დაგვიბრუნებს თუ არა მოსკოვი ტერიტორიებს?

ბოლო ათწლეულების მანძილზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სხვადასხვა სპეკულაციის თემა ხშირად გამხდარა _ ამ საკითხზე ქართული საზოგადოების ზომაზე მეტად კონცენტრირება ბევრ ცდუნებას ქმნის.
თუმცა, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, თემაზე სპეკულაციები საზოგადოებრივ აზრზე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე იმდენი ითქვა და იმდენი ცარიელი დაპირება გაიცა, რომ მათი უკვე აღარავის სჯერა, ყველაზე გულუბრყვილოების გარდა.

განსაკუთრებით აქტიურია ამ მიმართულებით პრორუსული ბანაკი, რომელიც მოსკოვთან სიახლოვეს თავის მთავარ უპირატესობად ასაღებს და აცხადებს, რომ იცის, დაკარგული ტერიტორიები როგორც უნდა დაიბრუნოს.
ბოლო პერიოდში ამაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობს კრემლის აწ უკვე მთავარი და, ფაქტობრივად, უკანასკნელი სერიოზული კადრი ლევან ვასაძე. გეების დევნისა და აჭარის თურქული ექსპანსიისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლას შორის ის ქართველი ხალხის დარწმუნებას ცდილობს _ სწორედ მან, რაინდმა და პირსისხლიან რუს იმპერიალისტებთან ჩახუტებულმა მეგობარმა „იცის“, ტერიტორიები როგორ უნდა დაბრუნდეს.
თავისთავად ცხადია, რომ თურმე ამისთვის საკმარისია, საქართველომ ნატო-სკენ სწრაფვაზე უარი თქვას და „კავკასიაში რუსეთის ინტერესები გაითვალისწინოს“.
„ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს დავალაგებთ და ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება“, _ ამბობენ ამ ქვეყნის „ლევან ვასაძეები“.
და ისინი, როგორც ყოველთვის და ყველაფერში, აქაც იტყუებიან.
ეს ფორმულა: „თუ კარგად მოვიქცევით, რუსეთი წართმეულ მიწებს დაგვიბრუნებს“, _ ან გულწრფელი შეცდომაა, ან თავხედური პროპაგანდა, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
ის, რომ მოსკოვში საქართველოსთვის ჩამოჭრილი მიწების დაბრუნების საკითხი პრაქტიკულ ჭრილში არ განიხილება, ამას ცხადყოფს რუსეთის უმაღლესი მმართველი პირების, მათ შორის, თავად პუტინის, განცხადებები _ მათი შინაარსი თითქმის იდენტურია: „საქართველომ ახალი რეალობები უნდა აღიაროს“.
რა თქმა უნდა, „ახალ რეალობებში“ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება იგულისხმება და მარტივ რამეს ნიშნავს _ ეს საკითხი გადაწყვეტილია და ამაზე არ ვისაუბროთ, აზრი არ აქვს. ეს ტერიტორიები ჩვენია და ეს მოცემულობა არავითარ შემთხვევაში არ გადაიხედება“.
რა თქმა უნდა, თბილისს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას არავინ სთხოვს _ ეს რუსებისთვისაც კი წარმოუდგენელი თავხედობა იქნებოდა, თუმცა იგულისხმება: „ზედმეტად არ გაამახვილოთ ყურადღება ამ საკითხზე, ნუ შეგვაწუხებთ მიწებზე მუდმივი გოდებით. ეს საკითხი დახურულია და რაც უფრო მალე გაითავისებთ ამას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის“.
ალბათ, ლევან ვასაძე ვიღაცისთვის მეტი ავტორიტეტია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი _ ის, ხომ ღიად ამბობს, რომ ტერიტორიები არასდროს დაბრუნდება, მაგრამ ამას ვასაძე უარყოფს _ როგორც ჩანს, ის უფრო მაღალი ავტორიტეტია რუსეთში, ვიდრე თავად პუტინი.
თუმცა ეს ლირიკაა. რეალურად კი აღნიშნული თეზისი ტყუილია ყველა მხრიდან და ყველა კუთხიდან, საიდანაც არ უნდა შეხედო.
