შეყვარებული მოხუცები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

საქართველოში არსებობს ორი სახელმწიფო ინსტიტუცია: თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი. აქედან თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ყველაზე დიდია _ ის 12.500 კვ.მ. შენობას ფლობს. დღეს სხვა შენობაში მათი გადაყვანის პროცესია დაწყებული.როგორია მოხუცების ცხოვრება სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებულ პანსიონატში _ იმ სახელმწიფოს, რომელსაც მოხუცებისთვის კი არა, დანარჩენი მოქალაქეებისთვის უჭირს პირობების შექმნა ეკონომიკური ფონის გამო?

„ქრონიკა+“ ესაუბრება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორ დარეჯან თომაძეს:

_ შეიცვალეთ უკვე სტატუსი?

_ ჯერ არა, პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა.

_ აქედან რატომ გადადიხართ? _ ამხელა ფული დაიხარჯა გაზიფიცირებასა და კეთილმოწყობაზე.

_ სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება 12.500 კვ.მ. ფართობის მქონე შენობის შენახვა, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გამოგვიყოს ტერიტორია შენობით ან მხოლოდ ტერიტორია. რამდენიმე საელჩო უკვე მზად არის, დაგვეხმაროს.

_ პანსიონატის ყველაზე ხანდაზმული მკვიდრი რა ასაკის არის?

_ ყველაზე ხანდაზმული გვყავს 95 წლის რეციპიენტი. ზოგი დადის, ზოგი _ ვერა, ზოგიერთი საღ გონებაზეა, ზოგს დემენცია აწუხებს. რამდენიმე მოხუცი აქტიურია. ასეთია, მაგალითად, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ყოველთვიურად გამოსცემს კედლის გაზეთს სახელწოდებით „ჭაღარა“. ზოგიერთი ხანდაზმული ეზოს ბაღშია დასაქმებული… არიან ისეთებიც, ვისაც ბანკმა პენსია დააკლო და ამას აპროტესტებენ _ თავის უფლებებს იცავენ. ზოგიერთი მოგონებებს წერს და ა. შ.

_ შეყვარებული წყვილები თუ გყავთ?

_ ერთ-ერთ ჩვენს 90 წლის ხანდაზმულ რეციპიენტს ქალები უყვარს ნამეტანი და მათ ლექსებს უძღვნის. მანდილოსან სტუმრებს ვაფრთხილებ, რომ ტელეფონის ნომერი არ მისცენ, თორემ შეიძლება, სიყვარული აუხსნას. ძალიან მოწადინებულია, რომ ცოლი მოიყვანოს.

_ თქვენი პანსიონატის ყველაზე სიმპათიური ქალბატონი ლია ხომ არ უყვარს?

_ არა. სხვათა შორის, ლია ძალიან მოწესრიგებული ქალბატონია, თავისი ტანსაცმელი, თეთრული ა. შ. სამრეცხაოში არასოდეს ჩამოაქვს, თვითონ რეცხავს და აივანზე ფენს, უაღრესად პეწენიკია.

_ ყველაზე ახალგაზრდა ხანდაზმული რა ასაკის გყავთ?

_ 51 წლის მამაკაცია, ისიც იმიტომ, რომ დიდხანს იწვა საავადმყოფოში, არავინ ჰყავდა და თანაც, პირველი ჯგუფის ინვალიდია, ეტლით მოსარგებლე. ამ ბენეფიციარს დავეხმარეთ, ბიზნესი ავუწყვეთ _ აქვე გამოვუყავი ფართი, გაიკეთა სახელოსნო. ვინაიდან შეუძლია შშმ ეტლების შეკეთება, შეკვეთებს იღებს. ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და დღეს არემონტებს, აქირავებს და ყიდის ეტლებს. საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და სახელმწიფოს უხდის საშემოსავლოს.

_ როგორ ხვდებიან თქვენთან ბენეფიციარები?

_ პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი და თანადგომის ქსელი უნდა იყოს სუსტი. სახლი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საცხოვრებლად _ უვარგისი. ასევე ზოგიერთს ჰყავს შვილები, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ… ყველა ამ საკითხს განაგებს სოციალური მომსახურება.

_ ქალბატონო დარეჯან, კერძო პანსიონატები თუ არსებობს?

