როგორ იხარჯება მილიონები არამიზნობრივად სახელმწიფო ტენდერებზე?

1

„სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ცენტრის ექსპერტები აღნიშნავენ, საჯარო მოხელეთა არაკომპეტენტურობის, უცოდინრობისა და მიკერძოების შედეგად დაშვებულია გრანდიოზული შეცდომები, რის შედეგადაც არამიზნობრივად იხარჯება საბიუჯეტო თანხები და არავინ აგებს პასუხს იმაზე, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შესრულებულმა სამუშაომ.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, ნათია ქოქოსაძე:

_ „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრს“ მოგვიწია გადაგვემოწმებინა სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერების საკითხი და გამოიკვეთა, რომ საქმე გვაქვს სამ პრობლემასთან. პირველი: სახელმწიფო, როგორც წინა მთავრობის დროს, უშვებს გრანდიოზულ შეცდომებს. როდესაც მშენებლობები მიმდინარეობდა, რეალურად, დამნაშავე სახელმწიფო კი არ იყო, არამედ, სტრუქტურა, ანუ დამპროექტებელს არ მოეთხოვებოდა გარკვეული საკითხები და აქედან გამომდინარე, ზიანდებოდა ქვეყანა.

_ უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ?

_ როდესაც დამპროექტებელი ხარჯთაღრიცხვას გააკეთებდა, არავინ იხედებოდა შიგნით. როდესაც ერთადერთ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანიზაციას _ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გადაეცემოდა ეს დოკუმენტაცია, მაგალითად, განფასებების შესამოწმებლად, ტექნიკურად შეესაბამება თუ არა ერთმანეთს მოცულობები, ამ ბიუროშიც ერთგვარი განუკითხაობაა. ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მუშაობს სამშენებლო მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს საინჟინრო სისტემა, მშენებლობა, ან რეაბილიტაცია, როდესაც საპროექტო სამსახური ასრულებს სამუშაოებს, მისი სიზუსტე კონკრეტულადარ არის მოთხოვნილი. პრაქტიკაში არ არის კანონმდებლობა და ამის შედეგად არ გვაქვს შესადარი. რაღაცას რომ ვაკეთებთ, უნდა ვადარებდეთ, რომ ეს ამის ტოლია, მეტია ან ნაკლები…

_ როგორც გავიგე, თქვენ საუბრობთ სტანდარტის დადგენაზე…

_ დიახ! სტანდარტის დადგენაზე და მიღწევადობაზე… ჩვენ რომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას, უნდა ვიცოდეთ, სადამდე მივიდეთ, რაზე მეტი, ან ნაკლები უნდა იყოს. ეს თეორიულად კი გვაქვს, მაგრამ იმდენად ზოგადია, ვიფიქროთ, რომ არ გვაქვს. ცოტა ხანში ამაზეც დავდებთ კვლევებს. ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ აქედან დაიწყო პრობლემა. როდესაც სახელმწიფოს სურს, რომ რაღაც გააკეთოს, არ არსებობს ტექნიკური დავალება. აგიხსნით, რა არის ტექნიკური დავალება _ დღევანდელ რეალობაში და წინა წლების განმავლობაში სიტუაცია იყო ასეთი: უნდა ავაშენოთ შენობა, მორჩა, ეს არის! რამდენ კაცს უნდა ემსახურებოდეს? როგორი უნდა იყოს? რა სტანდარტებით? უსაფრთხოების რა ნორმები უნდა იყოს დაცული? ვზრუნავთ თუ არა უნარშეზღუდულებზე და ა. შ.? ამაში აღარავინ იხედება! რასაც გადაწყვეტს ინჟინერი, მორჩა, ის თავისუფალია! მერე ამას რომ განაფასებს, კაციშვილმა არ იცის განფასება, შეედრება თუ არა! ხშირად ერთი მიმართულებით, 30-40%-იანი ცდომილებები მეტობაშია, მეორე მიმართულებით ნაკლებობაშია. ნახეთ, რა ხდება _ დამპროექტებლის, ანუ ხარჯთაღმრიცხველის შეცდომით, უვიცობით, გაუნათლებლობით, უგუნურობით, მიზნობრივად თუ უმიზნოდ, ეს ინფორმაცია მიდის სახელმწიფოში და ამას კაციშვილი არ კითხულობს! მაგალითად ისევ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მოვიყვან. ეს ბიურო არ ამოწმებს იმას, რასაც უნდა ამოწმებდეს და ფაქტია, სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე, უარესი ხდება. შემდეგ ეს დოკუმენტაცია გადაიცემა სატენდეროდ. ტენდერზე კაციშვილი არ კითხულობს და მიიჩნევენ, რომ ეს ის არის, რაც უნდათ! ვიღაცებმა რომ კომერციული მოგება ნახონ, ფასს აკლებენ. ფიქრობენ, რომ ჩაეტევიან ბიუჯეტში. მაგალითად, რომ წერია, 50 ბლოკის მაგივრად გჭირდება 30, 20 კვადრატი შიფერის მაგივრად გჭირდება 50, მერე ეს თანხები ერთმანეთს ვეღარ აბალანსებს. ხშირად ეს კომპანიები, ასე ვთქვათ, ვეღარ იხდიან შემდგომ გადასახადებს, იმიტომ, რომ დამპროექტებელმა თავის დროზე არ ჩადო სწორად, არ მოიკვლია და მასალის მოცულობა სწორად არ განსაზღვრა. როდესაც 8-10%-ზე მეტი ცდომილება გაქვს, დასაჭერი ხარ! იმიტომ, რომ დიდ ზიანს აყენებ, აუბედურებ კომპანიებს, სახელმწიფოს, ბიუჯეტს, დროს კარგავ, ეს ყველაფერი მერე ეკონომიკაში გადადის. აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. ამ სფეროში, რეალურად, ამიტომ მოხდა ნგრევა, თორემ ვიღაცა ვიღაცას კი არ აშინებდა, ან ატერორებდა! ეს იყო რეალობა, ჩვენ რომ გვჭირდებოდა 500 კბმ ბეტონი, გვეწერა 200 და მერე ის 300 ბიზნესმენს აღარ შეეძლო, რომ მოეტანა. პასუხისმგებლობაში იჭყლიტება ბიზნესმენი, იმის მაგივრად, რომ დამპროექტებელი გაჭყლეტილიყო.

_ რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითით დაადასტუროთ?

_ რა თქმა უნდა! მაგალითისთვის ავიღოთ კასპის რაიონის სოფელ წინარეხში განხორციელებული სამუშაოები: სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე. ორი პრეტენდენტი იყო, მოიგო პიროვნებამ, რომელიც, თუ კვლევებს გადავხედავთ, ამავე რეგიონში სხვა ობიექტებზეც იგებს ტენდერებს, ოღონდ არა ამ ფირმის სახელით. ერთი და იგივე პიროვნება იგებს და რა მნიშვნელობა აქვს ფირმის იურიდიულ სახელს? დაპროექტება მოხდა წინასაპროექტო დავალებების გარეშე. აგიხსნით, რას უნდა მოიცავდეს წინასაპროექტო დავალებები: გვინდა სოფლის წყალმომარაგება აქედან აქამდე, ამას კვლევა უნდა ერთვოდეს, წყალს საიდან ვიღებთ, დებიტი საიდან გვაქვს, რამდენი გვაქვს სტანდარტების მიხედვით, წყლის რა რეზერვია, წყალი, როგორც ხარისხიანი პროდუქცია, მისი შემცველობა, რომელზეც წყლის კანონი არსებობს და ა. შ. ეს კაციშვილმა არ იკითხა! ძალიან მარტივად გადაწყდა, _ გვინდა წყალი და მორჩა! გაკეთდა პროექტი, მაგრამ, როგორც შემდეგ დამპროექტებელთან ირკვევა, აქ გონივრული ეჭვია იმისა, რომ ბიუჯეტი, საჭიროებისამებრ, წინასწარ არ აქვთ განსაზღვრული, არამედ გამოყოფილია რაღაც თანხა და ამაში უნდა ჩაჯდე. დამპროექტებელი ამბობს, რომ დავალება მქონდა, გარე ქსელები წყალმიმღებიდან სოფლამდე უნდა შემომეყვანა და ფული დაგვრჩაო. რა ფული დარჩათ? საიდან იცის, რა ფული დარჩა?! არ უნდა სცოდნოდა, მაგრამ ეს ჩემი განსასჯელი არ არის, სამართალდამცველებმა უნდა განსაჯონ!

მეორე: 230 000 ლარზეა ლაპარაკი, საიდანაც 160 000 ლარი აითვისეს, დარჩა დაახლოებით 60 000. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელზე, მაგრამ ასეთი სიტუაციაა დაახლოებით 10 სოფელში.

