გიორგი გიუაშვილი: „ხანდახან მეეჭვება ხოლმე, ხელისუფლება და პრაიდი შეკრულები ხომ არ არიან?“

5-6 ივლისის მოვლენები კიდევ კარგა ხანს იქნება ჩვენს ქვეყანაში მთავარი თემა. ლეიბორისტული პარტიის ყოფილ წევრ გიორგი გიუაშვილის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შესულიყო, ხელისუფლება და პუტინისტური ჯგუფები ამდენს ვერ გაბედავდნენ. გიუაშვილს იმედს აძლევს ის ფაქტი, რომ დასავლეთი სანქციებზე ალაპარაკდა. მას მიაჩნია, რომ ეს სანქციები მხოლოდ მაშინ გამოიღებს შედეგს, თუ იგი კონკრეტულ პირებს დაუწესდებათ. გიუაშვილის თქმით, 5-6 ივლისის დარბევამ ხელისუფლებასაც დააკარგვინა ამომრჩეველი და _ ოპოზიციასაც. განსაკუთრებით კი მაინც ოპოზიცია დაზარალდა.

რა დააშავა ოპოზიციამ? რატომ მოახდინა ხელისუფლებამ ძალის დემონსტრირება? რას უნდა ველოდოთ დასავლეთიდან? არის თუ არა ივანიშვილის ინტერესებში საქართველოსთვის სანქციების დაწესება? ვინ იხეირა 5-6 ივლისის მოვლენებით? რატომ მოსწონთ განაწყენებულ „ქოცებს“ ლევან ვასაძე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გიუაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, დასავლეთი ღიად ალაპარაკდა სანქციებზე. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ამჯერად საქართველოს ხელისუფლება სანქციებს ვეღარ გადაურჩება. თქვენ რას იტყვით, _ იქნება სანქციები, თუ ეს მხოლოდ განცხადების დონეზე დარჩება?

_ იმედი მაქვს, საქართველოსთან მიმართებით დასავლეთი კიდევ უფრო გააქტიურდება. რაც შეეხება სანქციებს, გააჩნია, ვის დაუწესდება ეს სანქციები _ ქვეყანას თუ კონკრეტულ თანამდებობის პირებს? თუ ქვეყანას დაუწესეს სანქციები, ეს ხალხს დააზარალებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდეს.

_ რატომ უნდა შედიოდეს ივანიშვილის ინტერესებში საქართველოსთვის სანქციების დაწესება?

_ იმიტომ, რომ ეს ანტიდასავლურ განწყობებს გაზრდის, რაც რუსეთს წყობს. ხალხს ეტყვიან, ასეთ ცუდ დღეში რომ ჩავარდით, ეს ევროპისა და ამერიკის ბრალიაო. ივანიშვილი რუსების მითითებებს ასრულებს და ქვეყანას თუ სანქციები დაუწესდება, კმაყოფილი დარჩება, მისი ქონება არ დაზარალდება. იმ შემთხვევაში, თუ სანქციები კონკრეტულ პიროვნებებს დაუწესდებათ, ამას მხოლოდ მივესალმები _ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

_ შედეგი უკვე გამოიღო. როგორც კი აშშ-მ სანქციები ახსენა, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარეს. ეს ფაქტი სანქციებთან არის პირდაპირ კავშირში. საეჭვოა, ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა სურდეს.

_ რა თქმა უნდა. სამართლიანობა რომ სდომოდათ, პირველივე დღეს დაიბარებდნენ ამ მოძალადეებს დაკითხვებზე. დაკითხვა ბევრს არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი ფორმალობაა.

_ დასავლეთის ასეთი მკვეთრი რეაქცია რომ არა, ფორმალურადაც არ დაკითხავდნენ.

