პეტრე მამრაძე: „ირაკლი კობახიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ქვეყნის მოღალატეებთან თანამშრომლობს“

ოპოზიციას, რომელიც ცოტა ხანი ბაქიბუქობდა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებას“ გავაცამტვერებთო, ახლა სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვს. ოპოზიციონერებს გულის სიღრმეში სჯერათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. ეს მოლოდინი მათ ზურაბიშვილის ბოლოდროინდელმა პოზიციამ გაუჩინა. პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა. ოფიციალურად გამიჯვნის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ მმართველი პარტიისა და მისი პოზიციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე სალომე ზურაბიშვილის ასეთ სახეცვლილებას მისი ევროპელობით ხსნის. ის არ ელოდება, რომ ზურაბიშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

რატომ არ დაითხოვს პრეზიდენტი პარლამენტს? რატომ ატყუებს სააკაშვილი თავის ამომრჩეველს? რატომ არ ბრუნდება ის საქართველოში? არიან თუ არა ივანიშვილი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ფარულ გარიგებაში? რატომ უნდა დაისაჯოს ირაკლი კობახიძე? _ ამ თემების შესახებ პეტრე მამრაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატი არ ტოვებს ისეთ განცდას, რომ მალე არჩევნებია. ეს პანდემიის ბრალია, თუ რამე სხვა ახსნა აქვს ამ საყოველთაო პასიურობას?

_ მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რომ არ არის კონცენტრირებული, ამაში პანდემიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ამ გავლენის ხარისხს ჩვენ ვერ გავზომავთ, მაგრამ ფაქტია, რომ კორონამ სერიოზულად დააპაუზა ყველაფერი. ამ საყოველთაო პასიურობას მეორე მიზეზიც აქვს: საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. ხალხი პოლიტიკურ სპექტრს აღარ ენდობა.

_ ეს საყოველთაო იმედგაცრუება რისი ბრალია?

_ საზოგადოებას მოლოდინის განცდა არ აქვს. არ ჩანს ისეთი ლიდერი, რომლის მიმართაც ხალხს მოლოდინი ექნება, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება. ასეთი მოლოდინი იყო 2003 წელს. ასეთი ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილი. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც პოლიტიკის პერსონიფიცირება მოხდა. ადამიანები უყურებენ არა დაწერილ პროგრამებს, არამედ ლიდერებს, რომლებსაც ლოზუნგების დამაჯერებლად გახმოვანება შეუძლიათ.
2012 წელს დიდი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის იმიჯმა. აქ გადამწყვეტი მაინც ციხის კადრები იყო, თუმცა ივანიშვილის ფაქტორმაც განაპირობა „ნაციონალების“ დამარცხება. მას შექმნილი ჰქონდა ქველმოქმედის იმიჯი. საქართველოში იცოდნენ, რომ ის თავის მშობლიურ რაიონს პატრონობდა და ბევრი სიკეთე გაუკეთა. ხალხი ფიქრობდა, რომ როგორც საჩხერეს უშველა ივანიშვილმა, ისევე უშველიდა მთელ ქვეყანას. ამ მოლოდინის შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ახლა არაფერი მსგავსი მოლოდინები არ არის. ახლა ხალხი ისე გაწბილებულია, რომ არავის ენდობა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ისინი მეუბნებიან, არავის ვენდობით, ესენი ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენო.

_ ხალხი ოპოზიციაზე უფრო გულაცრუებულია, თუ ხელისუფლებაზე?

