მოტყუებული „მედიკოსთა ლიგა“ პოლიტიკოსების წინააღმდეგ!

gr

„სოლიდარობა ექიმებს _ საქართველოს მედიკოსთა ლიგა“ მხილების ფორმატზე გადადის. მისი ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ  სააკაშვილის ხელისუფლების დროს უფლებაშელახული ექიმები „მეოცნებე“ ხელისუფლებამაც  მოატყუა. რას პირდებოდნენ მედიკოსებს და რატომ დარჩნენ მოტყუებულები, როდის დაიწყება საპროტესტო აქციები, ეს და სხვა კითხვები იმ ინტერვიუში, რომელიც „მედიკოსთა ლიგის“ ხელმძღვანელთან გოგი ხუციშვილთან ჩაწერა „ქრონიკა+“-მა:

 

_ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ბევრი სამედიცინო დაწესებულება დაიხურა და უამრავი მედიცინის მუშაკი დარჩა უსამსახუროდ, რეალური და ხილული პროტესტი მაინც მე-8 საავადმყოფოს ექიმებმა გამოვხატეთ. ვიდრე ჩვენს საავადმყოფოს დახურავდნენ და ხელიდან ხელში გადასცემდნენ, მედპერსონალს 8 თვის ხელფასი არ მოგვცეს. გარდა ამისა, იმის საშუალებაც წაგვართვეს, საავადმყოფო შეგვესყიდა, რადგან ამისთვის გვისახელებდნენ საშინელ თანხებს… მერე კი 1000 ლარად აჩუქეს „ბლოკ ჯორჯიას“. წესით, მედპერსონალის დაგროვილი ხელფასებიც მას უნდა გაესტუმრებინა. „ბლოკ ჯორჯია“, ჩვენი საავადმყოფოს სახელით, სხვა ბიზნესებშიც მონაწილეობდა, მაგრამ ჩვენ ხელფასი მაინც არ მოგვცა. როცა გამოსვლები დავიწყეთ, მოდიოდნენ პოლიტიკოსები და ვითომ თანადგომას გვიცხადებდნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იქცეოდნენ ასე და ჩვენი დარდიც არ ჰქონდათ. ისინი ისე  ლაპარაკობდნენ, თითქოს მათი ინიციატივით გამოვხატავდით პროტესტს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი იყო. ამ პოლიტიკოსებიდან ზოგი ახლა ხელისუფლებაშია, ზოგიც მაშინაც იყო გარკვეულ თანამდებობაზე.  ჩვენმა ჯგუფმა სოლიდარობა გამოუცხადა დამწვრობის ცენტრს, რომელიც ასევე გამოაძევეს საკუთარი შენობიდან, 31-ე ქარხნის საავადმყოფოს, თვალის საავადმყოფოს, მე-13 პოლიკლინიკას. საუბედუროდ, ექიმებიც არ აღმოჩნდნენ ისეთ სიმაღლეზე, რომ სრული გაერთიანება მომხდარიყო, თუმცა ჩვენ რიცხობრივად ბევრნი ვიყავით და ხელისუფლებას ჩვენი პროტესტის სერიოზულად ეშინოდა. ღიად ვასახელებდით დამნაშავეებს და სააკაშვილის რეზიდენციას „ბინტების“ ჯაჭვიც დავარტყით, კანცელარიაში მივედით ასე და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. „მედიკოსთა ლიგაში“ გაერთიანებული წამყვანი ექიმები შეჭირვებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებსაც ვუწევდით _ 161 ადამიანს დავეხმარეთ ასე.

_ გასაგებია… მაგრამ ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომელთაც ემდურით _ თითქოს გვერდით გვედგნენ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი საქმე გაიკეთესო?! 