მოკლედ, გადაწყვიტეს, ფული გვაქვს, რაც დაგვრჩა, ავითვისოთ და სოფელიც დავქსელოთო. ვერ დავამტკიცებ, საბუთებიც არ ასებობს, ზეპირსიტყვიერად იყო ნათქვამი, მაგრამ ხმები დადის, უფრო სწორად, მშენებელმა თქვა ჩვენს თანამშრომელთან, როდესაც კვლევას ვაწარმოებდით, რომ მითითება იყო, წყალი კონკრეტულ უბანზე შეგვეყვანაო. მიკერძოებულად იქცეოდნენ, ვინ მოსწონდათ და ვინ _ არა. ე. ი. არის ტერიტორიები, სადაც წყალი შესულია, ან _ არა. ეს ლოგიკასთან არ ჯდება. იცით, რატომ? როდესაც გაქვს 230 000 ლარი ბიუჯეტი და საბოლოოდ 200 000-ს ხარჯავ, იმ 30 000-ად ხომ შეგიძლია, წყალი შეუყვანო? გრძელ მანძილებზე კი არ არის ლაპარაკი, 200-300 მეტრებზეა, მიკერძოებით მოხდა ეს ყველაფერი! ამასაც არავინ ჩივის. მოკლედ, კონტრაქტს აფორმებენ, ცხადდება ტენდერი. როგორც გითხარით, მოიგო ერთ-ერთმა კომპანიამ, მაგრამ კონტრაქტშივე უწერიათ ასეთი რაღაც _ გამგეობა გასცემს ბრძანებას, რომ გამოიყოფა რამდენიმე პიროვნება ზედამხედველობისთვის. ნახეთ, რა მოხდა? _ არავის არ უკითხავს, ეს პროექტი ვარგა-არ ვარგა… რეალურად, ინვესტიციას რომ განვახორციელებთ, მისაღებია-მიუღებელია… ეს უკვე პირველი დარღვევაა! ტენდერი გამოაცხადეს და არ ვიცით, იქიდან წყალი საერთოდ ისმევა თუ არა?! მარტივი სქემაა, ჩვენ ვიხდით რაღაცაში ფულს, ოღონდ, არ ვიცით, რაში!

_ გადავიდეთ სხვა დარღვევებზე…

_ კონტრაქტში უწერიათ, რომ ყოველ შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა ერთვოდეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. სამი მიღება-ჩაბარება აქტი შედგა: 2013 წლის 27 ნოემბერს, 20 დეკემბერსა და 5 მაისს, მაგრამ ფარული სამუშაოების აქტი უფრო საინტერესოა! კერძოდ: ეს არის იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელიც შესრულების შემდეგ აღარ ჩანს და არ არის თვლადი. აქედან გამომდინარე, ფარული სამუშაოების აქტში შეიძლება გავწეროთ ისეთი პროდუქცია, რომელსაც მერე ვეღარ აღვრიცხავთ. ნახეთ, სად მოდის აქ დარღვევების კასკადი _ არც ერთ შუალედურ აქტში არ არსებობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, არსებობს მხოლოდ გამგეობის მიერ ბრძანებით დანიშნული კომისიისა და საქმეთა მწარმოებლის დასკვნები, რომ ფარული სამუშაო აქტები მიიღონ.

რისთვის გვჭირდება ფარული სამუშაოების აქტები? ფარული სამუშაოების აქტები განსაზღვრავენ მასალათა მოცულობას, რომელიც განფასებულია და შემდგომ ვიღებთ ბიუჯეტს, ანუ კაციშვილმა არ იცის, იქ რა მოხდა. მიიღეს, დახურეს, მიწა დააყარეს, იქ კიდევ ცალკე საკითხებია, რომ პროდუქცია, რომელიც მათ გაწერეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას _ ნამდვილად შესრულდა თუ არა. მაგალითად, აღნიშნულია 600 კბმ კლდოვანი გრუნტის მონგრევა და გატანა. ეს, იცით, რა მოცულობაა? _ დიდი ტრაილერები იტევს მაქსიმუმ 28 კუბს, 600 რომ გავყოთ უხეშად 30-ზე, 20 ტრაილერი მაინც უნდა გასულიყო. შესაბამისად, მიწას რომ ამოვთხრით და გავიტანთ, იქ უნდა ჩაბრუნდეს რაღაც. რა 20?! _ ერთი ტრაილერიც არავის უნახავს სოფელში! საინტერესო რა არის, იცით? ეს პროექტი `კოპი-ფეისტით~ არის გადმოკოპირებული სხვა პროექტიდან! აღარ ჩავძიებივართ თვითონ პროექტის ხარისხს, თავიდანვე აღმოჩნდა, რომ პროექტში გათვალისწინებული არ იყო სანიტარიული ნორმები. ჯერ ის არის კანონდარღვევა, რომ პროექტი მიიღეს; რაც მიიღეს, იმის ბიუჯეტი კაციშვილმა არ იცის; ფარული სამუშაოები მიიღეს და ბოლოს მისწერეს სამხარაულის ბიუროს _ ჩვენ რომ დავარღვიეთ ეს ყველაფერი, სწორიაო? სამხარაულის ბიურომ კიდევ პასუხი დაუბრუნა, _ თქვენ თუ თანხმდებით, რომ სწორია, ალბათ, სწორია, თუ გიღირთ ეს 200 000 ლარი, მე რა შუაში ვარ, მე რა ვიციო? ნახეთ, როგორ დაირღვა კანონები _ სამხარაულის ბიუროს არასწორად მისწერეს და ამასთანავე ბიუროს დასკვნის დოკუმენტი არ არსებობს, ფული ისეა გადახდილი და არ ვიცით, რაშია გადახდილი! გამგეობამ გადაწყვიტა, სამხარაულის ბიუროს დასკვნა არსებობსო, პრობლემა არავის გასჩენიაო და გადაურიცხეს ამ ფირმას თანხა 2-წლიანი გარანტიით.

