კორუფციული სელექცია ციხეებში!

გ4

სამშაბათს, 14 ოქტომბერს, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის მიზანი პატიმრების პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების პრობლემებით სამინისტროს ხელმძღვანელობის დაინტერესებაა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ლექსო კობაიძე:

_ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ საკუთარი უფლებამოსილებებით ბოროტად სარგებლობის გამო პატიმრების უმეტესობას არ ეძლევა კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობის საშუალება. შეგახსენებთ: სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლების უფლებით მსჯავრდადებულმა შეიძლება ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის ნახევარი გასულია, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულის შემთხვევაში პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონდეს ვადის არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულის შემთხვევაში, _ არანაკლებ სამი მეოთხედი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პატიმარი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სანიმუშო დისციპლინით გამოირჩევა, ადმინისტრაცია მაინც უარს ამბობს პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლების კომისიაზე მათი განცხადებების გადაგზავნაზე. პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება პატიმრებისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქსნის დაწესებულებაში პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მოთხოვნაზე 200-მდე პატიმარს ეთქვა უარი, ეს კი ნიშნავს, რომ პატიმრებს ეზღუდებათ სსკ 72-ე მუხლით სარგებლობის უფლება, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დისციპლინური დარღვევის ფაქტები არ ჩაუდენია, ციხეში გარკვეული პერიოდის გატარების შემდეგ უფლება აქვს, პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მოთხოვნით სპეციალურ კომისიას მიმართოს. ციხის ხელმძღვანელობას კი უფლება აქვს, დისკრეციულად განიხილოს, გადააგზავნოს ამა თუ იმ პატიმრის განცხადება კომისიაში თუ არა? პრობლემა ისაა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელები ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პატიმარს კანონიერი თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნებიან.

წარმოიდგინეთ, რომ ისეთ პატიმრებსაც კი უარს ეუბნებიან, რომლებიც სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან და განთავისუფლებამდე რამდენიმე თვე დარჩათ. სამაგიეროდ, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრების მიმართ. არსებობს ასეთი კატეგორიის პატიმრების პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების ფაქტებიც. ეს სელექციაა. რა თქმა უნდა, ამ პატიმრების ვინაობას, მათივე უფლების დაცვის მიზნით, არ დავასახელებ, თუმცა ვიტყვი, რომ პატიმრებთან სუბიექტური დამოკიდებულების მიზეზი შესაძლოა, კორუფციული გარიგებები იყოს. ეს ვარაუდია, რომელსაც ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ არაპრივილეგირებულ პატიმარს წართმეული აქვს კანონით მინიჭებული პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების უფლება.

_ როგორ იმოქმედებს ისედაც გაზრდილი კრიმინალის ფონზე პატიმრების მასობრივად პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება?

_ ერთის ბრალეულობის გამო არ შეიძლება, მეორე ადამიანს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება შეეზღუდოს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ხელისუფლებამ ისედაც ზედმეტი ლოიალობა გამოიჩინა და პატიმრების მასობრივად განთავისუფლებას კრიმინალის გაზრდა მოჰყვა, მაგრამ თუ ერთმა განთავისუფლებულმა პატიმარმა რაღაც დააშავა, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე პატიმარს თავის კანონიერ უფლებაზე უსაფუძვლოდ ვუთხრათ უარი. თუ ადამიანმა დანაშაული მოინანია და უნდა, რომ ოჯახს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და კანონი ამის უფლებას აძლევს, ჩვენ რატომ არ უნდა მივცეთ რესოციალიზაციის საშუალება? თუ ვინმე იმაზე დაიწყებს აპელირებას, რომ ქურდული მენტალიტეტის ადამიანისთვის შეღავათების გაკეთება არ შეიძლება, ვეტყვი, რომ ქურდული მენტალიტეტის ადამიანს რომ ეხვეწო, „უდოთი“ გარეთ ვერ გაიყვან. მე გესაუბრებით პატიმრების იმ კატეგორიაზე, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი დანაშაულის სიმძიმე და მოინანია. ასეთ ადამიანებს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების კანონიერ მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან და ამის უამრავი ფაქტია. ასობით პატიმარს ეთქვა უარი ქსნის დაწესებულებაში, მე-18 და მე-6 დაწესებულებებში, რაც ნიშნავს, რომ „უდოს“ კომისიამდე მხოლოდ პრივილეგირებული პატიმრების განცხადებები აღწევს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია სააპელაციო კომისიის შექმნა, რომელიც პატიმარს ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას მისცემს და პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზებს განუმარტავს.

სწორედ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მოვითხოვთ სააპელაციო ორგანოს შექმნას. ადამიანს ის მაინც უნდა განემარტოს, რა მიზეზით და რატომ იღებს უარს. რაღაც არგუმენტაცია მაინც ხომ უნდა არსებობდეს?

კომენტარისთვის „ქრონიკა+“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თაია მახარაშვილს დაუკავშირდა:

_ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მხრიდან პატიმრებისთვის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მოთხოვნაზე უარის თქმა გამორიცხულია. ჩვენთვის ასეთი შემთხვევების შესახებ არაფერია ცნობილი და კარგი იქნება, თუ არასამთავრობოები, ზოგადი საუბრების ნაცვლად, სამინისტროს კონკრეტულ ინფორმაციას მიაწოდებენ.

პატიმრის უფლებას ვერავინ შეზღუდავს, მით უმეტეს, როცა საქმე „უდოს“ ეხება. როცა მსჯავრდადებულს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების განხილვის ვადა მოუწევს, დაწესებულებიდან კომისიაში შუამდგომლობა ავტომატურად იგზავნება და პატიმარს ამ უფლებას არავინ შეუზღუდავს. თუ ეს ორგანიზაცია კონკრეტული პატიმრის სახელსა და გვარს დაასახელებს, ჩვენ შევძლებთ, პირდაპირ კომისიას გადავამოწმებინოთ, ეკუთვნოდა თუ არა კონკრეტულ მსჯავრდადებულს „უდო“ და მოხდა თუ არა განხილვის დროს შუამდგომლობა კომისიის ხელში? ზოგადი საუბრები ძალიან ზედაპირულია და თუ კონკრეტული სახელები და გვარები არ გვექნა, ჩვენ ვერ შევძლებთ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა, ვიმეორებ: სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

 

                                                                                              ნელი თორდია