რა ღირს საქართველოში სტუდენტობა და ღირს თუ არა საერთოდ სტუდენტობა საქართველოში?!

ეე

წითელი თუმნიანები, რესტორნებში გაშლილი სუფრები, კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები და „მადონას“ სერვიზი _ ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისა და წინა თაობის „სტუდენტური ბილეთის“ მოპოვების მოკლე გზა იყო. იმ დროის კორუფციული მანქანა, თუ ახალგაზრდა გამორჩეული ნიჭით არ ბრწყინავდა, მის მშობლებს ბოლომდე „ამუშავებდა“. ისინიც, _ შვილი უდიპლო სასიძოს თუ სარძლოს რიგებში არ ჩაეწეროსო და განათლებას ადვილად ყიდულობდნენ.

თუმცა ბოლო წლების პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ცივილიზებული მეთოდების ერთბაშად შემოჭრამ, საგანმანათლებლო სფერო გამჭვირვალეც გახადა და მისაღებიც. „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ახალგაზრდა მთავრობამ, რომელთა უდიდეს ნაწილს განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰქონდა მიღებული, პირველი დარტყმა სწორედ კორუფციულ ბუდედქცეულ სისტემას მიაყენა და რეფორმების გატარებაც დაიწყო.

დაიხურა ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს და თანამედროვე მოთხოვნილებებს; დაარსდა ორგანიზაცია NAEC, რომელსაც დაევალა მისაღები გამოცდების ორგანიზება და მათი გამჭვირვალედ ჩატარება. იდეამ გაამართლა _ საგამოცდო ცენტრმა გარკვეულ შედეგებს მიაღწია და ყველაზე მთავარი _ კორუფცია აღმოიფხვრა სისტემაში. ჩატარდა განათლების რეფორმა, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების ერთგვარი სავიზიტო ბარათიც გახდა, თუმცა წლების შემდეგაც დარჩა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი, ისევე როგორც პრობლემებიც გადაუჭრელი.

ალბათ, ამიტომ არის, რომ დღეს მე, მომავალი ჟურნალისტი, პირველ საგაზეთო მასალას ჩემი თაობის საფიქრალით ვიწყებ და სხვა სტუდენტებთან ერთად მიწევს, გავცე პასუხი კითხვას, _ რამდენად იყო საკმარისი წინა წლებში გადადგმული რეფორმატორული ნაბიჯები უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დონის ასამაღლებლად? რას ველოდით და რა მივიღეთ? რას ვითხოვთ და რას არ აკეთებენ? ყველა ეს კითხვა იმ გამოკითხვაში, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

თათო ლალიაშვილი _ ილიაუნის თეატრალური ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, 22 წლის:

_ როგორ ფიქრობთ, მოდის თუ არა საქართველოში უნივერსიტეტის გადასახადი და სწავლის ხარისხი შესაბამისობაში?

_ ზოგადად ვერ გეტყვი, რა ხდება ქვეყანაში, ან სხვა სასწავლებლებში, პრინციპში, ფაკულტეტს გააჩნია. ჩემი ფაკულტეტით თუ ვიმსჯელებ, შემიძლია გითხრა, რომ სწავლის საფასური და მიღებული ცოდნა, რა თქმა უნდა, ადეკვატურია.

_ რაც შეეხება შესაბამისი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას?

_ უმეტეს შემთხვევაში ხელმისაწვდომია, უბრალოდ, ბევრი მათგანი უცხო ენაზეა და ეს უკვე გარკვეულ პრობლემას ქმნის. კარგი იქნება, თუ ყველა იმ მასალას, რაც გვჭირდება ცოდნის მისაღებად, ქართულ ენაზე გადათარგმნიან, რადგან ყველამ იმ დონეზე არ იცის უცხო ენა, რომ კარგად გაიგოს ამა თუ იმ მასალის შინაარსი. შესაბამისად, ვინც უცხო ენას არ ფლობს, მისთვის პრობლემაა სათანადო ლიტერატურის ხელმისაწვდომობა. მოძიებით კი მოიძიებს, მაგრამ თუ ვერ გაიგო, ან გვერდით არ ჰყავს მეგობარი თუ ნაცნობი, რომელმაც ის კონკრეტული უცხო ენა არ იცის, ახალგაზრდასაც მეტი რაღა დარჩენია? _ იძულებით უარი უნდა თქვას ცოდნის მიღებაზე.