_ მაშინდელი ოპოზიცია, საიდანაც ბევრი ახლა პარლამენტის დეპუტატია, სახალხო დამცველი, პროფკავშირები, ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, რომელთა გვარებსაც მალე გამოვაქვეყნებთ. „მედიკოსთა ლიგა“ ბრძოლის ახალ ფორმატზე გადადის და უკვე აღარავის დავინდობთ! ამ ადამიანების ქმედებები იყო ბლეფი. საკუთარ თავებს უფრო დაეხმარნენ. მათი ფარისევლობა მაშინ გამოჩნდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და საერთოდ დაავიწყდათ ჩვენი ამბავი. პარლამენტის ამჟამინდელი დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც ხშირად მოდიოდა მაშინ ჩვენთან და განცხადებებსაც აკეთებდა. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილის დროს ოპოზიციას ზუგდიდში სასტიკად რომ სცემეს… ნაცემი ოპოზიციონერები ზუგდიდან თბილისში, ჩვენთან ჩამოვიდნენ და მეც ყვარლიდან მათ დასახმარებლად გამოვიქეცი. ბეჟან გუნავას ცხვირის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული, ბიძინა გუჯაბიძეს კი _ ინფარქტის ნიშნები. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რამხელა სირთულეები შეგვხვდა მათი საავადმყოფოში დაწვენის გამო! როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, არც ჩვენთვის და არც მედიცინისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ალასანიას პატიის წევრებიც გვედგნენ თითქოს გვერდით, მაგრამ რეალურ ქმედებაზე რომ მიდგა საქმე, განზე გაიწიეს. ვიქტორ დოლიძე ახლა პარლამენტის უმრავლესობაშია, იმ დროს კი საკრებულოს წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ჩვენი მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ ხელი არ გაუტოკებია. საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებაშელახული მედიცინის მუშაკების სასარგებლოდ საერთოდ არც უბრძოლია, არადა, ეს ხალხი დეპუტატები რომ გამხდარიყვნენ, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. მით უფრო, რომ ირაკლი ალასანიას დედა, ქალბატონი დოდო, ჩვენი თანამშრომელი იყო და მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. უამრავი ხმა მივუტანეთ… სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოდაშია, გამარჯვებამდე ხალხისთვის დაპირებების მიცემა, გამარჯვების შემდეგ კი გვერდით გადახტომა. როცა პოლიტიკოსი იტყუება ერთხელ, ორჯერ, მას მატყუარას ეძახიან, მაგრამ როცა ამას სისტემატურად აკეთებს _ აფერისტი ჰქვია. ამ ხალხმა ჩვენ წინაშე ჩაიდინა აფერისტობა.

_ კონკრეტულად შეგპირდნენ რამეს? გეუბნებოდნენ, თქვენ ხმები მოგვიტანეთ და ჩვენ სამაგიეროდ ამას და ამას გაგიკეთებთო?

_ საუბარი იყო უსამართლობის გამოსწორებაზე. ჩვენი საავადმყოფო  კანონდარღვევით, ძალადობრივად დახურეს. მათ სოლიდარობა რომ გამოგვიცხადეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მართლები ვიყავით და ისინიც არ ეთანხმებოდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას, იზიარებდნენ ჩვენს პოზიციას, დავრჩენილიყავით საავადმყოფოში, ჩატარებულიყო ეტაპობრივი რემონტი. როცა ეს ხალხი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაშინაც გვერდით დაგვიდგებოდნენ. „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და ცხადია, შევხვდით პარლამენტის ახალ წევრებს, მინისტრებს _ მათ, ვინც მანამდე გვერდით გვედგა, მაგრამ დახმარების პათოსი ვეღარ შევატყვეთ. არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილთანაც მქონდა შეხვედრა. ვუთხარი, ჩვენს ორგანიზაციაში 780 წევრი ვართ, ანუ ოჯახი. თქვენგან ერთადერთი რამ გვინდა, გამარჯვების შემთხვევაში მე-8 საავადმყოფო აღგვიდგინოთ-მეთქი. გადავეცი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც თუ ამოქმედდებოდა, ყველა ის მანკიერი მხარე აღმოიფხვრებოდა, რომელიც დღეს ამ სფეროშია. იგი სამართლიანობის აღდგენას დაგვპირდა… მაგრამ „ოცნების“ ყველა დაპირება ბლეფი აღმოჩნდა.