_ არ დაკითხავდნენ. ვიმეორებ, ეს დაკითხვა არაფერს ნიშნავს, ყველა მოძალადე უნდა იყოს დაკავებული. კონკრეტული პიროვნებები პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. არსებობს ამის არაერთი მტკიცებულება. ამის არგამოყენება, უბრალოდ, არ შეიძლება. ხელისუფლება ასეთ მოძალადეებზე დგას და ამიტომ დიდი იმედი არ მაქვს, რომ მათ დააკავებენ. ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ დასავლეთის ზეწოლის შედეგად „ოცნებას“ დამნაშავეების დასჯა მოუწევს. სანქციების დაწესება ასე უცბად არ მოხდება. შარლ მიშელის ვიზიტის შედეგებსაც დაელოდებიან.

_ ეგ კაცი, საერთოდ, რატომ დადის, ცოტა გაუგებარია.

_ მართლა გაუგებარია. არაფერი შესრულებულა, რაც მის სახელთან დაკავშირებულ დოკუმენტში წერია.

_ შეიძლება იმიტომ ჩამოდის, რომ უკვე რომელიმე პარტიას დაერქვას მისი სახელი, საპარლამენტო ფრაქციას ხომ უწოდეს.

_ შესაძლოა, იმედი აქვს, რომ თბილისის რომელიმე ქუჩას ან პროსპექტს უწოდებენ მის სახელს. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ისიც უკმაყოფილო იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ალბათ, საყვედურსაც ეტყვის ხელისუფლებას. პირადად მან დაადებინა „ოცნებას“ ის შეთანხმება, რომელიც არ შესრულდა. შეთანხმება რომ არ შესრულდებოდა და ეს ყველაფერი თვალთმაქცობა იყო, წინასწარვე გახდა ცნობილი. „ქოცებთან“ როგორ შეიძლება საუბარი, ესენი ხომ ჩვეულებრივი გადამგდებები არიან _ რამდენჯერმე გადააგდეს დასავლეთი. რაღაც პირობას დებენ დასავლეთის წინაშე და მერე თავისას მიერეკებიან.

_ ბევრი ფიქრობს, ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ შეეწყვიტა, ხელისუფლება იმას ვერ გაბედავდა, რაც 5-6 ივლისს გაბედა. თქვენ რას ფიქრობთ?

_ ოპოზიცია თავის სიმაღლეზე რომ დარჩენილიყო, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. ძალადობის მომდევნო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს ტოვებდა პროტესტის ნიშნად. ამას მოჰყვა დიდი აღტაცება. სოციალურ ქსელში ერთი ამბავი ატყდა. ხალხი ერთმანეთს ულოცავდა ამ ამბავს. თქვე დალოცვილებო, თუ ასე გაგეხარდათ ეს ინფორმაცია, აქამდე რატომ ამტკიცებდით, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა? ამ თემაზე უამრავ ადამიანს ვეკამათე. სწორედ ეს ადამიანები ზეიმობდნენ, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს ტოვებსო.
ოპოზიცია ამ პარლამენტში საერთოდ არ უნდა შესულიყო. 5 ივლისის შემდეგ, ვინც თავს ოპოზიციონერად მიიჩნევს, საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად უნდა დატოვოს. ეს იქნებოდა ოპოზიციისთვის შანსი. შანსი იმისა, რომ სხვანაირად წარემართათ თავისი პოლიტიკური ცხოვრება. უფრო კარგად მოემზადებოდნენ არჩევნებისთვის და უფრო სერიოზულად შეუტევდნენ ხელისუფლებას. ერთადაც თუ დადგებოდნენ, უკეთესს შედეგს აჩვენებდნენ.

_ დიდი ალბათობით, არც ერთად დადგებიან და არც პარლამენტს დატოვებენ პროტესტის ნიშნად.

_ ამბობენ, საპარლამენტო ტრიბუნას ვიყენებთო. ვერ ვხვდები, რაში იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას? ვერც დიდი სანახაობა დადგეს პარლამენტში. ბოლო წლებში საკანონმდებლო ორგანოში ბევრი სანახაობა ვნახეთ: იყო ერთმანეთზე თავზე დახტომა, სავარძლებზე სირბილი. ჩხუბი გარეთაც შეეძლოთ. ხალხისთვის ხმის მიწვდენა თუ უნდოდათ, ამას პარლამენტში შესვლა არ სჭირდებოდა. ოპოზიციას ტრიბუნა არ აკლდა, სულ თოქშოუებში სხედან.