_ არც ერთის სჯერა. ხალხი იძულებულია, სახელმწიფო სტრუქტურებთან ჰქონდეს ურთიერთობა. სახელმწიფო სტრუქტურები ჯერ არ იწვევენ იმ დონის ზიზღს, რომლის შემდეგაც საყოველთაო-სახალხო მოძრაობა იწყება. ასეთი სახალხო მოძრაობები ჩვენ ვიხილეთ 2003 და 2012 წლებში. სანამ ასეთი საყოველთაო ზიზღი არ იქნება, მანამდე ადმინისტრაციული რესურსი მუშაობს. ხალხი ფიქრობს, ესენი რაღაცას მაინც აკეთებენო. ოპოზიცია დემაგოგიის გარდა არაფერს მიმართავს. შესაბამისად, მათ მიმართ ნდობა უფრო ნაკლებია.
მე არ მიკვირს, რომ გამოკითხვებში, მათ შორის, ისეთებშიც, რომელსაც მმართველი პარტია არ ცნობს, „ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი აქვს პოპულარობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს.

_ როგორც ამბობენ, სააკაშვილმა პოპულარობა თავის მომხრეებშიც დაკარგა. მან არაერთხელ გადააგდო მომხრეები, როცა თქვა, საქართველოში ვბრუნდებიო და არ ჩამოვიდა.

_ სააკაშვილის ფაქტორი უაღრესად საინტერესოა როგორც ანალიტიკოსისთვის, ასევე სოციალური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტისთვის. მესამე პრეზიდენტის მიერ პირობის შეუსრულებლობა თითქმის არ მოქმედებს მის ფართო ამომრჩეველზე. ეს საერთო ამომრჩევლის 13-15%-ს შეადგენს.
პირველი კრიზისი სააკაშვილს თავისიანებში პირველად მაშინ შეექმნა, ბოკერიამ 28-კაციანი ფრაქციიდან 22 კაცი რომ წაიყვანა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირადად სააკაშვილმა 28 კაცი გაიყვანა. ამას სხვა ვერავინ დაიბრალებს, ეს შედეგი პირადად მიშას დამსახურებაა, მაგრამ რად გინდა, ბოკერიამ 22 კაცი წაართვა. 23 კაცის წყვანაც შეეძლოთ, მაგრამ ასე აღარ გაწირეს სააკაშვილი. 5 კაცით ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა. მიშას მხოლოდ 6 კაცი შერჩა პარლამენტში.

_ სამაგიეროდ, ახლა რა მოხდა? სააკაშვილმა 36 კაცი გაიყვანა, ბოკერიამ მხოლოდ 5.

_ ბოკერიამ ასეთი სავალალო შედეგი იმიტომ აჩვენა, რომ მას სააკაშვილის კალთა აღარ ფარავდა. მიშამ ბოკერიაზე შვიდჯერ მეტი მანდატი აიღო. ამის შემდეგ ბოკერია და მისი მეუღლე გაისუსნენ. ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ სააკაშვილის ჯინაზე აირჩიეს. ამას ხშირად ვახსენებ. მიშას ლევან ვარშალომიძე უნდოდა, მაგრამ „ნაცებმა“ ვერ მიართვეს. მანამდე სააკაშვილმა შეძლო სასურველი კანდიდატურის გაყვანა პარტიის თავმჯდომარედ. გრიგოლ ვაშაძე მყავს მხედველობაში. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი გასული წლის ბოლოს დატოვა.

_ თქვენი აზრით, რატომ დატოვა მან თავმჯდომარის პოსტი?

_ დეტალები არ ვიცი და რამე კონკრეტული მიზეზის თქმა გამიჭირდება. დიდი ალბათობით, არ უნდოდა, რომ „ნაცებს“ პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყოლოდა. გადადგომის მიზეზი შესაძლოა, ის წერილები იყოს, რომელსაც რუსეთში თავის კოლეგებს უგზავნიდა.

_ რა წერილებზე საუბრობთ?