_ „ოცნებამ“ მაშინ ყველა სფეროში შექმნა კომისია, რომელთაც პროგრამები უნდა დაეწერათ. როგორც მახსოვს, ამ კომისიაში თავდაპირველად თქვენც იყავით, მერე კი დატოვეთ ის. რა მოხდა, იქნებ, გახსნათ ბრჭყალები?

_ პიროვნულად არ მინდა ვინმეზე რამის თქმა, მაგრამ ჩემი და „მედიკოსთა ლიგის“ წინსვლა „ოცნების“ შეგნით, გარკვეულწილად, ვიქტორ დოლიძემ დაბლოკა. როცა დავინახე, რომ ეს კომისია ნორმალურად არ მუშაობდა და პარტიული ნიშნით უნდოდათ ჯანდაცვის კომისიის თამჯდომარის არჩევა, წინადადება შევიტანე, რომ კანდიდატები მედიცინის განვითარების ჩვენეული პროგრამებით წარვმდგარიყავით. ვისაც უკეთესი პროგრამა ექნებოდა, ის დაენიშნათ. ჩემი პროგრამა ზოგს კი ახალ ველოსიპედად მიაჩნდა, მაგრამ ეს გახლდათ ტელემედიცინის დანერგვა ჯანდაცვის სისტემაში, ანუ ახლა როგორიც გახლავთ თანამედროვე მსოფლიო ჯანდაცვა. ეს ჯერ კიდევ 2004 წელს დავწერე, მაგრამ მისი დანერგვა იმ დროს არავინ ისურვა. თვე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 3 რიცხვი იყო, როცა კომისიის წევრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ 9-ში ყველას პროგრამა განხილულიყო, მაგრამ 5-ში, ბატონ ბიძინას მხარდაჭერით ოთარ ხუფენია დაამტკიცეს კომისიის თავმჯდომარედ. ხუფენია ექიმი არ არის, ის გახლავთ ეკონომისტი, მაგრამ მისი გაყვანით სწორედ დოლიძე იყო დაინტერესებული. მერე ხუფენია მაინც მოხსნეს, რადგან, როგორც ვიცი, ივანიშვილამდე რაღაც ხმები მივიდა. კოალიციაში პარტიული სისტემა იყო და ყველა ცდილობდა, საკუთარი კადრები გაეყვანა წინა ადგილებზე. მერე მამუკა არეშიძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი რეგიონებში და მას დავუდექი გვერდით. იმდენი ადამიანი ვიყავით „მედიკოსთა ლიგაში“, როცა სხვადასხვა ღინისძიებაზე მხარდასაჭერად მივდიოდით, დარბაზი არ გვყოფნიდა. მათგან წამოვიდა სურვილი, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება „ოცნების“ წევრებიც გავმხდარიყავით და არც ამჯერად გვითქვამს უარი, თუმცა ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ისეთივე თეთრი ჯაჭვი გავაკეთეთ კანცელარიასთან, როგორც თავის დროზე სააკაშვილის რეზიდენციასთან. მოვიდა პრესა, მივეცით ინტერვიუები, მაგრამ ყველა ინფორმაცია დაიბლოკა. მიგვიღო კანცელარიის უფროსმა, მოგვცა პირადი ტელეფონები, გამოიძახეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გვითხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო და იმედიანად გაგვიშვეს სახლებში, მაგრამ ისევ არაფერი. დღემდე არ ჩანს 13 მილიონი დოლარი, რომელზეც „ბლოკ ჯორჯიამ“ თქვა, მე-8 საავადმყოფაში ამდენი დავხარჯეო. სამედიცინო ინსტიტუტმა კი, რომელსაც ჩვენი საავადმყოფო გადასცეს, განაცხადა, მე ჩავიბარე დაძველებული, მწყობრიდან გამოსული, მორალურად  განადგურებული ინვენტარი თავისი შენობითო. თუ ინსტიტუტმა ასეთ ქონება ჩაიბარა, მაშინ „ბლოკ ჯორჯიას“ რატომ არ  ეკითხებიან, რაში დახარჯა 13 მილიონი?! ექიმები ვაცხადებთ, რომ მე-8 საავადმყოფოს დასაკეტი არაფერი სჭირდა და ეს იყო გეგმაზომიერი ნგრევა, რომელიც სააკაშვილის დროს ჯანდაცვაში ხდებოდა. უკვე ბავშვსაც ვეღარ გამოაპარებ, რომ ფულის გაკეთება ვისაც უნდა, რემონტით იწყებს. მიშას დროს გასდიოდა „ბლოკ ჯორჯიას“, მაგრამ უბედურება ის არის, ახლაც ხელს რომ აფარებენ. ჩვენ შევხვდით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხურდაძეს, მის მოადგილე მირიან წიკლაურს, მაგრამ დახმარება ვერავისგან მივიღეთ. დღემდე უმუშევრები ვართ.