_ პარლამენტში ეგენი ტრიბუნის გამოსაყენებლად არც შესულან.

_ რა თქმა უნდა. მათ სულ სხვა მიზანი ამოძრავებთ. ამ შემთხვევაში ბევრ რამეს ვიწრო პატიული ინტერესები განსაზღვრავს.

_ ისევ 5 ივლისის ამბებს დავუბრუნდები. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამის მოწყობა? ვის აჩვენა ძალა? ვინ შეაშინა?

_ ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე. ივანიშვილი რასაც შეეხო, ყველაფერი გაანადგურა: სასამართლო, შსს, პროკურატურა _ ყველა ინსტიტუცია ჩამოშალა და ავტორიტეტი გამოაცალა. ეკლესიის იმიჯიც შელახა. ერთადერთი, რასაც ვერაფერი დააკლო, ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ამ ხელისუფლებას სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში ამხელს. ასევე ხდება შავრაზმელთა მხილება _ სასულიერო პირების ნაწილი ასეთებად გადაიქცა. ისინი ჩვეულებრივი ფეოდალები არიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქონება ჩაიგდონ ხელში. ცოტა ხნის წინ ასპარეზზე გამოიყვანეს კრემლის ღია აგენტურა ლევან ვასაძის სახით. მედიამ ისიც ამხილა.
მოსკოვი მხოლოდ ივანიშვილის იმედად აღარ არის და ახალი ემისრის ჩართვა გადაწყვიტა, რომელმაც უნდა შეასრულოს ის, რაც „ქართული ცნების“ ლიდერმა ვერ გააკეთა. ტანკებით კრემლი ვერაფერს გახდა და ახლა ვასაძეს აყვირებს, რუსეთი ერთმორწმუნე და მართლმადიდებელი ერიაო. რუსები ლამის წმინდანებად გამოჰყავთ. ევროპზე გაიძახიან, ჭუჭყი და სიბინძურეაო.

_ მარტო მაგას რომ ამბობდნენ, რა უჭირს, გაიძახიან, ევროპა გვაპიდარასტებსო…

_ თურმე, აპიდარასტებს და რყვნის კიდევაც. ათას სისულელეს ამბობენ. მედია ამას ეწინააღმდეგება. ქართველი ჟურნალისტების საქმიანობა არც კრემლის ემისრებს მოსწონთ, არც საპატრიარქოს და არც _ ხელისუფლებას. ყელში ჰყავთ თავისუფალი მედია გაჩხერილი და მათი სამაგალითო დასჯა გადაწყვიტეს. სამივე მხარე ერთ პოზიციაზე აღმოჩნდა და ერთად იძია შური ჟურნალისტებზე.

_ და ამით რა მოიგეს? ვინ დააშინეს?

_ ვერავინ დააშინეს და ვერც ვერაფერი მოიგეს. მათთვის უარესი შედეგი დადგა. მედია მათ უფრო სერიოზულად დაუწყებს მხილებას. ეს ძალადობა ხელისუფლებას ცუდად შეუტრიალდება.
აქვე პრაიდთან დაკავშირებითაც მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. რა პრაიდი და რა აღლუმი? რატომ უნდა გამოიყოს კონკრეტულად რომელიმე თემი, როდესაც მთელი საქართველოს უფლებებია დარღვეული? ელემენტარული სიცოცხლის უფლება არ გვაქვს თითოეულ ჩვენგანს და რომელ ლგბტქ პირზე მესაუბრებით? ხანდახან მეეჭვება ხოლმე, რომ ხელისუფლება და პრაიდი შეკრულები ხომ არ არიან.

_ ეს ეჭვები ბევრს უჩნდება.

