საოცნებო თბილისობა

re

1979 წლის 28 ოქტომბრიდან თბილისში ყოველწლიურად ტარდება თბილისობის დღესასწაული. ამ დროიდან მოყოლებული, დღესასწაულის მახასიათებელი ნიშნებიც ყველასთვის ცნობილია _ ყურძნის დაწურვის პროცესი, თათარას მათრობელა სურნელი, ჩურჩხელები, მწვადი, შოთის პური და ღვინო… ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებები და რაც მთავარია, კარგი განწყობა არა მარტო თბილისელებისთვის, არამდედ მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუმრებისთვისაც.

წელსაც არ დარღვეულა თბილისობის ტრადიცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილი 850 000 ლარის ნაცვლად, 800 000 გამოიყო; მთავრობა მწირ ფინანსებს „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკას უკავშირებდა, თუმცა მასშტაბურ ღონისძიებებს დაბალი ბიუჯეტის გამო მაინც არ გამორიცხავდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა სხვადასხვა ადგილებში ჩატარდა, შემოქმედებითი ძალებისა და გასართობი ღონისძიებების ძირითადი კონცენტრაცია რიყის პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა; მიმდებარე ტერიტორიებზე კი ხალხიც ნაკლები იყო და ინტერესიც, მათ შორის, სამთავრობო პირების დასწრების ეფექტიც.

უკმაყოფილების ფონი და პრობლემების სიმრავლე თბილისს სადღესასწაულო დღეებშიც არ ტოვებს. ალბათ ამიტომ იყო, რომ „ქრონიკა+“-ს არ გასჭირვებია სახალხო ზეიმის დღეებში ყოველდღიური საწუხარით დამძიმებული ქუჩის მოვაჭრეებიც ეხილა:

ნინო რ.: წელს პირველად ვარ თბილისობაზე გამოსული და სულ ტყუილად… არც ხალხია და ამ 2-ლარიან ჩურჩხელებსაც ვერ ვყიდი, არადა, ვიფიქრე, დღესასწაულზე იქნებ ცოტა ვივაჭრო და სახლში რაღაც პროდუქტი წავიღო-მეთქი… აგე, იქით, 3 ლარად ყიდიან ჩურჩხელას, მაგრამ ოღონდ გამეყიდოს და ამ ლარსაც ვიკლებ, არადა, ეს ლარი ყველაფერია ჩემთვის. ბოლოს და ბოლოს, ერთი პურის ფულია, რომელსაც ჩემი შვილები ელოდებიან!

მარიამ შ.: ყოველ წელს აქ გამოვდივარ, ბევრს ვერაფერს ვშოულობ, მაგრამ კმაყოფილი მაინც ვრჩები. სულ არარაობას ჯობია. სხვა დროს უკეთესი თბილისობა იყო ხოლმე, უფრო ადრე, წლების წინ. ახლა არც ხალხი არის და ვინც ქუჩებშია გამოსული, ჩვენსავით ისინიც მშივრები არიან და ფულს როგორ გადაგვიხდიან? ათასი პრობლემა რომ გაქვს, შვილო, რა გეთბილისება? მე ორი კაპიკისთვის გამოვდივარ, თორემ მეცეკვება და მემღერება? მკითხა ვინმემ, ქალაქის მთავრობა რომ ამდენ ფულს ხარჯავს, ჩვენ, საცოდავ ხალხს რამეში გვარგია? ჩემი ასაკის ხალხს არც პენსია აქვს, არც ხელფასი, არც დახმარება… არსად არ ვმუშაობ, ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი, ვიყო ქუჩაში და ხელზე რაღაცები გავყიდო, მაგრამ რა აზრი აქვს? ვზივარ დილის მერეა და არც არაფერი მეყიდება…

რუსთაველზე ჩამომწკრივებულ ქუჩის მოვაჭრეებს, რომლებიც „ქრონიკა+“-სთან გულახდილად საუბრობდნენ, მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ და ის იყო, ლამის ხელისუფლებაზე განაწყნებულ, სოციალურად დაუცველთა უნებლიე საპროტესტო აქციაში გადაზრდას აპირებდა მოვაჭრეების ჯგუფი, რომ იქაურობას გავეცალეთ.

