ვინ აკეთებს მეტროში „ლევ“ ფულს?!

ლევ

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე წელი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილს თუ დავესესხებით, _ აი, ზუსტად ის წელი, რომელიც „ძალიან კარგი“ უნდა იყოს. როგორც ჩანს, ბატონ ბიძინას „ძალიან კარგი“ თავისებურად, რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებულად ესმის.

რა იყო მანამდე? იმ ყბადაღებულ ცხრაწლიან პერიოდზე საუბარს არ ვაპირებ, ამაზე არაერთგზის დაიწერა. თუმცა ბოლო ორი წელი „კარგი“ რომ ვერ იყო, ამაში მკითხველის უმეტესობა დამემოწმება და, სავარაუდოდ, მაშინვე თვალწინ წარმოუდგება „პრადოს“ ჯიპები, ერთოთახიანი ბინის საყიდელი ფულის ოდენობის პრემიები, თონეში ჩაკიდული ციკანი, ციხეებში შექმნილი მდგომარეობა და ა. შ. ყველაფერზე ხაზის გადასმაც არ შეიძლება _ კარგიც გააკეთა „ოცნების“ მთავრობამ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი: ხალხს სამუშაო არ აქვს და საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად სხვადასხვა გზის მოფიქრებას ცდილობს… ეს რეპორტაჟი სწორედ იმაზეა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს გაჭირვებული ადამიანის ფანტაზია და რა გზები შეიძლება გამონახოს ფულის საშოვნელად, რომ საღამოს ჩაი მაინც დაალევინოს ოჯახს…

ხშირად მიწევს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა და მეტროსადგურ „ვარკეთილში“ არაერთხელ წავაწყდი ასეთ ფაქტს: მეტროს შესასვლელში ვიღაც მამაკაცი დაბალი ხმით სთავაზობდა მგზავრებს: „გავლა ხომ არ გინდათ?“ თავიდან ვერ მივხვდი, ეს „გავლა“ რას ნიშნავდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დავაფიქსირე, _ „გავლის“ შემომთავაზებელ მამაკაცს ხელში მეტრომანი ეჭირა და, მგზავრობის (50 თეთრი) ღირებულების სანაცვლოდ, თავის ბარათს დაადებდა აპარატს და ისე გაგატარებდა. რახან ამას მივხვდი, ახლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, რატომ აკეთებდა ამას? ანუ რა სარგებელს ნახულობდა?

გამახსენდა, რომ მეტრომანის ერთხელ გამოყენების შემთხვევაში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა და კითხვაზე პასუხიც ვიპოვე: მინიმუმ მთელი ერთი საათი ერთი და იგივე ბარათით მგზავრობა რახან უფასოა, „გავლის“ შემომთავაზებელი ადამიანი ამით ფულს შოულობდა. უფრო დეტალურად კი ეს სქემა ასეთია: ყველა ის ადამიანი, ვისაც მეტროთი მგზავრობა უნდა, მაგრამ ან მეტრომანი არ აქვს, ან, დავუშვათ, სახლში დარჩა, ის აუცილებლად ჩაურიცხავს ვინმეს ბარათზე 50 თეთრს, რომ იმგზავროს. იმ „ვიღაცის“ მისიას კი უკვე ის ადამიანი (ადამიანები) ასრულებს, ვისაც აღნიშნული ქმედება ერთგვარ ბიზნესადაც კი ექცა. ერთი შეხედვით, ამაში საპრობლემო და საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ საკითხს კარგად ჩავყვებით, მათთვის მიცემული ყოველი 50 თეთრი მეტროს სალაროს აკლდება, ეს კი უკვე მეტროს შიდა ბიუჯეტისთვის მინიმალური, მაგრამ მაინც _ ზარალია. ყოველდღიურად მეტროთი ათიათასობით ადამიანი მგზავრობს და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული კოხტად აწაპნილი 50 თეთრი ყურადღების ღირსი არც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ორ რამესთან გვაქვს: პირველი ის პრობლემაა, რომ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი უმუშევარია და მეორე: თვითდასაქმების თვითონ ეს საოცარი მეთოდი, რომელიც გაჭირვებული ადამიანის გონებამ მოიფიქრა…