_ შეუძლებელია, ეჭვი არ გაგიჩნდეს, ისეთ უადგილო დროს გამოხტებიან ხოლმე, _ პრაიდი უნდა ჩავატაროთო. რა პრაიდი? რისი აღლუმი? ქვეყანა თავზე გვენგრევა. მერე ამ პრაიდის თემას ხელისუფლება და შავბნელი ძალები იყენებენ ხოლმე სათავისოდ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენი მიწების ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს. ფასები იზრდება და ამასაც არავინ იმჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ აქცია აქციაზე უნდა იმართებოდეს. მარტო პარლამენტთან კი არ უნდა აპროტესტებდეს ხალხი, არამედ ივანიშვილის რეზიდენციასთანაც. ჩვენთან კიდევ ლგბტქ თემის შესახებ ატყდა ერთი ამბავი. ისე გამოაჩინეს, თითქოს სხვა ყველაფერი დალაგებული იყოს ამ ქვეყანაში.
ლგბტქ თემა ვინც წამოსწია, მან ხელისუფლებას პასი ჩააწოდა. იმათაც ეს სათავისოდ გამოიყენეს და ჟურნალისტებს გადაუხადეს სამაგიერო. ვიღაცები შეიძლება მართლაც იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, რომ გულწრფელად სურდათ გეიაღლუმის ჩაშლა. ქვის ხანიდან გამომხტრები რომ არ ყოფილიყვნენ, ამას სხვანაირად გააკეთებდენ და ვერც ვერავინ მოედავებოდა.

_ ისე როგორ ჩაშლიდნენ აღლუმს, რომ ვერავინ მოსდავებოდა?

_ რუსთაველის გამზირი გადავსებული იყო. ცეკვით, თამაშით, ლოცვითა და გალობით შეეძლოთ იმ აღლუმის ჩაშლა. მდგარიყვნენ რუსთაველზე და სიყვარული ექადაგათ, იქ სხვა ვერ გაივლიდა და დასრულდებოდა ყველაფერი მშვიდად. ხალხში ეს უფრო დადებით დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ლგბტქ თემი შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ძალადობას გაამართლებს.
ამათ დადებითი რეაქცია არ სჭირდებოდათ, ამათ მედია უნდა დაესაჯათ საგანგებოდ. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ აქციაზე პოლიცია ძალიან მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. ოპოზიციის აქციებზე უამრავი პოლიციელია ხოლმე მობილიზებული. ამხელა ბრბოს შესაკავებლად პოლიცია, ფაქტობრივად, არ გასულა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება და მოძალადეები შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ. ვიღაც ჭკუათმყოფელმა იფიქრა, რომ იძალადებდნენ და მედია შეშინდებოდა.

_ საინტერესოა, რატომ იფიქრეს, რომ მედია შეშინდებოდა ან იმაზე რატომ არ იფიქრეს, რომ დასავლეთი ამას ასე არ წაუყრუებდა?

_ წესით, ამაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ იმდენად ბნელები არიან, რომ ეს ვერ გათვალეს.

_ იქნებ, ამხელა ძალადობას არც გეგმავდნენ და მერე ვიღაცები ვეღარ გააკონტროლეს?

_ შეიძლება, ძალადობის მასშტაბებიც ვერ გათვალეს. კიდევ ბევრი დეტალი იქნება, რომელთა შესახებაც დროთა განმავლობაში შევიტყობთ. ბოლო წლებია, ლგბტქ-ები და ბნელები ერთმანეთს აქციებს უწყობენ. ამას მოსდევს პროვოკაციები, რაც ორივე მხარეს აწყობს.
ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლების შიგნით არსებული რაღაც დინებები იყოს. „ოცნებაში“ ბევრი კლანია და ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ. ახლა მათ გახარია გამოეყო და ის თავისთვის რას აკეთებს, კაცმა არ იცის.

_ გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლების ერთმა ნაწილმა მეორე ნაწილს გაუჩალიჩა 5 ივლისი?

_ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. გახარიამ ამით ქულები დაიწერა.

_ რით დაიწერა ქულები?

_ ამ დარბევით.

_ რანაირად?