_ ყველაზე ხმაურიანი და განსაკუთრებული ადგილი, სადაც თავს იყრის სტუდენტობა, ეს სასწავლებლის ბუფეტია, როგორ შეაფასებდი უნივერსიტეტში არსებულ კვების ობიექტს?

_ დადებითად. მართალია, იშვიათად ვსარგებლობ ამ ობიექტით, მაგრამ ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სისუფთავეა. თან საკვები პროდუქტებიც ახალია და მოწამვლის არ შეგეშინდება.

_ რამე პრობლემა რჩება, რაც სტუდენტებს სწავლის მიღების პერიოდში დისკომფორტს უქმნის? თუ არსებობს, ალბათ, მათი გადაჭრის გზებზეც გექნება ნაფიქრი და შეგიძლია, ჩამომითვალო?

_ ერთადერთი, რაც ყველა სტუდენტის პრობლემაა და ყველა წუხს, ეს არგუსია. ძალიან ხშირად ჭედავს არჩევის რეჟიმში ჩართვისას და რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია. თუმცა წელს ეგ პრობლემა პირადად მე არ მქონია, მაგრამ, ზოგადად, ხარვეზებით მუშაობს და კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევენ. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი სტუდენტი არ ხვდება სტიპენდიანტებში. ზოგიერთ ფაკულტეტზე ზღვარი იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელია, სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნოთ. მე, როდესაც სასწავლებელს ვირჩევდი, ილიას უნივერსიტეტი მომწონდა ძალიან, მაგრამ არჩევანში გარკვეული როლი, საბოლოოდ, გადასახადმა ითამაშა და ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნაცვლად კერძო სასწავლებლისა. რა თქმა უნდა, სწავლის მაღალი საფასური უპირველესი პრობლემაა სტუდენტებისთვის. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს მისი ქვეყნის ახალგაზრდების განათლებაში.

_ ძვირი რომ ღირს განათლება საქართველოში, ეს უკვე ვიცი, მაგრამ მაინტერესებს, ღირს კი საქართველოში სტუდენტობა?

_ მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, ზოგადად, ქვეყნის განათლების სისტემისადმი შეხედულებებისა, მაინც ვფიქრობ, რომ მგონი, ღირს. მართალია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმება ჭირს, მაგრამ ეს უკვე სხვა პრობლემაა.

 

გიორგი კოჭლაშვილი _ ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი, 22 წლის:

_ სწავლის ხარისხი რამდენად მაღალია? გადასახადი საკმაოდ მაღალია, თუმცა შეიძლება ცოდნის მიღების პირდაპირპროპორციულიც იყოს. რას ფიქრობ ლიტერატურის ხელმისაწვდომობაზეც?.. რა პრობლემებზე გიწევს ფიქრი, როგორც სტუდენტს?

_ არა, რომელ გადასახადთან შესაბამისობაში მოსულ ცოდნაზეა საუბარი?! უბრალოდ, მეღიმება. გვიტარდება უინტერესო ლექციები, აი, მოვალეობის მოხდის მიზნით რომ შემოვა ლექტორი და ახსნის მასალას, მხოლოდ იმიტომ, რომ ლექცია არ გაცდეს. ძველი, უვარგისი აპარატურა გვაქვს, ვერაფერში რომ ვერ გამოიყენებს სტუდენტი. ლიტერატურა, ასე თუ ისე, ხელმისაწვდომია. უბრალოდ, ყველას წვალება გვიწევს, ქსეროასლებით გაგვაქვს თავი, რადგან ძვირადღირებული ლიტერატურაა და ყველა წიგნის შეძენა შეუძლებელია.

_ მომსახურების დონე კვების ობიექტში, კომუნიკაცია სასწავლებელში, აქ რა ხდება?

_ უკმაყოფილო ვარ. ფასები გაზრდილია, საკვების ხარისხი კი ძალიან დაბალი. რაც შეეხება დამოკიდებულებას, იგივე კომუნიკაციას, სრული უპასუხისმგებლობაა. ხალხი, რომლებთანაც მისვლა გიწევს ამა თუ იმ ინფორმაციის გასაგებად, გვემსახურება ძალიან ცუდად. დიალოგი ისეთ ტონალობაში მიჰყავთ, თითქოს მაგათი ვალი გაქვს, შეკრული შუბლით გვპასუხობენ და ამ პასუხსაც გამადლიან. ვიდრე სწავლა დაიწყებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მომიწია მისვლა და ერთი ელემენტარული საკითხის გამო 3 საათი მატარეს ზემოთ-ქვემოთ, წესიერი პასუხი მაინც ვერ გამცეს.

