ვახტანგ ფანჩულიძე („ბურნუთა“) პოლიტიკაში მოდის

ცნობილი ფილმის, „სიყვარული ყველას უნდა“, ასევე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ბურნუთას როლის შემსრულებელი, მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე, ამჟამად მუშთაიდში კარუსელების ოპერატორად მუშაობს. წლებია, მას ფილმებში აღარ იღებენ. იგი წუხს მსახიობის ტრაგიკულ ბედზე, თუმცა მცირედიც აბედნიერებს. უხარია, როცა ცნობენ და ფოტოს გადაღებას სთხოვენ. ბედნიერია ბავშვებთან ურთიერთობით, მაგრამ გული უკვდება, რომ მის გარშემო ამდენ გაჭირვებულ და მშიერ ადამიანს ხედავს. ემიგრაციაშიც წავიდა გაჭირვების გამო, მღებავი იყო, მძღოლად მუშაობდა და _ მშენებლობაზეც.

„ქრონიკა+“ ვახტანგ ფანჩულიძეს ესაუბრება:

_ ბატონო ვახტანგ, „სიყვარული ყველას უნდა“ – ამ ფილმის გადაღებიდან 40 წელი გავიდა…

_ პირველად გენიალურმა რეჟისორმა რეზო ესაძემ გადამიღო 1974 წელს ფილმში „სიყვარული ერთი ნახვით“. ეს ფილმი სანკტ-პეტერბურგშია გადაღებული. მოქმედება ხდება კავკასიაში და მთავარი მამაკაცის გმირი უნდოდა ყოფილიყო კავკასიელი, ხოლო ქალი _ რუსი. ბატონი რეზო ჩამოვიდა თბილისში და სრულიად შემთხვევით მნახა ქუჩაში, ბიჭებთან ერთად როგორ ვღლაბუცობდი, _ ვთამაშობდით და ანეკდოტებს ვყვებოდით. ის შორიდან გვაკვირდებოდა, მოვიდა ჩვენთან და მითხრა, რომ მე რეჟისორი ვარ და შენი ფილმში გადაღება მინდაო. გადამიღო ფოტოები, რომელიც სანკტ-პეტერბურგში უნდა წაეღო და სხვებისთვის ეჩვენებინა. _ თუ მოეწონეთ ფოტოში, დაგირეკავთ სინჯებზე და ჩამოხვალო. მართლაც, ორი კვირის შემდეგ დამირეკეს და წავედი სანკტ-პეტერბურგში. დამამტკიცეს როლზე.

_ ფაქტობრივად, რეზო ესაძემ აღმოგაჩინათ, როგორც მსახიობი. ასეა?

_ დიახ. პირველად მან აღმომაჩინა.

_ ისე, არასდროს გიფიქრიათ მსახიობობაზე?

_ არასდროს. ვფიქრობდი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ჩაბარებაზე, ღვინის ტექნოლოგიურზე, რადგან ბიძა მყავდა მეღვინე და ბატონმა რეზო ესაძემ აბსოლუტურად შეცვალა ჩემი გეგმები. ის იყო გენიალური რეჟისორი და ასევე უდიდესი პედაგოგი. მასთან ყოველდღიურმა საუბრებმა და მეცადინეობამ უსაზღვროდ შემაყვარა ხელოვნება და კინო. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუში ჩამებარებინა. 1975 წელს ვერ მოვხვდი, 76-შიც ვერ მოვხვდი და 1977 წელს ჩავაბარე. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი სამსახიობო-სარეჟისოროს მიმართულებით. იმ პერიოდისთვის უკვე სამი მთავარი როლი მქონდა ნათამაშები ესაძესთან, ბაადურ წულაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან. ასე რომ, ბატონი გიორგი შენგელაია ეკრანიდან მიცნობდა. სხვათა შორის, ის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ეს საუკუნის ფილმი იქნებოდა. „სიყვარული ყველას უნდა“ ნამდვილი ქართული ფილმია, ქართული სისხლით და ამიტომაც მიიღო მაყურებელმა იგი ასე კარგად. როგორც გითხარით, გიორგის ეკრანზე კი ვყავდი ნანახი, მაგრამ ისე კარგად არ მიცნობდა, რომ სცოდნოდა, რამდენად მოვერგებოდი კახურ ხასიათს. როდესაც სინჯზე დამიბარა, მითხრა, ძალიან გაფასებ შენი ნამუშევრების გამო, მაგრამ ეს სულ სხვა როლია – ნამდვილი კახელის, თავისი უწმაწური სიტყვებით, გინებით, სიზარმაცით, ბირჟით, დალევით და თუ იცნობ კახეთსო? ასე თუ ისე, კი ვიცნობდი, მაგრამ გადაწყვიტა, ცოტა ხნით იქ მეცხოვრა, რომ ყველაფერში კარგად გავრკვეულიყავი. ორი კვირა გავატარე იქ და ყველაფერი კარგად შევისწავლე, რაც მართლა დამეხმარა ამ როლის თამაშში.