_ გამოვარდა და თქვა, _ ჩემს დროს ასეთი ამბები არ დატრიალებულაო.

_ მაგის შს მინისტრობის დროს მართლა არ მოჰყოლია პრაიდს ასეთი ამბავი.

_ არ მოჰყოლია და ახლა ამით იწონებს თავს. თქვა, ჩემს დროსაც გამოვიდნენ ლგბტქ თემის წარმომადგენლები ქუჩაში, მაგრამ ხელი ვერავინ ვერავის ახლოო. მან იკაცა და აცხადებს, წამოვედი და სიტუაციაც გაექცათ ხელიდანო. ქულების დასაწერად საბაბი მიეცა.

_ ამით კი დაიწერა ქულები, მაგრამ 20 ივნისის დარბევა რომ არ მართლდება? ამაზე როგორ დაიწერს ქულებს?

_ გავრილოვის ღამეს მართლა დიდი უბედურება დატრიალდა: ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. გახარია გავრილოვის ღამის გამო სინდისის ქენჯნას არ განიცდის.

_ რატომ არ განიცდის? ბრძანება რომ მისი გაცემული არაა, ეს კარგად ვიცით.

_ ადრე თუ გვიან, ამ თემასაც სათავისოდ გამოიყენებს. ბრძანება მისი გაცემული რომ არ არის, მთელმა საქართველომ იცის. სროლის ბრძანებას როგორ გასცემდა, როცა ოპოზიციის ლიდერებთან აპირებდა პარლამენტში შეხვედრას. შეხვედრა რომ ჩაშლილიყო, ალბათ, მაგიტომ გაიცა სროლის ბრძანება ან გახარიას გაუჩალიჩა ვიღაცამ.

_ ვის უნდა გაეჩალიჩებინა?

_ როგორც ამბობენ, ანზორ ჩუბინიძის ჩარევის შემდეგ დაიწყეს აქციის მონაწილეების მისამართით სროლა. ყველაფერი გიორგი გახარიას დაბრალდა.

_ შს მინისტრი ეგ იყო და აბა, ვის უნდა დაბრალებოდა?

_ დაბრალდა, მაგრამ სინდისი არ აწუხებს. ბრძანება მაგას არ გაუცია და ამიტომაც ლაპარაკობს დღეს ასე თამამად.

_ იმასაც თამამად გაიძახის, მე გავეცი ბრძანებაო.

_ ახლა ასე სჭირდება, მერე სხვანაირად იტყვის. აუცილებლად გავიგებთ, თუ ვინ გასცა სროლის ბრძანება. ბრძანების გამცემის ვინაობის გამოცნობა მგონი, ძნელი არაა. დადგება დრო და ამაზეც აგებენ ვიღაცები პასუხს, ისევე როგორც 5 ივლისის ძალადობის მონაწილეები.

_ დარწმუნებული ხართ, რომ აგებენ? _ დაკითხავენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.

_ მარტო დაკითხვას რა აზრი აქვს? ყველა მოძალადე უნდა დააკავონ. ამის გაკეთება აუცილებელია. ის, რაც 5 ივლისს მოხდა, ეს არჩევნებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. როდესაც ვამბობ, არჩევნებზე ცუდად იმოქმედებსო, მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. არც ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერის იმედი.

_ რატომ არ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერის იმედი, ბოიკოტის შეწყვეტის გამო?

_ არა მხოლოდ ბოიკოტის შეწყვეტის გამო. ოპოზიციამ ერთხმად დაუჭრა მხარი ლგბტქ თემს. ამაზე ხალხს არ ექნება დადებითი რეაქცია.

_ რატომ არ უნდა ჰქონდეს? ამ ადამიანების უფლებები არ უნდა დავიცვათ?