_ არსებობს, მაგრამ იქ გადასახადი იწყება 1000 ლარიდან. იცით, რას დავუკვირდი ბოლო 6 წელია? ჩვენთან ძალიან დიდია მომართვიანობაა _ დღეში 20 ადამიანი მაინც გვირეკავს. ეს იმ ხალხის მშობლები არიან, რომლებიც 90-იანებში ემიგრაციაში წავიდნენ და დღეს ვეღარ ჩამოდიან. მშობლები მოხუცდნენ, საკუთარ თავს ვეღარ უვლიან. ეს კონტინგენტი კი, ძირითადად, კერძო საოჯახო სახლებში გადანაწილდა. ჩემი ერთ-ერთი ბენეფიციარი მიყვებოდა, _ დილით რომ ავდგებოდი, მთელი დღე მეტროში ვიყავი საღამომდე, რომ არ შემცივნოდა _ იქ თბილოდაო. თითოეულმა მათგანმა საკმაოდ მძიმე ცხოვრება გაიარა, ასე რომ, ვცდილობთ, აქ მაინც შევუქმნათ ელემენტარული პირობები. მძიმე დემენციის მოხუცებთანაც კი ვინარჩუნებთ მაქსიმალურ სისუფთავეს.

_ თუმცა პრობლემები თქვენც გაქვთ?

_ შეიძლება, სამ-ოთხჯერ გამოვუცვალო მოხუცს თეთრეული და ის ხომ უნდა გამოიხარშოს? ფხვნილი და ჰიგინეური საშუალებები ყოველთვის გვჭირდება _ მუდმივად! ასევე ონკანები ხშირად გვიფუჭდება, რადგან მოხუცებს ავიწყდებათ და საპირისპირო მიმართულებით ატრიალებენ, რის გამოც ტყდება. მიუხედავად ამისა, ოდნავ სუნსაც კი ვერ ნახავთ ჩემთან. მაგრამ ყველაზე მეტი, რაც ჩემს მოხუცებს აქვთ ჩემი კოლექტივისგან _ ეს არის სითბო, სიყვარული და მოფერება. დღეში ხუთჯერაც რომ ჩაისვაროს ბენეფიციარმა, არ არსებობს, ჩემმა თანამშრომელმა რაღაც უკმაყოფილება გამოხატოს. ეს გამორიცხულია! ჯანმრთელ ბენეფიციარს კი მომვლელისგან რა სჭირდება? _ ყურადღება და გულისხმიერება! მათაც კი, ვისაც თვითმოვლის უნარი აქვს, მაგრამ ვერ გადის გარეთ, უცბად რამე თუ მოუნდება _ ან ნამცხვარი ან ხილი ან რეკლამას მოჰკრეს ყური, რომ ეს წამალი აახალგაზრდავებს, აუცილებლად უნდა იყიდონ. ჩემი მომვლელი გადის და მოაქვს. მათ ხომ ყველას თავისი პენსია აქვს. ასევე სახელმწიფო უზრუნვეყოფს მათთვის 10-10 დღეს დასვენებას _ წელს თუ ზღვაა, მომავალ წელს მთა იქნება.

_ წამლები საკმაოდ ძვირი ღირს, მოხუცებს კი სამედიცინო სერვისი მუდმივად სჭირდებათ. რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, ეს მომსახურება უზრუნველყოს?

_ სახელმწიფო გვაწვდის სხვადასხვა სერვისს: სამედიცინო მომსახურებასა და აუცილებელ კვლევებს. თუ საჭიროა, საკმაოდ ძვირადღირებულ წამლებსაც, ასევე სეზონურ ჩაცმას; უზრუნველგვყოფს დღეში 3-ჯერადი კვებით და ა. შ. ნამდვილად ვერ ვიტყვი აუგს _ ბენეფიციარებს 100%-ით შენარჩუნებული აქვთ პენსია. იმდენად უზრუნველები არიან პანსიონატში, რომ თავისი პენსიებით შვილებს ეხმარებიან.

_ ეპიდემიას როგორ გაუმკლავდით?

_ 2020 წელი ჩვენთვის მძიმე გახლდათ. როგორც მთელ მსოფლიოში, ისე პანსიონატშიც კოვიდით დაინფიცირება დიდი იყო. თითქმის მოხუცთა და თანამშრომელთა 70% დაინფიცირდა. პანსიონატი ყაზარმულზე გადადიოდა თვეობით. სამაგიეროდ, 2020 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გვქონია არც ერთი დაინფიცირება, რადგან კარგად მოგვამარაგეს საჭირო მასალებით: სადეზინფექციო ხსნარით, პირბადით, ხელთათმანებით, ერთჯერადი ხალათებით, ბაქილებით, ქუდებით და სხვა საჭირო ინვენტარით. თემქაზე ახალგაზრდა ბიჭები შეიკრიბნენ და რამდენჯერმე შენობის გარე და შიდა პერიმეტრებში ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები.