მოგეხსენებათ, კინოს გადაღებაზე დიდი გუნდი მუშაობს. ამ ფილმზე განსაკუთრებით ბევრი შევიკრიბეთ, 70-80 კაცი ვცხოვრობდით „ინტურისტში“. იმ დროს ცხოვრება დუღდა საქართველოში და კახეთში – მით უმეტეს. მაშინ ყველა შეძლებული იყო, ხალხს არ უჭირდა და გადაღების შემდეგ ოჯახები გველოდნენ, – დღეს ჩვენთან უნდა წამოხვიდეთო. სამოცდაათკაციანი სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდათ. სია იყო შედგენილი: დღეს მიტოაანთ მივდივართ, ხვალ შაქროაანთ და ა. შ. ყოველ საღამოს ქეიფი გვქონდა. ისე შევედი როლში, მართლა ბურნუთა ვიყავი, თავის ბირჟებით, თავის სიყვარულით. მე მაშინ დიდი სიმპათიები მქონდა დარეჯანისადმი, ძალიან ვაფასებდი და მიყვარდა, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთი ამოსუნთქვით შედგა ეს ფილმი, იმიტომ რომ კახეთში იყო გადაღება. მიმაჩნია, რომ ქართველები ყველა ნიჭიერები ვართ, მაგრამ კახელები – განსაკუთებულად. თითოეული კახელის ცხოვრება უკვე შემოქმედება და ფილმია – თავისი მეტყველებით, ბუნებით, საქციელით, სადღეგრძელოებით, გინებით. ფილმში უშუალო, ნამდვილი ურთიერთოებიბია და ამიტომაც აიტაცეს მაშინვე.

_ ეს იმერელი კაცი უცებ გადაერთეთ კახურ კილოზე?

_ უცებ, უცებ ვიცვლი ინტონაციას. საკმარისია, ერთი კვირა ჩავიდე სადმე და იმ კილოზე ვილაპარაკებ. დღემდე ძალიან პოპულარობით სარგებლობს ეს ფილმი, რადგან საკმაოდ ხშირად უშვებენ ხოლმე.

_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ფილმის ასეთი წარმატების მიზეზი _ მსახიობების გუნდი თუ?

_ რა თქმა უნდა. სწორად შერჩეული მსახიობები თამაშობენ, გარდა ამისა, ფილმი არის სავსე ნამდვილი ადამიანებით, მათი ყოველდღიურობით, იქ უმეტესი ხომ პროფესიით მსახიობი არაა. გარდა ამისა, გივი ბერიკაშვილი გენიალური მსახიობია, ასევე ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაციძე, ტრისტან სარალიძე და რავიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ამ მსახიობებმა, რა თქმა უნდა, განაპირობეს ფილმის პოპულარობა და წარმატება, მაგრამ ამათ გარდა, ხალხის უშუალოდ მონაწილეობამ განსაზღვრა ასეთი რეიტინგი. თვითონ გიორგი შენგელაიაა გენიალური რეჟისორი.

_ 80-იანი წლების ასეთი პოპულარული ბიჭი სადაა დღეს? სად იყო? რას აკეთებდით? რატომ არ ჩანდით?