_ ის საიდუმლო წერილებს აგზავნიდა რუსეთში. ამაზე რამდენიმე წლის წინათ ატყდა სკანდალი. რაც გამოქვეყნდა, ეს აისბერგის მხოლოდ ნაწილია. ცნობილია, რომ აისბერგის მხოლოდ 1/10 ჩანს, 9/10 წყალქვეშაა. მთავარი ისაა, იქ რა ხდებოდა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რას წერდა რუსეთის მოქალაქე ვაშაძე რუსებს მოსკოვში. ამ წერილებს ის მაშინ აგზავნიდა, როცა ჯერ კულტურის, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. არ გამოვრიცხავ, ამ წერილებში რაღაც ისეთი ეწერა, რომ ვაშაძემ გადაწყვიტა, გასცლოდა სააკაშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა დასანახად ვერ იტანს სააკაშვილს. რამხელა ზიზღი აქვთ მიშას მიმართ, ეს მე მკითხეთ. რამდენჯერ შევსწრებივარ, როგორ აგინებდნენ სააკაშვილს. მის მიმართ ყველაზე რბილი შეფასება იყო გიჟი და იდიოტი. პარტიის ელიტისგან განსხვავებით მიშაზე გიჟდება ელექტორატი, მათ შორის, მრავლად არიან ზვიადისტები.

_ ზვიადისტებს რატომ უყვართ სააკაშვილი, რადგან შევარდნაძე გადმოაგდო?

_ ეს ფაქტორიც არის. მიშა მათ უფრო იმიტომ უყვართ, რომ მან ჩამოასვენა საქართველოში ზვიად გამსახურდიას ცხედარი. ამომრჩეველი, რომელიც არც პარლამენტში ყოფილა და არც საკრებულოებში, მიშას მიმართ ერთგულებას ინარჩუნებს. მათთვის სულერთია, კიკაბიძეს დააყენებს სააკაშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად, სოფო ნიჟარაძეს, თუ ვინმე სხვას. ისინი მაინც წავლენ და ხმას მისცემენ მიშას. და ამას ნებისმიერ ამინდში გააკეთებენ.

_ თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენ პროცენტს აიღებს?

_ ეს დამოკიდებულია ამომრჩევლის რაოდენობაზე. სააკაშვილი თავის ხმებს ნამდვილად აიღებს. ერთგული ამომრჩეველი მას არ დააღალატებს.

_ მათზე არ მოქმედებს სააკაშვილის შეუსრულებელი დაპირება? ამბობს, ჩამოვდივარო და არ ჩამოდის.

_ ამ კატეგორიის ამომრჩეველზე არ მოქმედებს. დღეში ხუთჯერ რომ მოატყუოს მომხრეები, ისინი წავლენ და მაინც მიშას სასარგებლოდ მისცემენ ხმას.

_ სააკაშვილმა წელსაც დადო პირობა, რეფერენდუმისთვის ჩამოვალო. თქვენი აზრით, ჩამოვა?

_ გამორიცხულია. კარგად ვიცნობ მიშას და ამიტომ ვამბობ, რომ იგი პირობას არ შეასრულებს. მე შემიძლია გითხრათ, თუ რა შემთხვევაში დაბრუნდება ის სამშობლოში.

_ რა შემთხვევაში ჩამოვა? სათანადო გარანტიები სჭირდება დასაბრუნებლად?

_ ამ შემთხვევაში მარტო რეალური გარანტიები არაა საკმარისი. ეს გარანტიები სააკაშვილის თავში უნდა შეიქმნას. მიშა იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუ ირწმუნებს, რომ სამშობლოში დაბრუნებულს, სულ მცირე, 300.000 კაცი მაინც დახვდება საზღვართან, რომელიც მიშა-მიშას იყვირებს და შემდეგ ამავე შეძახილებით დაიწყება ტრიუმფალური სვლა პრეზიდენტის სასახლისკენ. მიშას პრეზიდენტის სასახლეში ტრიუმფალურად სურს შესვლა. ამას რომ დაიჯერებს, მაშინ შეიძლება ჩამოვიდეს.
მიშა ნამდვილი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, 2013 წელს საქართველოდან არ გაიქცეოდა. საქართველოში დარჩენით ის ძალიან ბევრს მოიგებდა. მან გაქცევა ამჯობინა.