_ რატომ აირჩიე სახელმწიფო და არა კერძო უნივერსიტეტი?

_ საფასურისა და სახელმწიფო გრანტის გამო.

_ ღირს საქართველოში სტუდენტობა?

_ ალბათ, არა… თუმცა როცა საზღვარგარეთ განათლების მიღების ფუფუნება არ გაქვს, რჩები აქ!

 

ნათია ხვადაგიანი _ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, 21 წლის:

_ ჩემი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მაგალითზე გეტყვი, რომ სწავლის ხარისხი აბსოლუტურად შეუსაბამოა მის საფასურთან. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე ფაკულტეტზე დაფინანსება მხოლოდ 100% იყო და სხვა გრანტები მოხსნეს. ჩემი აზრით, მინიმუმ, ამ ფაკულტეტებზე მაინც უნდა გაზრდილიყო სწავლის ხარისხი.

_ გარდა მაღალი გადასახადებისა, რა პრობლემებს აწყდება სტუდენტობა?

_ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა საგანში ქსეროასლების გადაღება მიწევდა მთელი 4 წლის მანძილზე. ბოლო პერიოდში ელვერსიებიც არის ხელმისაწვდომი რამდენიმე საგანში, თუმცა სახელმძღვანელო, როგორც ასეთი, თითქმის არ მქონია. გარდა ამისა, ამ სემესტრში ერთი საგანი იმიტომ გადავირჩიე, რომ ლიტერატურა ხელმისაწვდომი რუსულ ენაზე იყო მხოლოდ… ახლა რასაც გეტყვით, ეს მხოლოდ მე არ მაწუხებს, ყველა სტუდენტის საფიქრალია: საგნების არჩევაზე მქონდა 3 წლის მანძილზე პრობლემა, ბაზა არ იყო გამართული. მართალია, ახლა გამოსწორდა, მეტიც _ წინასწარი რეგისტრაციაა შესაძლებელი, მაგრამ ახლა ადგილების პრობლემაა, ცოტა ადგილებია საგნებზე და სასურველი საგნების გარეშეც დავრჩი. მე იმიტომ ავირჩიე სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომ აქ, კერძოსთან შედარებით, დაბალი გადასახადი იყო და საშუალება არ მქონდა, მეტი გადამეხადა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეღავათიანი სწავლება შეღავათიან განათლებას გულისხმობდეს და სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ ცოდნის ხარისხს.

უნივერსიტეტის ბუფეტში ფასები ხელმისაწვდომია, მაგრამ არცთუ ისე გემრიელია, თუმცა სულ არაფერს ჯობია… მე პირადად ჭავჭავაძეზე ვსწავლობ და მაღლივში კვების ობიექტი საერთოდ არ არის…

_ რამდენად რთულია სტიპენდიანტის სტატუსის მინიჭება და ღირს თუ არა საქართველოში განათლების მიღება?

_ სტიპენდიის აღება მონდომებაზეა დამოკიდებული; მთავარია ქულები, კონფერენციები და ცალკეული ფაკულტეტისთვის გარკვეული დამატებითი კრიტერიუმები. რა თქმა უდნა, უფრო მარტივი პროცედურა რომ იყოს, სტიპენდიის აღების შანსიც მაღალი იქნებოდა, მაგრამ ვისაც ამის სურვილი აქვს, ასეთ პირობებშიც იღებს. საზღვარგარეთ არასდროს მისწავლია, თუმცა იმ ნაცნობებისგან, რომლებმაც თუნდაც ერთი სემესტრი მაინც ისწავლეს ევროპაში, მსმენია, რომ საქართველოში სტუდენტობა არ ღირს!

 

თამთა ჩხარტიშვილი _ საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, 20 წლის:

_ ჩემი აზრით, სწავლის ხარისხი თვითონ სტუდენტზე უფროა დამოკიდებული… ვიდრე კონკრეტულ სასწავლებელზე, ან ცალკეულ ლექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის ლიტერატურას, რაც განათლების მისაღებად გვიჭირდება, უმეტესად ქსეროქსების სახით გვაწვდიან, არის ელვერსიებიც, უმრავლესობა მაინც უცხო ენებზეა და ეს ართულებს მდგომარეობას.