_ უფლებები ყველასი უნდა დავიცვათ. ამ შემთხვევაში საზოგადოების რეაქციაზე მოგახსენებთ. საზოგადოებას არ ექნება დადებითი რეაქცია. ჩვენი საზოგადოება ლგბტქ თემას ცოტა სხვანაირად უყურებს. თან როგორც ზემოთ გითხარით, საქართველოში ყველას უფლებებია დარღვეული და ყველას სჭირდება დაცვა. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, მაგრამ მაინც საქართველოა და აქ სხვა ღირებულებებია. ამიტომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს, მათ განცხადებებს რა შედგი მოჰყვება. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არჩევნების შედეგებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

_ ამის გამო არ უნდა ამოიღონ ლგბტქ პირების დასაცავად ხმა?

_ ყველას უფლება უნდა დაიცვან, კონკრეტულად რომელიმე თემის გამოყოფას საზოგადოება არ მიესალმება.

_ ამის მიუხედავად, ხალხი არც მოძალადე ხელისუფლებას დაუჭერს მხარს.

_ არ დაუჭერს. ჩვენში არც მოძალადეები უყვართ. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ხმა დაკარგა.

_ ამით გახარია ხომ არ ისარგებლებს?

_ არ არის გამორიცხული. პატარ-პატარა პარტიები უკვე დაძირულები მგონია, მაგათ არჩევნებზე არანაირი შანსი აღარ ექნებათ.

_ პატარ-პატარა პარტიებში ვის გულისხმობთ?

_ პარლამენტში შესულებზე მოგახსენებთ: „ლელო“, ელისაშვოლი და ვაშაძე სათვალავშიც აღარ არიან. შესაძლოა, ცესკომ რაღაც ხმები დაუმატოს და საკრებულოებში თითო-თითო კაცი გააყვანინონ. ხელისუფლებას ამათნაირი ოპოზიცია აწყობს. დანარჩენს რაც შეეხება, იმათზე უკვე გითხარით, რომ სახარბიელო შედეგს ვერ აჩვენებენ. ჩვენში მოძალადე არ უყვართ, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ისევ მოძალადეს მისცემენ ხმას და არა ლგბტქ თემის დამცველ ოპოზიციას.

_ ის მოძალადე მერე მაგათზეც რომ იძალადებს, სად მიდიან?

_ რატომ იძალადებს? ხელისუფლება დღესაც ძალადობს ხალხზე. სამწუხაროდ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ვერ აცნობიერებს. ყველა მიმართულებით ძალადობაა და ეს, წესით, ხალხმა არ უნდა მოითმინოს.

_ თქვენი აზრით, ხელისუფლება არჩევნებზე 43%-ზე მეტის აღებას შეძლებს?

_ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ 43%-ზე ნაკლები უნდა აიღოს. წინასწარ რამის პროგნოზირება გამიჭირდება. ისე არ გამოვიდეს, რომ ოპოზიციამ მთლიანობაში აიღოს 43%.

_ ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ ოპოზიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

_ არა მარტო ბოიკოტის შეწყვეტის გამო. საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ლგბტქ-ების მხარდაჭერის გამო საზოგადოების თვალში ღირსება დაკარგეს. ამათ აქციებზე ძალიან ცოტა ხალხი დადის. აქციებს სულ ვესწრები და ჩემი თვალით ვხედავ ამ სურათს, მაგრამ, აბა, ერთი მოძალადეებმა დაუსტვინონ, რამდენი ხალხი მოგროვდება. ეს პატარა ამბავი არაა.

_ მოძალადეებს ხალხის მობილიზებაში ხელისუფლებაც ეხმარება.

_ხელისუფლებაც ეხმარება, მაგრამ თავისი ინიციატივითაც მიდიან ამათ დაძახილზე. ყველაზე ხშირად „ქოცები“ გარბიან მათთან. ხელისუფლებაზე განაწყენებულ „ქოცებს“ ლევან ვასაძე მოსწონთ.

_ რატომ მოსწონთ?

_ ისე ჩანს, რომ თითქოს ზნეობისა და ეროვნულობის დამცველია. ამიტომ გარბიან მასთან. ვასაძე არჩევნებში თუ მიიღებს მონაწილეობას, ცოტა ხმებს არ მოაგროვებს.

შორენა მარსაგიშვილი