ივანიშვილის დილემა-რუსეთი თუ ამერიკა?

ელისო კილაძე

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ხდებიან, საქართველოს კი ევროპული მომავლის პერსპექტივა ერგო, ისიც იმ დათქმით, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე ფუნდამენტური პირობის შესრულება მოუწევს, მათ შორის, დეოლიგარქიზაციისა და პოლარიზაციის დასრულების.

მოთხოვნებს შორის არის სახალხო დამცველის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა და მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფაქტების გამოძიება.

რას იზამს ხელისუფლება?

პარლამენტში მისული პრემიერის ტონით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, არც ექვს თვეში და არც ერთ წელიწადში.

მეტიც, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ევროპას კიდევ მეტად დავშორებოდით. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებიდან საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ მისი სრულფასოვანი მკურნალობა ამ დრომდე არ ხდება, ხოლო ექსპერტების დასკვნას აგვიანდება. ევროკომისიის სხდომამდე რამდენიმე ხნით ადრე „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, დააკავეს სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომელიც სიმართლეც რომ ყოფილიყო, მხოლოდ დამფუძნებლისა და დირექტორის ფინანსური დავის საგანი იყო და არა სისხლის სამართლის დანაშაული.

ხელისუფლების კურსი, ზრახვები და მოქმედების სტრატეგია, მეტ-ნაკლებად, გარკვეულია. მათ მხოლოდ სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის ეშინიათ. სამაგიეროდ, სრულიად გაურკვეველია ოპოზიციის სტრატეგია და მოქმედების ტაქტიკა.

მეორე ოპოზიციური პარტია, ბოლო კვლევების მიხედვით, 7%-ს არ სცდება, სამოქმედო არეალი თითქმის შეზღუდული აქვს და უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება სატელევიზიო ეთერებშიც კი.

ოპოზიციურ ფლანგზე თითქმის აღარ ისმის მიხეილ სააკაშვილის სახელი და მეტიც: ასევე თითქმის აღარ ახსენებენ ნიკა გვარამიას, _ ადამიანს, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა „ოცნების“ ცხრა წლის ყველა რეპრესია და ზეწოლა, დაწყებული პირადი ცხოვრების შანტაჟით, დასრულებული ციხით.

რა არის ამის მიზეზი?

ფული და გავლენის სფეროების ახალი განაწილება.

ქართულ პოლიტიკაში ისევ ორი პოლუსი დარჩა: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის გავლენა იმდენად დიდია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებზე, პარტიის ლიდერშიპის უმოქმედობის მიუხედავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ პარტიაში მიშას მომხრეები ან უკანა პლანზე გადასწიეს, ან საერთოდ გააჩუმეს. 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ერთ-ერთი ინიციატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იყო, რომელიც შემდგომ ევროპულ საქართველოს აფინანსებდა. მაშინ პარტია ლიდერების დიდმა ჯგუფმა დატოვა და საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ზოგიერთი ისევ ენმ-ს დაუბრუნდა, ზოგიერთი კი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. მაშინ კეზერაშვილმა სერიოზული დივიდენდები მიიღო: მოიგო სასამართლო დავები, გამართლდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, დაიბრუნა ბიზნესწილები და ა. შ., მაგრამ დადო პირობა, რომ არ დააფინანსებდა მედიას და ფულს პოლიტიკაში აღარ ჩადებდა. „ოცნების“ ორი ვადის ამოწურვის მერე მან ეს პირობა დაარღვია და მედიის გარდა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაც დაიწყო, მაგრამ კეზერაშვილის გათვლები, რომ კოალიციურ მთავრობაში გავლენები მოეპოვებინა, არ აღმოჩნდა ზუსტი, „ოცნებამ“ მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენაც „გაიპრავა“ და აღარც ვაჭრობა გამართა კეზერაშვილთან, ამიტომ მან ტაქტიკა შეცვალა და ამჯერად უკვე სააკაშვილის პარტიაში დაიწყო გავლენების მოპოვება, _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი დაანიშნინა და საზოგადოებასთან ურთიერთობა საკუთარ ცოლისძმას ჩააბარა.

ქოლცენტრების სკანდალის შემდეგ კეზერაშვილს დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. მუქთად ნაშოვნი ფული ბევრად იოლი დასახარჯი იყო, ვიდრე ბიზნესიდან მოსული, ამიტომ მან დაფინანსებები შეუმცირა ყველა იმ სტრუქტურას, რომელსაც ამ დრომდე უშურველად აფინანსებდა. სერიოზული ფინანსური პრობლემებია „ფორმულაზე“, ხელფასები ნაწილ-ნაწილ ირიცხება, დახურულია ყველა გასართობი გადაცემა,  „ფარული კონვერტის“ გარდა, რომელიც წლის ბოლოს ასევე დაიხურება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილს „მთავარი არხის“ დაფინანსება რამდენჯერმა სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა. მისთვის ნიკა გვარამიას ფიგურა, სააკაშვილთან ახლო მეგობრობის გამო, კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამიტომ ფინანსების სანაცვლოდ საკონტროლო პაკეტსა და დირექტორის პოსტს ითხოვდა. იგივე წყარო ამბობს, რომ მან ასევე შეუზღუდა ფინანსები „ნაცებსაც“ და გადაწყვიტა, გამოთავისუფლებული თანხებით სამოქალაქო აქტივიზმი დააფინანსოს. რა შედეგს მოიტანს კეზერაშვილის ეს სტრატეგია, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

პარალელურად, მრავლისმეტყველი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ენმ-ს ჰყავს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს და არა სააკაშვილი. ამით ექსპრეზიდენტმა საზოგადოებას უთხრა, რომ მეორე ოპოზიციური პარტიის უმოქმედობას საკუთარი ავტორი ჰყავს და ეს მიხეილ სააკაშვილი არ არის. რთული ფინანსური მდგომარეობაა „მთავარ არხზეც“, ნიკა გვარამიას დაკავების მერე ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა გასართობი გადაცემები და, მათ შორის, ყველაზე რეიტინგული „ვანოს შოუც“, ეთერში რჩება მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სერიალები,

რაც შეეხება სახელისუფლებო არხებს, მათ ფინანსები აქვთ, მაგრამ რეიტინგის თვალსაზრისით პულსი აღარ ესინჯებათ, დიდად არც ჟურნალისტურ სტანდარტებზე ნერვიულობენ, უყოყმანოდ და ყოველგვარი რევიზიის გარეშე ასრულებენ სახელისუფლებო დაკვეთებს.

20 და 24 ივნისის აქციების მერე ხელისუფლების შიგნით დიდი ვნებათაღელვაა. პარტიაში სიტუაცია კვლავ ორადაა გაყოფილი: ერთი მხრივ ირაკლი კობახიძის ჯგუფი, მეორე მხრივ, ღარიბაშვილისა და კობახიძის ჯგუფი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე სწორედ პრემიერია. მისმა მოუზომავმა და სიძულვილით სავსე განცხადებებმა, საზოგადოებასთან ერთად, პრეზიდენტიც წყობიდან გამოიყვანა და ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. ისინი მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პოსტი უნდა დატოვოს; მეორე მხრივ, არც კობახიძე ბრწყინავს გამორჩეული ზრდილობით და სიყვარულით სავსე ფრაზებით. ახლა გააჩნია, რომელი ჯგუფი დაარწმუნებს ივანიშვილს საკუთარ ერთგულებასა და შეუცვლელობაში.

ივანიშვილი კი ნამდვილად მძიმე დილემის წინაშე დგას: რუსეთი თუ ამერიკა?

რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ომის 123-ე დღეს ისევ ბომბავს კიევს და უტევს დედაქალაქის მიმდებარე რაიონებს, მარიუპოლის აღებისა და „აზოვის“ პოლკის ხელმძღვანელების ჩაბარების მიუხედავად, მნიშვნელოვან წარმატებასა და გამარჯვებებს ვერ აღწევს. ამ ფონზე, „ოცნების“ რუსული ნარატივი: „აბა, ომი გინდათ?“, გარკვეულწილად, მუშაობს შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ არ მუშაობს საერთაშორისო ფრონტზე. ევროპა დაჟინებით ითხოვს რეფორმებს და ცდილობს, ქვეყანა რუსული ორბიტიდან გაიყვანოს. ამერიკა-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობა ლამის ცივი ომის მდგომარეობას დაუბრუნდა. სანქცირებული რუსი ოლიგარქები მიყოლებით კარგავენ ფულს და ქონებას. ამ ფონზე რუსეთი საიმედო მოკავშირე აღარაა, მაგრამ საშიშ მოწინააღმდეგედ რჩება. უკრიანაში განცდილი ფიასკოს შემდეგ არაა გამორიცხული, რომ ტაქტიკა შეცვალოს და საქართველოში შემოსვლა ტრიუმფალურ გამარჯვებად გამოაცხადოს, ეს კი ივანიშვილისთვის შველა კი არა, განსაცდელია, რადგან მისი შვილები ევროპასა და ამერიკაში სწავლობენ, აქტივების ნაწილი კი დასავლეთში აქვს გატანილი.

რა მოხდება წლის ბოლოს, თუ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს?

დიდი ალბათობით, დღის წესრიგში დაბრუნდება უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი და ევროპა დაიწყებს სანქციებზე ფიქრს.

რა მოჰყვება ამას?

ერთი მხრივ, ხელისუფლების ჩამოშლის რეალური საფრთხე, მეორე მხრივ კი ემიგრანტების დიდი ნაწილი აღმოჩნდება ურთულეს მდგომარეობაში და მესამე, _ თუ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასასვლელად ემზადება, მათ ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და ქვეყნის შიგნით უკმაყოფილო ადამიანების კრიტიკული მასა მოგროვდება, რომელსაც იდეოლოგიურად აღარც „სისხლიანი ცხრა წლის“ ძახილი შეაშინებს და არც „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა.

3 ივლისს თბილისი დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. საქართველოს რეგიონებში მობილიზაცია უკვე დაიწყო, კოლონები დილიდან დაიძვრებიან და აქცია დაშლას აღარ აპირებს მანამ, სანამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ხელისუფლებას აქვს დიალოგისა და ძალადობის გზა. დიალოგის სურვილი, ჯერჯერობით, არ ჩანს, ძალადობა კი შესაძლებელია, 2 ივლისს დაიწყოს, როცა თბილისში პრაიდის მონაწილეები გამოჩნდებიან. რუსული „ალტ ინფო“ ისევ მობილიზებულია და მორგოშია მუდმივად მზადაა, ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულოს. ის, რაც არ გაუვა ბევრ ხალხთან, შეეცდება გააკეთოს ლგბტქ თემის წინააღმდეგ, დაიკავოს რუსთაველის გამზირი წინა დღით და 3-ში აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალება არ მისცეს; მეორე სცენარი პირდაპირი მნიშვნელობით აქციის დარბევაა, _ ისევ საფუძვლად დაუდებენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სცენარს და აქციის ორგანიზატორებს დააკავებენ. მაგრამ აქ არსებობს კიდევ ერთი მაგრამ… ევროპა და მის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც იწყება პუნქტით პოლარიზაციის დასრულებაზე და მთავრდება ფრაზით დეოლიგარქიზაცია, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების სრულ დაცვას და ძალოვანი უწყებების კანონის ფარგლებში მოქმედებას, _ კანონის ფარგლებში და არა კონკრეტული პირების სურვილებზე.

თუ სიტუაცია გამწვავდა, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა, ივანიშვილი, ცხადია, აქტიურად დაიწყებს გამოსავალზე ფიქრს და მას რამდენიმე კოზირი ხელში უჭირავს: უყოყმანოდ გაწირავს პრემიერ ღარიბაშვილს, გაათამაშებს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის კარტს და ნიკა გვარამიას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინებს.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის მორიგი პარტიაა, ამაში თითქმის არავის ეპარება ეჭვი. მისი მხრიდან მთავრობის მეთაურისა და პარტიის თავმჯდომარის კრიტიკა, ცხადია, ამ ორი პერსონის დაბალანსების ივანიშვილისეული მეთოდია და სხვა არაფერი.