პაატა დავითაია: „საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი არავის აქვს, _ არც რუსებს“

გიორგი საკარული

„ქართულ ოცნებას“ მორიგი ისტერიკა აქვს _ მეოცნებეები ქსენოფობებსა და ომის მსურველებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ამდენი რუსის შემოდინებას აპროტესტებენ. დიდი რუსიანობით შეშფოთებულმა „ლელომ“ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება მოითხოვა.

„ლელოს“ მოთხოვნაა, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ჯერ კიდევ მარტში „ლელომ“ დააყენა დღის წესრიგში აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ გვემსჯელა რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენაზე, როდესაც მკვეთრად იზრდება რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა შესაბამისი მიმართულებით და დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულიბა, როდესაც თუ შევადარებთ, მაგალითად, გასული წლის ივნისის მინაცემებს, ხუთჯერ არის გაზრდილი რუსეთიდან შემომავალი მოქალაქეების ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, შვიდჯერ არის გაზრდილი წინა წლის მონაცემებთან შედარებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა ჩვენს სახელმწიფოში. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს რუსეთთან, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ისეთი შეღავათიანი პირობები რუსეთთან, როგორიც დღეს აქვს საქართველოს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს მსჯელობა იმაზე, რომ ისევ აღვადგინოთ, თუ გნებავთ დროებით, სავიზო რეჟიმი იმისთვის, რომ გვქონდეს რაღაც ფილტრი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ვიცოდეთ, ვინ შემოდის, რა მიზნით, რამდენ ხანს რჩება და როდის ტოვებს ჩვენს სახელმწიფოს. ვითხოვთ ოფიციალურ სტატისტიკას, რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი, რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა მუდმივი ბინადრობის უფლება ჩვენს ქვეყანაში და სხვადასხვა“, _ აცხადებენ „ლელოში“

„ლელოს“ წარმომადგენლები თხოვენ, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი, ასევე შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საგანგაშო კვლევას აქვეყნებს. „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ _ ასეთია ამ კვლევის სათაური. ავტორების განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 240 ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 6 ათას 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებული კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

საქართველოში ომის შემდეგ ძალიან ბევრი რუსი რომ შემოვიდა, ამას ჩვენი საზოგადოება კვლევების გარეშეც ნათლად ხედავს. ნებისმიერ უკმაყოფილებას ხელისუფლება ასე პასუხობს, რომ ვინც რუსების შემოსვლას აპროტესტებს, ომი უნდა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მან გაგვახარა, რომ საქართველოში 110.000 რუსი დარჩა. ძალიან აღშფოთებულები დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ ქსენოფობია გოიმობაა.

არის თუ არა სახიფათო საქართველოსთვის ამდენი რუსი ვიზიტორის შემოსვლა? არის თუ არა გამოსავლი სავიზო რეჟიმის ამოქმედება? _ „ქრონიკა+“ „ევროპელი დემოკტრატების“ ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრება:

_ ბატონო პაატა, ოპოზიციამ რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმი მოითხოვა. ხელისუფლება ამაზე პასუხობს, რომ ეს ომში ჩათრევის მცდელობაა. რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ?

_ ხელისუფლებას ერთი ტაქტიკა აქვს, ყველაფერი ომში ჩათრევას დააბრალოს. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ რუსული ინდაურები არ შემოვუშვათ, მათი ლოგიკით ესეც ომში ჩათრევა იქნება.

პირველ რიგში, ომი არავის აწყობს, ეს თემა, მათი რიტორიკა, მოძველდა. როდესაც ვართ გამტარი ქვეყანა და ნავთობს მივაწვდით ევროპას, ყველამ იცის, რა ხელშეკრულებაც დაიდო აზერბაიჯანთან, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი ხდება უსაფრთხოების მთავარი თემა, მთელი ევროპა ფიქრობს, რომ ზამთარში არ გაიყინოს, ყველამ იცის, რომ რუსეთმა გადაუკეტა გაზი ევროპას. ბაქოს გაზით, ფაქტობრივად, ნახევარ ევროპაზე მეტს, მოუწევს საქართველოზე დამოკიდებულება, რომ გათბეს. აქედან გამომდინარე, მთელი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფცია აგებულია იმაზე, რომ საქართველოში არაფერი მოხდეს. ომი კი არა, მათ აწყობთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს აბსოლუტური სიმშვიდე.