_ საქართველოდან იმიტომ წავიდა, რომ დარჩენის შემთხვევაში მას დააკავებდნენ. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

_ თითქმის გამოვრიცხავ მიშას დაჭერას. დაჭერა კი არა, იმ საქმეებსაც ვეღარ აღძრავდნენ, რაც გაქცევის შემდეგ აღუძრეს სააკაშვილს. ის უნდა დარჩენილიყო, დასწრებოდა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას. შემდეგ მთელი მსოფლიოს გასაგონად ეთქვა, არსადაც მივდივარ, აგერ ვრჩები ჩემს ქვეყანაშიო. დღეს ის სულ სხვა მდგომარეობაში იქნებოდა.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვიღაცები ითხოვდნენ შევარდნაძის დაჭერას. მას საქართველოს დატოვებაც კი მოსთხოვეს. ამ მოთხოვნაზე ედუარდმა მშვიდად და ძალიან ღირსეულად უპასუხა, _ მე არსად წავალ, ვრჩები საქართველოში და მზად ვარ, ყველაფერზე ვაგო პასუხი.
მეეჭვება, „ქართულ ოცნებას“ გაებედა მიშას დაჭერა, მაგრამ თუ მაინც დაიჭერდნენ, მერე გენახათ სააკაშვილის რეიტინგი. მან ეს არ გათვალა და საქართველოდან გაიქცა. ამით დიდი შეცდომა დაუშვა.

_ არის მოსაზრება, რომ სააკაშვილმა საქართველო ივანიშვილთან შეთანხმების შედეგად დატოვა და ისინი დღემდე თანამშრომლობენ. თქვენ გჯერათ ამ ვერსიის?

_ ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. იმიტომ გამოვრიცხავ, რომ ორივეს ვიცნობ. სააკაშვილს უფრო კარგად ვიცნობ. როცა გავიცანი, 24 წლის ბიჭი იყო. ერთად ვმუშაობდით. ივანიშვილთან შენახვედრი ვარ, მაგრამ კარგად შვისწავლე მისი ხასიათი. მას ორმაგი და სამმაგი თამაში არ შეუძლია.

_ რატომ არ შუძლია?

_ ამას მისი ფსიქიკა ვერ აიტანს. ფარული გარიგებები მისი სტილი არ არის. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. გახარიაზე რაც თქვა, ეს ყველაფერი მისი გულის სიღრმიდან არის ამოსული.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ გახარიაზე მართლა გაბრაზებულია და რაც მათ შორის ხდება, ეს სპექტაკლი არ არის?

_ გაბრაზებული კი არა, ნაწყენია. წყენა კი სასწაული იცის. ისეთი წყენა იცის, რომ მეტი არ შეიძლება.

_ რატომ არის ნაწყენი? გახარიამ ხომ დაუბარა, რატომაც გადადგა? ყოფილი პრემიერი ღიად ამბობს, რომ ივანიშვილთან მიმართებით წყენა არ აქვს. ის ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების გამო წავიდა.

_ ამას გახარია ღიად ამბობს. ივანიშვილიც ღიად მიანიშნებდა, რომ მას ძალიანაც მოსწონდა ირაკლი კობახიძე. ეს ბევრ რამეში გამოიხატა. მისი მოწონება ისეთ მარაზმამდეც კი მივიდა, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის ბანერზე ირაკლი კობახიძის ფოტო იყო გამოსახული. მაშინ ანეკდოტიც კი იყო, ხუმრობდნენ, _ სალომე კობახიძე და ირაკლი ზურაბიშვილი იყრიანო კენჭს პრეზიდენტად.

_ კობახიძემ რით დაიმსახურა მისი აღფრთოვანება?

_ ივანიშვილს ასეთი რამეები სჩვევია. ასე მოსწონდა თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი.

