„ზებრისტყაოსანი“

g1

დავით უსუფაშვილი კომპარტიაში კი შევიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ პიონერი ნამდვილად არაა _ ყოველ შემთხვევაში, სახოტბო ლირიკის. ივანიშვილისა და მისი ვაჟის მიმართ აღვლენილი ოდები აქამდეც იქმნებოდა და იბეჭდებოდა კიდეც, სხვათა შორის, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ `ლიტერატურულ გაზეთშიც~. ისე, რაღა დაგიმალოთ და, კარგად ვიცნობ რა ჩვენს მოდგმას, არც ბერას ხოტბა გამკვირვებია და არც მამამისის. მეტსაც გეტყვით, ველოდი კიდეც ვინმე მგოსანს, რომელიც ხოტბას აღავლენდა უფრო ფაფარაყრილს და გვექნებოდა პატივი წაგვეკითხა „ზებრისტყაოსანი“.

გამოჩნდა კიდეც და _ ვინც გამოჩნდა, ბევრი გააკვირვა _ გიშრის ტბა და კლავიატურა დავით უსუფაშვილმა აამუშავა. აამუშავა და კაცობრიობას, შთამომავლობას, არც მეტი, არც ნაკლები International New York Times ფურცლებზე დაუტოვა „ზებრისტყაოსანი“, ნუ, მუშა სახელოწდებით: `სააკაშვილს მისი წარსული სდევნის და არა პუტინის „თანამზრახველი“ ივანიშვილი“.

უსუფაშვილმა ისეთი ხოტბა აღავლინა, „სმენად მხეცნი მოვიდიან“. რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ თამარს უძღვნა და არც დაუმალავს, _ თამარს ვაქებდეთ მეფესაო. არც ის, _ მის საქებრად რომ უბრძანეს თქმა „ლექსებისა ტკბილისა“. ლეგენდამ ისიც შემოინახა, რომ რუსთაველი მალულად ეტრფოდა თამარს. აი, 21-ე საუკუნის „შოთა“-დავითი რომ პოლიტიკურად ბიძინას ეტრფოდა, ეს, პრინციპში, არც მითი იყო, არც ლეგენდა _ რეალობა იყო, რეალობა, რომლისაც, რატომღაც, ბევრს აქამდე არ სჯეროდა და ამ ტრფობას მხოლოდ პრაგმატიზმით ხსნიდა. ალბათ, ისევ რუსთაველის მოშველიებით: „უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია“. მაგრამ „შოთა“-დავითმა მათ ეჭვებს და ზოგისთვის იმედს, რომ იგი მთლად ბიძინას მზეს არ ფიცულობდა _ საყრდენი გამოაცალა. მაინც, რა თქვა ასეთი? თქმა მასეთი უნდოდა. ბიძინა, უსუფაშვილის მიერ აღვლენილ ხოტბაში წარმოგვიდგება ვითარცა ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფინანსები სამშობლოს მიუძღვნა, მისდევს შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას, თურმე ნუ იტყვით და მსგავსად რიგითი ჯარისკაცისა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურება, თავისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა! ახალი რუსთაველი არ გვიკონკრეტებს, მაინც რომელ რისკს გულისხმობს, როცა რიგით ჯარისკაცს ადარებს? რა შევახსენო ახლა? ის, რომ აგვისტოს ომში ბრძოლისას ანწუხელიძე დაჯავშნულ შუშებში რომ არ მჯდარა? რომც შევახსენო, აზრი აქვს? მომისმენს? როცა მას ასე ღრმად სწამს, რომ, თურმე: „იმ წლების რაოდენობა, რომელიც მან თავის ქვეყანაზე ზრუნვაში გაატარა, ბევრად მეტია, ვიდრე პუტინისა და სააკაშვილის ერთად აღებული“?

უსუფაშვილი მთელ კაცობრიობას უმტკიცებს, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს. კინოც რომ მოიშველია? სულ ჰოლივუდური სცენარი ეძახა იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის საქმე კანონის უზენაესობის გათვალისწინებით არ მიმდინარეობს და მასში პუტინის ხელი ურევია, რომელიც ბიძინას საშუალებით ცდილობს დემოკრატი ლიდერის განადგურებას. ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს რომ აქვთ შიში, სააკაშვილის საქმის უკანონოდ წარმართვასთან დაკავშირებით, იცით, რისი ბრალი ყოფილა? _ „ყურადღებით არ აკვირდებიან განვითარების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“.