რაც შეეხება რუსებს, ამ ხელისუფლებამ გააკეთა ისე, რომ ჩვენ მათთვისაც დერეფანი ვართ, რადგან ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა და მთელი ეს პროდუქცია გადის საქართველოდან. ამიტომ არც რუსეთის ინტერესებშია ომი საქართველოში. საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი დღეს არავის აქვს, არც რუსებს, არც ევროპელებს და არც ამერიკელებს. ომში ჩათრევის ეს რიტორიკა გათვლილია შიდა ამომრჩეველზე.

რატომ ვთქვი, რომ რუსეთს არ სურს ომი? რუსეთს ომი არ სურს იმის გამო, რომ მეორე ფრონტი გაუჭირდება. ის ტაქტიკა, რაც რუსეთმა ახლა აირჩია საქართველოსთან მიმართებით, განიხილებოდა 2006 წელს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთში, სადაც იყო ორი ვარიანტი: 1. ეკონომიკური ექსპანსია, ბიზნესი, დამოკიდებულება რუსეთზე, რაც ახლა ხდება; 2. ტანკი. 2008 წელს ამუშავდა ტანკი. იმ გეგმით, რაც რუსეთს 2006 წელს ჰქონდა შემუშავებული, ზუსტად ახლა მიეცათ ამ სქემით მუშაობის შესაძლებლობა. ღეალურად, ესეც ოკუპაციაა, ოღონდ ოკუპაცია მზადებისთვის (მზადება ოკუპაციისთვის) რაღაცის მზადებისთვის, მზადება რაღაც იქს დღისათვის. ყველას შევახსენებ, რომ როდესაც 1921 წელს რუსეთის ჯარები შემოვიდნენ საქართველოში, რუსების ძალიან დიდი ნაკადი წამოვიდა საქართველოში, რაც ახლაც ხდება. აქედან ნახევარზე მეტი თურქეთსა და საფრანგეთში წავიდა. მართლა გაიქცა. მაგრამ მეორე ნახევარმა წითელი არმიის შემოსვლა უზრუნველყო, ამიტომ ეს მაგალითები როცა გვაქვს, როცა ვხედავთ, რომ იგივე ტაქტიკა მეორდება, უამრავი ტურისტია შემოსული, კარგად ვხედავთ ბათუმში ბინები როგორ იყიდება, ასი თვალი და ყური უნდა გვქონდეს. რატომ ბათუმი, ამასაც დავასაბუთებ: იმიტომ, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ აჭარის ავტონომიის აფეთქება, ეს ქართველების ხელით, ასლან აბაშიძის ხელით არ გამოუვიდათ. როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იყო რუსულენოვანი ინტერფრონტები, ხდებოდა ჯარების შემოსვლა. დღეს საქართველოში ინტერფრონტმა არ იმუშავა, ფრონტი ვერ შექმნეს, ერთადერთ კავკასიურ ქვეყანასთან ინტერფრონტი ვერ შექმნეს, ამიტომ გააღვივეს სეპარატიზმი, აჭარაში ეს არ გამოუვიდათ. ინტერფრონტის ამბავი შეიძლება წამოიწიოს, როცა ამდენი რუსი მოქალაქე შემოდის. ჩვენ გვახსოვს, რა იყო ინტერფრონტის მთავარი ლაიტმოტივი, რომ რუსეთის ჯარმა რუსულ კონსტიტუციაზე დაყრდნობით დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეები. ეს ინტერფრონტი არ გამოუვიდათ აფხაზეთში, მაგრამ სეპარატიზმი ხომ გამოუვიდათ. გაუძნელდათ ეს თემა, მისცეს მოქალაქეობა შემდგომში და შემოვიდნენ. ვშიშობ, იგივე სცენა არ განმეორდეს ბათუმში. რატომ არ უნდა განმეორდეს თბილისში? პირველად რომ შემოვიდნენ რუსები, ვნახეთ, რაც იყო, _ ჯერ მოკრძალებული ინგლისურით ლაპარაკობდნენ, მოკრძალებულად იქცეოდნენ, ზოგი უკრაინის დროშასაც ატარებდა. დღეს უკვე რუსული „ნაგლობა“ დაიწყო, _ რუსულად მელაპარაკე! აი, ეს არის სახიფათო ფაქტორი. ჩვენ, ქართველებს, რუსული ერისა და ენის მიმართ კი არ გვაქვს აგრესია, ეს აჩვენა დრომ…

