კარლო მელენტიევიჩი და ელისო ჩაფიძის დედა ციალა!

frr

ერთი ძველი ანეკდოტია, გეცოდინებათ: მეტროში ამომავალი ესკალატორის თავში მამაკაცი დგას და ამომსვლელებს ათვალიერებს. გავიდა თითქმის მთელი დღე და ისევ დგას და დგას. მეტროს პოლიციელმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია და ეკითხება:

_ აქ რას ელოდებიო?! _ რაზეც მამაკაცმა უპასუხა:

_ რა ვიცი, შენი ჭირიმე, მიწის ქვემოდან ამოდის ხალხი და ველოდები, იქნებ, მამაჩემმაც ამოიაროსო.

ტყიბულში არც მეტროა და არც იქაურები არიან იმდენად გულუბრყვილონი, ელოდონ, როდის გაცოცხლდებიან მკვდრები და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებენ, თუმცა, სეირნობისა რა გითხრათ და, კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი ერთი ადამიანი ტყიბულის ცენტრში კი გამოჩნდა.

„ტყიბულში ყოფილხარ, მოწყალეო მკითხველო? ჰოდა, ბევრი არც არაფერი დაგიკარგავს“, _ ალბათ, ასე დაწერდა ერთი ენამწარე მწერალი, ცოცხალი რომ იყოს, მაგრამ, რასაკვირველია, ეს „ბევრი არაფერი დაგიკარგავს“ იმით არ იქნებოდა განპირობებული, რომ ტყიბული რომელიმე ქართულ ქალაქზე ნაკლებად ლამაზია. სულაც არა _ ამ ქალაქის იერსახე მართლაც გამორჩეულია და მთიან რელიეფს იმდენად კარგადაა მორგებული, რომ უცებ ვერც კი იგრძნობთ, რომ მთაში ხართ _ მოკლედ, მეშახტეების საბჭოთა ქალაქს ნამდვილად არ ჰგავს: კოპწიად ჩარიგებული კორპუსებითა და შადრევნებით მისი ცენტრი უფრო რომელიმე არც ისე დიდ ევროპულ ქალაქს მოგაგონებთ…

ტყიბულის იერსახისა და ინფრასტრუქტურის აღწერით ეს წერილი შემთხვევით არ დამიწყია: გასულ კვირას ამ ქალაქში პატივი მიაგეს ადამიანს, რომლის დამსახურებადაცაა მიჩნეული (სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ) ტყიბულ-ქალაქის კოპწიაობა: ქალაქში ყოფილი რაიკომის მდივნის ბიუსტი წამოჭიმეს და საზეიმოდაც გახსნეს. დიახ, დიახ, ტყიბულს ამიერიდან კარლო მელენტის ძე ლომაძის ბიუსტი დაამშვენებს.

გადაწყვეტილების მიღება და ბიუსტის წამოჭიმვა ტყიბულში არ ყოფილა იოლი და ია-ვარდით მოფენილი გზა: მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები გაიყო, მაგრამ, საბოლოოდ, ტყიბულის გამგებელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და საკითხიც დამტკიცდა.

პრესაში ინფორმაცია კი გავრცელდა, მაგრამ თავად ბიუსტზე გამოსახულ პიროვნებაზე, ძირითადად, ძუნწი ცნობებით შემოიფარგლნენ: დაიწერა, რომ კარლო მელენტიევიჩი სსრ კავშირის დროს ტყიბულის რაიკომის მდივანი იყო და მორჩა…

არადა, მელენტიევიჩი მასზე სიტყვის დასველებას ნამდვილად იმსახურებს. შესაძლოა, ბევრმა ტყიბულელმაც კი არ იცის, რომ კაცი, რომელიც რაიკომის მდივანი იყო, რომელმაც ნახევარი (თუ არა მთელი) ქალაქი ააშენა და რომელიც პირდაპირ ცოფებს ყრიდა, როცა ტყიბულის „მეშახტე“ საფეხბურთო მატჩს ვინმესთან წააგებდა, სულაც არ იყო დაბადებული და გაზრდილი ტყიბულში.