აღნიშნული „ბიზნესის“ შესახებ „ქრონიკა+“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ფულის შოვნის ამ ნოვატორული იდეის ავტორებთან გასაუბრებას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა მარტივი მიზეზის გამო: დაკვირვების ის ორი დღე ზუსტად შაბათ-კვირას დაემთხვა, რა დღეებშიც ეს ადამიანები მეტროში არ იმყოფებიან ხოლმე. სამაგიეროდ, აღნიშნული საქმიანობის შესახებ მეტროს კონტროლიორი ქალბატონისგან საინტერესო ამბები შევიტყვეთ:

_ ხშირად მინახავს აქ, მეტროს შემოსასვლელში რამდენიმე მამაკაცი. ისინი ხალხს ეკითხებიან: „მეტროში გავლა ხომ არ გინდათ?“ და ხელში მეტრომანი უჭირავთ…

კონტროლიორი:

_ კი, ხშირად მოდიან ხოლმე, რამდენიმე ბარათი აქვთ. რომელ მგზავრსაც ბარათი არ აქვს და არ უნდა 2 ლარად მეტრომანის ყიდვა, ასეთი ადამიანები სიამოვნებით ურიცხავენ ხოლმე 50 თეთრს მათ და ჩვეულებრივად გადიან. არიან ისეთებიც, ვისაც მეტრომანი სახლში დარჩათ და სხვა გზა არ აქვთ, ვინმეს უნდა დაურიცხონ 50 თეთრი, რომ იმან მერე გაატაროს. აი, ასეთი ხალხის „გამოჭერაზე“ არიან.

_ და რა სარგებელი აქვთ ამით?

_ რა და მეტრომანი გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ უფასოა საათი-საათნახევრის განმავლობაში. იმიტომ აქვთ ბევრი ბარათი, რომ ერთ გატარებულ მეტრომანზე 15 წუთი ლოდინი არ უნდათ და მერე უკვე სხვა ბარათებითაც „მუშაობენ“. ამასობაში გატარებულ ბარათზეც ხომ გადის 15 წუთი? და ასე შემდეგ.

_ ბარათის ერთჯერადად გატარების შემდეგ, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, გავლა თუ უფასოა, ესე იგი, მათთვის მიცემული ყოველი 50 თეთრი მათივე ჯიბეში მიდის, ხომ?

_ კი, მასეა. ერთი ბარათით ერთ კაცს რომ გაატარებენ, მეორე ბარათით სხვას ატარებენ და 50 თეთრს იღებენ. მერე ისევ დროის ამბავია, 15 წუთზე ვამბობ. ჩვენი ადმინისტრაცია გვიკრძალავს ამათ აქ გაჩერებას, მაგრამ იმდენი ხალხი დადის და ისე შემოიპარებიან ხოლმე, რომ ყოველთვის ვერ ვამჩნევთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ გავუშვათ ეს ხალხი აქ, მაგრამ რა ვქნათ? მეტრომანების შემოღებისას ეს მომენტი ვერ გაითვალისწინეს, ვერ გათვალეს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, არ შემოვუშვათ ხოლმე ეს ადამიანები, არ შეიძლება, მაგრამ მაინც ახერხებენ შემოსვლას.

_ ჩემმა ახლობელმა მითხრა: ავტობუსში ხშირად შევსწრებივარ, როგორ ამოსულა რამდენიმე ადამიანი, დაუდიათ სამგზავრო ბარათები აპარატისთვის, აუღიათ ბილეთები და მაშინვე ჩასულანო. თუ იცით, ავტობუსშიც შესაძლებელია ამ ტაქტიკის გამოყენება ფულის საშოვნელად?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ… ავტობუსით მგზავრობისას იქაურ აპარატს თავისი კოდი აქვს და ეტყობა, მაგიტომ იქცევიან მასე, რომ ავტობუსში ბარათები გატარებულად დაფიქსირდეს და იმ 15 წუთს იგებენ ამით. სანამ მეტროში ჩამოვლენ, ხომ გადის რაღაც დრო? ამასობაში კი იმ ავტობუსში გატარებული მეტრომანით მგზავრობა მეტროში უკვე უფასო ხდება და ფულსაც ბევრი ლოდინის გარეშე შოულობენ.