_ დღეს, ფაქტობრივად, ქუჩაში რომ დავდივართ, ყოველი მეათე ადამიანი თუ შეგხვდება ქართველი, კარგია. ამდენი რუსი ქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის?

_ ძალიან სახიფათო რამეს გეტყვით: დაახლოებით სამასი ათასი ადამიანი შემოვიდა. სამასი ათასი ადამიანი არის საქართველოს მოსახლეობის 5%. 2003 წელს სწორედ ხუთმა პროცენტმა მოაწყო „ვარდების რევოლუცია“. დღეს ვხედავთ, რომ მოსახლეობის გადინების ფონზე, უცებ სხვა ეროვნება შემოდის. ამიტომ ყოველი მესამე რუსეთის მოქალაქე გვხვდება. ეს არის კატასტროფული ზღვარი.

ეს არის რუსების გეგმა: ყველა, ვინც ბინადრობის უფლებას იღებს, ხვალ რომ რუსთაველზე დადგეს ჯარების დახვედრაზე და მოქალაქეობა მიიღოს რამდენიმე წლის შემდეგ და ეს რომ ამ ხელისუფლებამ უზრუნველყოს, არჩევნებში ვის მისცემს ხმას?

_ და გამომდინარე იქიდან, რომ რუსები საქართველოში თავისუფლად ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ და იწყებენ ბიზნესს, მოქალაქეობასაც ადვილად მიიღებენ…

_ მათ მოქალაქეობა იმიტომ სურთ, რომ ევროპაში „იგულაონ“, ჩვენი პასპორტი ხომ არ არის შეზღუდული, მორჩა. მათ ადრე საქართველოს დანახვაც არ სურდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში ცხვირი არ გაეყოფათ, ახლა ჩვენთან მოდიან, ევროპაში ჰგონიათ თავი.

_ ბატონო პაატა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში ომი გამორიცხულია. მაგრამ ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს რამე რომ არ მოეწონოს ოკუპანტ რუსეთს, საკუთარი მოქალაქეების დაცვაც მოუწიოს და ომი გამოგვიცხადოს? ისეთივე სცენარი განვითარდეს, როგორც უკრაინაში?

_ მაგას ვამბობ ზუსტად. ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, ამიტომ სჭირდებათ ეკონომიკური ექსპანსია, ეს ეტაპი მაგათ დაუდგებათ. ყველას ესმის, რომ ღიად იარაღით შემოსვლა ახლა უაზრობაა. ახლა ფონი შემზადებული არ არის.

2008 წელს „ლივადიაცენტრმა“, ჩაატარა გამოკითხვა, მთელ რუსეთში რამდენი ქართველი ცხოვრობს. რუსეთის 70-მა პროცენტმა უპასუხა, რომ 47 მლნ. ქართველია. მათ ეგონათ, რომ 47 მილიონი ვართ ჩვენ და ამხელა ერს ეომებოდნენ. დღეს რუსებს მაინც ჩარჩენილი აქვთ ის, რომ ქართველები მებრძოლები არიან და წინააღმდეგობას გაწევენ, ამიტომ მუშაობენ მათი ეკონომიკის აქ  შემოყვანაზე. ეს არის რეალობა.

_ რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიაზე გადავიდა. მაგალითისთვის ბიჭვინთის აგარაკი ავიღოთ, რომელიც რუსეთის ხელში გადადის. ამას რატომ არ აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლება?

_ ბიჭვინთაში მათ იურიდიულად მოინდომეს ყველაფრის გაფორმება. საინტერესო მომენტი გუშინწინ იყო, როცა ეს თემა სეპარატისტების სასამართლომ პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა. ვფიქრობ, რომ რეალურად ისინი წვალობენ, მთელი ამბები აქვთ, არ უნდათ მიცემა, მაგრამ მაინც იძულებულს ხდიან რუსები, რომ მისცენ აგარაკი.

საქართველოს მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დღეს სეპარატისტების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული, რომ ეს აღვადგინოთ, რუსეთი კი ამის გაკეთებას შეძლებს.

ბევრი გეგმა მომისმენია, დეპუტატები გამოვიდნენ, პუნქტები ჩამოწერეს ერთწუთიანი პიარის გამო. საქართველოს მთავრობას ერთი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ მთავრობა უპირობოდ აღადგენს ბიჭვინთის კომპლექსს აფხაზეთში მცხოვრებთათვის. რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ მისცემდა რუსეთის უშიშროება საქართველოს მთავრობას, მაგრამ ის მოსახლეობა, რომელიც პროტესტით გამოდიოდა, გაიგებდა, რომ ქართველები ამისთვის მზად არიან. ეს იქნებოდა მათთვის ზურგი, მესიჯი. საქართველოს მთავრობას არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია, არ იციან და არც უნდათ იცოდნენ. რა აფხაზეთსა და ბიჭვინთის კომპლექსზეა საუბარი, აგერ ლამის ბათუმი წალეკეს რუსებმა.

_ არის თუ არა იმის საფრთხე, რომ რუსეთი ნელ-ნელა სხვა მიწების გადაფორმებასაც დაიწყებს იურიდიულად?

_ აფხაზეთში მათ უკვე გადაიფორმეს მიწები, 180 ათას ჰა-ზე იყო საუბარი, მაგრამ მათ 500 ჰექტარი გადაიფორმეს. ღეალურად, სამხედრო ბაზები მათ აფხაზებმა მისცეს. 28 სამხედრო ბაზაა. ამაზე პროტესტი აფხაზებს არ ჰქონიათ. ახლა კი რეალურად ზღვაზე გასასვლელი რომ დაკარგეს, იმიტომ დაემატათ პრობლემა. 500 ჰექტარი გადაიფორმა, 180 ათასს გადაიფორმებს, კიდევ რაღაცას მოიფიქრებს. წამალი შემოაქვს აფხაზეთში, ახალგაზრდების დიდი ნაწილი წამალზე ზის, ეს სპობს აფხაზებს და მთელი ტერიტორია დარჩება რუსებს. აფხაზების თვითმყოფადობის გადარჩენა შეიძლება მხოლოდ ქართველებთან. ამას ბევრი აცნობიერებს. ჩვენ რომ გვქონდეს შემუშავებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან პოლიტიკა, ამის გაღვივება დაიწყებოდა. მაგრამ ეს რომ მოხდეს, იტყვიან, რუსებს ვაღიზიანებთო. ასე შეიძლება, რუსთაველზეც ააფრიალონ რუსული დროშა, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთიო.

_ ამ არგაღიზიანების პოლიტიკით სადამდე მივდივართ?

_ აქ უნდა იცოდე, სად გადის ზღვარი, თორემ შეგიძლია მთელი ქვეყანა ჩაბარდე, შენ უნდა იცოდე, ხარ დამოუკიდებელი თუ არა.

