სასტუმრო „კოლხეთის“ მფლობელები შენობიდან დევნილების გასახლებას ითხოვენ!

Capture

სასტუმრო „კოლხეთის“ მფლობელები დევნილთა და განსახლების სამინისტროს შენობაში მცხოვრები მოსახლეობის გასახლებას და კუთვნილი ფართის დაბრუნებას სთხოვენ. შენობას 35 კერძო მფლობელი ჰყავს, აქედან მთლიანი წილის 1/3-ზე მეტი „ხელბურთის პელედ“ წოდებული „სპორტის რაინდის“, ჯემალ ცერცვაძის ქალიშვილს ეკუთვნის. ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სასტუმროს შენობაში 23 წელია, სამაჩაბლოდან დევნილი 125 ოჯახი საშინელ პირობებში ცხოვრობს. დევნილთა ყოფილი და ახლანდელი მინისტრების დაპირება, რომ სასტუმროს ბინადრებს შესაფერის გარემოში გადაიყვანდნენ და შენობის მეპატრონეებსაც მიეცემოდათ კუთვნილი ფართის გამოყენების საშუალება, დღემდე დაპირებად რჩება.

ჯემალ ცერცვაძე:

_ სასტუმრო „კოლხეთი“ იურიდიულად ჩვენია, ფაქტობრივად _ არა! 23 წელია, რაც დევნილები შემოგვისახლეს. შემოსახლების პერიოდში შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებული იყო. სასტუმროს 35 მფლობელი ჰყავს. როცა სახელმწიფომ გამოაცხადა აქციების შესყიდვა, ყველა ძველმა თანამშრომელმა მოინდომა, ზოგმა ერთოთახიანი იყიდა, რაღაც შემოსავალი რომ ჰქონოდათ. მერე მე „კოლხეთს“ გამოვეყავი და გავაკეთე შპს „ცერო“, რომლის დირექტორია ჩემი ქალიშვილი _ ეკატერინე ცერცვაძე. „ცეროს“ ფართის 1/3-ზე მეტი ეკუთვნის, ვესტიბიული, მე-2 და მე-3 სართულები. შევარდნაძის ხელისუფლების დროს შევიძინეთ, სანამ ომი დაიწყებოდა. დავიწყეთ რემონტი, რომელიც 700 000 მანეთი დაგვიჯდა. ახლა სასტუმროში რომ შეხვალთ, შეგეშინდებათ, ისეთი ამბავია! ეს ყველაფერი ჩაგვეშალა! დევნილები რომ შემოიყვანეს, სახელმწიფო თვეში ერთ სულზე 2 მანეთს გვიხდიდა, ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, 2 მანეთად შენობისთვის როგორ უნდა მოგევლო? მერე წინადადება შევიტანე, სასტუმროს მიმდებარედ ქუჩას ჩვენ ვუვლიდით, ახლა ესეც გაუყიდიათ და ერთი კვირის წინ დაიწყეს იქ „უვიცების მშენებლობა“. კანალიზაციაზე დააშენეს შენობა, ვიღაცა მაღაზიებს აკეთებს. მანქანასაც ვეღარ ვაჩერებთ, ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ. დევნილები შენობას არ უვლიან, კედლები დახაზული, მიხაზული, მოხაზული _ გერმანული, ინგლისური, აფრიკული… ყველა ენაზეა წარწერები…

35-ვე მეპატრონეს ხელისუფლებასთან წერილები აქვს გაგზავნილი. მივედი მერიაში და მოვითხოვე ჩემ მიერ გაგზავნილი წერილების ნახვა, მაგრამ აბსოლუტურად განადგურებული დამხვდა ყველაფერი. თავზე დაგვაყენეს პროკურატურა და პოლიცია, სულ შეამოწმეს, როგორ შევისყიდეთ, ესეც გავიარეთ! სააკაშვილი რომ მოვიდა, მაშინაც შეგვამოწმეს და ვერ გვიპოვეს ვერაფერი, პრივატიზაცია კანონიერად არის გაკეთებული! უფრო იმან გვიშველა, ასეთი დაქუცმაცებული რომ იყო. სასტუმროებს, რომელსაც ერთი მეპატრონე ჰყავდა, ყველაფერი წაართვეს. ჩემმა მეგობარმა ბაკურიანსა და ქუთაისში სასტუმროები გააკეთა, სამივე წაართვეს, ფულიც წაართვეს და დაიჭირეს. კაცი ციხეში გარდაიცვალა. ბებია მყავდა თავადის ქალი, იმან მითხრა, _ შვილო, თუ რამე დაკარგე, არ იდარდო არასოდესო. ჩემი მეგობრები გიჟდებიან, _ ამდენი რაღაც წაგართვეს და კიდევ არხეინად ხარო… რომ გაგიჟდე, რა?