ახლა, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ კარლო ლომაძემ მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ააყვავა ტყიბული და ქალაქი ქალაქს დაამსგავსა, რადგან ეს იმ დროს მხოლოდ ერთი პიროვნების ნებაზე არ იყო დამოკიდებული. ეტყობა, ლომაძეს ცეკაშიც ეთქმოდა სიტყვა და იქაც არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო, მეშახტეების ქალაქი განვითარებულიყო, ანუ ლომაძე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და საჭირო ადგილამდეც მიაწვდინა ხმა.

რა იყო ამის შედეგი, ცოტა არ იყოს, ძნელად დასაჯერებელია: ტყიბულში გაიხსნა პირველი საცურაო აუზი რესპუბლიკაში თბილისის შემდეგ, სადაც საკავშირო შეჯიბრებებიც კი ტარდებოდა, აშენდა ძალიან ლამაზი და იმ დროისთვის უნიკალური სპორტის სასახლე, ძალიან კარგი სტადიონი, აშენდა თეატრის შენობა და ჩამოყალიბდა პროფესიონალთა დასი. შეიქმნა რამდენიმე მაღალი დონის ფოლკლორული ანსამბლი, აშენდა პიონერთა სასახლე. განახლდა და პროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტდა გაზეთ „ტყიბულის“ რედაქცია.

სწორედ კარლო ლომაძეს უკავშირდება ტყიბულში ცნობილი გედების ჩაყვანა, რომელმაც სულ სხვა ელფერი შესძინა ქალაქს და, რაც ყველაზე საინტერესო და, ლამის, დისიდენტურია ამ ადამიანის თანამდებობრივ მოღვაწეობაში, ეს გახლავთ ის, რომ მაშინ სოციალურად დაუცველებს (რასაკვირველია, ეს სტატუსი სსრ კავშირში არ არსებობდა), ასე ვთქვათ, არალეგალურად, ყოველგვარი რეკლამირების გარეშე, თვეში რამდენჯერმე სპეციალურ სასადილოებში აპურებდნენ, ხოლო თვეში ერთხელ პროფესიონალურ სამედიცინო გამოკვლევებს ყოვლად უფასოდ უტარებდნენ კარლო ლომაძისვე ინიციატივით ტყიბულში სამუშაოდ ჩაყვანილი რუსი პროფესიონალი ექიმები… თანაც, საავადმყოფო ტყიბულში იმ დროს არც მეტი, არც ნაკლები _ სამი იყო, აქედან ერთი _ ბავშვთა.

ჭარმაგი ტყიბულელი რომ გააჩერო ქუჩაში და კარლო ლომაძის შესახებ შეეკითხო, აუცილებლად გეტყვის, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც სახლში არაფერი წაუღია და ქალაქის გალამაზება-განვითარებაზე ზრუნავდა. აქედან გამომდინარე, ძნელად თუ მოგიბრუნდება ენა, თქვა, ამ კაცს ძეგლი არ ეკუთვნოდაო. მართლაც, ზოგჯერ ხომ გარდაცვლილებს ძეგლს მხოლოდ იმიტომ უდგამენ, რომ ცოცხლებს მიაყენონ ჩრდილი?

მაგრამ, აი, კუთვნილება-არკუთვნილების საკითხი ცოტა სადავო გახლავთ ტყიბულის გამგეობის კიდევ ერთ გადაწყვეტილებაში _ საპატიო ტყიბულელის ტიტულის მინიჭებას ვგულისხმობ. წელს ამ ტიტულის მფლობელი სამი პიროვნება გახდა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო ერთი მათგანია _ ქალბატონი ციალა ბუიძე-ჩაფიძისა. როგორც უკვე მიხვდებოდით, ის ელისო ჩაფიძის დედაა და თუ ტყიბულელებს დავუჯერებთ, მისი მთავარი დამსახურება ტყიბულის წინაშე ისაა, რომ მან ქალაქს ელისო ჩაფიძე აჩუქა…

ციალა ბუიძე პროფესიით პედაგოგია. ის ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ცხოვრობს და იქაურ სკოლაში ასწავლიდა, ცოტა ხნის წინ კი დირექტორი გახდა. მართალია, ბოროტი ხმები ამბობენ, მის გადირექტორებაშიც შვილის ხელი ურევიაო, მაგრამ ბოროტი ენები ხომ იმისთვის არიან, რომ ჭორები ავრცელონ?

