ლია მუხაშავრია: „ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ: ეს არჩევნები რეფერენდუმია“

გურიაში, კონკრეტულად კი ლანჩხუთში, ოპოზიციას მერობის საერთო კანდიდატი ჰყავს. ლანჩხუთის მერობისთვის იბრძვის პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნის“ წევრი ლია მუხაშავრია. როგორც „ქრონიკა+“-სთან ქალბატონი ლია აცხადებს, ის ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობს და კონკრეტული ხედვაც აქვს.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია მძიმე პანდემიურ ვითარებაში და რა მოლოდინები აქვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით? ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ოპოზიციიდან ლანჩხუთის მერობის კანდიდატ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლია, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია კოვიდპანდემიის ფონზე და რა დაბრკოლებები ახლავს თან მას? რამდენად უარყოფითად აისახა მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ამომრჩეველთან კომუნიკაციაში?

_ ნამდვილად ძალიან რთული ვითარებაა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. შენობის შიგნით შეკრება, პრაქტიკულად, არ შეიძლება. პირდაპირი აკრძალვა არ არის, მაგრამ ყველა შეხვედრას ღია სივრცეში ვმართავდი და მომავალშიც მხოლოდ და მხოლოდ ასე ვიზამ. ამის საშუალება არის გურიაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევეცდები, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები აქტიურად გამოვიყენო, როგორიცაა ადგილობრივი გაზეთი. მადლობა ღმერთს, ადგილზე გამოდის სამი ადგილობრივი გაზეთი, რომელიც ვრცელდება და თითქმის ყველა ოჯახი იღებს ლანჩხუთის რაიონში, ეს უნიკალური მოვლენაა ლანჩხუთში. ამის გარდა, კიდევ ვრცელდება ორი რეგიონული გაზეთი და, ასე ვთქვათ, საინფორმაციო საშუალებები არის. გარდა ამისა, ძალიან მწყალობს ცენტრალური მედია და ჩემი ინტერვიუები იბეჭდება გაზეთებშიც და ტელევიზიითაც მაქვს საშუალება, მივმართო ამომრჩეველს. ასევე შევეცდები, რომ გამოვიყენო სოციალური მედია, რადგან ესეც ძალიან აქტუალურია და ბევრი ლანჩხუთელი არის „ფეისბუქის“ მომხმარებელი. ამიტომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი და, სხვათა შორის, გურიაშიც საკმაოდ მძიმე პანდემიური ვითარებაა, არ მინდა, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის გამო ოდნავადაც კი დამძიმდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ არის თხილის მოსავლის აღების და დაბინავების პერიოდი, ჩვენი სოფლები და მოსახლეობა ახლა ამით არის დაკავებული. ამიტომ აქამდე შედარებით უფრო მცირე მასშტაბის შეხვედრები იყო და სექტემბრის დასაწყისიდან უფრო ფართო შეხვედრების ქსელს გავშლით, ოპოზიციური პარტიები და მე ჩავატარებთ ერთობლივ შეხვედრებს სოფლებში, ამომრჩევლებთან. ეს იქნება ხელსაყრელი, როგორც ჩვენთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, მათი მაჟორიტარი კანდიდატებისა და ჩემთვის, როგორც მერობის კანდიდატისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, არჩევნებზე იქნება რამდენიმე ბიულეტენი სიით, მაჟორიტარული და მერების, რამაც შესაძლოა, ამომრჩეველი დააბნიოს, ვინ და როგორ შემოხაზოს. შევეცდებით, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია ამ კუთხით იყოს ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამომრჩეველი გავარკვიოთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, არამედ არის ისიც, რომ ეს არის ე. წ. რეფერენდუმი, რომ მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ, მოგეხსენებათ, გურიაში პოლიტიკით ძალიან არიან დაინტერესებულები და ვფიქრობ, ამ თემებზე ჩაღრმავებული საუბრები უფრო გვექნება, ვიდრე გაცნობითი და ინფორმაციული. ეს დამოკიდებულება, რაც საზოგადოებას არჩევნების მიმართ აქვს, უფრო მეტად აქტიურია, ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი ადგილობრივი არჩევნების დროს იყო.