პირველი შეცდომა ის წარმოდგენაა, თითქოს ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტები არის მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი და მეტი არაფერი. სინამდვილეში, 90-იანი წლების ომებს, განსაკუთრებით აფხაზეთში, რამდენიმე განზომილება ჰქონდა და რუსულ-ქართული დაპირისპირება მათ შორის მხოლოდ ერთი, მაგრამ არა ერთადერთია.
თუ ვითარება ცხინვალში თავიდან ბოლომდე მოსკოვის მიერ კონტროლდება, აფხაზეთში მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია. წარმოდგენა, თითქოს, რუსეთს შევუთანხმდებით, აფხაზები კი ისე გააკეთებენ, როგორც მათ რუსები ეტყვიან, _ რეალობას სრულიად მოწყვეტილია.
აფხაზებს ამ კონფლიქტში თავიანთი მოტივაცია აქვთ და რუსების დაკრულზე ყოველთვის არ ცეკვავენ _ ხვალ მოსკოვმა მართლაც რომ უბრძანოს მათ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება, ისინი არ დასთანხმდებიან და ამას ვერანაირი ზეწოლა ვერ უშველის. შესაბამისად, რუსეთს აფხაზეთში საქართველოს სამხედრო შეჭრაზე დათანხმება მოუწევს, ეს კი არასდროს მოხდება.
აქ ჩვენ მეორე და მთავარ შეცდომას მივადექით _ ამ თეზისის მომხრეები აზროვნებენ, როგორც ვიწრო პროვინციული, ორღობე ერის წარმომადგენლები და იმპერიული მენტალიტეტის თავისებურებები მათთვის მიუწვდომელი სიმაღლეა.
იმპერიული აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია მარტივი ჭეშმარიტება _ იმპერია მოკავშირეებით არ ვაჭრობს. ეს იმპერიის ანბანია, რადგანაც დომინირების საფუძველი არა მხოლოდ ფული და იარაღია, როგორც „ორღობე ქართველებს“ წარმოუდგენიათ, არამედ ვასალების მხრიდან ნდობა.
იმპერია ვერ იარსებებს ნდობის გარეშე, ამიტომაც მოკავშირე ყოველთვის რჩება მოკავშირედ და მას არ ცვლიან, მისი ინტერესებით არ ვაჭრობენ.
ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ლევან ვასაძე, ხოლო თავდაცვის მინისტრი სანდრო ბრეგაძე რომ გახდეს, ეს მოცემულობა მაინც არ შეიცვლება _ აფხაზეთსა და ცხინვალზე მოსკოვი არ ივაჭრებს, ეს საკითხი დახურულია.
შემიძლია გითხრათ, ასეთ შემთხვევაში რა იქნება: მაღალი ტრიბუნიდან წარმოითქმება რამდენიმე ხმამაღალი განცხადება, რუსეთის ხელშეწყობით ქართულ-აფხაზური კომისია შეიქმნება, თბილისში აფხაზეთის ლიდერი, ხოლო სოხუმში საქართველოს პრეზიდენტი ჩავა, ბევრს ილაპარაკებენ და მართლაც გაჩნდება ილუზია, თითქოს კონფლიქტი გადაწყვეტის პირასაა.
მერე კონკრეტული საკითხების განხილვა დაიწყება და ამ სტადიაზე ყველაფერი გაიჭედება _ აფხაზეთი ლტოლვილების დაბრუნებას ფორმალურად დასთანხმდება, მაგრამ რეალურად ისეთ პირობებს წააყენებს, რომ, ფაქტობრივად, ვერავინ დაბრუნდება. მაგალითად, აუკრძალავს დაბრუნებას ყველას, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა 1992-93 წლების ომთან; ყველას, ვისაც საკუთარი განსხვავებული აზრი აქვს აფხაზეთის საკითხზე.
საბოლოო ჯამში, კრიზისი პროცედურებსა და განცხადებებში გაიხლართება და 2-3 წელიწადში ქართველი ხალხი მიხვდება, რომ ის კიდევ ერთხელ მწარედ მოატყუეს… მაგრამ უკვე გვიანი იქნება _ პუტინი გორბაჩოვის პერიოდის შეცდომებს გაითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრორუსული ხელისუფლება საქართველოში არასდროს შეიცვალოს.
ქართველები ისევ საკუთარი გულუბრყვილობისა და მოკლე მეხსიერების მსხვერპლნი გახდებიან. ამჯერად სამუდამოდ, უკან შემობრუნების შანსის გარეშე.

თენგიზ აბლოთია