მუხურაში ამბობენ, რომ ქალბატონი ციალა კარგად აცხობს ხაჭაპურს. ხაჭაპურთან დაკავშირებით აუცილებლად გაგახსენდებათ ელისო ჩაფიძის ფრაზა, ხაჭაპურის გამოცხობაც ვიციო… ელისო ჩაფიძემ ბევრი სხვა რამეც მოახერხა: მაგალითად, არ გასჭირვებია, ტყიბულში ჩატარებული ყველა ტენდერი მოეგო მისი ქმრის ახლობელ ფირმას, არც ის გასჭირვებია, ქმარი ჩაერთო ხე-ტყის ბიზნესში… დღეს ტყიბულის სოფლებიდან მომავალ, ხის მორებით დატვირთულ მანქანებს მრავლად ნახავთ გზაზე ამოტვიფრული ნომრებით. მათ არავინ აჩერებს, ხოლო თუ იკითხავთ, აუცილებლად გეტყვიან, ელისოს ქმრის სახერხში მიაქვთო…

მოკლედ, „ჟურნალისტიკის სინდისსა და ნამუსზე“ ტყიბულში მაინცდამაინც კარგს უკვე არ ამბობენ. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივები, პირველ რიგში, მუხურელები, უკმაყოფილონი არიან, _ ელისო შეუვალ ციხესიმაგრედ იქცა, მასთან ვერც დარეკავ, ვერც მიღებაზე მოხვდები, ვერც ვერაფერზე დაელაპარაკები, რა უყვეს ამ გოგოს, აზრზე არა ვართო…

არადა, რა კონტაქტური გოგო იყო, რომ იხსენებენ, გული წყდებათ. ყველას კარგად ახსოვს 2012 წლის არჩევნების დღეს ერთი უხუცესი პედაგოგის სახლში მისული ელისო ჩაფიძე, უკან რომ ოპერატორები მისდევდნენ: ის ქალი მისი მასწავლებელი იყო, ელისომ ის უბანში მიიყვანა და ბებომაც ამაყად, სრულიად გულწრფელად შემოხაზა 41 ორივე ბიულეტენში, მის ყოფილ მოსწავლეს წარმატებები უსურვა და ბიულეტენებს ყუთში ჩაუძახა. მოგვიანებით ამ უხუცესმა მასწავლებელმა თქვა, ძალიან ამაყი ვარ, ამ დღეს რომ მოვესწარი, მთელი ღამე არ მიძინია ნერვიულობისგანო…

სხვათა შორის, ამ ქალბატონის პირადი ცხოვრება საოცარი კატაკლიზმებითაა სავსე: მან შვილები დაქვრივებულმა გაზარდა და პარალელურად, უამრავი მუხურელი აზიარა წიგნს. ქალბატონი ნინა მალე ასი წლის გახდება. თუმცა, სავარაუდოდ, ის ვერ გახდება საპატიო ტყიბულელი _ მისმა მოსწავლემ მიიჩნია, რომ ამ ტიტულს დედამისი უფრო იმსახურებდა. მაგრამ არა უშავს _ 2016 წელს (კარგად ამყოფოს ღმერთმა ნინა ბებო), შესაძლოა, ელისო ჩაფიძე ისევ ყოფილ მასწავლებელთან მივიდეს მხარდაჭერის სათხოვნელად. მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ის უხუცესი მასწავლებელი ახლაც სათუთად ინახავდეს ბროშურას, ტყიბულის მაჟორიტარად ელისო ჩაფიძის მხარდაჭერის მოწოდებით…

 

                                                                                                დოროთე გითოლენდია