_ როგორ აგრძელებთ ცხოვრებას კოვიდის შემდეგ?

_ 50% მოხსნილია რეგულაციები, მაგრამ როგორც მოწყვლადი ჯგუფი მაინც ვიცავთ სიფრთხილეს: ორ კვირაში ერთხელ ვიკეთებთ პისიარ ტესტს; ნახევარზე მეტი ორჯერ ავიცერით.
ამ ეტაპზე ველოდებით მცირე საოჯახო სახლში გადასვლას. უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ შიდა და გარე აქტივობები. ცხოვრება გრძელდება და ჩვენც მის ფერხულში ვართ ჩაბმული.

_ როგორც ვიცი, ხანდაზმულთა პანსიონატამდე გრძელი გზა გამოიარეთ.

_ ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა. თავდაპირველად მუშაობა დავიწყე საბავშვო ბაღში _ ჯერ ნახევარ განაკვეთზე მეთოდისტად, 1987 წლიდან კი ავლაბარში, 77-ე ბაგა-ბაღის დირექტროად დავინიშნე. ამ პოსტზე 20 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი. 2008 წელს დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორის პოზიციაზე გადავედი. მახოსვს, ყველა მოლოდინს გადააჭარბა დუშეთში ჩემმა პირველმა შთაბეჭდილებამ _ ბავშვთა სახლის უზარმაზარ შენობას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა სახურავი, წყალი ისე ჩამოდიოდა, რომ მხოლოდ ერთი ოთახი რჩებოდა მშრალი. იმ ერთ ოთახში ზამთარში იდგა ღუმელი, სადაც იწვნენ და მეცადინეობდნენ ბავშვები. არ გაგვაჩნდა არც გათბობა, არც წყალი, არც სველი წერტილი და ა. შ. ჩავრთე საელჩოები, არასამთავრობო სექტორი. პირველი წიგნები და თბილი ტანსაცმელი ერთ-ერთმა ფონდმა გვიყიდა. სამი წელი დამჭირდა, რომ სახურავიდან დაწყებული, იატაკით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი გამეკეთებინა შენობაში.

_ დუშეთის ბავშვთა სახლი დღეს შშმ პირთა პანსიონატია?

_ როცა ბავშვთა სახლი დაიხურა, 35 თანამშრომელი მრჩებოდა უმუშევარი, ამიტომ სტატუსი შეეცვალა და გადავკეთდით შშმ პანსონატად. დღესაც ფუნქციონიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დუშეთის პანსიონატი, სადაც 47 ბენეფიციარი ირიცხება. 2013 წელს გადმოვედი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც, რა თქმა უნდა, არანაკლები პრობლემები დამხვდა: გარე საკანალიზაციო ქსელი შესაცვლელი; ცხელი წყლისა და გათბობის პრობლემა მოსაგვარებელი; ასევე პანსიონატში შემოსასვლელი გზა მოუწესრიგებელი, ხოლო ეზო შემოსაღობი იყო. მოკლედ, ბევრი ორგანიზაციული საკითხი გახლდათ მოსაწესრიგებელი. ძალიან დამეხმარა ამერიკის საელჩო, ასევე „იუესაიდი“ და ფონდები: მარათონი ჩატარდა და ჩარიცხული თანხით გათბობის სისტემა სრულად დამონტაჟდა. დავაკონრეტებ, რომ ეს იყო ინვესტორების დონეზე მოძიებული თანხა _ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაგვიხარჯავს. დღეს ვცხოვრობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. პრობლეები გვაქვს, მარამ კარის გარეთ ჩვენი სატკივარი არ გადის. ჩვენი დევიზია: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

_ ხანდაზმულების მოთხოვნების შესრულებას როგორ აუდიხართ?

_ მე ჩემს თავს ოლია მათხოვარს ვუწოდებ, შუბლის ძარღვი „გაწყვეტილი“ მაქვს ჩემი მოხუცებისთვის, რადგან ვიცი, თუკი რამეს მოვიძიებ და ვინმე მომეხმარება, ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხანდაზმულებისთვის და იმ ღამეს მშვიდად ვიძინებ.

თამარ როსტიაშვილი