ამის შემდეგ სოფელი ჯანყდება, მოსახლეობა უკავშირდება „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრს“. ჩავედით სოფელში, დოკუმენტაცია და ინფორმაცია მივაწოდეთ მოსახლეობას. შედგა სოფლის საინიციატივო ჯგუფი და გამგეობას პრობლემების შესახებ წერლობით აცნობა. ამის შემდეგ ერთ კვირაში სოფელში წყალი შეწყდა. მანამდეც კვირაში 1-2 დღე მოდიოდა, მაგრამ ახლა მთლად მიილია. აღმოჩნდა, რომ ინჟინრებმა, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებდნენ, საერთოდ დაივიწყეს უკუსარქველის შემოწმება. მდინარე რომ ადიდდა, ლამი შევიდა და მთელ ქსელში წავიდა. საქლორატორო სისტემაში, სადაც დეზინფექცია ხდება, ელიავაზე ნაყიდი 30-ლარიანი 2 კასრი დგას. ჯერ ერთი, ეს არის, დაახლოებით, 40-60-იანი წლების ტექნოლოგია, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ხაზის ტელეფონით რომ დავდიოდეთ ქუჩაში მობილურების ნაცვლად. ქლორი ბევრი მოგივა _ გწყენს, ცოტაც იგივეს აკეთებს. თუ წყლის მოცულობას სწორად ვერ გავხარჯავთ, ბაქტერიოლოგიური წარმონაქმნები ჩნდება და ეპიდემიის კერა იქმნება. მარტივად რომ ვთქვათ, მათი უცოდინრობით ეს კერა ხელოვნურად შეიქმნა. სოფლამდე გზა იმდენად ცუდია, ვიღაცას მუცელი რომ ასტკივდება და დისკომფორტი აქვს, თვითმკურნალობას ეწევა, სასწრაფოს არ იძახებს. კასპიდან სასწრაფო რომ სოფელში მივიდეს, 3 საათი უნდება. ამიტომ იმის ფაქტი, რომ წყლით მოწამვლის შედეგად სასწრაფოს გამოძახების დოკუმენტი დაფიქსირდეს, არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის.

გამგებელმა ფორმალურად გასცა დავალებები და ფორმალურადვე მოვიდა პასუხები. დამპროექტებელი წერს: „სასურველია, წინარეხში შექმნილ სისტემას ჰყავდეს გამოცდილი პერსონალი. ბოლო 5-6 წელიწადია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომლის ფილიალი არის კასპში, ატარებს სერიოზულ ტრენინგებს სოფლებისთვის და დაბებისთვის პერსონალის მოსამზადებლად“. საბოლოო ჯამში, ცინიკური პასუხი მიუვიდათ სოფელში, _ გვალვები იყო საქართველოში და წყალი ამიტომ დაწყდაო. ჯერ ერთი, ეს კლდიანი ტერიტორიაა, მთიანია და გარდა იმისა, რომ წყალი იკლებს და იმატებს,  გვალვა და ასეთი ბუნებრივი მოვლენები ვერ იმოქმედებს. მოკლედ, მშენებელი ამბობს, _ მე არაფერ შუაში ვარ, თქვენი ბრალიაო; დამპროექტებელი ამბობს, მე არ გამითვალისწინებია და თქვენიდან კითხვა არავის დაუსვიაო, ამასობაში მე ხომ უფასოდაც გაგიკეთეთ შიდა დაქსელვაო? რატომ გაუკეთა, ვინ ავალებდა? სამართალდამცველებმა უნდა გასცენ ამაზე პასუხი, _ ხომ არ იყო ძალადობა? მიკერძოებას ხომ არ ჰქონდა ადგილი? ბევრი საკითხია შესასწავლი! ამ ყველაფერთან ერთად გამგეობის პასუხი ასეთია, _ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, სოფელიაო ასეთი, სხვა სოფლებში მოვაგვარეთ და პრობლემა არ არის, ყველგან ასე გავაკეთეთ და მარტო ესენი ყვირიან, რა ჩვენი ბრალიაო?