_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ამომრჩეველი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ უფრო აქტიურია, ვიდრე სხვა ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში იყო?

_ ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ: ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ იციან ჩემ შესახებ, რომ მერობის კანდიდატი ვარ, წარმატებას მისურვებენ, რაზედაც ვპასუხობ, _ წარმატებას კი ნუ მისურვებთ ხმა მომეცით და ამით თქვენს თავს გაუკეთებთ წარმატების შანსს-მეთქი. კითხვები, რომლებსაც ისინი მისვამენ, მაფიქრებინებს, რომ საზოგადოება უფრო მეტად არის აქტიურად განწყობილი. გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, ნებისმიერი შემოხაზონ 41-ის გარდა და შევეცდებით დავარწმუნოთ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რათა შემდეგ ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ეს არ იქნება რთული ამოცანა. უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ ყველა ნაბიჯზეა. ჯერ კმაყოფილი ადამიანი არ შემხვედრია იმ მდგომარეობით, რომელიც გვაქვს. როცა ვეუბნები, რომ უნდა შევცვალოთ, სულაც არ მინდა ეს მერობა, მაგრამ იმიტომ გადავდე თავი, რომ აქ ვცხოვრობ და ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც ხდება. ამაში მაქვს ერთსულოვანი თანხმობა იმ შეხვედრების შედეგად, რომელიც აქამდე მქონდა და არ მგონია, ეს დამოკიდებულება ერთ თვეში შეიცვალოს.

_ მოსახლეობა ერთსულოვანია, ყველა უკმაყოფილოა, თუმცა საინტერესოა, რას სთავაზობთ მათ?

_ მე უნდა შევთავაზო ის, რაც მის ინტერესებშია, მას მოუტანს სარგებელს. ერთ-ერთი ჩემი უმთავრესი მიზანი არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, რომ მოსახლეობის გადინება შეჩერდეს და მეტიც იგი დაუბრუნდეს დაკეტილ სახლ-კარს. პირველ რიგში, რასაც როგორც მერი გავაკეთებ: ადრე, როცა თხილის საწარმოს ვაშენებდი, მაშინ ჩემი კოოპერატივის წევრები მეუბნებოდნენ, რომ სოფლებში ჯერ კიდევ არის დარჩენილი კომუნისტების დროიდან შენობები, იქ გააკეთეო საწარმოო, ამიტომაც შევისწავლე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა, რომელიც თითქოსდა 1 ლარად იძლევა ასეთ ქონებას, თუ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციას მოახდენ შიგნით და გამართავ საწარმოს. ქონებას აფასებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და გარწმუნებთ, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, რა კრიტერიუმით აფასებს. ეს არის გაბერილი რიცხვები, რაც აიძულებს პოტენციურ ინვესტორს, იმ გაბერილი ქონების შესაბამისი ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია მოიზიდოს, რაც ხანდახან შეუძლებელია. ამიტომ ჩემი იდეაა იქნება, სათითაოდ ყველა სოფელში, თუ სადმე რამე შენობა დგას ჯერ კიდევ და რამდენადმე ექვემდებარება რეკონსტრუქციას, აღვრიცხოთ, გავარკვიოთ, ვის ბალანსზეა, _ ეკონომიკის სამინისტროს თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის? _ და იმის მიხედვით შევთავაზოთ, თუ ვინმე შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს შენობა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცეთ. ყოველ სოფელში რომ 5-10 სამუშაო ადგილი შევქმნათ, რაიონის მასშტაბით 37 სოფელია, 5-ზე გამრავლების შემთხვევაში კი 185 სამუშაო ადგილს მივიღებთ, ეს შეიძლება იყოს 185 ოჯახის შემოსავალი, 185 დაკეტილი სახლ-კარის გაღების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ასეთი პროექტებით შეიძლება დაინტერესდნენ ის ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ ან კერძო ბიზნესი აქვთ დიდ ქალაქებში, მაგრამ ვერ ხედავენ პერსპექტივას, სად შეიძლება ადგილზე საკუთარ სოფელში ეს გამოიყენონ. ჩვენ თუ ამის შესაძლებლობას მივცემთ, ძალიან ბევრი სიხარულით დაბრუნდება და ინვესტიციას გააკეთებს, რაც იქნება უწინარესად საფუძველი იმისა, რომ შეიქმნას ადგილზე საწარმოები.

სოფლიდან სოფელში გადაადგილება თუ საკუთარი ავტოტრანსპორტი არ ჰყავს ოჯახს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მუნიციპალური ტრანსპორტი კატასტროფულად მუშაობს და ესეც შესაცვლელია ლანჩხუთში. ასეთი ნაბიჯები იქნება ბიძგი, ადამიანებს გაუჩნდეთ ოპტიმისტური ხედვა, უფრო რაციონალურად მიმოიხედონ გარშემო და მონახონ ახალი რესურსები სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი, რომ ადგილზე შეიქმნას ახალი შესაძლებლობები. გარდა ამისა, მე ვიქნები ძალიან აქტიური, რომ მოვიზიდო ინვვესტიციები და ინვესტორები, რომ ლანჩხუთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი საწარმოები. ეს იქნება უცხოელი ინვესტორი და უცხოური კაპიტალი თუ ქართველის, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი ახალი საწარმო და სამუშაო ადგილები გაჩნდება, ეს დაამაგრებს ადგილზე მყოფ მოსახლეობას, განსაკუთრებით შრომისუნარიან ახალგაზრდობას, შექმნის მათ კვალიფიციურ მუშახელად ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ეს კი შეცვლის მდგომარეობას. იმის გამო, რომ რაიონში დასაქმების არანაირი შანსი არაა, გარდა ფიზიკური შრომისა, ადამიანები ტოვებენ აქაურობას, ეს არის გაუკაცრიელებული ულამაზესი სოფლები და დაკეტილი სახლები, რომლებიც ძალიან მძიმე სანახავია. გარდა ამისა, პანდემიამ მეორე წელია შექმნა ვითარება, როდესაც ზოგიერთი ოჯახი დაბრუნდა ქალაქიდან და ხელი მოჰკიდა სოფლის მეურნეობას, მოეწონა ეს ამბავი და დარჩა. ასეთ ოჯახებს ადგილზე უნდა გავუწიოთ თუნდაც ინტელექტუალური დახმარება: რაც მოჰყავთ, ვასწავლოთ, თუ როგორ მოიყვანონ უკეთ. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ახალი სიპი შექმნას, რომელიც ადგილზე წარმოებული პროდუქციის ორგანიზებულ გაყიდვაზე იქნება კონცენტრირებული. ერთია, რომ ადამიანს მოჰყავს შრომის შედეგად პროდუქტი, მეორეა, არ იცის სად გაყიდოს ან გამყიდველი იმდენად დიდ მოგებას ნახულობს მწარმოებელთან შედარებით, რომ ეს უსპობს მას სურვილს და მოტივაციას, რაიმე პროდუქტი მოიყვანოს. ასევე, შესაძლოა, შეიქმნას გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომ არ დაიკარგოს არც ერთი კილოგრამი მოსავალი, რომელიც რაიონში მოდის ხილისა თუ ბოსტნეულის სახით. ასევე შესაძლებელია სამაცივრე მეურნეობების შექმნა, რომ სეზონური ხილი გაიყიდოს სხვა დროს, როცა ფასი გაცილებით მაღალია და ამან დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გააჩინოს. ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი, თუკი მუნიციპალიტეტს მართავს სამეურნეო გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც მართლა უნდა, რომ ადგილზე რამე შეცვალოს, განსაკუთრებით ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.
ეს სამეურნეო კუთხით, მაგრამ მეორე დიდი პრობლემა რაც არის, ზოგადად, მუნიცპალიტეტში და ამ მხრივ ლანჩხუთი გამონაკლისი არ გახლავთ, ეს უგზოობაა. ლანჩხუთის ტერიტორიების ნაწილი მთებზეა განლაგებული და იქ ისეთი ცუდი გზებია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას უჭირს მისვლა და, წარმოიდგინეთ, ეს რა კატასტროფაა, როდესაც პანდემიაა და ნებისმიერ ოჯახში შეიძლება გაჩნდეს კოვიდინფიცირებული პაციენტი. ამიტომ გზების პრობლემაა უპირველესად მოსაგვარებელი, ასევე წყლის პრობლემა, _ არც ერთ სოფელში სასმელი წყალი არ მოდის. თუ სადმე მოდის წყალი, ის არის ტექნიკური, არ ისმევა და ვინც დალევს, ჯანმრთელობა შეერყევა. მართალია, მოსახლეობა ჭით სარგებლობს, მაგრამ შესამოწმებელია, რამდენად სუფთაა ჭის წყალი და სასმელად ვარგისი, რადგან რამდენადაც პროფეისონალებისგან ვიცი, მოსახლეობის დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანები სარგებლობენ უვარგისი, დაბინძურებული სასმელი წყლით. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მაგისტრალი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაზიფიკაცია არ არის ხელმისაწვდომი. ასევე არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ონლაინ განხორციელების გამო. მეტიც, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახის ბავშვებს, რომელთაც არ გააჩნიათ კომპიუტერი და ინტერნეტთან ხელმისაწვდომა, ეს უნდა მოვუგვაროთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან იოლად მოვძებნი ან დონორ ორგანიზაციას ან საელჩოს, რომელიც ამაში დამეხმარება, რომ რამდენიმე ასეული, თუნდაც მეორადი, მაგრამ მუშა კომპიუტერი მოვძებნოთ ამ ბავშვებისთვის, რომ მათ სასწავლო პროცესში ჩართვა შეძლონ. ასევე 2 წლის წინათ, როცა გავიგე, შემზარა, რომ 110 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია რეგისტრირებული. ვფიქრობ, ერთი იმდენი შესაძლოა, არ არის რეგისტრირებული. პატარა რაიონისთვის, სადაც ასეთი მცირერიცხოვანი მოსახლოებაა, ეს ძალიან მაღალი რიცხვია. მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებს ამ ბავშვებისა და ოჯახებისთვის, ამიტომაც მგონია, რომ ერთი იმდენი დაურეგისტრირებელია, ოჯახებს არანაირი ინტერესი არ აქვთ, დაარეგისტრირონ ასეთი ბავშვი, თუკი დახმარების ან შეღავათის იმედი არ აქვთ. სრულიად შესაძლებელია გაიხსნას დღის ცენტრი, სადაც ამ ბავშვებს დღისით ექნებათ ნორმალურ პირობებში გართობის, მათი უნარების შესაბამისად სწავლის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, ეს დღის ცენტრები კი უნდა გადავაქციოთ ამ ბავშვების საზოგადოებაში გამოყვანის შესაძლებლობად, რადგან ალბათ ძალიან ბევრი სახლის კედლებს მიღმაც ვერ გადის. ასვე ძალიან ბევრნი არიან მარტოხელა მოხუცები, რომელთაც ვერავინ ეხმარება. ასეთი ადამიანებისთვისაც უნდა შეიქმნას დღის ცენტრი, სადაც ისინი დღის განმავლობაში მიიღებენ ნორმალურ საკვებს, ექნებათ სითბო ცივ სეზონზე, ასევე თავისი ინტერესის შესაბამისად ექნებათ დროის გატარების საშუალება. ამით მათ ამ გაჭირვებულ წუთისოფელს ცოტათი გავულამაზებთ. ამის გაკეთება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის სავალდებულო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ამისთვის ვიღაც თხოვნით მიმართავს თუ არა. ამას მერია საკუთარი ინიციატივით უნდა აკეთებდეს.

სხვა საჭიროებები ინდივიდუალურია: ადამიანებსა და ოჯახებს ვიცნობ, რომელთაც ბევრი რამ სჭირდებათ, მათ შორის, ჰუმანიტარული, სამედიცინო დახმარება, რაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ამასთანავე, რაიონში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ლანჩხუთის ცენტრში რომ მოედანია, ადგილობრივები „კრუგს“ ეძახიან, სადაც ოთხი სამსართულიანი კორპუსი დგას, ამ კორპუსების ფასადების გარემონტება დაიწყეს. თქვენ რომ ამ კორპუსებს შემოუაროთ და ეზოს მხრიდან შეხედოთ, გული გაგისკდებათ, ისეთ მდგომარეობაშია: აგურით თუ ბლოკით მიშენებული ლოჯიები, სადარბაზოში რომ შეხვიდეთ, შეიძლება ფეხი მოიტეხოთ, რადგან საფეხურები ჩამტვრეულია, თან ბნელა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კი ფასადებს ალამაზებს, რომელიც გარედან ჩანს. ვიღაცამ რომ შემოუაროს, ვერ დაიჯერებს, რომე ერთი და იგივე სახლია. ასეთი ფასადური შეკეთებები უნდა დასრულდეს. ამ სახლებს უნდა გაურემონტდეს სადარბაზო და ყველა მხარეს გაუკეთდეს ფასადი, იქ ცხოვრება მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა გახდეს. ვსაუბრობ, ლანჩხუთის ცენტრზე, წარმოიდგინეთ, ცენტრიდან დაცილებულ ადგილებში რა ხდება.

_ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. მცხოვრებლები, რომლებსაც ეს პრობლემები აწუხებთ, რამდენად არიან მზად, მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაგიჭირონ თქვენ, იმ ნიჰილიზმისა და მძიმე პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რა ზოგადად ქვეყანაში არის?

_ როდესაც ლანჩხუთში სამუდამოდ გადმოვსახლდი, მაღაზიებსა და ქუჩებში მხედავდნენ, უცნობი ადამიანები მეკითხებოდნენ: მართალია, რომ აქ გადმოხვედით და აქ ცხოვრობთო? რაზედაც ვპასუხობდი, რომ დიახ, ნამდვილად გადმოვედი, აგერ მხედავთ-მეთქი. ეს ძალიან ბევრს ახარებდა. მეუბნებოდნენ, თუკი შენისთანა ადამიანი დასახლდა ლანჩხუთში, ე. ი. აქ სხვა წარმატებული ადამიანებიც ჩამოვლენო. მათ ეს რწმენა, რომ ლანჩხუთს კი არ ტოვებენ, არამედ ვიღაცები მოდიან და ბრუნდებიან კიდეც, ძალიან დიდი სიხარულით ავსებდათ და ეს ჩემთვის თვალსაჩინო იყო. რაც აქ ვცხოვრობ, აქტიური ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, ხანდახან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები იმის გამო, რომ ისინი მცნობენ სახელითა და გვარით, იციან, ვინ ვარ. მე ვერ ვცნობ, მაგრამ კომუნიკაციაში შევდივარ მათთან, ვსაუბრობ. ამიტომ მგონია, რომ ადამიანები პირადად ჩემ მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ისინი ხედავენ, რომ მარტოხელა ქალი ჩამოვიდა, ამ ქალმა შეძლო და ასეთი მსხვილი კოოპერატივი დააფუძნა, სადაც 98 ოჯახი გაწევრიანდა, ამ ქალმა შეძლო, რომ ამ კოოპერატივისთვის აემუშავებინა თხილის გადამამუშავებელი საწარმო. ეს მათ თვალწინ მოხდა, ამან ძალიან ბევრი სტერეოტიპი დაანგრია მათ თვალში, რადგან ეს მათთვის თავიდან იყო წარმოუდგენელი და ის ახლობლებიც, ვისაც მე ამ გეგმებს ვუზიარებდი, ღია სკეპტიციზმით უყურებდნენ ჩემს იდეებს და მეუბნებოდნენ, რომ ეგ არ გამოგივა. მათ ახლა დაინახეს, რომ ეს თურმე შესაძლებელი ყოფილა. ამან შექმნა ის აზრი, რომ თუკი მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. გარდა ამისა, მე ვარ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. ჩვენ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ვითანამშრომლებთ, არამედ გვაქვს მტკიცე შეთანხმება მიღწეული, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არჩევნების შემდგომ საკრებულოსა და მერიაში. ჩვენ იქ ვიქნებით იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგ იდეებსა და წინადადებებს მხარი დავუჭიროთ და რაც შეიძლება ჯეროვნად და ზუსტად განვახორციელოთ ეს კარგი ბიზნეს თუ სხვა იდეები და წინადადებები. როდესაც ერთიანობაა პატარა მუნიციპალიტეტში, ამ შედეგის დანახვა უფრო იოლი და შესაძლებელია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ გვექნება ერთიანი შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, ადამიანებს კიდევ უფრო დაარწმუნებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს კი არ ერჩის და როგორც ამბობენ ხოლმე, ერთმანეთს კი არ ჭამს, არამედ ერთი პროგრამით გამოდის, შეთანხმებული პოზიციით მოქმედებს, ე. ი. იმედი აქვს, რომ ისინი მომავალში უფრო კარგად ითანამშრომლებენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანებს ოპტიმიზმის სერიოზულ საფუძველს გაუჩენს. დიდი მიღწევა იყო, რომ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომები ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლო, ინტერნეტით თვალყური ედევნებინა. ისინი უკვე გარკვეული არიან, როგორი ურთიერთობა იყო ახლა მოქმედ და წინა საკრებულოში. ახლა როდესაც შეხვედრებზე მათ კითხვებს ვუპასუხებთ ერთიანი პროგრამით, ერთად წარვდგებით, ვფიქრობ, ამან უნდა შეცვალოს ამომრჩევლის დამოკიდებულება და მოტივაცია, გაცილებით მეტი ადამიანი მოვა ახლა 2 ოქტომბერს არჩევნებზე და ხმას მისცემს მისთვის სასურველ კანდიდატს. ჩვენ არ ვეუბნებით, რომ მაინცდამაინც მე მომცენ ხმა, ჩვენ ვეუბნებით, ვისაც გინდათ, მიეცით ხმა, ოღონდ მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ 43% არ აიღოს. სოფელში რომ გადმოვსახლდი, მეგონა, უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნებოდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ახლა ერთი ვადით მაინც თუ ვიქნები ლანჩხუთის მერი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლაჩხუთში შეიქმნას ახალი რეალობა, როდესაც გაერთიანებას, პოლიტიკოსების გონივრულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლობას შეუძლია მოიტანოს ძალიან კარგი შედეგი. გახსოვთ, გურიის რესპუბლიკა იყო პირველი ქართული რესპუბლიკის წინა რესპუბლიკა და სრულიად ამოვარდნილი მოვლენა. ჩვენ შევეცდებით, ეს პრეცედენტი გავიმეოროთ იმით, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შევქმნათ ოაზისი, რომელიც იქნება მისაბიძი და გადამდები მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. გარდა ამისა, მჯერა, რომ პოლიტიკური ღრმა ცვლილებები შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ქვევიდან. თუ მუნიციპალურ დონეზე მართლაც შევცვლით რაღაცებს, შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდება იმისი რწმენაც, რომ საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე კოალიციური ერთობა შესაძლებელია და კოალიციური თანამშრომლობა და პოლიტიკა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ის, რაც ჩვენ აქამდე გამოვცადეთ, რითაც ყველანი უკმაყოფილო ვართ.

ნენე ინჯგია