_ 90-იანი წლების შემდეგ რომ დაინგრა ეს ყველაფერი, სამოქალაქო ომი როცა დაიწყო, კინოსტუდია საერთოდ დაიხურა, დაიშალა და, ზოგადად, აღარაფერი ფუნქციონირებდა. 2003 წლამდე ყველაფერი გაყინული იყო. 1998 წელს წავედი საბერძნეთში, 5 წელი ვიმუშავე ფიზიკურად და საქართველოში ჩამოვედი 2004 წელს. ამის შემდეგ ვმუშაობდი ისევ ფიზიკურად, ბაზრობაზე ვღებავდი და სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი. 2016 წელს დავიწყე მუშაობა მუშთაიდის ბაღში. ატრაქციონების ოპერატორი ვარ. კარგი ატმოსფეროა, სუფთა ჰაერი, ბავშვები… მათ რომ ყოველდღიურად ვხვდები, ძალიან მიხარია. თან რომ მოდიან და სურათებს იღებენ, ძალიან მახარებენ. ბავშვებისგან ბევრ რამეს ვიძენ, ბავშვი ხომ სუფთაა, ალალია, არ თამაშობს და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სხვათა შორის, 2018 წელს უნიჭიერესმა ახალგაზრდამ – სანდრო კობერიძემ, გადამიღო თავის მესამე ფილმში: „ქარმა დაუბერა, ქალმა თავის ყელსაბამზე გაიფიქრა“, ერთ-ერთ მთავარ როლზე. სულ ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი იყო, უსაყვარლესი ბავშვები და საოცრად თბილად მიმიღეს. გადაღებაზე რომ მივიდოდი, ტაშით მხვდებოდნენ. ერთი თვე ვმუშაობდი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებთან. გადაღებები რომ დაიწყო, თავიდან ცრემლები მადგებოდა ხოლმე მონატრებისგან. როგორც ამბობდნენ, ჩემი როლი ძალიან კარგად შევასრულე. წამოსვლისასაც ტაშით გამომაცილეს და ამხელა პაუზის შემდეგ ისე იმოქმედა ჩემზე ამან, რომ ცრემლები ვერ შევიკავე.
2018 წლამდე სულ გაყინული ვიყავი, არანაირი გადაღება არ იყო. სანდრო კობერიძის შემდეგ გადამიღო რუსუდან ჭყონიამ, უნიჭიერესმა რეჟისორმა, თავის ფილმში, სადაც საოცარი სამსახიობო გუნდი თამაშობს.

_ უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი შემოქმედებითი პაუზის მიზეზებზე…

_ ეს იყო ქვეყანაში არსებული უმძიმესი სიტუაცია, პოლიტიკური ვითარება, სოციალური გარემო, კრიმინალური ვითარება და უძრაობა. ქვეყანა ჩაბნელებული იყო. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი ნახალოვკაში, მთელი ეზო გამოვდიოდით, ჭადრებს ვჭრიდით, ცეცხლს ვანთებდით და ვთბებოდით, მერიისგან ნებართვა გვქონდა. რა კინო, რა თეატრი, რა მხატვრობა და ხელოვნება?! სად ეცალათ ამისთვის?! კინოსტუდია დაიშალა, შევარდნენ, აპარატურა გაიტაცეს, მაშინ ძვირადღირებული აპარატურა იყო.

_ თეატრში რომ გეთამაშათ, არ გიფიქრიათ?

_ ინსტიტუტი რომ დავამთავრე 81 წელს, ძალიან მინდოდა, კინომსახიობთა თეატრში მემუშავა და წილად მხვდა პატივი, ბატონ მიშა თუმანიშვილთან მქონოდა კავშირი, მან დამრთო ნება და მასთან თეატრში მივედი. 2 წელი ვიმუშავე, მაგრამ ის პერიოდი ინტენსიურად მიღებდნენ სულ ფილმებში, ძალიან დაკავებული ვიყავი 89 წლამდე და, სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევაფასე და არ დავაფასე ის, რომ მსახიობისთვის აუცილებელია თეატრი.

_ კინომ გადაგძლიათ, თან პოპულარული იყავით და გიყვარდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს ყველაფერი კი თეატრს არ აქვს.