_ „ოცნების“ კომისიამ პროგრამა ხომ დაწერა, ხომ მოიწონა ის ყველამ და ხალხმაც ასეთი ნაბიჯების გამო დაუჭირა მხარი მას. გინდათ მითხარათ, რომ ეს პროგრამა არ სრულდება?

_ ამ კომისიაში ბევრი კარგი ადამიანი იყო. მაგალითად გოგი ბოჭორიშვილი, რომელიც  ბრწყინვალე პიროვნებაა. მათ დაწერეს კარგი პროგრამა, მაგრამ რაც იქ წერია, მსგავსი არაფერი ხდება. ახლა მართლა გავხსნი ბრჭყალებს და ყველაფერს ვიტყვი: ჩემთვის მიუღებელია ბიზნესი ჯანდაცვაში. ფულის მოგების დაზღვევაც არ მწამს. როცა ჯანდაცვის დიდი ობიექტების ნგრევა დაიწყო, ეს, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ნგრევა იყო, რადგან ის ხელში ჩაუვარდათ იმ პერიოდში ხელისუფლებისთვის მისაღებ პიროვნებებს, რაც რეალურად იყო ძარცვა. ამ პროცესებს მხოლოდ ექიმები ვუშლიდით ხელს და დარტყმაც ჩვენ მიმართ განახორციელეს. დღეს ექიმებზე შეტევა აღარ სჭირდებათ, რადგან საავადმყოფოს მფლობელები უჭირავთ ხელში და ისინიც ექიმებს როგორც გაუხარდებათ, ისე ექცევიან. 100 ახალი საავადმყოფოს პროგრამაც მედიცინის ნგრევის პროგრამა იყო. არავითარი 100 საავადმყოფო არ აშენებულა და უამრავი საუკეთესო საავადმყოფო კი დაანგრიეს, განსაკუთრებით მოსპეს რაიონის სამედიცინო დაწესებულებები. დღესაც საავადმყოფოების მფლობელები იგივე ხალხია, ასევეა ფარმაცევტულ ბიზნესშიც. ეს ის ხალხია, ვინც მედიცინა გაძარცვა და სახელმწიფო ქონება მიითვისა. ახლა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვერანაირად იქნება, რადგან მას რეალურად აღარაფერი აქვს. ჩვენი სიცოცხლე ჩავარდნილია კერძო  ფირმების ხელში. მათი ინტერესია მხოლოდ ფული და გამაგებინეთ, კარგად როგორ უნდა ვიყოთ?!

_ სააკაშვილის დროს ქვეყანაში მხოლოდ კერძო დაზღვევა იყო. ახალმა ხელისუფლებამ საყოველთაო დაზღვევა შემოიღო, რომელსაც ბევრი მადლიერი ჰყავს. რატომ არ არის ეს წარმატება და წინსვლა სახელმწიფოს ზრუნვა ადამიანებზე?!