დარახველიძე რომ იყო მინისტრი, შევხვდი და დამპირდა, ერთ სართულს გაგითავისუფლებთო. თანახმა ვიყავი, შემიძლია იზოლირება გავუკეთო, მაგრამ მას შემდეგ წელიწადი გავიდა, ერთი კაციც არ გაუსახლებიათ. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორმა მთხოვა, მე არ მაქვს საშუალება და იქნებ, 1-2 თვით დევნილები მიიღოო. რამდენიმე ოთახი მქონდა, შემოვიყვანე, ისინიც აღარ მიდიან, 5 წელი გავიდა უკვე. ასეთ დღეში ვართ. დარახველიძემ მოადგილე გამოაგზავნა, აქეთ დამიწყო კამათი, _ დანარჩენემა რატომ შეისყიდა ეს ფართიო? დევნილებს ძმაკაცურად ესაუბრებოდა, ერთ ოჯახში ღვინოც მიირთვა. ვიფიქრე, რაღაც პასუხს მომცემს, განცხადებებს დააწერინებს-მეთქი, მაგრამ… რა უნდა ელაპარაკო მინისტრის ასეთ მოადგილეს? ვერაფერი გავაგებინე! შემდეგ დავურეკე დარახველიძეს, ვუთხარი, _ ეს ვინ გამოაგზავნეთ-მეთქი? წავიდა დარახველიძე, მოვიდა სუბარი. _ ორივე სართულს გაგითავისუფლებო, _ დამპირდა. ამას წინათ გამოვიდა ტელევიზიით და ლაპარაკობდა, _ ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთო, არც უხსენებია ეს დევნილები. სუბარს საერთოდ არც გამოუგზავნია არავინ. ვთხოვ სამინისტროს, 1800 კვადრატული ფართი მეკუთვნის და ერთი სართული მაინც გაგვითავისუფლონ! მაშინ სახელმწიფომ შეისყიდოს ჩვენგან, ყველა მეპატრონე ამ აზრზე ვართ!

დემურ ჩხოლარია:

_ გადასახადებს ვიხდით. ჩვენ რომ ფირმა ვართ, ასე ვთქვათ, ამით ვყავართ დაჭერილები. იძულებულები ვართ, მთლიანი ფართის გადასახადი ჩვენ გადავიხადოთ, თან მოვემსახუროთ. ზემოდან წყალი რომ ჩამოგივა, ელოდე, როდის გააკეთებს ლტოლვილი, უნდა მოვიყვანო ხელოსანი, გადავიხადო ჩემი ჯიბიდან და გავაკეთო მილი. 20 წლის გაყვანილობამ როდემდე უნდა გაძლოს? რემონტი გვქონდა დაწყებული, რომ შემოიყვანეს, ვერც მოვასწარით გაკეთება… ჩვენს ფართში 25 ოჯახი ცხოვრობს. ვაგზლის მოედანზე რომ ცხოვრობდნენ დევნილები, იმათ 10 000 დოლარები შესთავაზეს და გავიდნენ. ჩვენთან არავის არაფერი შეუთავაზებია, საერთოდ არც უცდიათ ამათი გაყვანა. ყოფილი მთავრობა რომელი შენობებითაც იყო დაინტერესებული, ძალით გაიყვანა ხალხი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე ცხოვობდნენ, გამოასახლეს დევნილები, შენობა დაანგრიეს, მაგრამ არაფერი აუშენებიათ. რომელი შენობითაც არ იყვნენ დაინტერესებულები, იქიდან არ გაასახლეს. ასე იყო რუსთაველზეც, ფოსტის შენობაში რომ იყვნენ დევნილები, ძალით გაიყვანეს. ეს მეთოდები ჰქონდათ.

სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ რამე მოუხერხოს ამ ხალხს, ვიხდით გადასახადებს ფართის მიხედვით. ამ შენობის მეპატრონეები ადრე აქ ვმუშაობდით, პრივატიზაცია რომ მოხდა, აქციები შევისყიდეთ. მე მაგალითად, 15 კვადრატული მაქვს, არ მქონდა მეტის შეძენის საშუალება, ეს ყველაფერი ოფიციალურად იყო. სააკაშვილი რომ მოვიდა, დაგვიძახეს პროკურატურიდან, დაგვაწერინეს ახსნა-განმარტება, როგორ შევიძინეთ და ვინაიდან კრიმინალი ვერ ნახეს, დაგვანებეს თავი. ყველა თანამშრომელზე იყო, თავისუფლად შეიძლებოდა აქციების ყიდვა. რამე რომ ყოფილიყო, პროკურატურა ჩვენ არ დაგვანებებდა თავს.