_ ივანიშვილის მთავრობაში ის ყველაზე ურეიტინგო მინისტრი იყო, მაგრამ ადგნენ და პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.

_ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. მან მარტო პრეზიდენტობის კანდიდატად კი არ დაასახელა მარგველაშვილი, არამედ თქვა, ეს არის უალტერნატივო და ამ თემაზე დებატებს აზრიც არ აქვსო. იქვე დაამატა, _ თუ ის პირველივე ტურში 60%-ზე ნაკლებს აიღებს, მეწყინება და დავტოვებ პოლიტიკასო.

_ მარგველაშვილი მალევე შეიძულა.

_ ვერ ვიტყოდი, რომ შეიძულა. სიძულვილი სააკაშვილს ახასიათებს. ის ვისაც შეიძულებდა, ითხოვდა, რომ ეცემათ და მოეკლათ. ივანიშვილი ასე არ იქცევა, მაგრამ წყენის გულში ჩადება იცის, თუმცა დაშავებით არაფერს დაუშავებს. მარგველაშვილი პრეზიდენტად ორიოდ თვის არჩეული იყო, როცა ივანიშვილმა იმედის ეთერში ისაუბრა მასზე. მაყურებლის მისამართით ხელის გული გაიშვირა და თქვა, ეს კაცი არჩევნებამდე ასეთი იყო, არჩევნების შემდეგ კი ასეთი გახდაო და შეაბრუნა ხელი. ისიც თქვა, ამ ხნის კაცი ვარ და პირველად შევცდი ასე არჩევანშიო, _ კაცი ასეთი მეგონა და ის ისეთი ყოფილაო.

_ კობახიძეც ძალიან შეიცვალა. სასწაულად აგრესიული გახდა და ეს აგრესია მოსწონს ბიძინას?

_ იცით, რატომ გახდა ირაკლი კობახიძე ასეთი აგრესიული? ფიქრობს, რომ მისი აგრესია ბოსს მოეწონება.

_ ბოსს აშკარად მოსწონს მისი აგრესია.

_ აშკარად მოსწონს. გახარიასთან და კობახიძესთან დაკავშირებით საოცარი რამე მოხდა: „ოცნების“ კულუარებში ჰყვებიან, რომ პრემიერის პოსტზე მყოფი გიორგი გახარია დაჟინებით ითხოვდა ნიკა მელიას დაკავებას. გახარია ისეთი დაჟინებული იყო, რომ პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. მერე მისი არდაჭრა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როცა დაკავების ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, გახარია მოულოდნელად გუნდს ეუბნება, რომ ოღონდ ახლა არ დააკავოთ, ოღონდ ახლა დაკავება გადაავადეთო. რამდენიმე დღეს ითხოვდა.

_ თქვენი აზრით, რატომ მოითხოვა დრო?

_ არ ვიცი. ეს მან უნდა ახსნას. ამაზე გიორგი გახარიას განმარტება არ გაუკეთებია. ის მაინც ეთქვა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და მე ნიკა მელიას დაკავებას არ ვითხოვდიო. რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე არ ვიცი. ამასთან, ძალიან კარგად მესმის გახარიასი, რომ თანამდებობიდან გადადგა. იმ მომენტში ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მერე უცბად რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, ამან კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა.

_ მის დაბრუნებაში ივანიშვილის ხელი არ ურევია?

_ არანაირად. ამაში სხვების ხელი ურევია.

_ ვინ არიან ეს სხვები?

_ ესენი არიან ე. წ. ბიჭები. მათ ჯერ ზვიად გამსახურდია მოიყვანეს. მერე გადაუდგნენ და კიტოვანს დაუდგნენ გვერდით. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მოისურვეს ხელისუფალის შეცვლა და დიდი კასტინგის შედეგად მიშა შეარჩიეს. „ვარდების რევოლუციამდე“ ორი თვით ადრე მათ მიშას სუფრაც გაუშალეს. არც მიშას და არც მის გარემოცვას, ასევე იმ ბიჭებს, არ ეგონათ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მიშა პარლამენტში მათი საყრდენი იქნებოდა.

_ ამ ბიჭებს აქამდე უმართლებდათ და რა გარანტიაა, რომ გახარიასაც არ მოიყვანენ ხელისუფლებაში?

_ ძნელი სათქმელია. იმ ბიჭებმა შეიძლება სცადონ, მაგრამ თავად გახარიაში ვერ ვხედავ იმ მუხტს. მას არ აქვს ქარიზმა, რომ ფართო ამომრჩეველზე გავიდეს.

_ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას კობახიძისთვის უნდა სამაგიეროს გადახდა.

_ არ გამოვრიცხავ, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს.

_ სალომე ზურაბიშვილის მდუმარებაზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, რატომ განსხვავდება მისი პოზიცია „ოცნების“ პოზიციისგან? ადრე ისინი ერთ ხმაში მღეროდნენ.

_ არც არაფერს ვფიქრობ. სალომე არ არის ის ადამიანი, რომელიც თავის გუნდს შექმნის. ის დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს. ივანიშვილის გადაწყვეტილებით და ძალისხმევით გახდა სალომე საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ის არის საფრანგეთის მოქალაქე, რაც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის საფრანგეთში გაიზარდა, ნამდვილი ფრანგია და მისთვის ზღვარი არსებობს, რომლის იქითაც არ წავა. ამიტომ არ მოიწონა, რომ „ოცნებამ“ მიშელის შეთანხმება დატოვა. ის ჩემსავით ვერ იტყვის, რომ ეს დოკუმენტი იყო ევროპის მხრიდან ორმაგი სტანდარტების დემონსტრირება.

_ ორმაგი სტანდარტების დემონსტრირება რაში გამოიხატა?

_ „ოცნებამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს და მეორე დღეს დაუყენეს პირობა, რომ კიდევ ორი პირობა უნდა შეესრულებინათ: მელია და რურუა გამოეშვათ ციხიდან და თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი ბარიერი დაეწესებინათ. მე დასავლური ფასეულობების ერთგულად ვრჩები, მაგრამ მიშელის დოკუმენტი ევროპისთვის სამარცხვინო რამ გახლავთ.

_ ვიღაცებს აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი ამ პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელს დანიშნავს. თქვენი აზრით, მოსალოდნელია ასეთი რამე?

_ არა. ეს გამორიცხულია. სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამის წინაპირობა არ არსებობს.

_ ოპოზიცია, საერთო ჯამში, თუ შეძლებს 57%-ის აღებას, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყვეს?

_ წინასწარ რაღაც პროგნოზის გაკეთება ძნელია, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ამდენ პროცენტს ვერ აიღებს. „ნაციონალები“ ისევ ოპოზიციაში დარჩებიან. „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი პირობა შეასრულა, მან შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობა“. გახსოვთ, დავით უსუფაშვილის განცხადება? ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, როდესაც გვითხრა, რომ „ნაცმოძრაობის შენარჩუნება“ საჭირო იყო.
რამდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ მისცა „მთავარ“ არხს. ძალიან გამიჭირდა მისი ინტერვიუს მოსმენა, მაგრამ ბოლომდე მივყევი. კობახიძემ თქვა, რომ „ნაციონალები“ მოღალატეები არიან. იქვე დაამატა, რომ აღარ გვინდა სიძულვილი და მათთან უნდა ვითანამშრომლოო. ამით მან აღიარა, რომ ქვეყნის მოღალატეებთან თანამშრომლობს. მოღალატეები თავად უწოდა „ნაციონალებს“. ამის გამო მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი. სხვაგან ეს დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა. მოღალატეებთან რომ თანამშრომლობ, თავადაც მოღალატე ხარ.

შორენა მარსაგიშვილი