აგერ, ბატონო, ამერიკაარაერთხელმოვლილ უსუფაშვილსაც იმის სჯერა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, მთელი პოლიტიკური ელიტა, ყურადღებით არ აკვირდება პროცესებს, არც ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მუშაობს, არც დიპლომატიური კორპუსი, არც არაფერი და მთელი მსოფლიო ისე აღიქვამს ქართულ სინამდვილეს, როგორც სიცრუის ჯიპი „კანდელაკი“ და „მერსედესი“ „ჩერგოლეიშვილი“ და თვით ტანკი „ბოკერია“ აწვდიან? რით განსხვავდება ახლა უსუფაშვილი ღარიბაშვილისგან, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია, რომ სწორედ გიორგი კანდელაკმა აცნობა აღა-მაჰმად-ხანს, რომ ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთო?

უსუფაშვილი ისე წერს ივანიშვილზე, „ჩემი ყოფილი პოლიტიკური ლიდერიო“, გეგონება, ახლა სხვა ჰყავდეს ლიდერად, ან თავად ბრძანდებოდეს ლიდერი. და კიდევ, თურმე, 2011 წლამდე, გარდა უპრეცედენტო ფილანტროპული საქმიანობისა, არაფერი იყო ცნობილი ივანიშვილზე, არაფერი იყო ცნობილი მისი ღირებულებების, გეგმებისა და ფასეულობების შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოსულა და ნებისმიერ კითხვას ადვილად შეიძლება გაეცეს პასუხი. არ გაკმაყოფილებთ ხოტბის ხარისხი? „პაწა მეიცადეთ“.

ივანიშვილისთვის რუსეთი ყოფილა ადგილი, სადაც ის მუშაობდა თავის აკადემიურ ნაშრომზე! იმასაც ამატებს: „სადაც ის გახდა ბიზნესმენი და თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დააგროვა“. მაგრამ რუსეთში ყოფნის მთავარი მიზანი აკადემიური ნაშრომი ყოფილა, საქართველო კი _ პირველი და უპირველესი სამშობლო.

ბიძინას ხოტბის აღვლენისას უსუფაშვილი ერთგან შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას ახსენებს, მეორეგან უპრეცედენტო ფილანტროპულ საქმიანობას. ასეა „ზებრისტყაოსანში“, აი, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით კი:

„უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების“.

იცოდა რა ეს ივანიშვილმა, უხვადაც გასცემდა, დიახ იცოდა, რომ: „რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია!“ იცოდა ეს, ოღონდ თავისებურად _ გასცა უხვად და თავისად მიაჩნია ეს ქვეყანა. გასცა მოსვლამდე და არა მოსვლის შემდეგ. დიახ, მას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა გახსნილი საჭურჭლე, მოსვლის მერე? თანახმად ავთანდილის ანდერძისა, ათავისუფლა, ოღონდ მონები კი არა, კრიმინალები _ მართლაც რომ შეუდარებელი და უპრეცედენტო ამნისტიით. ახლა რა ხდება? აი, ეს უსუფაშვილის „ზებრისტყაოსანი“ არ გაინტერესებთ, ვისი ფულებით დაიბეჭდა? ბიუჯეტის, ანუ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით. დიახ, დიახ, რიხით რომ გვამცნეს, „ნიუ-იორკ თაიმსში“ უსუფაშვილის სტატია გამოქვეყნდაო, გაირკვა, რომ სტატია კი არა, ფასიანი რეკლამა ყოფილა, დაკვეთილი ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა შესაბამისი ფორმატით _ განსხვავებული ფერით და შრიფტით. უსუფაშვილი ხელებს იბანს, მე სტატია აგენდა.გე-ს გადავეცი და არც ვიცოდი, სად დაიბეჭდებოდაო. დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის ფული? ამ კითხვას გვერდს უვლის, _ International New York Times ეცოდინება, თუ ვინმემ რამე გადაიხადა, მე არაფერი გადამიხდიაო. პირადად მას რომ გადაეხადა, ვინ ძაღლი და ვინ მამაძაღლი ამოიღებდა ხმას? საქმეც ეგაა, რომ ბიუჯეტის ფულია გადახდილი ბიძინას ხოტბა-დიდებაში! „ნიუ-იორკ თაიმსს“ ეცოდინებაო და თქვა კიდეც „ნიუ-იორკ თაიმსმა“, რომ ფასიანი რეკლამაა და თქვენ ახლა გჯერათ, რომ ფასიან რეკლამას უფასოდ დაუბეჭდავდა  International New York Times აგენდა.გე-ს? აგენდა.გე-ს მთავარმა რედაქტორმა ჯერ უარყო, რომ ფულია გადახდილი, შემდეგ კი კონფიდენციალურად გამოაცხადა ეს ინფორმაცია. ხადური კი ამტკიცებს, ხაზინიდან ფული არ გადაგვირიცხავს და საერთოდ აგენდა.გე საბიუჯეტო ორგანიზაცია არააო. ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს (შეჭმული ციკნის არა, ამ ინფორმაციის) _ აგენდა.გე სულაც არაა ცალკე იურიდიული პირი, კანცელარიის სტრუქტურული ერთეულია, თვითონ ამ გვერდზე წერია, რომ გვერდი შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ, დომეინიც მთავრობის სახელზეა გაფორმებული და სამთავრობო სერვერზეცაა განთავსებული, ოფისიც მთავრობის კანცელარიაში აქვთ! ეს ყველაფერი ამ მთავრობას წვრილად გამოუჩხრიკა იმ თამარ ჩერგოლეიშვილის „ტაბულამ“, რომლის ქმარსაც წამდაუწუმ ადანაშაულებენ დასავლური მედიისა და პოლიტელიტის ყიდვაში.