ჩვენი შენობიდან დევნილების არც გაყვანა უნდათ, არც მომსახურება უნდათ, არც არაფერს გვიხდიან, იქით ვიხდით გადასახადებს, არავითარი შეღავათები არ გვაქვს! ერთადერთი 2-ლარიანი ხელშეკრულება დაგვიდეს და ისიც გავაუქმეთ. ერთ სულ მოსახლეზე გვიხდიდნენ 2 ლარს, ეს ხომ დაცინვაა? ადრე 4 ლარი იყო, მერე გაანახევრეს, შევწყვიტეთ ხელშეკრულება, აზრი აღარ ჰქონდა, 4 ლარი კიდევ რაღაცაში წაგადგებოდა, მიწის ფულს მაინც გადაიხდიდი…  მთლიანი მიწა დაყოფილია ნაწილებად და იმის პროცენტს ვიხდით; 100 ლარს მარტო ქონების გადასახადს ვიხდით; 100 ლარს მიწის გადასახადს, რის გამო, როცა დევნილები ცხოვრობენ?!. 5 ადამიანი ვემსახურებით ამ სასტუმროს, თუნდაც, ცეცხლი რომ არ გაჩნდეს, ვიღაცამ ყურადღება ხომ უნდა მიაქციოს? ასე უპატრონოდ ხომ ვერ დავტოვებთ ამხელა შენობას? იძულებული ვართ, ამ გზით შევინარჩუნოთ შენობა! იქ დენია, კანალიზაცია… ეს დევნილები ისე დარბიან აქეთ-იქით, არავინ ჰყავთ ზედამხედველი… ახლა შენობაში რომ შეხვიდეთ, გადაირევით, კედლებზე შავი საღებავით არის დაწერილი რაღაცები ინგლისურად. პირობებიც არ აქვთ დევნილებს, მხოლოდ დენის მრიცხველები დაუყენეს ცალ-ცალკე, დენით საჭმელიც უნდა აკეთონ, გათბნენ კიდეც… 15 კვარდატულებში ცხოვრობენ, 2 საწოლზე მეტს ვერ დადგამ, ზოგ ოჯახში 4-5 ცხოვრობს, გაფართოების საშუალება არ აქვთ. 20 წლის წინ რომ შემოვიდა ცოლ-ქმარი, შვილები ეყოლათ, საშინელ პირობებში ცხოვრობენ. რემონტსაც ვერ ვაკეთებთ, დავიწყეთ და მივატოვეთ… კედლები დაჩხაპნეს, დახატეს, დაწერეს, რა ვიცი, რას წერენ, საშინელებაა!.. ჯდება ეს შენობა, ავარიულია, რკინის კარები დავაყენეთ რამდენიმე ოთახში, სადაც საბუთები გვიდევს. იქ რომ ერთი თვე არ გაჩერდე, შეიჭრებიან ოთახში და გაანადგურებენ იქაურობას!

P.S. რას აპირებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და როდის მიეცემათ საშუალება სასტუმროს მფლობელებს, ფართით ისარგებლონ?

ამ კითხვებით „ქრონიკა+“-მა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, მურმან აბლოთიას მიმართა: „სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით, შემდეგი ვითარებაა: აღწერა გავაკეთეთ და სართულების მიხედვით შევისწავლეთ დევნილთა ოჯახები. ამ სასტუმროს სხვადასხვა მეპატრონეები ჰყავს, შესაბამისად, ცალ-ცალკე მიდის მდგომარეობის შესწავლა. ოჯახების გამოყვანას კერძო საკუთრებიდან ორი ალტერნატივა აქვს _ გამოსყიდვა კერძო მესაკუთრისგან, ან დევნილების გადაყვანა ალტერნატიულ ფართში. ამ ეტაპზე, კერძო მესაკუთრეების პოზიციიდან გამომდინარე, პირველ რიგში და შემდგომ, ფართის გამოსყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არც მესაკუთრეს აწყობს და არც არის დევნილების საცხოვრებლად შესაბამისი ფართი. რაღაც ნაწილზე, რომლის გაყიდვაზეც მეპატრონეები თანახმანი იქნებიან, განვიხილავთ ახლო მომავალში, თუმცა საბოლოო წინადადებები ამ წუთას არ გვაქვს ჩამოყალიბებული. მიმდინარე თვის ბოლომდე რაღაც პოზიციები გვექნება და ყველა ოჯახიც შესწავლილი გვეყოლება.“

 

 

 

 

                                                                                                 თამარ ბატიაშვილი