_ აუცილებლად მინდა, რომ შევეხო მედვედევის უტიფარ განცხადებას, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა როგორც ამბობენ, გვერდი გატეხილია, რაც ნაკლებად სარწმუნოა. მედვედევმა თქვა, რომ საქართველო თითქოს 1801 წლამდე არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, ეს ერთგვარი სიგნალი იყო საქართველოსა და ყაზახეთისთვის, თუ რას ემსახურებოდა ეს სიტყვები?

_ ეს თავიდან ბოლომდე ზღაპარია. მე არც გამკვირვებია. ჩვენ მედვედევის ამ კონკრეტულ განცხადებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდე გაკეთებული განცხადებები გავიხსენოთ. პუტინმა თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი ტრაგედია იყოო, მედვედევმა თქვა, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სსრკ-ს გავლენებიო; პუტინმა თქვა, ყაზახეთი სახელმწიფო არ არისო. აქამდე კიდევ მედვედევმა თქვა, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ ექნებოდაო, ამიტომ ეს არ არის ახალი, მან შეაჯამა ყველაფერი.

24 თებერვლის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკა შეიცვალა. ვთქვათ ღიად, თუ ვინმე ავტომატს გაისროდა, პირდაპირ გაეროს უშიშროების სხდომები იყო. დღეს რაკეტებს ესვრიან ერთმანეთს. რუსეთმა უკვე დამპყრობლის სტრატეგია აირჩია. ამიტომ რუსეთს 2 პრობლემა აქვს: ყაზახეთი საბადოების გამო სჭირდება, აზერბაიჯანში ვერ გაიქაჩება თურქეთის გამო, ყაზახეთში საბადოებია და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოზე ადრე იქნება ყაზახეთის მიმართულებით პროვოკაციები. რა მოიმოქმედა ნაზარბაევმა? დედაქალაქი ასტანა როგორ დააარსა? პუტინმა გააკეთა განცხადება, ეგ რუსეთის ტერიტორია არისო. ტრიალ მინდორზე აშენდა დედაქალაქი. ეს იგივეა, ჩვენ რომ სოხუმში გადავიტანოთ დედაქალაქი. ნაზარბაევმა თქვა, ეს არის ყაზახეთის დედაქალაქიო იმის გამო, რომ დედაქალაქი არ წაეღო რუსეთს. საქართველო რუსეთს სჭირდება იმიტომ, რომ დერეფანია, გასაღებია კავკასიის. ორი რესპუბლიკის თემა აწუხებს რუსეთს, _ ყაზახეთისა და საქართველოსი _ ყაზახეთში, დიდი ალბათობით, სამხედრო სცენარი განვითარდება, საქართველოში კი მიდის ამის მზადება ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე მიბმით. თუ ლოიალური ხელისუფლება ეყოლათ, როგორიც დღესაა, პრობლემა არ ექმნებათ, თუ დამოუკიდებლობის მოსურნე და ჩვენი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება მოვა, მაშინ ყველანაირად განიხილება იარაღით შემოსვლა, აი, ეგ არის.

_ ეკონომიკა ახსენეთ და არ შეიძლება არ აღინიშნოს ლარის ასეთი სწრაფი ტემპით გამყარება. ფაქტობრივად, ხელისუფლება მაქსიმალურ კომფორტს უქმნის რუს მოქალაქეებს, რადგან ისინი აქ ანაღდებენ ფულს…

_ 375 მლნ. შემოიტანეს ივნისში მარტო რუსეთიდან. ამხელა ფულის შემოდინება ისტორიაში არ ყოფილა რუსეთიდან. მათ რომ შემოიტანეს, დაიხარჯა, ამიტომ წავიდა ქვემოთ დოლარი. რუსეთში ხომ ჩაიკეტა სისტემა, დოლარს ვერ ანაღდებენ. ეს აქეთ წამოვიდა საქართველოში, ჩვენ მათ ეს სისტემა შევუქმენით, ეს დროებითი ეფექტია. როცა პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენ გავაძლიერეთ ლარი, რუსეთმა გააძლიერა ლარი დროებით, რომ ხვალ ატომური ბომბივით იფეთქოს და კურსი დაეცეს. ახალი სამრეწველოები შექმნა მთავრობამ? ახალი ქარხნები აშენდა და მრეწველობა ჩაირთო?

