31 წლის შანეი ბრუკის მკვლელობის ბურუსით მოცული საქმე

„სიკვდილით სავსე ქალაქი“, _ უპრიანი იქნება, ასე ვუწოდით დღესდღეობით თბილისს, რომელიც ტურისტებში მუდამ აღფრთოვანებასა და მოწონებას იმსახურებდა.

30 ივლისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, მთაწმინდის მიდამოებში, სასეირნოდ გასული 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგი, შანეი ბრუკი, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და მას მეგობრები ეძებდნენ.

შანეის გაუჩინარება შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც ახალგაზრდა ქალი მეგობრებთან შეხვედრაზე დათქმულ დროს არ მივიდა და, ამავდროულად, უცხოეთიდან მისი მეგობრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას შანეი მას დახმარებას სთხოვდა, რადგანაც ვიღაცა მასზე ძალადობდა.

უცხოელ მეგობართან განხორციელებული ზარი 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგის სიცოცხლის ბოლო წუთები აღმოჩნდა. 30-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რომელშიც სამაშველო სამსახურები, სამართალდამცველები და შანეის უცხოელი და ქართველი მეგობრების მიერ შექმნილი მოხალისეების ჯგუფები ერთობლივად მონაწილეობდნენ, პედაგოგი მთაწმინდის მარჯვენა ფერდობზე, მოჭრილ ხეებს შორის გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ხის ტოტები ჰქონდა გადაფარებული, რათა მისი პოვნა მარტივი არ ყოფილიყო.

შანეი ბრუკის მკვლელობიდან 12 დღე გავიდა, თუმცა შსს ამ დრომდე დუმს და რამე სახის განცხადებას არ აკეთებს.

„ქრონიკა+“ 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმით იმთავითვე დაინტერესდა და შეეცადა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა, რათა მკითხველისთვის ნათელი ყოფილიყო, თუ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება „სიცოცხლით სავსე ქალაქში“, როგორც მას მოქმედი ხელისუფლება უწოდებს.

მკითხველისთვის შედარებით მარტივად აღქმადი რომ გახდეს საქმის დეტალები, ჩვენ მას ეტაპობრივად მივყვებით.

„გუშინ თავისი საცხოვრებელი შანეიმ 3:30-ზე დატოვა და დაახლოებით 4 საათისთვის ტელეფონით აშშ-ში თავის მეგობარს საქართველოზე, ამინდსა და ა. შ. უყვებოდა, ამის შემდეგ, 4:30 წთ-ზე, მისი მეგობრის ტელეფონზე შემოვიდა ზარი, სადაც შანეი ყვიროდა, რომ მისგან ხელები მოეშორებინათ. ხმა ცუდად ისმოდა, სავარაუდოდ, როცა ვიღაცას ეჩხუბებოდა, ტელეფონმა შემთხვევით დარეკა იმასთან, ვისაც ბოლოს ესაუბრა შანეი, შემდეგ ზარი გაითიშა და არაფერი გვსმენია. მის სახლთანაც მივედით ღამე, მაგრამ არ გამოჩენილა…“ _ ეს შანეი ბრუკის კოლეგა როსს ტომპსონის მიერ მედიისთვის მიცემული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შანეი მთაწმინდაზე სასეირნოდ, ფაქტობრივად, დღის მეორე ნახევარში გავიდა, შესაბამისად, კამერების ჩანაწერების ამოღების შედეგად, რომლებიც შანეის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმროზეა დამონტაჟებული, ძალიან მარტივი დასადგენი იქნებოდა, თუ რომელი გზით წავიდა ავსტრალიელი პედაგოგი და ახლდა თუ აედევნა ვინმე მას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ჩვენთვის უწყების მხრიდან რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია არ დასტურდება. მაგრამ „ქრონიკა+“-მა გამოკითხა ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, მკვლელობის დეღეს სახლიდან გამოსული შანეი შეემჩნიათ და დამახსოვრებოდათ, მარტო გადაადგილდებოდა ის თუ თანმხლებ პირთან ერთად?

მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, შანეი ბრუკი 30 ივლისს დაინახეს, თუმცა არც მის ქცევაში და არც მასთან სიახლოვეს მყოფი ადამიანების საქციელში უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.
ვინაიდან შსს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს, შესაბამისად, დარწმუნებით იმის თქმაც შეუძლებელია, თუ რომელი გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ბრუკი იმ ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს?

