ვაჟა დარჩია: „გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ საფრთხედ აღქმა სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პოსტიდან სამი თვის წინათ წავიდა, მაგრამ პაუზის შემდეგ მან ისევ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და ახალი პოლიტიკური პარტიაც დააფუძნა. გახარიას პოლიტიკაში მოსვლის დააანონსებიდან მალევე პარტიას აქტიურად ტოვებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების ნაწილი. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. დეპუტატები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

ექნება თუ არა გიორგი გახარიას ახალ პოლიტიკურ პარტიას რეიტინგი? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „ქრონიკა+“-ს „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ვაჟა დარჩია ესაუბრება:

_ ბატონო ვაჟა, რა მიზნით შემოვიდა კვლავ გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე?

_ გიორგი გახარიას პოლიტაკაში მოსვლა, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს და იკვეთება ბმა „ქართულ ოცნებასთან“ და თუ ეს ასე არ არის, მოუწევს ამის დამტკიცება ოპოზიციური ფრთიდან.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ოპოზიციისთვის, 20 ივნისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ერთგვარი გარანტია იქნებოდა იმისა, რომ ბატონი გიორგი გახარია მოვიდოდა და ყველა კითხვას ამომწურავად გასცემდა პასუხს. ასევე მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებში მისი როლი. ვიცით, რომ შეთანხმების შედეგად ხელისუფლებამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად დაგვიდგინა 3%-იანი ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც არ იქნება ხელისუფლებაზე მიცემული, შანსია ოპოზიციისთვის.
შესაბამისად, ამ პროცესში რამდენად დიდი იქნება მისი როლი, ამას დრო აჩვენებს.
მთავარია, მან დააყენოს წონადი კანდიდატურები სხვადასხვა რეგიონში, რათა გამოიკვეთოს მისი ოპოზიციონერობა და ამით საერთო ოპოზიციური ძალის შექმნას შეუწყოს ხელი. ეს კი გულისხმობს იმას, რომ დაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ეს არის მთავარი საკითხი, თუ რა გზას აირჩევს, _ იქნება ეს მკვეთრად დაპირისპირებული გზა ხელისუფლებასთან, თუ ერთგვარი საერთო თამაში, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გულისხმობდეს კოალიციურ შეთანხმებას და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელისუფლების დაკომპლექტებას უკვე ვადამდელი არჩევნების შემდეგ.

_ გიორგი გახარია საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორ ფიქრობთ, იქცევა იგი მესამე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ქართულ პოლიტიკაში?

_ ამ ყველაფერზე დამოკიდებულია მისი ნაბიჯები, თუ რას გადადგამს ის. მისმა სამომავლო ნაბიჯებმა უნდა გამოკვეთოს მისი იდენტობა. საინტერესოა, წაართმევს თუ არა ხმებს „ქართულ ოცნებას“? ანუ ის რეინტიგი, რაც „ქართულ ოცნებაში“ მოკრიბა, გადაჰყვება თუ არა მას საკუთარ ავთენტიკურ პარტიაში? თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართმევს ამომრჩეველს, ხოლო იმ ამომრჩევლის 52%-ს, რომელმაც ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე ხმა მისცა ოპოზიციას, გიორგი გახარია ვერ წაიყვანს.
მან უნდა იმუშაოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე და იმ გადაუწყვეტელ სეგმენტზე.

_ ბიძინა ივანიშვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში იმაზე საუბრობდა, რომ მისი ოცნებაა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება და შეიძლება ვიფიქროთ, რომ გიორგი გახარია ამ პოლიტიკური ფორმულის მოდელია?

_ გამორიცხულია. ფაქტობრივად, გახარია სულდგმულობს იმ რეიტინგით, ადგილობრივი კაპიტალით, რაც მან დააგროვა „ქართული ოცნების“ პირობებში. შესაბამისად, ის მოსწონთ ან არ მოსწონთ იმ საქმეების გამო, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩაიდინა _ ზოგიერთს ეს საქმეები ლეგიტიმურად მიაჩნია, ზოგიერთს _ არალეგიტიმურად. თუმცა ის რეიტინგი, რაც მას აქვს, უნდა აკუმულირდეს საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის.
ეს იქნება მნიშვნელოვანი გარანტია იმისთვის, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ის თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს. ასევე ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამატებით შემოაგდო ულტრამემარჯვენე საკითხი და ლევან ვასაძის სახით გამოუშვა, ასე ვთქვათ, პარტნიორი ოპოზიცია. ვიცით, რომ ის ყოველთვის იყო მოტრფიალე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების. ასე რომ, ეს კითხვის ნიშნები არსებობს და შეიძლება ამან გვაფიქრებინოს, რომ ის გიორგი გახარიასთან და შეიძლება ვთქვათ „პარტრიოტთა ალიანსის“ სახით საერთო პლატფორმის მეშვეობით ცდილობს, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, კოალიცია შეკრას. იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია არ აირჩევს ამ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არანაირი რეიტინგი არ ექნება და მას აღვიქვამთ, როგორც „ქართული ოცნების“ სატელიტს.
თუ ის შეიტანს წვლილს იმ საქმეში, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება შესრულდეს, ამას მივესალმები. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ის არის პროექტი! ბატონი ბიძინა მის ცნობილ წერილში აანონსებდა ოპოზიციის შექმნას, ანუ ოპოზიცია უნდა ყოფილიყო ახალი ძალა და არა „ნაციონალური მოძრაობა“ ან არსებული პარტიები. შესაბამისად, ეს ბმები არსებობს და ეს იქნება მისთვის მძიმე გზა

_ გიორგი გახარია, როგორც ახალი პოლიტიკური მოდელი, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი საფრთხე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის?

_ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის „ქართული ოცნების“ საფრთხედ აღქმა, ამ ეტაპისთვის, სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება, რადგან პირადად ის და მისი გუნდის წევრები ცოტა ხნის წინათ წარმოადგენდნენ მთავრობას. შესაბამისად, იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, დიდწილად ისინი არიან პასუხისმგებელნი.

ხვიჩა მამულაძე