_ ხო, ახალგაზრდა ვიყავი, სულ გადაღებები, პოპულარობა და კინომ ნამდვილად გადამძლია. მერე ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მითხრა, რომ შენ საერთოდ არ მოდიხარ თეატრში და არ შეიძლება ასეო, მაშინ შტატიდან უნდა ამოგიღოთო და მას შემდეგ თეატრში აღარ მიმუშავია.

_ დღეს არ ნანობთ?

_ რა თქმა უნდა, ვნანობ. მსახიობისთვის აუცილებელია თეატრი. თეატრი არის დედამიწის ზურგზე ყველაზე უსაყვარლესი ადგილი. კინო, იცით, როგორია? _ ერთ დღეს მიგატოვებს. ერთ დღესაც არ გადაგიღებენ და მორჩა. თეატრში კი ყიველდღე ხარ, სულ ფორმაში, მეცადინეობ, უამრავ რამეს გადიხარ, სპექტაკლები გაქვს და უმოძრაოდ არ ხარ.

_ დღეს არ გქონიათ რომელიმე თეატრიდან შემოთავაზება ან თქვენ არ გამოგითქვამთ თეატრში დაბრუნების სურვილი?

_ მე მიმიწვია ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ კინომსახიობთა თეატრში, სადაც აპირებს სპექტაკლ „ზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმას, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ პანდემიიდან გამომდინარე, არაფერი ისმის და მაინც გაჩერებულები ვართ. კინო იმდენად მიყვარს, რომ მაინც კინოში მუშაობას ვამჯობინებდი. თან არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცევა და თეატრი როგორ არის, იცით? _ უნდა მიხვიდე 11 საათზე, რეპეტიციები, წამოხვიდე, შემდეგ მიხვიდე 7-ზე, სპექტაკლი გაქვს, მეორე დღესაც იგივე მეორდება. ეს დაკანონებული დოგმები არ შემიძლია და კინოში არ არის ასე, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ თეატრი ჩემი უსაყვრლესი ადგილია. ახლა რომ თავიდან ვიწყებდე ჩემს კარიერას, თეატრზე უარს არ ვიტყოდი.

_ რა შეიცვალა ამ წლების მანძილზე თქვენს ცხოვრებაში?

_ მოხდა ძალიან დიდი სულიერი გარდატეხა. ადრე ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ნაკლებად გამოვხატავდი ღმერთისადმი სიყვარულს, თუმცა შინაგანად ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს, უბრალოდ, გამოხატვა არ შემეძლო და დღეს უკვე ძალიან განვიცდი ბევრ რამეს. გატეხილი და გაბზარული მაქვს გული, ჩემს საქართველოს რომ ვუყურებ. ძალიან ვდარდობ ჩემი ქვეყნისა და ხალხის ბედზე. მიყვარს ყველა, სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩემთან და ამხელა სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ.

_ სიყვარულს შევეხეთ და არ შემიძლია არ აღვნიშნო თვენი აქტიურობა სოციალურ ქსელში. „ფეისბუქიც“ ახალი შექმნილი გაქვთ, სადაც ძალიან აქტიური ბრძანდებით.

_ დიახ. ახლა ვიყიდე ახალი ტელეფონი და ნელ-ნელა ვერკვევი ყველაფერში. უამრავი მეგობრობის თხოვნა მოდის და ყველას ვიმატებ. ჩემი ბიჭი მეუბნება ხოლმე, ყველას ნუ იმატებ, არ შეიძლებაო, მაგრამ ხელოვანი ადამიანი ყველას უყვარს, ჩემს თავზე არ ვამბობ, მაგრამ კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე უყვარდა მთელ საქართველოს და მიმაჩია, რომ ის ადამიანი ამორჩევით არ იმეგობრებდა ხალხს. ჩემს გულში ყველა ეტევა, რადგან მთელი საქართველო მიყვარს. მეგობრობაზე უარის თქმა არ შეიძლება. ბოლო პერიოდში ძალიან ღრმადმორწმუნე ადამიანი გავხდი და რაც შექმნა ღმერთმა დედამიწაზე, ყველაფერი მიყვარს და, პირველ რიგში, ადამიანი.