მეტეხის ხიდთან მისულებს პანტომიმის თეატრის წარმომადგენლები 13 მეფეს, შოთა რუსთაველსა და ქართლის დედას ქანდაკებების სახით წარმოადგენდნენ. ყველაზე დიდ ქართველებს უჩვენებდნენ იმ ქართველებს, რომლებსაც ისტორიაც, ფიგურალური მნიშვნელობაც და არანაკლებ ფიგურალური დანიშნულებაც დაკარგული ჰქონდათ მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გამო. სამაგიეროდ, აღტაცება და ფართოდ გახელილი თვალები იმ უცხოელებს ჰქონდათ, რომლებიც ყველაფერს ქართულს ერთბაშად ისრუტავდნენ და ნაკლებად აფიქრებდათ ყოველდღიური რუტინა ქართველი კაცისა.

ხალხმრავლობით გამოირჩეოდა რიყე, საკონცერტო ადგილები, ყველა მხრიდან გაბნეული მუსიკა, რა თქმა უნდა, ესტრადა ცნობადი სახეებით და ახალბედა როკ-ჯგუფები. ერთმანეთში არეული ყველა ჟანრი, ნაცნობი გლამური და სისხლში გამჯდარი ამპარტავნება… ეს მხოლოდ „ფეისების“ ნაწილში, ახალბედა შემსრულებლებში კი მძიმე როკი ცნობიერებასაც არყევდა და სტერეოტიპებად ქცეულ ყოველდღიურობას. ახალგაზრდა და გამოუცდელ შემსრულებლებს თითოეულ გრიმასაში ეტყობოდათ, რომ მსმენელს პატივს სცემენ და მაყურებელს მოწიწებით უმღერიან. ესეც ქართული ბუნებაა, რომელსაც წლიდან წლამდე თბილისობის დღესასწაული კიდევ უფრო ხილულს ხდის _ პოპულარობა სენია, კარგი შემსრულებლობა კი _ სიამოვნება…

მრავალფეროვნებითა და მხიარულებით გამორჩეული იყო ახალგაზრდებისთვის ცნობადი Flea Market_ ხელნაკეთი ნივთები, განსხვავებული გემოვნების საკვები და საინტერესოდ შეზავებული კოქტეილები. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ახალგაზრდაც აქ იყო, მათ შორის, უცხოელებიც, რომლებიც ყველაფერს აგემოვნებდნენ და შეფასებებით თავს არ იწუხებდნენ. ისევ თანამემამულე მოვწყვიტე ხმაურიან ხალისს და დღესასწაულის შეფასება ვთხოვე:

მარი ახალკაცი:

_ სხვათა შორის, პირველად ვარ თბილისობაზე და ძალიან მიხარია. მომწონს აქაურობა, მრავალფეროვნებაა, არა მარტო დეკორატიულად, არამედ ადამიანების მხრივაც. ბევრი უცხოელია, რეგიონებიდანაც არიან ჩამოსული სტუმრები და თბილისი გასართობი ადგილი გახდა ყველასთვის. მომწონს, მსიამოვნებს და კარგად ვერთობი.

_ თბილისობის პროგრამა სხვადასხვა ადგილებსაც მოიცავს, ღონისძიებებით მრავალფეროვანია, აი, მაინტერესებს რატომ შეარჩიე რიყის პარკი და კონკრეტულად, Flea Market?

_ აქ სხვა დროსაც დავდიოდი ყოველთვის, მეგონა, რომ აღარ გაიმართებოდა და რომ გავიგე, თბილისობა იქნებოდა, ძალიან გამეხარდა და მოვედი. ეს ივენთი ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რაც კი ტარდება თბილისში… იქ ვარ, სადაც ჩემს ადგილს ვხედავ!

 

დღესასწაული ქალაქის თავის გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, ამ დრომდე წარმომავლობადაყვედრებული, კოკელი ნარმანია რომ ქალაქის ქუჩებში საკუთარ ოჯახთან და დაცვის წევრებთან ერთად იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო ზეიმის დროს თბილისის მერს საკუთარ ამომრჩეველთან პირადი კონტაქტი არ ჰქონია, მოკვდავივით არ შეჩერებულა და გასაუბრებია მათ, ერთი სცენაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მიკროფონში თბილისელებისთვის მიელოცა და უღიმღამო, ტრადიციული ტექსტი „ზემოდან“ წაეკითხა… დაეჯილდოებინა გამოჩენილი ადამიანები, პროტოკოლით გათვალისწინებული გაღიმება-ხელის აწევაც ჰქონოდა და ეს ყველაფერი იმ უხერხულობის ფონზე, ნარმანიას შემხედვარე ხალხი რომ აქა-იქ წამოიძახებდა: „რა უნდა ვთქვათ, კოკელი რომ თბილისის მერი გეყოლება, ესეც საკმარისია…“

თბილისის თავისგან განსხვავებული იყო ქვეყნის თავი _ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღესასწაულს უკვე მეორე დღეს _ 26 ოქტომბერს შეუერთდა. პირველი დღის უნებლიე „გამოტოვებისთვის“ ხალხს არც საყვედური დასცდენია და არც უკმაყოფილება გასჩენია. საყოველთაო დღესასწაულსაც გადაჰკრავდა პოლიტიკური ფერი _ ოვაციების გარეშე ხვდებოდნენ პრეზიდენტს, ხალხში გარეულ მარგველაშვილსაც აშკარად ეტყობოდა პოლიტიკის ქურუმებისგან გარიყულის დღემდე დაუმარცხებელი კომპლექსი. თუმცა მაინც უშურველად იღებდა ფოტოებს და უხაროდა… აქა-იქ გულწრფელი დამოკიდებულება სტიმულს აძლევდა, მომავალსაც…

თბილისობის დღესასწაულს ჰქონდა მეორე მხარეც, არაპრივილეგირებული ღონისძიებები, რომლებიც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრივილეგიაზე მეტად საერთო-სახალხო თანადგომას იმსახურებდა _ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოქმედება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა…

„ქრონიკა+“-მა „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, მაია ასაკიშვილი მოიძია და იმ ღონისძიების შესახებ ჩაწერა ინტერვიუ, რომლის ორგანიზატორებიც თავად იყვნენ:

_ კულტურის სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რის შედეგადაც მივიღეთ თანხმობა და აბანოთუბანში, სამღებროს ქუჩაზე გამოგვიყვეს ადგილი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბენეფიციარებისთვის, მათ ძალიან გაუხარდათ, როცა შეიტყვეს, რომ თბილისობის დღესასწაულში ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. თვალები უბრწყინავდათ, ჩვენც მშობლები ვართ და გვესიამოვნა, რომ უარი არ გვითხრეს; გამოფენა საინტერესო იყო, ზოგიერთი ნამუშევარი გაიყიდა კიდეც…

_ დაფინანსება?

_ დაფინანსება გამოიხატებოდა ადგილის გამოყოფასა და საკვებით უზრუნველყოფაში მხოლოდ.

_ წარმატებული აღმოჩნდა გამოფენა?

_ როგორ გითხრათ! რომ გითხრათ, ხალხი მოაწყდა-მეთქი გამოფენას, არა. იცით, რა არის? საქართველოში ქველმოქმედების კულტურა ძალიან დაბალია, ადამიანები არ აღიქვამენ შშმ პირებს, როგორც თავიანთ თანასწორებს, ისინი არ ხედავენ მათ შემოქმედებაში ხელოვნებას, შესაბამისად, ნამუშევრებს არ ყიდულობენ, როგორც ხელოვნების საინტერესო  ნიმუშებს…

_ ცნობადი პიროვნებები თუ გესტუმრათ, მათ ხომ მაინც უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება?

_ არა, არავინ ყოფილა, არც შოუბიზნესიდან, არც პოლიტიკოსების წრიდან. ეს, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩვენ ცოტა მაღლა, აბანოთუბანში ვიყავით, თუმცა მაინც მადლობელი ვართ მერიის, რომ ადგილი გამოგვიყო.

თბილისობის დღესასწაულის დასრულება წვიმამ დააჩქარა, არაპომპეზურმა სანახაობებმა დედაქალაქში მყოფი „სტუმარ-მასპინძელი“ მართალია ძალიან ვერ გაახარა, მაგრამ ორი დღით ყველა გააერთიანა… ორი დღით ყველას დაავიწყა, რომ პოლიტიკა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგომას ნიშნავს, რომ პარტიების ჭიდილი „თბილისობის“ დროს ზედმეტი თავის ტკივილია, რომ… რომ… რომ…

რომ ყველაფერს ბოლოს მაინც წვიმა შლის და ყოველდღიური ცხოვრება უფლებას არ გაძლევს, მზეს არ დაელოდო, შენი სახლისა და შენი ქვეყნის მზეს!

 

                                                                                                     ოთარ ჭოხონელიძე

qq

qq1 qq2

qq2

qq3

qq4

qq5

qq6

qq7

qq8

qq9