ჩემი ერთ-ერთი მტკივნეული თემა უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტია. ფაქტობრივად, უნივერსიტეტში, ძირითადად, არ ვყიდულობთ სტუდენტები, გარეთ გავდივართ. ისე კი უნივერსიტეტის ბუფეტში გარედან შემოაქვთ საკვები, თითქოს ჰიგიენის მხრივ არ არის პრობლემა, სისუფთავეც არის, მაგრამ დამზადებული პროდუქცია იმდენად უგემურია, რომ არ ჭამო, ის აჯობებს. ფასებიც ძალიან შეუსაბამოა. როცა ხარისხიც უვარგისია და თან სტუდენტისთვის ძვირია, გამოსავალი მარტივია _ იქ არ შეჭამ და გარეთ იყიდი რამეს.

_ მიუხედავად ძვირადღირებული განათლებისა და ამ პრობლემებისა, რატომ აირჩიე კერძო და არა სახელმწიფო უნივერსიტეტი?

_ იმიტომ, რომ საქართველოში ერთადერთი საავიაციო უნივერსიტეტია და ისიც კერძო. სახელმწიფოსთვის რატომ არ არის ეს მიმართულება პრიორიტეტული და თან დაფინანსებული, ეს უკვე არ ვიცი.

_ ღირს საქართველოში სტუდენტობა?

_ პერსპექტივა თუ იქნება, რატომაც არა, მაგრამ, ვფიქრობ, უცხოეთში სწავლა სჯობს მაინც.

 

მაკა ლეჟავა _ კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი, 22 წლის:

_ სწავლის გადასახადი და ცოდნის ხარიხსი ჩემს სასწავლებელში ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ კერძო უნივერსიტეტებში, სადაც გადასახადი მაღალია, სწავლის ხარისხიც შესაბამისად მაღალია. არც იმის პრობლემა მქონია არასდროს, რომ რამე სახის ლიტერატურა ვერ მეშოვა, იქნება ეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და თუ ყველასთვის საყვარელი Gოოგლე; ჩვენს უნივერსიტეტში ლექტორებიც უზრუნველყოფენ, რომ ყველა სტუდენტს გვქონდეს ელვერსია… ალბათ, ამიტომაც გავაკეთე თავის დროზე არჩევანი კერძო სასწავლებელზე, ეს ეხება როგორც სწავლის ხარისხს, ისე სამომავლო პერსპექტივებს. აქ, ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და არასდროს ვართ არეულები, ყველამ ყველაფერი ვიცით, როდის სად მივიდეთ, ვის მივმართოდ და როგორ გადავწყვიტოთ ესა თუ ის პრობლემა.

_ სტიპენდიის პროცედურას რაც შეეხება?

_ ჩემს სასწავლებელში სტიპენდიის ნაცვლად GPA-ს აქცევენ ყურადღებას. რეიტინგში პირველ სამ ადგილს სწორედ ეს GPA განსაზღვრავს და შესაბამისადაც აფინანსებენ სწავლის გადასახადს, რაც, ჩემი აზრით, სტიპენდიაზე გაცილებით უკეთესია… ამიტომ თუ სწორად აარჩევს სტუდენტი უნივერსიტეტს, ნამდვილად ღირს საქართველოში განათლების მიღება!

 

„ქრონიკა+“-ის გამოკითხვიდანაც ჩანს, რომ დღევანდელ საქართველოში ცოდნის მიღება საკმაოდ ძვირია. სტუდენტების ეს მცირე ნაწილიც იმას ადასტურებს, რომ სასწავლებლებში პრობლემები უფრო ჭარბობს და რაც დრო გადის, მათი რიცხვი იმატებს. ცალკე თემაა კერძო უნივერსიტეტები, სადაც შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, მაღალი გადასახადის ადეკვატური ცოდნის მიღების შანსიც ჰქონდეს სტუდენტს, თუმცა ეს მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი. იმ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, სოციალური ფონი კრიტიკას ვერ უძლებს და მოსახლეობა დასაქმების მოლოდინშია, ყველაზე მისაღები, ალბათ, განათლების სისტემის ინვესტირება იქნებოდა. თუმცა ეს უფრო „ოცნებაა“ _ საქართველოში უფასო გახდეს ცოდნის მიღება, ოცნებებს კი ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში არ უწერია ასრულება, რაც ბოლო ორმა წელმაც დაგვანახა.

 

                                                                                    ოთარ ჭოხონელიძე