ასე, ბატონებო! რომ გეგონათ, რომ ბიძინა თავის საჭურჭლეს გახსნიდა და უფასო ფულს დაგირიგებდათ, ხედავთ, რომელი საჭურჭლე გაიხსნა? თან რისთვის? იმისთვის, რომ ხოტბა და დიდება აღევლინოს მის სადიდებლად. არა საქართველოს გასაპიარებლად, არამედ ბიძინას „გასაპრავებლად“!  სააკაშვილი მილიარდებს ხარჯავდა დასავლეთში პიარზეო, რომ იდექით და ამტკიცებდით, განსხვავებას მართლა ვერ ხედავთ? თუ რამ იხარჯებოდა, იხარჯებოდა საქართველოს წარმოსაჩენად! დიახ, საქართველო რომ კარგად წარმოჩინდებოდა, ეს წარმატებები, ცხადია, მისი პრეზიდენტის წისქვილზეც ასხამდა წყალს. და ახლა? ამ სტატიაში ნახეთ სადმე საქართველოს ქება? ნახეთ საერთოდ რამე, გარდა ბიძინას ქებისა და „გაპრავებისა“? კარგი, მიხეილზე გაჟიჟინებთ და ვერც იმ განსხვავებას ხედავთ, რაცაა „ვეფხისტყაოსნისა“ და „ზებრისტყაოსნის“ ეპოქებს შორის? ვერ ხედავთ, სადამდე დავიდა  „ვეფხისტყაოსნის“ დროინდელი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“?! სადამდე და იქამდე, რომ მთავრობაში, პარლამენტში უხვად არიან წარმოდგენილნი ქალბატონები, ერთნი ქალს სუსტ არსებად წარმოადგენენ (მანანა კობახიძე), _ თურმე, თავად ქალს ღირსების დაცვა არ შეუძლია და როცა მათ „ფეისბუკში“ აგინებენ, ძმამ, ქმარმა ან ბიჭმა შუბლი უნდა გაუხვრიტოს შემგინებელს და ეს სულაც არ იქნება კრიმინალის ზრდა და მეორენი _ თვითონ ქალების ხოცვას არ მიიჩნევენ კრიმინალად. რა, არა? სხვა რამე თქვა ქალბატონმა წულუკიანმა? შეგახსენოთ? _ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, ერთადერთი, ქმრები კლავენ ცოლებსო. აღიარებს, რომ ქმრების მიერ ცოლების მკვლელობამ იმატა და თან ამტკიცებს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა! ანუ ქმრიანო ქალბატონებო, ვინც ამაყად შემოხაზეთ 41, ნუ ინაღვლებთ, თუ თქვენმა ქმარმა გულღვიძლი გამოგიღოთ, ამით კრიმინალი არ გაიზრდება. აი, ქალბატონებო, მრავალჯერ გათხოვილებო, ვისაც გეგულებათ ერთი, ორი, თუნდაც სამი ყოფილი ქმარი, უფრო თამამად იარეთ ქუჩებში, სამსახურის დერეფნებში, ნუ, ცხადია, მანამ, სანამ ყოფილი ქმარი მოგეჭრებათ და ტყვიას დაგახლით. მერე გამოვა ეკა ბესელია და იტყვის, რომ არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდო… ანუ მორალი? უკუეთუ ცოლმან მიზეზი მოგცეს, დაკალი ვითარცა ქათამი? მთელი ამ რიტორიკის მერე გიკვირთ, რომ ძალადობა ყვავის ამ ქვეყანაში _ ცემიდან დაწყებული, ხოცვით დამთავრებული? რატომ გვიკვირს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომ საქართველოში ყოველი მე-11 ქალი თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი? რატომ გვიკვირს ეს, როცა წულუკიანი ცოლების ცემა-ტყეპას კი არა, ხოცვასაც არ მიიჩნევს კრიმინალად? როცა ეკლესია მონური მორჩილებისა და ქმრებისთვის ფეხების ბანისკენ მოუწოდებს ცოლებს? თურმე, არც ის უნდა შევიმჩნიოთ და არც იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ, ძირითადად, სწორედ ბესელიას ამნისტირებულები ხოცავენ ცოლებს. დიახ, ეკამ დაგვარიგა ჭკუა, მოიხსენით ეგ სტიგმაო, ოდესღაც ყველა ტოვებს საპატიმროს და ყველას ნუ აყენებთ შეურაცხყოფასო. კი, ოდესღაც ყველა ტოვებს და ყველა არ სჩადის დანაშაულს ისევ, მაგრამ ეგ „ოდესღაც“ 2 წლის წინათ იყო _ ლამის ყველას რომ დაატოვებინეთ საპატიმრო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მაგრამ რა გინდა? წულუკიანი ამბობს, რომ როცა ქმარი ცოლს კლავს ეს ერთია, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ქმარი დაისაჯოს, და მეორეა, როცა სახელმწიფო ძალადობს მოქალაქეებზეო. ეს გაცილებით მაღალი რანგის დანაშაულიაო. ის სულ არაფერი, რომ გამტაცებლები ყოფილი თანამშრომლები არიან და არა მოქმედი. წულუკიანისთვის „კუდი“ მარადიული ფენომენია. გამტაცებლები „კუდის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიანო, თქვა და გადაეშვა ჰიჩკოკურ თავდავიწყებაში:  „ჩვენ გვახსოვს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ხალხი ჩაცხრილა „კუდმა“, გირგვლიანს ყელი გამოჭრეს „კუდის“ მაღალჩინოსნებმა“. ჰიჩკოკს უყუროს, „ნაციონალებიც“ დაადანაშაულოს, აპოკალიფსი უნდათო, კრიმინალი მაგათ აწყობთო, მაგრამ გირგვლიანის ხსოვნას მაინც სცეს პატივი… დგას და უაპელაციოდ იმეორებს ღარიბაშვილის „გონივრულ ეჭვებს“ და იმას, რაც თქვა ღარიბაშვილმა, რომ გამტაცებლები მან გაყარა „სოდიდან“ და „კუდიდან“, როცა შს მინისტრი იყო. არადა, რა გაირკვა? აგერ, გიორგი ონიანმა „დაასტუკა“ ტყუილში. ონიანის თქმით, დურმიშხან ღვარჩლიანსა და ჯემალ შონიას მართლაც უმუშავიათ „კუდში“, მაგრამ ისინი ღარიბაშვილს კი არ გაუყრია (როგორც ტრაბახობდა), არჩევნებამდე 3 თვით ადრე განთავისუფლებულან სამსახურიდან და… გადასულან ალასანიას პარტიაში; არჩევნების მერე კი სამსახური კი არ დაუკარგავთ, უშოვიათ _ სამხედრო პოლიციაში დანიშნულან…

მოკლედ, ამ ხელისუფლებაში ლეკვი ლომისა სწორია „გონივრულ ეჭვებსა“ და ტყუილების თქმაში და კიდევ იცით, რაში? დანაშაულის უაპელაციოდ დაბრალებაში. რაფალიანცის შემთხვევაშიც ასე იყო, მანანა ბერიკაშვილმაც, ალასანიამაც, ღარიბაშვილმაც იმწამსვე ხელი „ნაციონალებს“ დაადეს… ახლაც ღარიბაშვილიც და წულუკიანიც „ნაციონალებს“ ადებენ ხელს…

 

                                                                                     რეზო შატაკიშვილი