია ყოველ ხუთშაბათს და ყოველ სამშაბათს ჯიხურიდან ჯიხურში ეძებს თითოეულ ნომერს, სწორედ თქვენდამი ნდობამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ მიერ მოკვლეული და წარმოდგენილი, ასევე ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობი ისტორიები საგულდაგულოდ მოგიყევით… აბა, მითხარით, როგორ გგონიათ, რასაც თქვენ ჩვენს კუთხეზე წერთ, აჭარის მთავრობაში, ან პროკურატურასა და პოლიციის სამმართველოში არ კითხულობენ? ვინმეს თითი თითზე დაუდევს და გაურკვევია ესა თუ ის კრიმინალური ისტორია, ანდა სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედებები, სასწრაფოდ გამოსაძიებელი რომ იყო? რამდენჯერ გამოგიქვეყნებიათ უკანონოდ გასხვისებული, 1 ლარად ნაჩუქარი ძვირადღირებული ქონების ისტორიები და ხელისუფლების მიერ უპატრონოდ დაგდებული აჭარლების ისტორიები, ვრცელი სტატიების ნამდვილობა მოუკვლევია ვინმეს?!. ხომ ფაქტია, რომ თქვენს ყველა პუბლიკაციაზე რეაქცია ნულია?! არადა, ეს მაშინ, როცა ხელისუფლება ყოველ დილით პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უნდა იკვლევდეს, რეაგირებას ახდენდეს და თუ დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება, რეაგირებასაც უნდა ახდენდეს?!. ამგვარი წაყრუების შედეგს აჭარაში მალე მოვიმკით და შეიძლება ისეთი განსაცდელი დაგვემუქროს, არათუ ახლად გამომცხვარი „ოცნების“ მხარდამჭერები გვეყოლება მშველელად, არამედ არავინ და ესაა სწორედ, რომ მაწუხებს. აჭარაში ჩვენი აღარაფერია და რაც ჩვენია, იმასაც კი გასაყიდად ამზადებს ხაბაძის ხელისუფლება.

_ როგორ დამავიწყდა, „ნაცმოძრაობის“ კმარელებით და აქტივისტებით დაკომპლექტებული, აჭარის დღევანდელ ხელისუფლებად წოდებული „ქოციონალები“ ხომ კარგად მყვანან?!. მათზე რას მეტყვით ახალს და რით გაახარებთ სრულიად საქართველოს?.. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილმა ორიოდე დღის წინათ ღიად განაცხადა, _ ხელისუფლებაში მოვდივარ და თუ ბიჭები ხართ, დამხვდითო!..

_ ეჰ, რაც „ნაციონალებმა“ აჭარაში ფული აკეთეს, ათ და უფრო მეტ გადატრიალებას ეყოფა, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არც მაშინდელი კორუფციული სქემების გაშიფრვითა და გამოძიებით იწუხებს ვინმე თავს?.. ამ სიტყვებს მე ჰაერზე კი არ გელაპარაკებით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მაქვს თან წამოღებული და შეხედეთ, რას აწერს ხელს და ვის სასარგებლოდ ლევან ვარშალომიძე?..

ბათუმში ყველას კარგად ახსოვს სად მდებარეობდა ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი „დომ ბიტა“. ყველაზე ცოტა, ეს შენობა და ტერიტორია 6-7-მილიონიანი ქონება იყო, მაგრამ ვარშალომიძის ხელისუფლებამ 600 ათას ლარად მიჰყიდა ვინმე თენგიზ ბაკურიძეს, მაგრამ ფულის ტომარა ბაკურიძისთვის 600 ათასი ლარიც ბევრი აღმოჩნდა და ახლა უკვე მეორე ბრძანების საფუძველზე საერთოდაც უფასოდ, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად აჩუქა ვარშალომიძემ ბაკურიძეს ეს ფართი…

_ ეს რომელი თენგიზ ბაკურიძეა? „ელ ბაკურის“ მფლობელი რომ იყო ასლანის დროს და ასლანმა „ჩინგიზ-ხანი“ რომ დაარქვა?

_ დიააახ!.. სწორედ ის თენგიზ ბაკურიძეა და სწორედაც ის „ჩინგიზ-ხანია“, 10 წელი განუბაჟებლად რომ ეზიდებოდა თურქეთიდან ფქვილს, შაქარს და ზეთს საქართველოში. თენგიზ ბაკურიძე აჭარაში „ნაცების“ ყულაბადაა ცნობილი, მაგრამ დღეს იმასაც ამბობენ, ახლა უკვე ორი ღმერთი იფარავს _ ერთს „ქოცი“ ჰქვია, მეორეს _ „ნაცი“ და ვინ არის მაგის მომრევიო?!. გაცისა და გაის არ იყოს, ორი კერპის თაყვანისმცემელია უკვე დღეს თენგიზ ბაკურიძე და მართლაც, ვინ მოერევა?! ისე კი ერთია, თუკი მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ მოსაბრუნებელი გზები დაინახა, ანდა ლევან ვარშალომიძემ უთხრა, რამდენიმე მილიონი მჭირიაო, თენგიზა რის თენგიზაა, უმალ არ გახსნას მუთაქები და საყვარელ „ნაცმოძრაობას“ არ დაეხმაროს?!. ერთი და ორი მილიონი მისთვის მზესუმზირის ფულია, აძლევს ყველას, ვინც კი მის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ძვირფასო ირინა, ქვეყანაში დღეს ასეთი განუკითხაობა რომ არის, სწორედაც რომ ამდაგვარი მიდგომების გამო ხდება! არჩილ ხაბაძეც საუკეთესო ურთიერთობებშია მილიონერ ბაკურიძესთან და მინდა გითხრათ, რომ როდესაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ჩალის ფასად ჰყიდდა მილიონიან ობიექტებს, მაშინ არჩილ ხაბაძის მამა გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ხომ ხვდებით, რა ფესვებიც აქვს მათ კავშირებს?!. მოკლედ, ჩვენში ისეთი ამბები ტრიალებს, მტერი ვერ მოიფიქრებდა და გაგვიკეთებდა უარესს. ამასობაში ხალხი დაბეჩავდა ამდენი განუკითხაობით, უბრალო გლეხობა წელში გადატყდა და წაიქცა ამდენი გაჭირვებით, უყურადღებობით, ჰოდა, ეს ყველაფერი კარგად როგორ დამთავრდება, იქნებ, ვინმემ გვიპასუხოს?.. დალოცვილო, ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: თაღლითს, ცრუ დამსმენს, ხარბს და გაუნათლებელს რომ მინიშნავ ხელმძღვანელად, უნებურად ხომ იქით მიბიძგებ, რომ ბზარი გამიჩნდეს შენდამი რწმენაში და რატომ აკეთებ ამას, ჩემო ბიძინავ და ჩემო ადიკო, გაგვაგებინეთ, ხალხი არა ხართ?!. ასეთი ხალხის გვერდზე დგომით გინდათ, ჩემო ძვირფასებო, აჭარისა და სრულიად საქართველოს შველა?!. ისე არაა ჩემი მტერი, მაგ ხალხის ხელმძღვანელობით ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერად მოაქციოთ ვინმე და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ აჭარა ძალიან პატარაა და აქ ყველამ ყველაზე ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის!!!

 

                                                                                                          ირინე გოგოსაშვილი