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერის მიხრიდან, სამანქანო გზით, ვერ მოხვდები, ამისთვის მხოლოდ ერთი, ყველასთვის ცნობილი გზა არსებობს, რომლის დამხარებითაც, თუ მაღალი სიჩქარით იმოძრავებს ავტომობილი და გზაც გადატვირთული არ იქნება, დაახლოებით, 20 წუთია საჭირო. რაც შეეხება საფეხმავლო ე. წ. ტურისტულ ბილიკებს, აქ უკვე სამი ვერსიის განხილვაა შესაძლებელი:

  1. ცენტრალური ბილიკი, რომელიც სხვასთან შედარებით მოწესრიგებულია და მისი დახმარებით ნაკლები დაბრკოლების გავლით შეგიძლია მთაწმინდაზე მოხვდე;
  2. იაკობ გოგებაშვილის ქუჩის პირველი შესახვევის დახმარებით, სადაც თავად ბრუკი ცხოვრობდა და თუკი ვივარაუდებთ იმას, რომ შანეი ამ ადგილებს კარგად იცნობდა (როგორც ამას მისი მეგობრები განმარტავენ), დიდი ალბათობით, მას სწორედ ამ გზის გავლით შეეძლო შესაბამის ადგილამდე მოხვედრა, ვინაიდან მისთვის ყველაზე ახლო მანძილში სწორედ ეს ასასვლელი იყო.
  3. გუნიასა და ბელინსკის ქუჩის გავლით „მენტალ ჰაბის“ მიმდებარედ არსებული ძველი საცალფეხო კიბით და მას შემდეგ არსებული ბილიკის გავლით.

ყველა ზემოხსენებულ გზაზე განთავსებულია საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც, როგორც უკვე გითხარით, აქვს სათვალთვალო ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟებული და მათი ჩანაწერებით მარტივად შეიძლება 30 ივლისს შანეი ბრუკის მიერ გავლილი მარშრუტის დადგენა (ობიექტებზე არსებული კამერების ჩანაწერების შენახვის ვადა არის 3 თვე).

აღნიშნული კამერების ჩანაწერებითა და ადგილობრივებისგან მიღებული ჩვენებებით, შსს-ს ამ დროისთვის უკვე უნდა ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია და, მათ შორის, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, თუ არა კონკრეტული აღწერილობა მაინც, რომლის მიხედვითაც, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, საგამოძიებო უწყება ქმნის ფოტორობოტს, შემდეგ ეს ფოტორობოტი ვრცელდება მედიისა და ქუჩაში გამოკვრის საშუალებით, რისი დახმარებითაც ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე იხსნება. თუმცა საქართველოში აშკარაა, რომ აღნიშნულ მეთოდს ან საერთოდ არ იყენებენ, ან იყენებენ, თუმცა შექმნილ ფოტორობოტს სამართალდამცველი უწყებები საგულდადულოდ ინახავენ და მისთვის თვალის მოკვრა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, უწყებაში განთავსებულ საჩვენებელ დაფაზე შეგიძლიათ.

ქართველ სამართალდამცველებზე მეტად გაბედული და ოპერატიული ქართული და უცხოური მედია აღმოჩნდა (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო დროს მომხადრი გახმაურებული მკვლელობების ნაწილის გახსნა სწორედ მედიისა და, მეტწილად, „ქრონიკა+“-ის დამსახურებით მოხდა). სწორედ ჩვენი, მედიის წარმომადგენლების მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია შეგვეგროვებინა და თუ შსს-ს დუმილს გავითვალისწინებთ, სულ მცირე ერთი ნაბიჯით წინ მაინც ვიმყოფებით.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, 31 წლის შანეი ბრუკი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი სასტიკი წამებით მოკლეს, რის შემდეგაც მკვლელმა გვამი საგულდაგულოდ გადამალა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. სწორედ აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ შსს-ს სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციაც და ფოტორობოტიც უკვე აქვს, თუმცა მისი გასააჯაროებისგან თავს იკავებს.

„ქრონიკა+“ შეეცადა მოეპოვებინა ის ინფორმაცია, რომელსაც შსს ფლობს, თუმცა საგულდაგულოდ ინახავს. ამისთვის შევეცადეთ ის ადამიანები გამოგვეკითხა, რომლებსაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები უკვე სტუმრობდნენ და გარკვეული კითხვებიც დასუვეს (სახელებსა და გვარებს, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ):

_ გამარჯობა, იყვნენ თუ არა თქვენთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სწარმომადგენლები და რამე ფოტო თუ გაჩვენეს? ან რა შეკითხვები დაგისვეს?

_ კი, რამდენიმე დღეა, დადიან და თითქმის ყველა გამოკითხეს ამ ქუჩაზეც და მახლობლადაც. გვეკითხებოდნენ, რამე უცნაური თუ შევამჩნიეთ ან ვინმესთან ერთად ხომ არ ვხედავდით ხოლმე გარდაცვლილ გოგოს?

_ რამე ნახატი გაჩვენეს?

_ ნახატი? _ არა, ნახატი არა, ფოტო გვაჩვენეს, რომელიც ვიდეოდან იყო ამოღებული და გვკითხეს, ეს პიროვნება თუ გეცნობათო? მეტი არაფერი.

_ იცანით ფოტოზე აღბეჭდილი პირი?

_ არა, ვერ ვიცანი, პოლიციასაც ზუსტად ეს ვუთხარი.

ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების ნაამბობს ისიც ამტკიცებს, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მასთან მისულმა პოლიციის წარმომადგენელმა, ისევე როგორც სხვებს, მასაც ვიდეოჩანაწერიდან ამოღებული კადრის ბეჭდური ვერსია აჩვენა და ჰკითხა, თუ უნახავს ეს ადამიანი, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელმა განუმარტა, რომ ეს კიდევ ერთი უცხოელი იყო, რომელიც დაიკარგა და ეძებდნენ.

„ვინც არ იცით, გოგებაშვილზე ვცხოვრობ, იმავე ქუჩაზე, სადაც ის ავსტრალიელი გოგო ცხოვრობდა. დღეს შუა მუშაობის დროს სახლში ორმა პოლიციელმა მომიკაკუნა და ოჯახის წევრებზე ინფორმაცია მთხოვა, თუ ვინ ვცხოვრობთ. ბოლოს კამერიდან ამოღებული სურათი მაჩვენეს. ანუ კიდევ ერთი უცხოელი ბიჭი გაქრა ამ ტერიტორიიდან გუშინ ან დღეს და ეძებენ. როცა ვთხოვე, უკეთესი ფოტო ეჩვენებინათ, ან სახელი ეთქვათ, იქნებ, დავხმარებოდი გავრცელებაში, დაბნეულებმა უარი მითხრეს, არ შეიძლებაო და შემდეგ მეზობელთან გადავიდნენ.

დიდი იმედი მაქვს, ამ ბიჭს მაინც იპოვიან ცოცხალს და აქამდე ჩემთვის უსაფრთხო უბანიც, სადაც ღამის 4-ზეც თავისუფლად გავდიოდი, ასეთი საშიში აღარ იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო/Ministry of Internal Affairs _ რას შვრებით? ითვლით დაკარგულებს და გვამებს თქვენი უმოქმედობისა და მოძალადეების დაცვის გამო?

P. S. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: „დაკარგულია და ვეძებთ“ იყო ტექსტი და არა „ეჭვმიტანილი“. ჰოდა, ეკიპაჟები დგანან ქუჩაზე :)) ყოჩაღ, უკვე მშვიდად დავიძინებ“, _ წერს მოქალაქე.

„ქრონიკა+“-მა დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც აღნიშნული უარყვეს და განაცხადეს, რომ მოქალაქემ რაღაც შეცდომით გაიგო და ფეისბუქ პოსტით სწორედ ამიტომ დაწერა.

აღნიშნულ ინფორმაციას თუ გავაანალიზებთ, მარტივად მივდივართ დასკვნამდე: შსს-მ შანეი ბრუკის სახლთან ახლო პერიმეტრში მდებარე კამერების ჩანაწერები ამოიღო და მათზე აღბეჭდილი ინფორმაციაც უკვე გაშიფრა, ჰყავთ სავარაუდო დამნაშავეც, რომლის არა ფოტორობოტი (როგორც ინფორმაციამ გაჟონა), არამედ მკაფიო გამოსახულება აქვთ, რომლითაც იდენტიფიცირება, წესით, საკმაოდ მარტივი უნდა იყოს, თუ აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვდება, რისგანაც შსს, ამ ეტაპისთვის, შეგნებულად თავს იკავებს.

შსს-ს დუმილმა ძალიან ცუდი ასახვა ჰპოვა საქართველოს საგარეო ფლანგზე და მომხდარის შემდეგ ტურისტების რიცხვმა კიდევ უფრო იკლო, ვიდრე ეს 5 ივლისს ხელისუფლებისა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ წაქეზებული ორკების ჩადენილი ქმედებების შედეგად განხორციელდა.

მომხდარიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართვა გაავრცელა აშშ-მაც, რომლითაც ის საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში, ვიზიტისგან თავი შეეკავებინათ, რაც სრულებით არ არის გასაკვირი, _ ქვეყანა, რომელიც თავისი მოქალაქეების ინტერესებს ვერ იცავს, ქვეყანა, სადაც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად უსწორდებიან და სასიკვდილოდ იმეტებენ, აღნიშნულზე კი მხოლოდ 27 პირს აკავებენ, როდესაც უამრავ ადამიანზე არის წარდგენილი მტკიცებულებები, ქვეყანა, სადაც ახალგაზრდა ბიჭს იმისთვის კლავენ, რომ მას ხელში ქოლგა უჭირავს, ქვეყანა, სადაც უცხოელს კლავენ, პოლიციას მკვლელის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა აქვს და არ ასაჯაროებს და ამით საფრთხეს უქმნის სხვებს, მათ შორის, საკუთარ მოსახლეობას და ქვე-ყანა… რა თქმა უნდა, ვერ იქნება უსაფრთხო ვერც ერთი ტურისტისთვის.

ბოლოს კი გეტყვით: ეს არის ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს მედიის მიერ გამოძიებული საქმის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სამართალდამცველების _ ამის ნათელი მაგალითია თემირლან მაჩალიკაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის, გიორგი შაქარაშვილის, დათუნა სარალიძისა და სხვათა საქმეები.

„ქრონიკა+“ აგრძელებს შანეი ბრუკის საქმეზე მუშაობას.

გიგა გელხვიიძე