_ ანუ გამოდის, პირიქითაც შეიძლება: მეტროში გაატარონ სამგზავრო ბარათი და შემდეგ ავტობუსში იმოქმედონ იგივე პრინციპით…

_ ალბათ, ხო, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით.

_ ასეთი ქცევა ხომ დარღვევაა? არ აფრთხილებთ მათ?

_ კი, მაგრამ სხვა რა გავაკეთოთ? ჩვენ ვცდილობთ, არ დავუშვათ ასეთი ფაქტები, მაგრამ ყველა მათგანის გაკონტროლება შეუძლებელია.

ამის შემდეგ მეტროს შესასვლელში ჩამწკრივებული მაღაზიებისკენ გავეშურე და ერთ-ერთ გამყიდველს გამოველაპარაკე:

_ გოგონა, ხალხს ძალიან უჭირს და ყველანაირად ცდილობს, რამე გამოსავალი გამონახოს. დღევანდელი მთავრობა თითს თითზე არ ადებს წესიერად, სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის და რაღაც ხომ უნდა გააკეთო კაცმა, რომ მშიერი არ მოკვდე? ჩემი აზრით, ეგენი არაფერს აშავებენ მაგ საქციელით.

_ მეტროში პატრულის თანამშრომლები თუ აფრთხილებენ ხოლმე ამ ადამიანებს?

_ კი, ხშირად გაუფრთხილებიათ. ადამიანურად მათაც ეცოდებათ ეს ხალხი და გაფრთხილება ჩხუბში არასდროს გადაზრდილა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. ეგენი კი არა, მე ის ე. წ. მამაოები მიშლიან ნერვებს, რომლებიც აქ დგანან ხოლმე შესაწირის ყუთებით. ერთხელ სახლში რომ მივდიოდი, პირადად მე შევესწარი, როგორ იყიდა ერთ-ერთმა „მამაომ“ ზემოთ ლუდი და იქვე დალია. ყველა მათგანს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, მაგრამ… ქრისტეს სახელით დგომა, ფულის შეგროვება და მერე ლუდის ყიდვა რა არის, მითხარით?! მეტრომანებით ფულის შოვნა ამასთან ახლოს როგორ მოვა? პირიქით, ვისაც, მაგალითად, მეტრომანი დარჩა სახლში, უკან ხომ არ გაბრუნდება? დგება და აძლევს ამ ადამიანს 50 თეთრს და ჩვეულებრივად გაივლის.

_ ქალებიც ხომ არ დგანან ხოლმე აქ მაგ მიზნით?

_ არა, ქალები არ შემიმჩნევია… ესენი, ძირითადად, სამუშაო დღეებში ჩამოდიან ხოლმე აქ, როცა ბევრი ხალხი მოძრაობს. შაბათ-კვირას იშვიათად დამინახავს.

_ ყველა მათგანი ასაკოვანი ადამიანია?

_ კი, ვისაც მე ვცნობ, ყველა გარკვეულ ასაკშია. დადგებიან ხოლმე 2-3 საათი და რაღაც თანხას შოულობენ. ათი კაცისგან აღებული 50 თეთრი ჯამში ხომ 5 ლარია და პურის ფულს კი აგროვებენ ასე. შეიძლება, მეტსაც აკეთებენ, ასე დეტალურად არ დავკვირვებივარ. სხვათა შორის, ერთ-ერთს გამოველაპარაკე არც ისე დიდი ხნის წინ და თავისი ამბავი რომ მომიყვა, გული დამეწვა… ცოლი სიმსივნით გარდაეცვალა, თურმე, ორი შვილი ჰყოლია და ორივე ერთ დღეს დაეღუპა ავარიაში. გალოთებულია კაცი და ეტყობა, მარტო იმაზე ფიქრობს, სასმელის ფული როგორ იშოვოს…

 

 

                                                                                           ნინო ლაბარტყავა