_ არაფერი და ჩვენ 9 წლის მანძილზე გვესმის მხოლოდ დაპირებები. დაბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომს მინდა შევეხო, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, მიმდინარეობს. როგორია თქვენი პროგნოზები?

_ ომის დაწყებისთანავე ვთქვი, რომ ეს არის გრძელვადიანი ომი. პესიმისტური პროგნოზები მაქვს ამ ეტაპზე. საბოლოოდ, რუსეთი რომ დამარცხდება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რის ხარჯზე? _ მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების სიცოცხლის ხარჯზე. ვფიქრობ, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინას იარაღი სწრაფად არ მიაწოდა, რეაგირება დააგვიანა დასავლეთმა, ევროკავშირმა, ამერიკამაც. სანქციები არ მუშაობს, ეგენი სანქციებისთვის მზად იყვნენ. რუსები მზად არ იყვნენ იმისთვის, რომ მათ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინული მოსახლეობა. სიმართლე რომ ვთქვათ, ის იარაღი, რაც უკრაინელებს სჭირდებათ, ეს მათ არ აქვთ, აქ საუბარია რაკეტებზე, ავიაციაზე. ინგლისმა გააკეთა განცხადება, რომ პილოტებს ამზადებენ. ეს კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ დრო სჭირდება?

ახლა ძალიან ცუდი პერიოდი, ზამთარი მოდის, ევროპა თავის გათბობაზე იფიქრებს, ამიტომ ცოტა უფრო შეამსუბუქებენ რაღაც მომენტებს, უკვე ჩანს ეს ყველაფერი და რუსები ამით ისარგებლებენ. მინდა, უკრაინელებს ძალიან დიდი გამძლეობა ვუსურვო, რადგან მთავარი მამოძრავებელი ძალა უკრაინის სახელმწიფოებრიობის თავად უკრაინელები არიან. იმედს ვიტოვებ, რომ დასავლეთი მათ უფრო დიდ შეიარაღებას მიაწვდის. საბოლოო ჯამში, რუსეთი წააგებს. უკრაინა რომც აიღოს, რუსეთი წააგებს. საბჭოთა კავშირი დაინგრა. საბჭოთა კავშირი იყო აგებული იდეოლოგიაზე და პუტინს რაზე აქვს აგებული დაპყრობითი რევანშისტული გეგმა? _ თავის შიზოფრენიულ იდეებზე, არავითარი იდეოლოგია არ გააჩნია, ამიტომ მას მომავალი არ აქვს. უკრაინაც რომ აიღოს, საქართველოც რომც აიღოს, ყაზახეთიც რომ აიღოს, დაინგრევა რუსეთი, მალევე დაინგრევა, ოღონდ ჩვენს ხარჯზე, ეგაა პრობლემა, რომ მოქალაქეების სიცოცხლის ფასად მოხდება ეგ, თორემ საბოლოოდ არც ერთ მის (პუტინის) იდეას მომავალი არ გააჩნია.

როგორი თემაა იცით? 70 წელი, პირობითად, ბრჭყალებში ვამბობ, ორჯონიკიძეები ბობობქრობდნენ და იუნკრები არავის ახსოვდა. 70 წლის შემდეგ ვინმეს ბობოქარი ორჯონიკიძეები ახსოვს? მაყაშვილი და იუნკრები კი დღეს გმირები არიან. ისტორიამ გაწმინდა ყველაფერი. მათი ბრძოლა არ განადგურდა და საქართველოს კონსტიტუციაშია აღწერილი, პრეამბულაში წერია, რომ 1921 წლის კონსტიტუციას ეყრდნობა ჩვენი ახლანდელი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომელმაც 3 დღე იარსება. ეგ არის! ისტორიულ პროცესებს ვერ დაემალები.