ამ ყველაფრის შემდეგ რაიონის საკრებულოში სპეციალურად შექმნილი კომისია მიიჩნევს, რომ პროექტით განხორციელებული სამუშაოებიდან გამომდინარე, საჭიროა კომპეტენტური ექსპერტების ჩართვა, რათა საბოლოოდ დადგინდეს მიზეზი, რის გამო ვერ მოხერხდა სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება? ამ დადგენილებაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ხელი აქვს მოწერილი, სადაც წერია: საკრებულომ გამოიკვლია ეს საკითხი და მიხვდა, რომ გამგეობამ დაარღვია ყველაფერი. ამის შემდეგ 2 თვეზე მეტი გავიდა და საკრებულოც არღვევს კანონმდებლობას, რადგან მან უნდა შეატყობინოს შესაბამის უწყებებს და ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს არა უმეტეს 30 დღისა. აი, სად არის კითხვები დასასმელი! საერთოდ, რატომ მიიღეს პროექტი?! რატომ შეასრულეს სამუშაოები?! რატომ გადაიხადეს თანხა?! რატომ არ გადასცა საკრებულომ ეს საქმე სამართალდამცველ უწყებებს?! საერთო ჯამში, ეს პრობლემები გამომდინარეობს მათი არაკომპეტენტურობიდან და უცოდინრობიდან. ვერ დაგიდასტურებთ დოკუმენტურად, მაგრამ ძალიან სანდო წყარომ მითხრა, სოფლის გამგებელს დაემუქრნენ, რომ ამ ყველაფერზე ხელი მოეწერა.

_ თქვენ თუ აპირებთ, ამის შესახებ აცნობოთ სამართალდამცველ ორგანოებს?

_ ჯერ ვცდილობთ, კონსულტაციები გავუწიოთ სოფლის მოსახლეობას. იქნებ, ერთობლივად მივაღწიოთ იმას, რომ საქმის გამოსწორება დაეკისროს შემსრულებელ კომპანიას, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული. ამ ყველაფრის გარკვევამდე, რამდენად კომპეტენტურები არიან თანამშრომლები, გამგეობის თანამშრომლებს უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება, მთავრობისგან სასტიკი საყვედური უნდა გამოეცხადოს საკრებულოს, რადგან მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან! საკრებულო და გამგეობა გახდა მხარე და არა რეგიონის მსახური! თუ შევკრებთ რამდენიმე სოფელში განხორციელებულ საქმიანობას, აქ არის რამდენიმე მილიონზე ლაპარაკი! აქ პრობლემა ის კი არ არის, წყალს ეშველება თუ არა, არამედ, ხვალ რა მოხდება! სანამ ამის გამოძიება არ მოხდება, გამგებლიდან დაწყებული, ყველას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება! სამართალდამცველებმა სხვაგან უნდა ეძებონ პრობლემა და არა იქ, წყალი მოდის თუ არა სოფელში! წყალი გაკეთდება, გარდაუვალი პოცესია, მაგრამ მერე რა იქნება? ეს საკითხია დასასმელი!

20 წელია, საქართველოში არ მოითხოვება საინჟინრო სერტიფიცირება. 2010 წელს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება და საინჟინრო მიმართულებებზე რა შეზღუდვებიც იყო, ყველაფერი გააუქმა. 2014 წლის 14 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის რანგში მოაწერა ხელი და გააუქმა მიხეილ სააკაშვილის გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვით, კანონი საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ, 1992 წლამდე არსებული სტანდარტებით ამოქმედდა. ცალკე საკითხია, სამხარაულის ბიურო ამის მიხედვით ამოწმებს თუ არა სტანდარტებს, მაგრამ უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ 2014 წლის 14 იანვარს აწერს ხელს პრემიერი და აცხადებს, კანონი ამოქმედდეს არა ხელმოწერისთანავე, არამედ ორი კვირით ადრეო. მექანიკური შეცდომა მეგონა, მაგრამ სიტყვებითაც არის გადმოცემული. სირცხვილია!

 

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი