სატელევიზიო სივრცეში თამაშის წესებს „მოქალაქე“ დაადგენს?

10749032_10204355301578052_580695450_n

ახალ სატელევიზიო სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხი GDS იქნება. „მოქალაქე“ ივანიშვილი სწორედ ამ არხზე ბრუნდება საკუთარი სატელევიზიო პროექტით, რომელიც ეთერში, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გავა. „მოქალაქე“ არა მხოლოდ საკუთარ მინისტრებს, არამედ, როგორც ჩანს, ჟურნალისტებსაც მიჯირყვნის. მას ჟურნალისტიკის საკუთარი სტანდარტები აქვს, სატელევიზიო სივრცეში კი ასევე საკუთარი თამაშის წესების დადგენას აპირებს.

სატელევიზიო ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები მხოლოდ ორ ტელევიზიას _ „რუსთავი 2“-სა და „ობიექტივს“ არ შეეხება. „რუსთავი 2“ ისევ რჩება ტელელიდერად და მისი გაკონტროლება კვლავ რჩება ოლიგარქის აუხდენელ ოცნებად. `ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებული ზაფხულის შეჭრები განუხორციელებელი დარჩა, ტელევიზიის ყოფილი მფლობელები აღარც სასამართლო პროცესებს მართავენ და აღარც საჯარო განცხადებებს აკეთებენ. ხელისუფლებას კარგა ხანს მოუწევს „რუსთავი 2“-ის მიკროფონებისა და უსიამოვნო შეკითხვების ატანა. რაც შეეხება „ობიექტივს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელზე შექმნილი ეს ტელევიზია 100-ზე მეტი წამყვანით 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს და ამ ეთერის მეშვეობით ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.

გაუხსნელად დაიხურა კიდევ ერთი ახალი არხი TVC , რომელიც ბაზარზე ხმაურიანი განცხადებებით და ჟურნალისტების გადაბირებით შემოვიდა. ყველამ იცოდა, რომ სპორტული არხი დაახლოებით ორ თვეში საინფორმაციო გამოშვებებით და პოლიტიკური თოქშოუებით განაგრძობდა მუშაობას. ყველასთვის მოულოდნელად, ორი დღის წინათ, ჟურნალისტებმა მესიჯები მიიღეს: პროექტი შეჩერებულია. რა გახდა ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის ტელევიზიის დახურვის მიზეზი, ამ დრომდე ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა.

ასევე გაუხსნელად დაიხურა სტუდია „ანატომიაც“. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა „ანატომიის“ ოფისი უკვე დაცალა და აპარატურის გაყიდვას და ჟურნალისტიკასთან დამშვიდობებას აპირებს. მგონი, ყველას ახსოვს, ნათია მიქიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის „ანატომიის“ პირველ გადაცემას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესსაქმიანობას უძღვნის, რასაც, მიქიაშვილის განცხადებით, ჯანყარაშვილის მხრიდან მისი მისამართით მუქარები მოყვა. ერთი შეხედვით, საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ ჯანყარაშვილის მუქარების გამო დახურა „ანატომია“ ნათია მიქიაშვილმა, მაგრამ „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო სულ სხვა ისტორიას უყვება: ნათია მიქიაშვილმა სპეციალურად გააბაზრა, თითქოს, „ბომბი“ მასალები ჰქონდა ჯანყარაშვილზე და ეს სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ჯანყარაშვილის მხრიდან ან მუქარას, ან გარიგების შეთავაზებას ელოდებოდა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, სრულიად სხვა რეაქცია მიიღო _ ზვიად ჯანყარაშვილმა მას მისივე მეგობრის პირით შემოუთვალა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მასთან მხოლოდ სამართლებრივ დავას აპირებდა. ამას დაემატა ისიც, რომ „Fresh news“-მა მას ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო დავის შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მხოლოდ „ანატომია“ იქნებოდა და ინტერნეტ-ტელევიზია მის გადაცემებზე პასუხისმგებლობას არ იღებდა. რეალურად, ნათია მიქიაშვილი ჩიხში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო მან „ანატომიის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მეშვეობით ხელისუფლებას მეუღლის სამსახურში დაბრუნება და მისი კერძო კომპანიაში დასაქმება შესთავაზა. მიიღებს თუ არა ხელისუფლება მიქიაშვილის წინადადებას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ქრონიკა+“ ნათია მიქიაშვილთან დაკავშირებას და ამ ინფორმაციის გადამოწმებას დილიდან ცდილობდა, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

_„Fresh news“ -ის ეთერში „ანატომია“ არ გავა. მე მინდა განვმარტო, რომ იცოდეს ეს თქვენმა მკითხველმაც და მაყურებელმაც _ „ანატომია“ არ ყოფილა „Fresh news“-ის შემადგენელი ნაწილი. იურისტმაც კი, რომელმაც ჩვენი კონტრაქტი გააფორმა, სადაც შავით თეთრზე წერია _ ჩვენ უნდა გვეყიდა მასალები მისგან. ანუ ასეთი იყო კონტრაქტი, რომელიც გაფორმებული და ხელმოწერილია. შესაბამისად, „ანატომია“ მოგვაწოდებდა მასალას და ჩვენ გადავწყვეტდით, იმ მასალას ვიყიდიდით თუ არა. გემოვნების საკითხია, ხომ?! როდესაც „Fresh news“ ეთერში გავიდა, იმ დღეს თუ მეორე დღეს, ზუსტად არ მახსოვს, გავიგეთ მისგან, რომ „ანატომია“ საერთოდ დახურა ნათიამ.

_ რატომ? მიზეზად რა თქვა?

_ იცით, რა… ეს მისი პირადი სივრცეა და მოდით, თვითონ ისაუბროს ამაზე, ეს არ არის ჩემი საქმე, სწორად გამიგეთ. მე ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ჩვენ მასალებს ვერ ვიყიდით მისგან, იმიტომ რომ დახურა და, საერთოდ, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, „ანატომიამ“ ლიკვიდაცია გამოაცხადა.

_ მას შემდეგ თუ გქონიათ საუბარი და კომუნიკაცია ნათია მიქიაშვილთან? „ქრონიკა+“ ამ დრომდე ცდილობს მასთან დაკავშირებას, მაგრამ არ პასუხობს არც მობილურ ტელეფონს და არც შეტყობინებებს…

_ კი, მქონდა საუბარი, იმიტომ რომ იყო მთელი რიგი დეტალები. პრინციპში, მე კი ვიცოდი რაღაცები, მაგრამ იყო საკითხები, რომლის გავლაც გვინდოდა. გარკვეული მასალებია ჩვენი, რომელიც უნდა მოეცა და ამ დეტალებს ვაზუსტებდით. გუშინ იყო ხაზზე, დღეს უკვე აღარ არის, როგორც ვიცი, რადგან სხვებიც მირეკავენ და მეკითხებიან, სად არისო.

ამრიგად, „ანატომია“ და ნათია მიქიაშვილი მაყურებელს უნახავად დაემშვიდობა. გაცილებით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ. ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს უმადურობაში ადანაშაულებს, _ ყველაფერი გაგიკეთეთ, რაც შეგვეძლო და თქვენი მხრიდან მსგავსი მოპყრობის ღირსი ნამდვილად არ ვარო. ინა გუდავაძეს მეგობრების წრეში

დაუწუწუნია, _ რა ვქნა, ტელევიზიაა, კრიტიკული თუ არ იქნება, მაშინ არც მაყურებელი გვეყოლებაო… მაგრამ იქვე სერიოზულად დაფიქრებულა ბიძინა ივანიშვილის წინადადებაზე _ მიეყიდა მისთვის ტელეკომპანია „იმედი“. ინა გუდავაძე, რომელიც, თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილის მოსისხლე მტერს, მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და ტელევიზიის სანაცვლოდ 400-მილიონიანი ანაზღაურება მიიღო, განა ბიძინა ივანიშვილთან არ წავიდოდა ამ „სდელკაზე“, მაგრამ აქ უკვე ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს დაუჭერია პრინციპული პოზიცია, _ „იმედი“ მამაჩემის სახელთანაა დაკავშირებული და მის გაყიდვას არ დავეთანხმებიო. სწორედ ამ ფაქტორის გამო ინა გუდავაძეს გადაწყვეტილება მიუღია და ტელევიზიის მართვაში ბრიტანული კომპანია შემოჰყავს. გუდავაძის აზრით, ბრიტანულ კომპანიას ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის გაყიდვას ვეღარ მოსთხოვს, თუმცა ოლიგარქის ქვრივს არც „მოქალაქის“ ბოლომდე განაწყენება უღირს, ამიტომაც სერიოზულად ფიქრობს, რომ მას კიდევ ერთი კაპრიზი შეუსრულოს და გადაცემა „რეაქცია“ დახუროს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ამბავი ინგა გრიგოლიას ყურამდე უკვე მისულა და მას თადარიგის დაჭერა უკვე უცდია _ საკუთარი პროექტი როგორც „მაესტროსთვის“, ისე „რუსთავი 2“-ისთვის შეუთავაზებია. სანამ ინა გუდავაძე ფიქრობს, „მოქალაქე“ კიდევ ერთ მოთხოვნას ამჯერად უკვე „მაესტროს“ დამფუძნებლებს უყენებს _ მას ძალიან უშლის ნერვებს ნინო ჟიჟილაშვილი. არ არის გამორიცხული, ჟიჟილაშვილი „მაესტროდან“ საკუთარი სურვილით წავიდეს კიდეც.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა:

_ პირველად მესმის ნამდვილად თქვენგან, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ ვიცი და არ მსმენია. მეორე _ არ მგონია, რომ სწორი იყოს, იმიტომ რომ ამ წუთას რეჟისორებთან და მთავარ პროდიუსერებთან ერთად გავდივარ მეორე გადაცემის იდეას, რომელიც ორ კვირაში გადის ეთერში და რამე ასეთი ტიპის ან საუბარი, ან გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მეორე გადაცემაზეც ხომ არ იქნებოდა, ბუნერბრივია, ლაპარაკი? თქვენი კითხვა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგერ ვზივართ და ამ წუთას ვგეგმავთ ახალი გადაცემის პრომოს, რომელიც ძალიან მასშტაბური გამოვა, ვიდრე არის „რეაქცია“ და, შესაბამისად, ამ ტელეკომპანიის მფლობელების ინტერესი რომ არ იყოს, უბრალოდ, მე ორ თოქშოუს ხომ ვერ წავიყვანდი?

_ ანუ თქვენი პასუხიდან გამომდინარე, მეორე შეკითხვა, რომ უკვე საქმის კურსში ხართ და პროექტიც კი შესთავაზეთ „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“, აზრს კარგავს, ხომ?

_ უი, საიდან მოიტანეთ?! ჯერ ერთი, „რეაქცია“ არის „იმედის“ საკუთრება, რომელიც ეთერში გადის 2004 წლიდან და ვერავის ვერ შევთავაზებდი, ვერც ერთ არხს. და მეორე: შეიძლება ძალიან უხერხულია ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ მე არასოდეს არავისთვის შემითავაზებია ჩემი გადაცემები, აქეთ მთავაზობდნენ ხოლმე. აწი რა იქნება, არ ვიცი. მაგრამ მართლა არ დგას ასე საკითხი, ამ წუთას ვარ პროდიუსერებთან ერთად და სწრაფი ტემპით, აი, ბესო სოლომონაშვილი, რეჟისორი, რომელიც იღებს ამ პრომოს, გვერდით მიზის და სწრაფ ტემპში ვაკეთებთ ყველაფერს. ანუ ხომ ხვდებით, ლოგიკა რაშია, _ თუკი „რეაქციის“ პრობლემაა ამ შემთხვევაში, მეორე, კიდევ, უფრო მასშტაბურ შოუს მე არავინ არ წამაყვანინებდა, თან ძალიან სწრაფ ტემპებში მთხოვენ, რომ გავაკეთო. მე ვითხოვდი, რომ ცოტა გვიან გამეკეთებინა და ამათ კიდევ ძალიან სწრაფად უნდათ.

„ქრონიკა+“ ნინო ჟიჟილაშვილსაც დაუკავშირდა:

_ არ მგონია, რომ ეს თემა ჩემი მხრიდან კომენტარს საჭიროებდეს. მე ვარ ჩვეულებრივი რიგითი ჟურნალისტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს. ამ მოქალაქეთა დამოკიდებულებითა და რეიტინგით შემდეგ არხი ან გიწონებს, ან გიწუნებს. ეს ჩვეულებრივი პროცესია და რა ვიცი, ჩემი არხი, ჯერჯერობით, მყარად ეყრდნობა იმ საინფორმაციო სამსახურს და იმ გადაცემებს, რომელსაც მე უკვე არაერთი წელია, ვაკეთებ და რაიმე ნიშნები, ამ ეტაპზე, არ ჩანს. არა მგონია, რომ ეს სერიოზულად განსახილველი თემა იყოს ჩემს არხზე. მე არავის მოსაწონად არ ვმუშაობ, ისე როგორც მთელი გუნდი.

როგორც ვხედავთ, ტრადიციულად, ამ შემთხვევაშიც, ყველა ყველაფერს უარყოფს. ვნახოთ, ახდება თუ არა „ქრონიკა+“-ის პროგნოზი…

 

                                                                                                    მარიამ ბალანჩივაძე