_ ბატონო ვახტანგ, რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად მენატრება ის დრო, როდესაც გადაღებები მქონდა. ის ურთიერთობები, რაც ძველად იყო. ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. ურთიერთ სიყვარული ჰქონდათ ადამიანებს და დღეს განელდა ეს სიყვარული, რაც გამოწვეულია სოციალური პირობების გაუარესებით და ეს პირობები გამოწვეულია პოლიტიკოსების მიერ. ის, რომ მკვლელობებმა მოიმატა, ახალგაზრდები რომ დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს, ადამიანებს განათლებას არ აძლევენ, სკოლა ჩამოქცეულია. სკოლა დამთავრებულ ახალგაზრდას საერთოდ ელემენტარული განათლება არ აქვს. ცოდნა არ აქვთ. ქუჩაში რომ გახვიდეთ და ვინმეს ჰკითხოთ, დავით აღმაშენებელი ვინ იყოო, 10-იდან 2 გიპასუხებთ სიმართლეს. გაუნათლებელი ადამიანი კი ადვლად მართავდია. ჩემი აზრით, რელიგიის გაკვეთილები პირველი კლასიდან უნდა დავაწყებინოთ და მე-10 კლასამდე 2 საათი უნდა ვესაუბროთ ღმერთზე, რელიგიაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე, დანდობაზე, მოფერებაზე, ლუკმის გაყოფასა და ა. შ. გულგატეხილი ვარ ამ ყველაფრის შემყურე, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და მინდა ბრძოლა ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა ადამიანებთან და მოსახლეობასთან ურთიერთობა, რომ ყველას ვუთხრა სიმართლე. 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის 95% ჭაობშია. ხალხთან კომუნიკაციაა საჭირო. 30 წელია, ვერ შეთანხმდნენ, რუსეთი უნდათ თუ ამერიკა, მე ამერიკა მინდა. ხალხს სჭირდება დასაქმება და თუ ვერ დაასაქმებენ, მაშინ კეთილი ინებონ და შემწეობის სახით დაუნიშნონ ხელფასი. ადამიანი, რომელიც არ მუშაობს, რა უნდა ქნას? ან უნდა მოიპაროს, ან ითამაშოს და წააგოს ან უნდა იმათხოვროს. საბერძნეთში როცა არ ვმუშაობდი, შემწეობის სახით სახელმწიფო მიხდიდა 300 ევროს და ამათმა დაუნიშნონ 300 ლარი მაინც, საჭმელი ჭამოს ხალხმა. შენ რომ იღებ ხელფასს 30 ათასს ლარს, ამ ხალხს არ უნდა ჭამა? გაზარდონ პენსია.

_ თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ამას ვინმე ოდესმე გააკეთებს?

_ თქვენი გაზეთის მეშვეობით და ასევე ტელევიზიით მინდა გავაკეთო განცხადება და ხალხს მოვუწოდო გაერთიანებისკენ. ვაპირებ, შევქმნა პარტია და შევკრიბო საქართველოს უღარიბესი მოსახლეობა. უნდა დავაყენო მოთხოვნები.

_ თუ სწორად მივხვდი, პოლიტიკაში მოდიხართ?

_ დიახ, პოლიტიკაში მოსვლასა და პარტიის დაფუძნებას ვაპირებ. ხალხი მინდა, რომ ამ გაჭირვებიდან ამოვიყვანო. არ შემიძლია ამდენი გაჭირვებული ხალხის ყურება, მე მიყვარს ჩემი ერი, რომელიც ღმერთისგანაა რჩეული.

_ გაქვთ წინასწარი სამოქმედო გეგმა, ე. წ. პროგრამას რომ ეძახიან?

_ ყველაფერი მაქვს. წიგნში დავწერე, სადაც მიწერია ყველაფერი, თუ რა ხდებოდა საქართველოში, რა ხდება დღეს და რა უნდა მოხდეს, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში, 10 წელიწადში, გახდეს წარმატებული საქართველო, უძლიერესი დემოკრატიული სახელმწიფო და რაც მთავარია, ეკონომიკურად ძლიერი.

გიორგი საკარული