_ სახელმწიფომ დაკარგა საავადმყოფოები, აფთიაქები, თითქმის ყველაფერი და ის ჩაუგდო ხელში მძარცველებს. ახლა კი თავად აიღო  პასუხისმგებლობა, რომ ამ მძარცველების ბიზნესი არ გაკოტრდეს. საყოველთაო დაზღვევით მან სწორედ ეს  გაითამაშა, რადგან ამ საავადმყოფოებისთვის მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ჯიბიდან გადაიხდის თანხას, თუ სახელმწიფო დააფინანსებს, მთავარია, რომ მას ფული არ შემოაკლდეს და არ გაკოტრდეს. ამ ადამიანებს გაუხანგრძლივეს ბიზნესი და სუფთა „ჟანგბადი“ მიაწოდეს ბიუჯეტიდან ფულის სახით. დადებითი მხოლოდ ის ხდება, რომ მოქალაქეები, საკუთარი ჯიბიდან, ზოგ შემთხვევაში, ფულს არ იხდიან, მაგრამ ბიუჯეტიც ხომ ხალხის ფულია? მოსახლეობა კმაყოფილი იმიტომ არის, ტაშს იმიტომ უკრავს, ჯიბიდან რომ არ იღებს ხანდახან ამ ფულს, მაგრამ იმაზე არ ფიქრობს, ეს ფულიც რომ მისია და ის დაუსჯელად დარჩენილ მძარცველებს არ უნდა ჩაუვარდეთ.

აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც დღეს კვლავ არსებობენ. ის დგას ამ სახელმწიფო დაზღვევასა და საავადმოფოებს შორის. სახელმწიფოს ფულს ის კერძო სადაზღვევო კომპანიები ანაწილებენ, რომლებიც ამჟამინდელი მაღალჩინონების ოჯახის წევრებს აქვთ ჩაგდებული. ამირან გამყრელიძე თავს იკლავს ექიმების გამოცდების შენარჩუნებაზე. მისი თქმით, ჯანდაცვაში მდგომარეობის გამოსწორება ასე უნდა მოხდეს. ცხადია, ის სადაზღვევო კომპანიების ზედმეტობაზე არაფერს ამბობს, რადგან გამყრელიძის შვილი ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელია. ყველა გაჩუმებულია ამ თემაზე, თუმცა, ალბათ, გახსოვთ, რომ ამბობდნენ, კერძო სადაზღვევო კომპანიებს ამიერიდან სახელმწიფოს ფულთან შეხება არ ექნებათო. ახალ ხელისუფლებას მართლა თუ უნდოდა მედიცინის გადარჩენა და ხალხის სიკეთე, ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა, მედიცინისთვის მოეცილებინა  ხორცმეტები, საკუთარ თავზე აეღო მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია და რას აქებენ, მართლა არ მესმის?! სადაზღვევო კომპანიებს არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ პოლიკლინიკები საავადმყოფოები თავის მფლობელობაში, არც აფთიაქებსა და პოლიკლინიკებს არ ჰყავს ერთი პატრონი. აქ კი პოლიკლინიკების დიდი ნაწილი მონოპოლისტი ფარმაცევტული კომპანიების ხელშია გადასული და თავის ექიმს რომელ წამალსაც გაუხარდება, იმას დააწერინებენ. ფული მაინც ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეში ტრიალებს და  რეცეპტიზაციის შემოღებაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი.

ამ ყველაფრის გამო „მედიკოსთა ლიგა“ ამ ეტაპზე მხილების ფორმატში გადადის. რაც მე გითხარით, ყველაფერზე უფრო დაწვრილებითაც ვისაუბრებთ და ხალხს თვალს ავუხელთ. თუ საჭირო გახდება, აქციებსაც გავმართავთ და თითოეულ ექიმს დავუდგებით გვერდით, მათ მიმართ ჩადენილი ყველა უკანონობა რომ გავასაჯაროოთ.

 

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი